
პაატა ცივაძე: მოსყიდვის, დაშინების, მუქარის მიუხედავად, მაინც მოვლენ და მოგვცემენ ხმას
გთავაზობთ კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოსა“ და პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ქობულეთის მერობის საერთო კანდიდატ პაატა ცივაძის წინასაარჩევნო ხედვებს, რის შესახებაც გაზეთ „აჭარასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
– რატომ გადაწყვიტეთ ქობულეთის მერობის კანდიდატად კენჭისყრა?
– მინდა საკუთარი 32-წლიანი საჯარო თუ კერძო სტრუქტურებში მუშაობის უზარმაზარი გამოცდილება, ცოდნა, უნარი გამოვიყენო ქობულეთის და ქობულეთელების საკეთილდღეოდ. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ახალგაზრდა, კომპეტენტური ადამიანებით, რომლებიც მზად არიან, უკომპრომისოდ ჩადგნენ ქვეყნის სამსახურში და ვიცი, რომ თუკი ისინი მოვლენ სათავეში, მკვეთრად შეიცვლება ჩვენი მუნიციპალიტეტის რეალობა უკეთესობისკენ.
– კონკრეტულად, რა და როგორ შეიცვლება, დღესდღეობით რა არის ქობულეთში ყველაზე დიდი პრობლემა?
– მთელი ქვეყნის პრობლემაა ის, რომ მას მართავენ კორუმპირებული ჩინოვნიკები, რასაც ქობულეთში ემატება ფეოდალური მმართველობა.
– თუ შეიძლება განვმარტოთ, რას ნიშნავს „ფეოდალური მმართველობა“?
– ნიშნავს იმას, რომ მუნიციპალიტეტს განაგებს რამდენიმე ოჯახი, ხოლო მათი წარმომადგენელი პაიკები წლების განმავლობაში ძარცვავენ ადგილობრივ ბიუჯეტს. მოდით, ვთქვათ სიმართლე: ქობულეთს განვითარების უდიდესი პოტენციალი გააჩნია როგორც გეოგრაფიული მდებარეობით, ისე ბუნებრივი რესურსებით. 13 წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა, რომ ქობულეთი ორთვიანი საზღვაო კურორტიდან გადაექცია ოთხი სეზონის კურორტად. აქ მთელი წლის განმავლობაში უნდა დუღდეს ცხოვრება და არა მხოლოდ ივლის-აგვისტოში. კარგად მახსოვს, რომ ქობულეთი ითვლებოდა ბალნეოლოგიურ კურორტად და ზამთარ-ზაფხულ სავსე იყო დამსვენებლებით, რომლებიც ჩამოდიოდნენ სამკურნალოდ და სარეაბილიტაციოდ. ჩვენ რომ მოვალთ სათავეში, აქცენტირება არ იქნება მხოლოდ ზღვის სეზონზე, ჩვენ განვავითარებთ ტურიზმს სხვა მიმართულებებსაც და ქობულეთელებს გაუჩნდებათ არა სეზონური, არამედ წლიური შემოსავალი.
– მაინც რა მიმართულებების განვითარებას გეგმავთ?
– დავიწყებთ სამედიცინო, სპორტული, ეკოლოგიური, გასტროტურიზმის განვითარებას და თანდათან ჩავერთვებით ყველა მიმართულებაში, რადგან გეოგრაფიული მდებარეობა და არსებული პოტენციალი გვიწყობს ხელს.
– იგივეს საუბრობდნენ თქვენი ამჟამინდელი კონკურენტები, თუმცა ვერ მოხერხდა ყველა ამ სფეროს სრულად განვითარება. რა გარანტია გაქვთ, რომ შეძლებთ პრაქტიკულად განახორციელოთ ის, რასაც ახლა პირდებით ქობულეთელებს?
– ვიცი საქმის კეთება, მრავალი წელია ვმოღვაწეობ ამ სფეროში და გარკვეული ვარ, რა და როგორ უნდა წარვმართო პოზიტიური შედეგის მისაღებად.
