„ადამიანი დღესასწაული“ – ქალბატონი, რომელმაც ყველა სირთულე წარმატებად აქცია
By

„ადამიანი დღესასწაული“ – ქალბატონი, რომელმაც ყველა სირთულე წარმატებად აქცია

ჩვენი სტუმარია ბათუმელი პიარმენეჯერი ნათია თოფჩიძე, რომელსაც პიარის კუთხით 17-წლიანი გამოცდილება აქვს. მეგობრებმა მას „ადამიანი დღესასწაული“ შეარქვეს მისი ენერგიისა და უნარის გამო – ყველაზე უბრალო დეტალიც კი განსაკუთრებულად აქციოს. ნათია არასდროს ნებდება: 40 წლის ასაკში კვლავ სტუდენტი გახდა, რამდენიმე დღის წინ ქართველი დიზაინერის კაბით პარიზის მოდის კვირეულზეც წარსდგა და ახალ გამოწვევებს იღებს არა ჯილდოსთვის, არამედ იმისთვის, რომ ყველას დაუმტკიცოს – შეუძლებელი არაფერია. იგი დღეს თავის წარმატებებსა და მრავალფეროვან ცხოვრებაზე გვესაუბრება.

ნათია, როგორ დაიწყო თქვენი გზა პიარის სფეროში და რა იყო პირველი ნაბიჯი, რომელმაც აქეთ გიბიძგათ?

– ვიღაცისთვის ეს სამსახურია, ჩემთვის კი საყვარელი საქმე, რომლითაც ვსულდგმულობ და უზომოდ მაბედნიერებს. ვფიქრობ, 17 წელი ცოტა არ არის. ყველაფერი ეტაპობრივად დაიწყო, ჯერ სილამაზის ცენტრებს ვარეკლამებდი, ყოველ ახალ ინოვაციურ აპარატურას თუ პროცედურას, რომელიც სილამაზის ინდუსტრიაში ჩნდებოდა. შემდეგ ერთ-ერთი რესტორნის პიარმენეჯერობა შემომთავაზეს, რაც ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო, თუმცა თავი გავართვი და მალევე წარმატებას მივაღწიე. კრეატიული იდეები მიჩნდება ხოლმე, რითაც სხვადასხვა საჭირო სეგმენტი შემიძლია დავაინტერესო. ივენთებსაც ვმართავდი და თანდათან ბევრი ცნობილი ადამიანიც გავიცანი.

ხშირად ამბობენ, რომ პიარი მხოლოდ რეკლამაა, თქვენ კი ხაზს უსვამთ, რომ ეს ბევრად მეტია. როგორ განმარტავთ პიარმენეჯერის ნამდვილ მისიას?

– დიახ, პიარი უმრავლესობას მხოლოდ რეკლამა ჰგონია. პიარმენეჯერი არის შუამავალი პირი, რომელიც კონკრეტულ კომპანიას და ობიექტს საზოგადოებასთან ორმხრივ, სწორ კომუნიკაციაში ეხმარება. მან უნდა შეძლოს ადრესატამდე სწორი ინფორმაციის მიტანა და შესაფერისი რეპუტაციისა და იმიჯის შექმნა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება პიარს სწავლობენ, მაგრამ ისე არ გამოსდით, როგორც საჭიროა. ვთვლი, რომ ეს უფრო თანდაყოლილი ნიჭია.

თქვენი ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, რომ არასოდეს გააკეთთ რეკლამა იქაურობაზე, სადაც თავად არ დადიხართ, ან არ გსიამოვნებთ ყოფნა. რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ეს მიდგომა თქვენი წარმატებისთვის?
– ბათუმი პატარა ქალაქია, ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. ალბათ, წარმატება იმანაც მომიტანა, რომ რეალურად არასოდეს გამიწევია სხვისთვის იმის რეკომენდაცია, რაც არ მომწონს. სადაც თავად არ გეახლებით და არ მესიამოვნება ყოფნა, ან რაიმეს გაკეთება არანაირ ფასად არ მიღირს ასეთი ობიექტების პიარი და ხალხის ნდობის დაკარგვა. მეტიც, რომელიმე კონკრეტული ობიექტის სარეკლამოდ აღებისას, სხვა მსგავსი ობიექტებიდან უფრო მეტი ანაზღაურებაც შემოუთავაზებიათ, თუმცა არასოდეს მიღალატია თავდაპირველისთვის. ეს ჩემი პრინციპია. ყველა და ყველაფერი დადებითად რომ შევაფასო, ხალხის სიყვარულს დავკარგავ, ამაზე ძვირფასი კი ჩემთვის არაფერია.

