„მედალიონი“ – თქვენი ხმის გაგონების შესაძლებლობა
By

„მედალიონი“ – თქვენი ხმის გაგონების შესაძლებლობა

საავტორო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი დაიწყო

 

თანამედროვე ხელოვნების სივრცე აცხადებს საავტორო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსს „მედალიონი“, რომლის მიზანია აჭარაში მოღვაწე რეჟისორების შემოქმედებითი პოტენციალის მხარდაჭერა და ახალი, ორიგინალური კინოპროექტების შექმნის სტიმულირება. ავტორებს, რომლებსაც თანამედროვე, აქტუალურ თემებზე სურთ ვიზუალური თხრობით გადმოსცენ სათქმელი, შესაძლებლობა ეძლევათ, საკუთარი უნიკალური ხედვა წარმოაჩინონ. მონაწილეობა შეუძლიათ აჭარაში მცხოვრებ/რეგისტრირებულ რეჟისორებს. კონკურსზე წარმოდგენილი უნდა იყოს სრულყოფილი, დასრულებული სცენარი. საკონკურსო სცენარებს სპეციალურად მოწვეული ჟიური შეაფასებს. გამარჯვებული 7 ნოემბერს გამოვლინდება.

კონკურსის შესახებ თანამედროვე ხელოვნების სივრცის პიარმენეჯერი ელენე კურტანიძე გვესაუბრება.

– ელენე, გვიამბეთ კონკურსის შესახებრა არის მისი მთავარი მიზანი და რატომ გადაწყვიტეთ ახალგაზრდა რეჟისორების მხარდაჭერა?

– ჩვენი კონკურსი „მედალიონი“ შემოქმედებითი პლატფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს, აღმოაჩინოს და მხარი დაუჭიროს აჭარაში მოღვაწე რეჟისორებს. გვსურს, რომ ადგილობრივ რეჟისორებს შესაძლებლობა მივცეთ, საკუთარი უნიკალური ხედვა და სათქმელი ვიზუალური ენით გადმოსცენ. ჩვენ გვჯერა, რომ რეგიონში უამრავი ნიჭიერი ადამიანია, რომლებსაც სჭირდებათ ბიძგი, რათა გაბედული და ორიგინალური კინოპროექტები შექმნან. ადგილობრივი რეჟისორების მხარდაჭერა კი ეს არის ინვესტიცია ახალ იდეებში, ახალ ხედვებსა და ადგილობრივი კულტურული გარემოს გამდიდრებაში.

რატომ მედალიონი“ ? საიდან წარმოიშვა კონკურსის სახელწოდების იდეა?

– სახელწოდება „მედალიონი“ ჩვენთვის ერთგვარი მხატვრული მეტაფორაა. კლასიკურ ხელოვნებაში მედალიონი ხშირად წარმოადგენს ჩარჩოში ჩასმულ პორტრეტს ან სცენას, რომელიც ერთ კონკრეტულ მომენტს, სახეს, იდეას აცოცხლებს. ჩვენც სწორედ ასე აღვიქვამთ მოკლემეტრაჟიან ფილმს – როგორც კინემატოგრაფიულ მედალიონს, რომელიც თანამედროვე ცხოვრების ერთ ფრაგმენტს, ერთ მნიშვნელოვან თემას ან ავტორის უნიკალურ ხედვას აქცევს ხელოვნების დასრულებულ, კომპაქტურ ნიმუშად. ეს არის ხელოვნება, რომელიც მცირე ფორმატში დიდ შინაარსს ატევს.

რატომ შეარჩიეთ მოკლემეტრაჟიანი ფორმატი (2–7 წუთი) და არა უფრო ხანგრძლივი ფილმები?