– რამდენად გეყოფათ ბიუჯეტი?
– მე არ მოვითხოვ ფულს ბიუჯეტიდან, ვიცი, ზედმეტი დანახარჯების გარეშე როგორ უნდა განვავითარო ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებები. აქვე აღვნიშნავ, რომ ქალაქ ქობულეთში აბსოლუტურად მოუწესრიგებელია მუნიციპალური ტრანსპორტი, პარკირების სისტემა. მოუწესრიგებელი კი არა, საერთოდ არ არსებობს მსგავსი რამ. . .
– ქობულეთში ხომ მოძრაობს ავტობუსები?
– ორი სამი ავტობუსი რომ დაკონწიალობს შიგადაშიგ, ეს არ ითვლება არაფრად. . . ჩვენი გამარჯვების შემდეგ ქალაქში შეიქმნება მძლავრი მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახური, რომელიც არამხოლოდ ქალაქს, სოფლებსაც მოემსახურება. ვეტერანები, პენსიონერები, შშმ პირები და სხვა სოციალურად დაუცველი ფენების წარმომადგენლები უფასოდ იმგზავრებენ. გარდა ამისა, ქობულეთში დაინერგება ინოვაციური ტექნოლოგიები, მოეწყობა ელექტრომანქანების დამუხტვის სადგურები. „ამათ“ მიერ გაკეთებულ ბულვარში მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა: ზღვის სანაპიროზე იქნება სუფთა, გაწკრიალებული გასახდელები, საშხაპეები, საპირფარეშოები, რაც დღესდღეობით არ არსებობს.
აუცილებლად გადავწყვეტთ თვითდინებაზე მიშვებულ მიუსაფარი ცხოველების პრობლემას. . . უკვე კატასტროფის ზღვარზე ვიმყოფებით, თუკი ასე გაგრძელდება, ძალიან ცუდი რამ მოხდება. . . ვაპირებთ გადმოვიღოთ ევროპული ქვეყნების გამოცდილება, რაც გულისხმობს ამ ცხოველებზე ზრუნვას და არა მათ ლიკვიდაციას. პირველ ეტაპზე, შეიქმნება მობილური ვეტერინარული კლინიკები. რეიდებს მოაწყობენ და პოპულაციის გამრავლების კონტროლს დააწესებენ ცხოველთა სტერილიზაცია-კასტრაციის გზით. ეტაპობრივად, უცხოური გრანტებით (ხელგვეწიფება მოპოვება), ქობულეთის შემოგარენში აშენდება მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი, სადაც ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით და მკურნალობით. მხოლოდ ამ გზით მოგვარდება პრობლემა. დაგვიანების შემთხვევაში, შესაძლოა სიტუაცია უმართავი გახდეს.
ტურიზმის გარდა, რომელ სფეროს სჭირდება დახმარება?
– აუცილებელია განათლების სფეროს მოწესრიგება. მართალია, ძირეულ რეფორმებზე აქ არ ვისაუბრებ, რადგან ეს არ შევა ჩემს კომპეტენციაში, მაგრამ მუნიციპალურ დონეზე იქნება პოზიტიური ძვრები. ჩვენ შევძლებთ ბავშვებს მივაწოდოთ ხარისხიანი განათლება, რომ თითოეულ ოჯახს არ ჰქონდეს ბავშვების უსწავლელად დარჩენის შიში. ქობულეთში ყველა ჩინოვნიკის შვილი კერძო, ძვირად ღირებულ სკოლებში სწავლობს, რადგან იციან, რა პრობლემებიცაა საჯარო სკოლებში. ჩვენი არჩევიდან პირველივე წელს, დაწყებით კლასებში შემოვიღებთ უფასო კვებას. ეტაპობრივად, ეს პროცესი გავრცელდება უფროს კლასელებზეც.
– ინფასტრუქტურულ პროექტებზე რას გვეტყვით?