მეგობრებმა „ადამიანი დღესასწაული“ შეგარქვეს. რას ნიშნავს ეს თქვენთვი და როგორ ახერხებთ, რომ თქვენ ირგვლივ ადამიანები მუდამ ბედნიერები არიან?

– დიახ, ასეა, რადგან უბრალო არასდროს არაფერი მიყვარდა, გამარჯობაც კი. ყველაფერს მუდამ განსაკუთრებულად ვაკეთებდი და მიყვარდა და მიყვარს ჩემ ირგვლივ ადამიანების გაბედნიერება, ვაბედნიერებდი, სიურპრიზის მოწყობა. ამბობენ, რომ იუმორიც განსხვავებული მაქვს და ჩემ გვერდით არავინ იწყენს.

თქვენი ცხოვრება სავსეა ახალი გამოწვევებით და სხვადასხვა პროექტით. როგორ იღებთ გადაწყვეტილებას, რომ ახალი გზით წახვიდეთ, თუნდაც ის სრულიად განსხვავდებოდეს წინა გამოცდილებისგან?
– ნებისმიერ პროექტში მონაწილეობა ჩემთვის ბედნიერი დღეების შეგროვების შესაძლებლობა და ახალი ადამიანების შეძენაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ახლახან, ისევ შევეჭიდე ახალ გამოწვევას – ონკოპაციენტი ქალების მხარდასაჭერი საქველმოქმედო საღამო „ერთად სცენაზე მეტი სიცოცხლისთვის“ გავმართეთ, რომელსაც ორგანიზება გავუწიე. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, პარიზის მოდის კვირეულზე წარვსდექით ქართველი დიზაინერის კაბების კოლექციით. ასევე, ტელესერიალ „ქაზიმას“ პიარმენეჯერი ვარ და მასშიც ვმონაწილეობ. ეს სერიალი მალევე გახდა პოპულარული, საკმაოდ ბევრი ნახვაც აქვს და საუკეთესო კუთხით წარმოაჩენს ჩვენს აჭარას. ამ სერიალში გამოჩნდა რამდენი ნიჭიერი თანაქალაქელი გვყავს და როგორ პროფესიონალურად ირგებენ როლებს. უფლის მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც გამაჩნია და მადლობა ყველას სიყვარულისთვის.

პარიზის მოდის კვირეულზე გვიამბეთ რას ნიშნავს ეს ნაბიჯი თქვენთვის, როგორც ქალისთვის და როგორც პროფესიონალისთვის?

– ბედის ბორბალი ტრიალებს და უფალმა გამომიგზავნა შანსი, რომ 40 წლის ასაკში პარიზის მოდის კვირეულზე წარვმდგარიყავი როგორც მოდელი. საოცარი ადრენალინი იყო. თავი ვარსკვლავი გგონია, ისე გეპყრობიან. ბავშვობის ოცნება რომ აიხდინოთ – ის შეგრძნებაა. ყველა თავს გევლება და გამზადებენ შენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი გზის გასავლელად. ერთ წერტილს უნდა უყურო თავაწეულმა. ამაყად, თითქოს ყველა შიშს და ყველა ადამიანს თვალს უსწორებ და ეუბნები – კი, მე აქ ვარ, მე ეს შევძელი. ეს დიზაინერის უდიდესი პასუხისმგებლობაცაა რომელმაც უდიდესი შრომა ჩადო კაბის შექმნაში. მას „შავი გედი“ შევარქვით და ნამდვილად იმსახურებს წარდგენას სამყაროს წინაშე. პასუხისმგებლობაა, იმ უამრავი ადამიანის გულშემატკივრობის გამართლება, ვინც შენით ამაყობს. ჩვენება 5-ვარსკვლავიან სასტუმრო „ათენში“ გაიმართა, რომელსაც სასახლეს ეძახიან. ნამდვილად ზღაპრული და დაუვიწყარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე მაღალქუსლიანებზე დგომა და პოზირება მომიწია, მაინც უბედნიერესი ვარ. მადლობა დიზაინერ ნინი ჯულაყიძეს და მის ბრენდ „ლიმას ენჯელს“, რომ მომცა შანსი ამხელა აუდიტორიის წინაშე მისი ულამაზესი კაბა წარმომეჩინა. სოციალურ ქსელშიც არ დააყოვნა შეფასებებმა, ქათინაუნრებმა და უდიდესი მადლობა ყველას ამ სიყვარულისთვის. თქვენც უდიდესი მადლობა – ჩემი კუთხის გამომცემლობას, რომ ჩემი წარმატებით დაინტერესდით და გადაწყვიტეთ, ვრცლად დაგებეჭდათ ინტერვიუ. ვერ აღვწერ ეს რა ემოციებია. მინდა ყველა ქალმა იცოდეს, რომ ნებისმიერ ასაკში ყველა ოცნების ახდენა შესაძლებელია და ცხოვრება იმდენჯერ იწყება თავიდან, რამდენჯერაც თქვენ დართავთ ნებას, მისცემთ თავს ბედნიერების უფლებას.