– ამ ფორმატის შერჩევას ორი მთავარი მიზეზი აქვს. პირველი – შემოქმედებითი. მოკლე მეტრი რეჟისორისგან იდეის უმაღლეს კონცენტრაციას მოითხოვს. ეს არის გამოწვევა, რომელიც ავტორს აიძულებს, თქვას ყველაზე მთავარი მინიმალურ დროში და მაქსიმალურად შთამბეჭდავი ვიზუალური ენით. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი პრაქტიკულია. 2-დან 7 წუთამდე ქრონომეტრაჟი გამარჯვებულ რეჟისორს საშუალებას აძლევს, გამოყოფილი ბიუჯეტი და 40-დღიანი ვადა სრულად მოახმაროს მაღალი ხარისხის, ტექნიკურად და მხატვრულად გამართული ფილმის შექმნას. ეს არის რეალისტური ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს, რომ შემოქმედებითი იდეა ფინანსური ან დროის დეფიციტის გამო არ დაზარალდეს.

რა დატვირთვა აქვს იმას, რომ კონკურსში მონაწილეობის შანსი მხოლოდ აჭარაში მოღვაწე/მცხოვრებ რეჟისორებს ეძლევათ?

– ეს ჩვენი კონკურსის ერთ-ერთი ფუნდამენტური პირობაა. ჩვენი სურვილია, გავაძლიეროთ ადგილობრივი შემოქმედებითი საზოგადოება და სტიმული მივცეთ სწორედ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ რეგიონში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. აჭარა უნიკალური კულტურის, ბუნებისა და ისტორიის მქონე მხარეა. ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიომ ეს კუთხე სწორედ ადგილობრივი ხელოვანების თვალით დანახული ისტორიებით გაიცნოს. ეს არის ჩვენი წვლილი რეგიონული კინოს განვითარებაში.

თემები რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ?

– თემატიკა ისე შევარჩიეთ, რომ, ერთი მხრივ, ასახავდეს თანამედროვეობის გლობალურ გამოწვევებს, ხოლო მეორე მხრივ, მჭიდროდ იყოს დაკავშირებული ჩვენს ლოკალურ კონტექსტთან. მაგალითად, ეკოლოგია, ტურიზმი, მთისა და ადამიანის ურთიერთობა – ეს თემები განსაკუთრებით აქტუალურია აჭარისთვის. ამასთანავე, გვინდოდა, რეჟისორებისთვის მიგვეცა შთაგონების წყარო ჩვენი ფესვების – მივიწყებული ტრადიციებისა და ხალხური ლეგენდების სახით, რომელთა თანამედროვე ინტერპრეტაცია, ვფიქრობთ, ძალიან საინტერესო აღმოჩენა იქნება.

როგორ ფიქრობთ, რომელ თემას შეიძლება რეჟისორები ყველაზე მეტად გამოეხმაურონ?

– რთულია პროგნოზირება, რადგან თითოეული თემა უსაზღვრო შემოქმედებით პოტენციალს ატარებს, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ეკოლოგიისა და ბუნებასთან ურთიერთობის თემატიკა განსაკუთრებით დიდ გამოხმაურებას ჰპოვებს, რადგან ეს დღეს ყველაზე მტკივნეული და აქტუალური საკითხია. ასევე, დიდია ინტერესი ხალხური ლეგენდების მიმართ, რადგან ეს რეჟისორებს საშუალებას აძლევს, შექმნან ჯადოსნური, ვიზუალურად შთამბეჭდავი სამყარო და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა ახლებურად გააცოცხლონ.

რა კრიტერიუმებით შეაფასებს ჟიური წარმოდგენილ სცენარებს?

– ჟიური, რომელიც დაკომპლექტებული იქნება პროფესიონალებით, სცენარებს რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმით შეაფასებს. ესენია: იდეის ორიგინალურობა და რამდენად ახლებურად ხედავს ავტორი არჩეულ თემას; თხრობის ოსტატობა და სცენარის სტრუქტურული გამართულობა; პერსონაჟების სიღრმე და განვითარება; და, რა თქმა უნდა, რამდენად აქტუალური და მნიშვნელოვანია სცენარში წამოჭრილი საკითხები. ჩვენ ვეძებთ არა უბრალოდ კარგ ისტორიას, არამედ გაბედულ, ავტორისეულ ხელწერას.

