
მთიდან ჩამოტანილი ხელოვნება – წვიმიან ბათუმში
ბათუმის საზაფხულო თეატრში ფოლკლორული – „შუახევური საღამო“ გაიმართა, რომელშიც შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ყველა ფოლკლორული, ქორეოგრაფიული ანსამბლი და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ.
-1957 წლიდან სცენაზე ვდგავარ. შუახეველ ხელოვანებთან ერთად მსოფლიოს 10-მდე ქვეყანაში გავიტანეთ ჩვენი ფოლკლორი. საქართველოს ცალკეული კუთხეებიც მოვიარეთ, ბათუმელი მაყურებელიც არ დაგვიტოვებია უყურადღებოდ. წინა საუკუნის 90-იან წლებში მთიელი და ბარელი შუახეველების შეხვედრაც გავმართეთ. ცალკეულ ანსამბლებს ჰქონდათ ბათუმელი მაყურებლის წინაშე გამოსვლის პატივი, მაგრამ ასეთი შემადგენლობით მთიელთა კულტურის, ეთნოგრაფიის, კულინარიის დემონსტრირება პირველად ხდება, – გვითხრა ფოლკლორული ანსამბლ „შუახევის“ უხუცესმა წევრმა, 90 წელს მიტანებულმა ოთარ დავითაძემ. საზაფხულო თეატრის ფოიეში მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო სამუზეუმო ექსპონატები, ფოტოები, ხელნაკეთი ნივთები. სტუმრებს აქ ადგილობრივი კერძებისა და ვაზის ნაჟურის დაგემოვნებაც შეეძლოთ.
– შუახევი და იქ მცხოვრები გამრჯე ადამიანები წელს პირველად გავიცანი – მწერალმა ვახტანგ გოგრაჭაძემ მთებში გამართულ ფესტივალზე მიმიპატიჟა. შუახევის მუნიციპალიტეტის მერის ომარ ტაკიძისა და კულტურის ცენტრის დირექტორის მაია დავითაძის მიერ ორგანიზებული „შუახევური საღამო“ რომ გამომეტოვებინა, ნამდვილად დამწყდებოდა გული. მთელი დღე აქ ვარ და ვაკვირდები იმ შემართებას, რასაც თითოეული მონაწილე იჩენს, – გვითხრა თბილისელმა პოეტმა აკაკი გაბრიჭიძემ. „შუახევური საღამო“ მწერალ ვახტანგ გოგრაჭაძეს მიჰყავდა, სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ ანსამბლები: „შუახევი“, „ფესვები“, „ჭვანა“, „მარეთი“, „ნაი“, „ზე-კართან“, ინდივიდუალური შემსრულებლები ნია ცეცხლაძე, რევაზ ფევაძე, „განდაგანას“ უბადლო შემსრულებლის მუხამედ ართმელაძის, მომღერალ ტარიელ მაკარაძის შვილიშვილები მირზა ართმელაძე და გელა მაკარაძე. ვახტანგ გოგრაჭაძე მათ ისტორიას, წარმატებებს აცნობდა მაყურებელს. ანსამბლების „შუახევის“ და „ფესვების“ მონაგარი მაინც განსაკუთრებულია, რაც მათი სამხატვრო ხელმძღვანელების დამსახურებაა, უხუცესთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ფესვების“ მთავარი ქორეოგრაფის ბადრი დარჩიძის წვლილი კი განსაკუთრებულია. მისი დამსახურებაა, რომ ანსამბლმა ფოლკლორის ეროვნული ცენტრის პრემია მოიპოვა. საღამოზე „ფესვებმა“ და „შუახევმა“ ერთობლივად წარმოადგინეს მხატვრულ-მუსიკალური კომპოზიცია „ქორწილი მთაში“. ბათუმი ტურისტული ფილმების ფესტივალს მასპინძლობს. „შუახევურ საღამოზე“ რაიონის ყოფილმა პირველმა პირმა თემურ ზოიძემ ჟიურის წევრები – გერმანელი ნეალ დუერი, ალბანელი ალბა დუერი, ხორვატიელი სტომენკა სარაგა, იტალიელი ბლადისლავ ბარინსკი და უკრაინელი ლიუდმილა გორბატიუკი მოიპატიჟა. საპატიო სტუმრებმა საღამოს მონაწილე ანსამბლების წევრებთან ფოტოც გადაიღეს.
– ქართული ეროვნული სიმღერები და ცეკვები ჩემთვის კარგადაა ცნობილი. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ პატარა შუახევი ასეთ ფოლკლორს შემოგვთავაზებდა. მადლობა ორგანიზატორებს, მადლობა შემსრულებლებს. მიყვარს საქართველო,- გვითხრა ლიუდმილა გორბატიუკმა. საღამოს შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, „ქართული ოცნებიდან“ შუახევის საკრებულოს პროპორციული სიის პირველი ნომერი იაგო დავითაძე ესწრებოდნენ.
– შინაარსიანი და დაუვიწყარი საღამო იყო. იგი ტრადიციად უნდა იქცეს. მადლობა აჭარის კულტურის სამინისტროს, ბათუმის მერიის ხელმძღვანელობას თანადგომისთვის. ქებას იმსახურებს საღამოს მონაწილე ყველა შემსრულებელი. იმედს ვიტოვებთ, რომ ისინი შემოქმედებით მუშაობას კვლავ გააგრძელებენ, გაგვახარებენ ჩვენც და მათი ხელოვნების თაყვანისმცემლებსაც, რომლებიც მრავლად არიან. ეს მაყურებლით სავსე დარბაზმაც ცხადყო, – გვითხრა ომარ ტაკიძემ.
ოთარ ცინარიძე