კულინარიულ გადაცემა „შეფების ლიგაშიმონაწილეობთ. როგორ დაძლიეთ შიში და როგორია ამ გზის გავლა ცნობილ შეფებთან ერთად?
– ყველაზე დიდი გამარჯვება საკუთარ შიშზე გამარჯვებაა, აქედან გამომდინარე, ახალ გამოწვევებს არასოდეს ვუფრთხი. პირიქით, ჩემს თავს ვამოწმებ, რამდენად შევძლებ შევასრულო დასახული მიზანი. ასეა „შეფების ლიგაც“, გჯერათ? არც კი მიკითხავს პრიზი რა არის, რადგან ჩემი მიზანი არ არის გამარჯვება. ჩემთვის მნიშვნელოვანია ახალი ადამიანები, მათთან საუბრები. . . ვიცი, ბევრს ვისწავლი მათგან. არც კი მოველოდი, რომ ამდენ ეტაპს გავივლიდი. ყოველი წამით ვტკბები. შეფების გვერდით დგომა უკვე გამარჯვებაა და დიდი სიამაყეა ჩემთვის.

– მარტოხელა დედა ხართ და ხშირად ამბობთ, რომ შვილი თქვენი ყველაზე დიდი მოტივაციაა. როგორ პოულობთ ძალას, ყველაფერს მარტო გაუმკლავდეთ?
– დიახ, ვარ მარტოხელა დედა, როგორც, ალბათ, საქართველოში ყოველი მერვე ქალი. უფალმა დამასაჩუქრა საოცრად ჭკვიანი და წესიერი შვილით და ეს ყველაზე დიდი გამართლებაა ჩემს ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ, მუდამ ვარ ყველა ქალის გვერდით. ყველას წარმატება მიხარია და უყოყმანოდ ვეხმარები, რაშიც დავჭირდები. ენერგიას მაძლევს ის, რომ ძალიან მიყვარს სიცოცხლე და მჯერა უფლის სიყვარულის. თითქოს ანგელოზები მუდამ თან დამყვებიან და მწყალობენ. ვფიქრობ, ცხოვრებაში ყველა დაბრკოლებაც იმიტომ ჩნდება, უფრო მეტად რომ დავაფასოთ ყოველი წამი. . . სადღაც ზემოთ იციან – ყველაფერს გავუმკლავდებით. ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ისეთი დღეებიც, როცა არც კი მეგონა, რომ გადავიტანდი. ბევრჯერ დაუმსახურებლად გული მტკენია, მაგრამ ხალხის სიყვარულს და მხარდაჭერას რომ ვგრძნობ, უფლება არ მაქვს, არ გავიმარჯვო ამ ყველაფერზე.

– ხშირად ხაზს უსვამთ, რომ აჭარელი ხართ და ამით ძალიან ამაყობთ. როგორია თქვენი კავშირი ბათუმთან და აჭარასთან?

