
,,ეს არჩევნები მოგვცემს შესაძლებლობას, უფრო მომზადებული შევხვდეთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს“
საქართველოში საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაშია. პროცესს თან სდევს პოლიტიკური დაპირისპირება მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის, ჩნდება კითხვები – რამდენად სამართლიანია წინასაარჩევნო გარემო? რა გავლენას ახდენს მასზე ოპოზიციის განწყობა? როგორია ხელისუფლების ნაბიჯები სხვადასხვა საკითხთან მიმართებით და რას ელოდება ამომრჩეველი? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება კოალიცია ,,ძლიერი საქართველო – ლელოს“ სიის პირველი ნომერი ბათუმის საკრებულოში, ძველი ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი ვაჟა დარჩია.
– როგორ აფასებთ საარჩევნო გარემოს?
– წინა არჩევნებთან შედარებით, მუხტი ნაკლებია, თუმცა საარჩევნო გარემო მაინც მძიმეა. ეს შეიძლება ველზე გასვლისას არ შეიმჩნევა, მაგრამ ყოველდღიურად გვირეკავენ, ჩვენი კომისიის წევრებს, მაჟორიტარ კანდიდატებს ემუქრებიან, ხდება მათზე ზეწოლა, შეხსენება, რომ ზოგი საჯარო სამსახურში მუშაობს, ზოგს შვილი ჰყავს, ზოგს -პატიმარი და ამ ფორმით მმართველი პარტია ცდილობს ზეწოლას ოპოზიციაზე. „ქართული ოცნება“ მუქარას, შანტაჟს ყველა არჩევნებზე იყენებს.
– ვხედავთ, რომ ოპოზიცია ვერ შეთანხმდა არჩევნებში მონაწილეობა–არმონაწილეობის თაობაზე. ხელისშემშლელი ფაქტორი რა იყო?
– ჩვენმა პარტიამ ყველაფერი იღონა იმისათვის, რომ შევთანხმებულიყავით საერთო გეგმაზე, ვსაუბრობდით საერთო კვოტის შესახებაც. ყველა კვლევის დასკვნის თანახმად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისში მმართველ პარტიას ჰყავს იმაზე ცოტა ამომრჩეველი, ვიდრე ოდესმე ჰყოლია. სხვათა შორის, ვმსჯელობდით იმაზეც, რომ ოპოზიციური ერთობა თბილისში მაინც შემდგარიყო, მაგრამ უარი მივიღეთ. აღარ დაგვრჩა სივრცე რაიმე სახის ერთობის დასაგეგმად, ამიტომ გადაწყვეტილება დამოუკიდებელად მივიღეთ და განვაცხადეთ, რომ ვერთვებით ამ უთანასწორო ბრძოლაში, ამ მხრივ ყველას თავისი ინტერესები ჰქონდა.
– კოალიცია ,,ძლიერი საქართველო–ლელო“ და გახარიას პარტია საარჩევნოდ გაერთიანდნენ. თქვენი აზრით, ეს რა ფაქტორებმა განაპირობა?
– ეს არის წმინდა პრაგმატული გადაწყვეტილება, პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში, განსაკუთრებით აჭარის რეგიონში, ახალი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი შეუთავსებლობა გვაქვს, მათ შორის ერთმანეთის პოლიტიკურ შეხედულებებთან მიმართებით (დასავლურ კურსს არ ვგულისხმობ), ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ერთმანეთს არ უნდა წავართვათ ამომრჩევლები, ანუ ერთმანეთს არ ვუყენებთ მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატებს, ასე მაქსიმალურად შენარჩუნდება ოპოზიციური ამომრჩეველი. ამ შეთანხმების არსზე ჩვენ ვსაუბრობდით სხვა ოპოზიციონერ კოლეგებთან, მაგრამ, როგორც ვთქვი, ერთობა არ შედგა. ჩვენ და გახარიას პარტია პრაგმატულად ვუყურებთ ამ პროცესს, რომ ბრძოლა უფრო შედეგიანი იყოს.
– როგორც ცნობილია, თქვენი პარტიის ლიდერები პრეზიდენტმა შეიწყალა. ექსპერტთა თქმით, ხელისუფლებამ ამ ნაბიჯით განხეთქილება შეიტანა ოპოზიციურ სპექტრში. . .
