
რენარ ბოლქვაძე: ჩვენი ყოველდღიური მუშაობა იქითკენაა მიმართული, რომ ქართული სოფელი გაძლიერდეს
4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დიდი დრო აღარ რჩება. წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაშია ხულოს მუნიციპალიტეტში. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატია აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კი წარდგენილია მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე. მასთან საუბარი მოსახლეობასთან ერთ-ერთი შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩავიწერეთ.
– ოთხი წლის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობა ჩემთვის დიდი პატივი, ამასთან, დიდი პასუხისმგებლობა იყო. საჯაროდ მადლობას ვუხდი საკრებულოს წევრებს, საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს, აღმასრულებელ სტრუქტურებში დასაქმებულ მოხელეებს, რომ ეს დრო მნიშვნელოვანი პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას, კანონშემოქმედებით საქმიანობას, მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული პროექტების ინიცირებას მოვახმარეთ. ხულო, მისი მოსახლეობა აჭარის მთიანეთში ყოველთვის პოლიტიკურ კლიმატს ქმნიდა და ქმნის. წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი, სამართალდამცავი ორგანოების, სხვა სამსახურების ორგანიზებული და გუნდური მუშაობის შედეგად მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. ამომრჩეველი მადლიერია, რომ დასასრულს უახლოვდება ხულო-გოდერძი-ზარზმის საავტომობილო მაგისტრალის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები. ეს არის „საუკუნის პროექტი,“ რომელიც მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ აღმასვლაში. გვეამაყება, რომ გოდერძი ოთხი სეზონის კურორტთა რიგებში დგება. ის მასშტაბური სამუშაოები, რომელიც გოდერძის, მწვანე ტბის, ბეშუმის, გოდერძის ალპური ბაღის ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის ჩატარდა, ფასდაუდებელია. გრძელდებოდა სოფლებში, ალპურ საძოვრებზე ზამლეთი-ხიხაძირი-ბაკოს, ღორჯომი-ზოტიყელი-ბახმაროს მისასვლელი გზების რეკონსტრუქცია და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება. დაწყებულია და უახლოეს პერიოდში დასრულდება სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სამუშაოები. სკოლების, სკოლამდელი დაწესებულებების, კულტურის ობიექტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, სპორტული ობიექტების კეთილმოწყობას სათანადო ყურადღება ექცეოდა. ის წარმატებები, რომლებიც კულტურისა და სპორტის მიმართულებით მოვიპოვეთ, მატერიალური ბაზის განმტკიცებისა და ამ მიმართულებით მობილიზებული თანხების მიზნობრივი გამოყენების შედეგია. მალე ხულოელების სამსახურში ფიფას სტანდარტების ფეხბურთის სტადიონი ჩადგება, რაც სპორტის ამ სახეობაში ადგილობრივი ახალგაზრდების მოზიდვას ხელს შეუწყობს. აღმშენებლობით პროცესებში ორგანიზებული და მიზანმიმართული იყო საკრებულოს ხელმძღვანელი ბირთვის ჩართულობა.
– ასეთი ჩართულობა გახდა წინაპირობა, რომ თქვენც და მოქმედი საკრებულოს წევრების უმრავლესობას მმართველმა პარტიამ ნდობა კვლავ გამოგიცხადათ და წარდგენილი ხართ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად. პროპორციული სიის ათეულში ოთხი მოქმედი საკრებულოს წევრია, სამი კი წინა წლებში იყო არჩეული წარმომადგენლობით ორგანოში. გამოცხადებულ ნდობას რით უპასუხებთ?
– პირველ რიგში, მადლობას ვუხდი მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს, რომ მაქვს პატივი, კენჭი ვიყარო მშობლიურ ვაშლოვანის თემში მაჟორიტარ კანდიდატად. უკვე ყველა სოფელში მქონდა მოსახლეობასთან შეხვედრები, როგორც მერობის კანდიდატ ვახტანგ ბერიძესთან, პარლამენტარ ანზორ ბოლქვაძესთან, საკრებულოს წევრებთან ერთად, ისე ინდივიდუალურად. მოსახლეობის განწყობა მაძლევს საფუძველს, განვაცხადო, რომ 4 ოქტომბერს არჩეულ საკრებულოში, რომელიც 28 წევრით იქნება წარმოდგენილი, უმრავლესობით მოვალთ. „ქართულ ოცნებას“ 13-ვე ოლქში მაჟორიტარი კანდიდატები გვყავს, მათგან უმრავლესობა მოქმედი საკრებულოს წევრია. იმედს ვიტოვებთ, რომ მათ და თხილვანის, დაბა ხულოს, აგარის, საციხურის, რიყეთის, დეკანაშვილების მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებად წარდგენილ ცნობად სახეებს: გელა ბოლქვაძეს, ავთანდილ აბულაძეს, ასლან მგელაძეს, სულხან ფასანიძეს, ნუგზარ შამანაძეს, ომარ აბაშიძეს ამომრჩევლების მხარდაჭერა ექნებათ. მოქმედ საკრებულოში მაჟორიტარები და ამომრჩეველთა ინტერესების გამტარებლები არიან ხიხაძირელი არჩილ აბაშიძე, რაქვთელი რამინ ბერიძე, წაბლანელი ავთანდილ მახარაძე, დიდაჭარელი ირმა შავაძე, ღორჯომელი თემურ ანთაძე, ღურტელი ლევან გელაძე. ისინი წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულნი და ამომრჩეველთა მხარდაჭერის იმედი აქვთ. პროპორციული სიის პირველი ნომერი ჯუმბერ დიმიტრაძე წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. სიის პირველ ათეულში რეგისტრირებულთაგან წარმომადგენლობით ორგანოში მუშაობის გამოცდილება აქვთ თამაზ აბაშიძეს, იზოლდა სურმანიძეს, ნოდარ მიქელაძეს. საკრებულოს წევრები არიან იური აბულაძე, ნარგიზ დეკანაძე, ზაურ გობაძე. პროპორციული სიით პირველად ცდიან წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებში ბედს რუსუდან გელაძე და მერაბ ზანდარაძე. ისინი, სხვებთან შედარებით, ახალგაზრდები არიან და მოსახლეობაში კარგი ავტორიტეტით სარგებლობენ.
– როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს ხულოდან მოსახლეობის გადინების შესაჩერებლად?
– ყოფილი გარემოსდამცველი ვარ. ქვეყნის ყველა კუთხეში მეგობარი და თანამზრახველი მყავს. ხულოში სტიქიური პროცესები რომ მსხვერპლს ტოვებდა, ისინი დაზარალებული კონტინგენტისა და ჭარბი შრომითი რესურსის კახეთში, ჯავახეთში, ქვემო ქართლში, თრიალეთის ზეგანზე დასახლკარებას მთავაზობდნენ. მთელი ქვეყანა გვერდით დაგვიდგა. მაშინ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ მშობლიურ ვაშლოვანშიც მიტოვებული სახლები, მოუვლელი, პატრონის გარეშე დარჩენილი ეზოები გვექნებოდა. კიდევ უფრო რთული სიტუაციაა სხალთის, ღორჯომის, ბეღლეთ-დანისპარაულის ხეობების სოფლებში. ამ ეტაპზე, მმართველი პარტიის პოლიტიკა, ჩვენი ყოველდღიური მუშაობა იქითკენაა მიმართული, რომ ქართული სოფელი გაძლიერდეს, მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან შემოსულ ტურისტს კეთილმოწყობილი გარემო, გამართული საკომუნიკაციო საშუალებები უნდა დავახვედროთ. საქართველოს სიძლიერე ოდითგანვე ქართული სოფელი იყო თავისი ისტორიით, ძეგლებით, ღირსშესანიშნაობებით. ქვეყნის, რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოებმა მნიშვნელოვანი მუშაობა გასწიეს ხიხანის ციხის რესტავრაცია-კონსერვაციისთვის. თავისი დანიშნულება დაიბრუნა სხალთის ტაძარმა. ისტორიული და კულტურული ძეგლების, საკულტო ნაგებობების რესტავრაცია-კონსერვაცია კვლავ გაგრძელდება. კარგია მთაში კურორტების გახსნა, სხვა ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც მოსახლეობის დამაგრება-დასაქმების საფუძველია. სოფელ დანისპარაულის მაგალითი მინდა მოვიშველიო. მეწყრული პროცესები, მთის მკაცრი კლიმატი ადგილობრივებს გასაქანს არ აძლევდა. კურორტ გოდერძის ამოქმედების შემდეგ სოფელში საოჯახო სასტუმროები გაჩნდა. გამოკეტილი სახლები უკვე იშვიათობაა. მოსახლეობის მობრუნებამ, სხვა სიახლეებმა შექმნა წინაპირობა, რომ არსებული ხის შენობის ნაცვლად დანისპარაულში თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი სკოლის შენობის აგება დაგვეწყო. მშობლიურ ვაშლოვანში სკოლა-პანსიონის მშენებლობამ მრავალს გული სოფლისკენ მოუბრუნა. მომდევნო ოთხ წელიწადში, თუ ამომრჩეველი ნდობას გამოგვიცხადებს, აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის მთავარ მიმართულებად სოციალური და ეკონომიკური პროექტებისა და პროგრამების განხორციელება იქნება.
– ოპოზიცია ამ ყველაფერზე როგორ რეაგირებს?
– ჩვენთვის მთავარი საქმე ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვაა. მოქმედ საკრებულოშიც ოპოზიცია საკმაო რაოდენობით იყო წარმოდგენილი, მაგრამ სასაყვედუროს რომ არ ვუტოვებთ, დუმილს ამჯობინებენ. 4 ოქტომბერს არჩეულ საკრებულოში ოპოზიციური პარტიების წევრებიც იქნებიან. მათაც ქვეყნის წინსვლაზე ფიქრი უნდა ამოძრავებდეთ. თუ სამშობლო უყვართ, მოვალენი არიან, დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობის გზაზე ბარიერები არ შეგვიქმნან.
ოთარ ცინარიძე