– ჩემი ყოველი სოციალური ქსელის კედელზე თავშივე წერია: „იდიდგულე, რომ ამფერი აჭარელი გყავარ განა“. დიახ, ვამაყობ ჩემი აჭარლობით და ყველგან ვაჟღერებ, რომ აჭარიდან ვარ, მხოლოდ შემდეგ ვაკონკრეტებ, რომ – ბათუმიდან. ჩემთვის აქ ყოველი ქვა, ყოველი კუთხე, ყოველი ადამიანი ძვირფასია, რომელ ქუჩაზეც არ უნდა ვიყო, თავს სახლში ვგრძნობ და ყოველთვის, სადაც უნდა ვიყო, რა თემაც უნდა იყოს, ჩემს აჭარას და აჭარლებს მუდამ საუკეთესოდ წარმოვაჩენ. ეს ჩემმა გამომწერებმა კარგად იციან. ვცდილობ, გავაცნო ყველას არა მარტო ჩვენი კუთხე, არამედ მოსახლეობაც, როგორი ნიჭიერი და შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობს აქ, სითბოთი რომ გამოვირჩევით. ყველაფრით და ყველგან ვამაყობ ამით.

– დღეს ბევრი თავს ინფლუენსერად მოიხსენიებს. თქვენც სოცქსელებში ათასობით გამომწერი გყავთ. თქვენი აზრით, რა გამოგარჩევთ სხვებისგან?

– ახლა გახდა ტრენდული სიტყვა – ინფლუენსერი, თორემ როცა მე პიარი ვიყავი, მაშინ ეგ სიტყვა არც კი ისმოდა (იცინის). ალბათ, რაც მუდამ გამომარჩევდა იყო ის, რომ ცნობილ ადამიანსაც და უბრალოდ, ჩემს საყვარელ თანაქალაქელს, თუ ახლობელს ყოველთვის ერთნაირად განსაკუთრებულად ვაგრძნობინებდი თავს. ყოველთვის გულწრფელი ვარ, არასდროს ვთამაშობ, არც მომზადებული ტექსტებით ვსაუბრობ. ყველას ვესაუბრები როგორც ჩემი ოჯახის წევრს და ახლობელს, ყველასათვის გასაგებ ენაზე. არავის ვახვევ თავს – მიყუროს, ვისთვისაც საინტერესო ვარ, ისეც მამატებს. ალბათ, ისიც გამომარჩევს, რომ არავის ვტოვებ უპასუხოდ და უყურადღებოდ. ყველა ძალიან მიყვარს, ვინც დროს მითმობს და მუდამ ვესიყვარულები. ნებისმიერ ჯილდოზე მაღლა დგას იმ ხალხის სიყვარული, ვინც მუდამ მწერს და მხვდება ქალაქში სიყვარულით.

– ხშირად იმეორებთ, რომ არასოდეს არის გვიანი სწავლა და ოცნების ახდენა. რას ეტყოდით ქალებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ დრო დაკარგეს?

– დიახ, არასოდესაა გვიანი საკუთარი ოცნებების ახდენა. ჩემი შვილი სტუდენტია, თბილისში სწავლობს და ამის გამო სწავლის პერიოდში მეც მასთან ვარ. სახლში უსაქმურად რომ არ ვყოფილიყავი, თავიდან ჩავაბარე პიარზე – ქართულ-ამერიკულ „გაუს“ უნივერსიტეტში და ფანტასტიკური ხალხი გავიცანი, რომლებმაც კიდევ უფრო მეტი თავდაჯერებულობა მომანიჭეს. ამით დავუმტკიცე ყველას, რომ არც სწავლაა გვიანი. ზოგადად, ისეთი ხასიათი მაქვს, არასდროს უნდა მითხრას ვინმემ, რომ რაღაცას ვერ შევძლებ, რადგან აუცილებლად საპირისპიროს დავუმტკიცებ (იცინის). ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა – ისწავლეთ! განათლება არის ყველაზე დიდი ძალა, რომ თქვენი განწყობა და მომავალი არ იყოს სხვა ადამიანებზე დამოკიდებული. ქალბატონებო, არც თქვენთვის არის გვიანი სწავლა და კარიერის შექმნა. მუდამ აკეთეთ ის, რაც გაბედნიერებთ. ქალებს განსაკუთრებული ძალა გვაქვს. ერთად ყველაფერს შევძლებთ!

– დაბოლოს, რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი დევიზი?

– „თუ მე შევძელი, შეძლებ შენც!“ ნებისმიერი სირთულე ცხოვრებაში ჩემს წარმატებად ვაქციე. როცა ყველა გიცნობს, როგორც ყველაზე პოზიტიურს, უფლება არ გაქვს არ იყო ძლიერი და არ გადალახო ყველაფერი.

 

მარიამ ხითარიშვილი

 

 

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 7, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *