
თბილისში ერთ-ერთ ქუჩას ზურაბ გორგილაძის სახელი მიენიჭა
ამის შესახებ სოცქსელში ბატონი ზურაბის ქალიშვილი თათია გორგილაძე და აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე დავით თედორაძე წერენ.
– „თბილისში, ახალ ქუჩას ზურაბ გორგილაძის სახელი მიენიჭა. ახდა დიდი პოეტის წინასწარმეტყველება, მეუღლისადმი მიძღვნილ ლექსში რომ გაგვიმხილა – „… და შენ გახდები პირველი მოწმე, სამშობლო როგორ დამადგამს გვირგვინსო … “.
სამშობლომ გარდაცვალების შემდეგ აღიარა ზურაბი და დაადგა კიდეც გვირგვინი.
მანამდე კი … კომუნისტურ საქართველოში „ჩემი ლექსი ობოლი ჩოლოქს ვერ გავაცილე-ო“ მწარედ ამოთქვამდა გულგრილობით გულდასერილი და საქართველოს სიყვარულით გულანთებული პოეტი, – წერს დავით თედორაძე.
– „ყველას ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ განსაკუთრებული მადლობა ამ ახალგაზრდა და ნიჭიერ კაცს, ირაკლი შამათავას – დედაქალაქში რომ ზურაბ გორგილაძის ქუჩა იქნება, ეს მისი დამსახურებაა. ბევრი გულისტკივილიანი ლექსი აქვს მამას. მაგალითად: ,,ჩემი ლექსი ქართული ჩოლოქს ვერ გავაშორე“, ,,საქართველოში ისე ვბერდები, რომ თბილისს ლექსი ვერ წავუკითხე“ და მისთანები. მაგრამ… მისი გარდაცვალების შემდეგ, საღამოებიც იმართება, სკოლებს სახელები ერქმევა, ჩვენი, ქუთაისელი, მერაბ კვიცარიძის წყალობით, ცისფერყანწელების კუთხეშიც გვაქვს ასეთი პატივი. ჩვენს ულამაზეს ბათუმში გვაქვს გორგილაძის ქუჩა (აქ მადლობა მათე ტაკიძეს, დავით თედორაძეს, ვახტანგ ღლონტს.) ბევრი სიკეთის ჩამოთვლა შეიძლება და ამ ყველაფრისთვის უღრმესი მადლობა თქვენ, ჩემი მამიკოს სიყვარულისათვის, დაფასებისათვის, – წერს თათია გორგილაძე.
პოეტის შვილი ამ წერილში განსაკუთრებულ მადლობას უხდის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანს, მწერალს, პროფესორ ირაკლი შამათავას, რომელსაც მობილური ტელეფონით დავუკავშირდით. აი, რა გვითხრა მან:
– 2019 წლის 12 ნოემბერს, როცა თბილისის საკრებულოს წინადადებით მივმართე, მაშინ განათლების და კულტურის კომისიის აპარატის უფროსი ვიყავი (საკრებულოს თავმჯდომარე იმ დროს გიორგი ტყემალაძე იყო), მაგრამ ქუჩისთვის სახელის გადარქმევას თავისი წესები აქვს – ამ ადამიანის გარდაცვალებიდან უნდა იყოს გასული 20 წელი. ეს ვადა არ იყო გასული ბატონი ზურაბი 2007 წელს გარდაიცვალა და ამ ვადის გასვლას ველოდებოდით. ჩემი სულისკვეთება იყო ასეთი, ზურაბი როგორც არა მარტო აჭარელი პოეტი, არამედ იმდროინდელი ქართული საზოგადოების გამაერთიანებელი პოეტია, რომელმაც თავისი კუთხე (აჭარა) მთლიანად საქართველოს გააცნო. წინადადება რომ შემეტანა, უნდა ვყოფილიყავი იურიდიული პირი, ანუ ვინც ამას ხელს მოაწერდა, მე ამ შემთხვევაში ფიზიკური პირი ვიყავი. მაშინ მწერალთა კავშირს მივმართე და ქალბატონი მაყვალა გონაშვილი, რა თქმა უნდა, დაეთანხმა – ამ საკითხის მხარდამჭერი გახდა მწერალთა კავშირი. ახლა გავიგე, რომ მწერალთა კავშირმა საკრებულოს თავისი სახელით მიმართა, რაც ჩემ გარეშე მოხდა… საკრებულომ მიმიწვია სხდომაზე და იქ ზურაბის ლექსიც წავიკითხე, ყველაფერი მოვყევი, თუ როგორ დავუახლოვდი გორგილაძის ოჯახს. ცოტა გული დამწყდა… შეიძლებოდა ჩემი წერილის „გაცოცხლება“. მაგრამ არა უშავს, მთავარია საქმე გაკეთდა და თბილისში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩასთან ერთად, ზურაბ გორგილაძის ქუჩაც გვექნება, – გვითხრა ირაკლი შამათავამ.