– არა მხოლოდ ექსპერტთა ნაწილი, ყველა ამას ამბობს. ძალიან მარტივი დასანახია ეს მოცემულობა, რომ რეალურად ივანიშვილი იღებს მსგავს გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ ოპოზიციური ველი უფრო დანაწევრებული იყოს, ანუ დაქსაქსული, იმიჯი შეუქმნას ოპოზიციას. არადა, ეს იმიჯი არსებობდა. შეწყალების გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მხოლოდ და მხოლოდ ამას, როცა ჩვენ მივიღეთ ამ ბრძოლაში შესვლის გადაწყვეტილება, სწორედ მაშინ დაიჭირეს ჩვენი ლიდერები, ეს მათთვის ახალი არ ყოფილა, ჩვენი კოალიცია არჩევნებში
მონაწილეობას იმის მიუხედავად მიიღებდა, ჩვენი ლიდერები იქნებოდნენ თუ არა გარეთ.
– ბათუმში თქვენი კოალიციის მიერ მერობის საერთო კანდიდატად გოჩა გუგუნავა დასახელდა. ეს არჩევანი რამ განაპირობა?
– ჩვენ გახარიას გუნდთან შეთანხმებულად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მერობის კანდიდატად მათი გუნდის წევრი დაგვესახელებინა,
თანაც პრაგმატული მოსაზრებიდან გამომდინარე. საქმე ის არის, რომ 2024 წლის არჩევნებში გახარიას გუნდს ბათუმში ჩვენზე კარგი შედეგი ჰქონდა. ეს ყველაფერი ავწონ-დავწონეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათ გუნდს უნდა დაესახელებინა ბათუმში მერობის კანდიდატი. სხვა დიდ ქალაქებში სხვანაირად მოხდა. არ ჩავრეულვართ კანდიდატის შერჩევაში, ეს იყო გახარიას გუნდის კვოტა. ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის კოლეგიალურად მისაღებია.
– ოპოზიციის ნაწილი (მაგალითად, ,,ნაცმოძრაობა“) ამბობს, რომ „ლელო“ არა გამარჯვებისთვის, არამედ მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის მოპოვებისთვის იბრძვის. . .
– მე არ ვიცი, ვის რა სწყინს. „ნაციონალური მოძრაობა“ 12 წლის განმავლობაში მთავარი ოპოზიციური პარტია იყო, მაგრამ ახლა ეს მოცემულობა დაკარგა, მთავარი ოპოზიციური პარტია აღარ არის. უაზრო ბრალდებებს გვიყენებს, რაც არასწორია. ჩვენი მიზანია, ხელისუფლება შეცვალონ ძლიერმა პარტიებმა. თუ პარტიები დასუსტდებიან, ხელისუფლების შეცვლა გადაიწევს. ამიტომ ვთვლი, რომ არჩევნები არის პარტიის გაძლიერებისთვის ყველაზე კარგი დრო, განსაკუთრებით – თვითმმართველობის არჩევნები. მთავარი მიზეზიც, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, არის ის, რომ კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელო“ გაძლიერდეს და მოვემზადოთ გენერალური არჩევნებისთვის, ვგულისხმობ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, სადაც უფრო ძლიერი ვიქნებით, ვიდრე დღეს ვართ. ეს არის მარტივი მოცემულობა. ჩვენს კოალიციას საქართველოს მასშტაბით ჰყავს 27 დეპუტატი თვითმმართველობის ორგანოებში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. პირობას გაძლევთ, რომ არჩევნების შემდეგ ეს რიცხვი გაორმაგდება, გასამმაგდება, გაათმაგდება. 27 დეპუტატი ჯობია თუ 300?! თუ ვინმე ამაზე იდავებს, ამას მათემატიკა ხსნის. რა თქმა უნდა, არსებობს რისკი, რომ სხვა შედეგი დადგეს, მაგრამ ჩვენ პოლიტიკური პარტია იმიტომ ვართ, ეს პასუხისმგებლობაც გავიზიაროთ.
– ოპოზიცია რომ გაერთიანებულიყო, რა უპირატესობა ექნებოდა მმართველ პარტიასთან შედარებით?
– ოპოზიცია რომ გაერთიანებულიყო, თითქმის ყველა თვითმმართველ ქალაქს უპირობოდ მოიგებდა, განსაკუთრებით თბილისს, ასევე სხვა თვითმმართველ ქალაქებს – ბათუმს, ქუთაისს, რუსთავს… მაგრამ ახლა უტოპიურ სცენარად მოჩანს ამ გაერთიანებაზე საუბარი. ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით ჩანს, რომ ოპოზიციის გაერთიანების შემთხვევაში იყო დიდი შანსი დიდი ქალაქების მოგების. ახლაც არსებობს რამდენიმე მუნიციპალიტეტში შესაძლებლობა, რომ ჩვენ წარმატებას მივაღწიოთ, თუ ოპოზიციური ამომრჩეველი არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მხოლოდ მმართველი პარტიის წისქვილზე დაასხამს წყალს. თბილისის მაგალითი რომ ავიღოთ, ჩემთვის გაუგებარია, ყოველ საღამოს კახი კალაძეს აქციებს უწყობდე, როცა შესაძლებლობა გაქვს, შეცვალო იგი არჩევნებით, მაგრამ ამას არ აკეთებდე იმ მოტივით, რომ თითქოს ბოიკოტის რეჟიმში ხარ. ინსტრუმენტი, რითაც შეგვიძლია კალაძე გავუშვათ მმართველობიდან, არის 4 ოქტომბრის არჩევნები. ამას გამოყენება უნდა!
– ცნობილია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოსახლეობა დიდად არ აქტიურობს. რას აკეთებს თქვენი პარტია, ამომრჩეველი არჩევნებზე რომ მივიდეს?
– ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამომრჩეველი დავარწმუნოთ ამ არჩევნების მნიშვნელობაში! ამ მხრივ, მაქსიმალურად მომართული ვართ, გადავინაწილეთ ქალაქები, სრულად ჩართული ვართ საარჩევნო კამპანიაში. ჩვენი კამპანია იქნება აგრესიული, ვაპირებთ პრობლემურ საკითხებზე საუბარს, ცხადია, იმ მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, რომლებიც დღემდე დღის წესრიგშია, მათ შორის, ახალი არჩევნები.
– მმართველი პარტიის რეიტინგზე რას იტყვით? ორგანიზაცია „გორბის“ კვლევის მიხედვით, ,,ქართული ოცნების“ რეიტინგი 65 პროცენტზე მეტია. . .
– ,,გორბის“ კვლევებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს არასერიოზულია, ხელისუფლებასთან დაახლოებული ორგანიზაციაა, დასხდება რამდენიმე ადამიანი და მათთვის სასურველ რიცხვებს წერს, რასაც მერე კვლევად ასაღებენ. ეს ემსახურება ერთ რამეს – შექმნან განწყობა, რომ თითქოს უძლეველები არიან.
– როგორც ცნობილია, ამ არჩევნებს ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაციები არ დააკვირდებიან. . .
– რა თქმა უნდა, ცუდია, რომ საარჩევნო კამპანიას არ დააკვირდებიან ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები.
ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით, რამდენიმე სადამკვირვებლო ორგანიზაცია დააკვირდება, მაგრამ ეს არ იქნება ის წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენ ვიცით, მაგალითად – ,,ოდირი“. ჩვენ შევეცდებით, დავაფიქსიროთ დარღვევების სურათი და საერთაშორისო ორგანიზაციებს მივაწოდოთ, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ არჩევნების შედეგები, დათვლის პროცესი ყველამ კარგად იცოდეს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც. ყველა ხერხს გამოვიყენებთ, მათ შორის სამართლებრივად, რომ დავიცვათ მოსახლეობის არჩევანი ამ არჩევნებში.
– რას ფიქრობთ 4 ოქტომბრისთვის დაანონსებულ აქციაზე?
– ყველაფერს მივესალმები, სადაც მმართველი პარტიის დასრულებაზე, შეცვლაზე არის საუბარი. ყველა თარიღი ჩემთვის მნიშვნელოვანია, ჩვენმა გუნდმა ეს გზა (არჩევნებში მონაწილეობა) აირჩია. ,,ქართული ოცნება“ უნდა შეიცვალოს კოალიციური ხელისუფლებით, რომელიც, ჩვენი წარმოდგენით, უნდა იყოს ძლიერი პარტიებისგან შემდგარი, ხოლო ძლიერია პარტია, როცა მუნიციპალიტეტებში ჰყავს დასაყრდენი და ამ დასაყრდენის გაჩენის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა 4 ოქტომბრის არჩევნები. მართალია, ეს არის უთანასწორო არჩევნები, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ ეს არჩევნები მოგცემს შესაძლებლობას, უფრო მომზადებული შევხვდეთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, რაც იქნება გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენთვისაც და იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც ამდენი თვეა იბრძვიან სამართლიანობისთვის და ითხოვენ რიგგარეშე არჩევნებს, მათ შორის მეც. რა არ ვიწვნიეთ საკუთარ თავზე ჩვენი გუნდის წევრებმა, მივესალმები ყველა თარიღს, რომელიც ხელისუფლების შეცვლას მოიტანს. ,,ქართული ოცნება“ მმართველობიდან უნდა წავიდეს. ჩვენ ჩვენი სტრატეგია გვაქვს, მგონია, რომ ძლიერმა პარტიებმა უნდა შეცვალონ ,,ქართული ოცნება“ არჩევნების გზით. რატომ არჩევნების გზით? იმიტომ, რომ ამ მომენტში არ მაქვს განცდა, რომ რევოლუციით შეიძლება ხელისუფლების შეცვლა.
– ჩვენს ქალაქზე ვისაუბროთ, თქვენი აზრით, როგორ ვითარდება დღევანდელი ბათუმი?
– ამაზე საკრებულოში ყველა სხდომაზე ვსაუბრობ. ბათუმი არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდად განვითარებული ქალაქი, ვგულისხმობ როგორც ქალაქის ურბანულ განვითარებას, ასევე ყოველდღიურობას, მათ შორის, სატრანსპორტო პოლიტიკასაც. მაგალითად, ბულვარის განაშენიანების გეგმა სამი წლის წინ დაამტკიცა საკრებულომ, მაგრამ ერთი ნაბიჯი არ არის იმ გეგმის მიხედვით გადადგმული. ქალაქი ვითარდება ქაოსურად, ვითარდება კონკრეტული ჯგუფისთვის, განსაკუთრებით ეს თვალშისაცემია ურბანული პოლიტიკის თვალსაზრისით.
მმართველი პარტიის ყველა შემწირველი აჭარიდან არის ჩართული სამშენებლო ბიზნესში. . . ასე ქალაქი ვერ განვითარდება.
– დაბოლოს, ამ არჩევნებში რა შედეგს ელოდებით?
– ველოდებით შედეგს, რომელიც დაანახებს საზოგადოებას იმას, რომ ოპოზიცია ყველა ბრძოლაში უნდა იყოს ჩართული. ჩვენთვის შედეგი არის ის, რომ ვაგრძელებთ ბრძოლას წარმომადგენილობით ორგანოებში, ვილაპარაკებთ პრობლემებზე, მოსახლეობას ეყოლება ამბის გამომტანი. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ყველა ოპოზიციურმა დეპუტატმა ვისაუბრეთ გორის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტზე, იმ მოღალატეობრივი განცხადების შემდეგ. . . საკრებულოში დეპუტატები რომ არ გვყოლოდა, პროცედურაც არ დაიწყებოდა. ამიტომ ამ ფაქტმა ყველაზე კარგად აჩვენა, რომ საკრებულოში მნიშვნელოვანია ოპოზიციური პარტიების ყოფნა. ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც უსამართლობას დავინახავთ. როგორც სამი-ოთხი წლის განმავლობაში იყო ჩემი მიკროფონი ჩართული და ყველაზე დიდ დისკომფორტს უქმნიდა მმართველ პარტიას, ასევე იქნება ახლაც და ძალიან დიდ დისკომფორტს შევუქმნით ხელისუფლებას არათუ ბათუმში, არამედ ამ ქვეყნის ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში.
ლაშა ხომერიკი