– ერთხელ და სამუდამოდ გაკეთდება მდინარე აჭყვის კალაპოტის სრული რეკონსტრუქცია, რაც ქალაქს დაიცავს წყალდიდობებისგან, ნებისმიერი სიძლიერის ნალექის მოსვლის შემთხვევაშიც კი. აღარ დაიტბორება ბაზარი, მისი მიმდებარე ტერიტორიები და საბოლოოდ მოგვარდება ეს პრობლემა.
ყველა სოფელში მოეწყობა წყლის რეზერვუარები, რითაც მოიხსნება უწყლობის საკითხი. წყალი სახლში მუდმივად ექნება მუნიციპალიტეტის ყველა მოსახლეს. არ შეიძლება 21-ე საუკუნის საქართველოში, სადაც წყალს მიაქვს ყველაფერი, ადამიანს არ ჰქონდეს სასმელი წყალი. ეს სრული აბსურდია.
რაც შეეხება სპორტის განვითარებას: 4 წლის წინ რიჟვაძის მთავრობა დაპირდა ქობულეთს მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის აშენებას, რაც მორიგი ტყუილი დაპირება აღმოჩნდა. ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ამ კომპლექსს და დავუმატებთ სარეკრეაციო სივრცეს.
ასევე, ზურაბ პატარაძის მმართველობისას, 2018 წელს, დაგვიპირდნენ ნახევარმილიარდიან ინვესტიციას ქობულეთის შემოსასვლელში „მწვანე ქალაქის“ ასაშენებლად, მაგრამ არც ამ პროექტს ეღირსა განხორციელება.
– რატომ გგონიათ, რომ გააკეთებთ იმას, რაც წინამორბედებმა ვერ შეძლეს?
– ჩვენ გვაქვს აშკარა პრიორიტეტი, დანაპირებს შევასრულებთ არა ბიუჯეტის სახსრებით, არამედ მოზიდული ინვესტიციებით. ასევე, ფიჭვნარში დაგეგმილი გვაქვს ტალღმჭრელების მოწყობა და მცირე ნავსადგურის აშენება, რათა აღვადგინოთ მებადურობის ტრადიცია, რომელიც აქ ანტიკური პერიოდიდან იყო გავრცელებული. იქვე გამოვყოფთ სივრცეს გასტროტურიზმის განსავითარებლად. კერძოდ, განლაგდება რესტორნები და კაფეები ანუ კვების ობიექტები, სადაც ტურისტი დააგემოვნებს ახალდაჭერილი თევზისგან დამზადებულ თუ სხვა სახის აჭარულ ტრადიციულ კერძებს. აქ არა მხოლოდ უცხოელები, ქართველი ტურისტებიც სიამოვნებით გაატარებენ უქმეებს.
თვე არ გავიდოდა, რომ ქობულეთში არ ჩატარებულიყო საერთაშორისო დონის ღონისძიება. იყო სამედიცინო სიმპოზიუმებიც, კულტურულ-შემეცნებითი შეხვედრები და სხვ. ახლა ზაფხულში მუსიკალური ფესტივალიც აღარ ტარდება და ამაზე არავინ ფიქრობს.
– ამ საკითხებზე რატომ არ მსჯელობთ მმართველ გუნდთან?
– იმიტომ, რომ არცერთი მათგანი არ გამოდის საჯარო დებატებში, არ აქვთ იმედი, რომ გამართულად დაიცავენ თავიანთ პოზიციებს. აქედან გამომდინარე, სანამ გამოცდილი, კომპეტენტური, მცოდნე, პროფესიონალი ადამიანები არ მოვლენ მუნიციპალიტეტის მმართველობაში, მანამდე იქნება ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები.
– რამდენად ხშირად აწყობთ შეხვედრებს მოსახლეობასთან წინასაარჩევნო მარათონის ფარგლებში?
– ყოველდღიურად, თუმცა არ ვაფიშირებთ და არ ვაანონსებთ დიდ შეხვედრებს სოფლის ცენტრში. წინა არჩევნების გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცით, რომ იქ მოსულ ხალხს აფიქსირებენ და შემდეგ პრობლემებს უქმნიან. ამიტომ ახლა გადავწყვიტეთ, კარდაკარ ვიაროთ, პირადი შეხვედრების დონეზე ვაცნობთ ამომრჩევლებს საკუთარ მოსაზრებებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თვე-ნახევრის განმავლობაში მოვიარე მთელი მუნიციპალიტეტი სოფელ აჭიდან დაწყებული ზემო აჭყვით დამთავრებული. ლამის ყველა ოჯახს ვესტუმრეთ. ბევრი გვეუბნება, რომ 13 წლის განმავლობაში თანდათან დავავიწყდით მთავრობას, საერთოდ აღარ აინტერესებთ როგორ ვცხოვრობთ და რა პრობლემები გვაწუხებსო. . . ფეოდალები არიან, დაიკანონეს და აიშენეს სასტუმრო კომპლექსები ჩვენს მიწებზე და ახლა აღარავის ვანაღვლებთო. . .
– სოფლის მეურნეობის მხრივ რის გაკეთებას გეგმავთ?
– ძალიან დიდი გეგმები გვაქვს ამ მიმართულებითაც. ციტრუსის 20-თეთრიანი სუბსიდირება აღარ არის გამართლებული, გლეხებზე არავინ ფიქრობს. ასევე თხილის ფასიც იცით, როგორ დაეცა. უზარმაზარი შრომაა ჩადებული თხილის ბაღებში, რომელიც ახლა განადგურების პირას არის მიყვანილი, შეჭამა ფაროსანამ. . . ადრე რაღაც მეთოდებით მაინც ებრძოდნენ, ახლა აღარც ეს კეთდება. ფერმერები საკუთარ პრობლემებს შეატოვეს. ჩვენ რომ მოვალთ სათავეში, კინტრიშის, ჩოლოქის და ჩაქვისწყლის ხეობებში მოეწყობა ციტრუსის და ხილ-ბოსტნეულის მიმღებ-გადამამუშავებელი მაცივრები, სადაც ფერმერები ჩააბარებენ მოწეულ მოსავალს და თავად გაყიდიან საკუთარ საქონელს. ამით ჩვენ ამოვაგდებთ გადამყიდველების რგოლს, რომლებიც მინიმალურ ფასად იბარებენ პროდუქციას და მაქსიმალურად ყიდიან, ანუ დასრულდება სუბსიდირებაც და ბიუჯეტის ფლანგვაც – თანხების არამიზნობრივად გახარჯვა. ეს იქნება სოფლის მეურნეობის აღორძინების საწყისი ეტაპი.
აქვე მინდა ყველა ქობულეთელი დავარწმუნო, რომ ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, ადამიანებს, რომლებიც 20-30 წელიწადია ფლობენ მიწას და ვერ იფორმებენ, აღარ შეექმნებათ ნაკვეთის დაკანონების პრობლემა. მიწის დამტკიცებაზე ვაჭრობა დასრულდება.
– რას ფიქრობთ 4 ოქტომბერს დაანოსებული რევოლუციის შესახებ?
– ვფიქრობ, რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს, მაგრამ რევოლუციის არ მჯერა, მიმაჩნია, რომ ქართველი ხალხი ბრძენია, პოლიტიკურ ბრძოლაში უკვე მიღებული აქვს უდიდესი გამოცდილება. მე იმ თაობას წარმოვადგენ, რომელიც 9 აპრილს თავისუფლების მოედანზე იდგა, პერიოდულად პროტესტებში ებმებოდა და იქვე გაშლილ კარვებში შიმშილობდა. გახსოვთ, როგორი სულისკვეთებით ვიდექით იქ, არაფრის გვეშინოდა. . . ახალი თაობა გაცილებით გამბედავი, პრაგმატული და განათლებულია, იცის, როგორ შეცვალოს ხელისუფლება ისე, რომ ქვეყანა არ დააზიანოს. არეულობა და დესტაბილიზაცია არ იქნება, ამის მჯერა. ჩვენ არ გვინდა ქაოსი, მარგინალიზაცია და დაპირისპირება. სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნების გზით მოვალთ ქვეყნის სათავეში, ჯერ – მუნიციპალურ დონეზე, შემდეგ კი საპარლამენტო არჩევნების მოგებით.
– რადიკალურმა ოპოზიციამ ბოიკოტის რეჟიმი არჩია არჩევნებში მონაწილეობას. . .
– ოპოზიციის ყველა პოლიტიკურ სუბიექტს გააჩნია საკუთარი აზრი და დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ. სწორედ ეს წარმოადგენს დემოკრატიის მთავარ ღირებულებას. მოდით, გავარკვიოთ, რას ეძახით რადიკალ ოპოზიციას? მე მიმაჩნია, რომ რადიკალები არა ოპოზიციაში, არამედ ხელისუფლებაში არიან. . . სიმართლისთვის მებრძოლთ ვერ დავარქმევ რადიკალებს. ოპოზიციის ზოგიერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადაწყვიტა ბოიკოტის რეჟიმში დარჩენა, ჩვენ კი – არჩევნებში მონაწილეობა. ყველა ხერხი მისაღებად მიმაჩნია ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში.
– ფიქრობთ თუ არა, რომ არჩევნები გაყალბდება?
-კი, აუცილებლად. . . მეტსაც გეტყვით, ეს პროცესი დაწყებულია და გაგრძელდება არჩევნების დღის ჩათვლით. უკვე დადიან ოჯახებში, არიგებენ შავ ფულს, ხოლო მათ, ვისაც ვერ ყიდულობენ, აშინებენ ან სხვა ხერხს მიმართავენ, ემუქრებიან რომ სამსახურიდან გაათავისუფლებენ ან სოციალურ დახმარებას მოუხსნიან და ა.შ. ეს არის არჩევნების გაყალბება, სხვა კი არაფერი, უკვე ყუთში აღარ ყრიან ყალბ ბიულეტენებს.
– თუკი თვლით, რომ გაყალბება დაწყებულია და ხალხი დაშინების თუ სხვა მიზეზით არ მოგცემთ ხმას, რატომ იყრით კენჭს?
– გვინდა დავანახოთ ხალხს, მსოფლიო სამეგობროს, რომ ადამიანები მთავრობის მიმართ ოპოზიციურად არიან განწყობილები. დარწმუნებული ვარ, მოსყიდვის, დაშინების, მუქარის მიუხედავად, მაინც მოვლენ და მოგვცემენ ხმას, რადგან თავისუფლება მეტად უღირთ. საკუთარ პოზიციას დაანახებენ მთელ მსოფლიოს. ასევე, მწამს, რომ უბრძოლვევლად დანებებას უთანასწორო ბრძოლაში მონაწილეობა ჯობია.
– რას ეტყოდით ამომრჩევლებს?
– გმადლობთ ამ შესაძლებლობისთვის. . . მინდა მოვუწოდო ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა მოსახლეს, არ შეშინდნენ, არ დახარბდნენ ფულს, რადგან ფული დაიხარჯება და კიდევ ოთხი წელი მოუწევთ განუკითხაობაში ყოფნა, „ამათი“ გამდიდრების და ფუფუნებაში ცხოვრების ყურება.
ქობულეთელებო, მოდით არჩევნებზე და გააფერადეთ ცხრიანი. გარწმუნებთ, თქვენი ცხოვრება ამის შემდეგ რადიკალურად შეიცვლება.
გადა ამისა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გამოვხატო თანადგომა და უპირობო მხარდაჭერა ჩვენი თანამებრძოლების, თანაპარტიელების ვასილ კარბელაშვილის, ვეფხია კასრაძის და თქვენი კოლეგა მზია ამაღლობელის – სინდისის პატიმრების მიმართ.
ირმა ცეცხლაძე