რა წვლილი შეაქვს თავად ორგანიზაციას გამარჯვებული ფილმის წარმოებაში?

– ჩვენი ორგანიზაცია ამ პროცესში არის ერთგვარი ფასილიტატორი და მხარდამჭერი. გამარჯვებულ რეჟისორს ფილმის გადასაღებად სრულ დაფინანსებას გადავცემთ. ამის შემდეგ რეჟისორს ეძლევა სრული შემოქმედებითი თავისუფლება, 40 დღის განმავლობაში შექმნას თავისი ფილმი. წარმოების პროცესში ჩვენი როლი მინიმალურია, რადგან ვენდობით ავტორის ხედვას, თუმცა ნამუშევრის დასრულების შემდეგ უკვე ვიღებთ პასუხისმგებლობას მის პოპულარიზაციასა და გავრცელებაზე.

ფილმის დასრულების შემდეგ როგორ გაავრცელებთ მას სად შეიძლება მაყურებელმა იხილოს?

– გამარჯვებული ფილმის პრემიერა 2026 წლის იანვარში გაიმართება, სადაც მას ფართო საზოგადოება იხილავს. ამის შემდეგ, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ფილმი წარვადგინოთ სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კინოფესტივალზე. ჩვენი მიზანია, ნამუშევარი რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს და გაიცნოს ავტორი. ფესტივალების შემდეგ, ფილმი ხელმისაწვდომი გახდება ჩვენი სოციალური ქსელებისა და სხვა ონლაინპლატფორმების საშუალებითაც.

ახალბედა რეჟისორებს ფინანსური თვალსაზრისით, საკმაოდ კარგი შანსი ეძლევათ. რა ბიუჯეტია გათვლილი ამ პროექტზე და ვის მიერ ფინანსდება?

– პროექტის საპრიზო ფონდი შეადგენს 7 000 ლარს, რომელიც სრულად მოხმარდება გამარჯვებული ფილმის წარმოებას. ეს არის ჩვენი პირდაპირი ინვესტიცია ადგილობრივი კულტურის განვითარებაში და ჩვენი მისიის ნაწილი – შევქმნათ ხელსაყრელი გარემო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

როგორ ფიქრობთ, რა გავლენა ექნება ამ კონკურსს ადგილობრივ კინოინდუსტრიაში?

– ვიმედოვნებთ, რომ „მედალიონი“ გახდება მნიშვნელოვანი სტიმული ადგილობრივი კინომოყვარულებისა და პროფესიონალებისთვის. ეს არ არის მხოლოდ ერთი ფილმის დაფინანსება. ეს არის პროცესი, რომელიც წაახალისებს სცენარისტებს, რეჟისორებს, ოპერატორებსა და სხვა შემოქმედებით ადამიანებს, იფიქრონ, შექმნან და განვითარდნენ. გრძელვადიან პერსპექტივაში, ასეთი კონკურსები ხელს უწყობს ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, ახალი ტალანტების აღმოჩენას და საბოლოო ჯამში, აჭარის კინემატოგრაფიული ლანდშაფტის გამდიდრებას.

გეგმავთ კონკურსის ჩატარებას მომავალ წლებში?

– დიახ, ჩვენი დიდი სურვილი და ამბიციაა, რომ „მედალიონი“ ტრადიციულად ყოველწლიურად ვაქციოთ. გვინდა, რომ ის გახდეს რეგიონის კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და პლატფორმა, რომელსაც ყოველწლიურად მოუთმენლად დაელოდებიან დამწყები თუ უკვე გამოცდილი რეჟისორები. პირველი კონკურსის წარმატება იქნება იმის განმსაზღვრელი, თუ როგორ განვავითარებთ ამ ინიციატივას მომავალში.

რას ურჩევთ ახალგაზრდა რეჟისორებს, რომლებიც კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე ფიქრობენ?
– ჩვენი მთავარი რჩევა იქნება: იყავით თამამები და გულწრფელები! ნუ შეგეშინდებათ საკუთარი, თუნდაც უცნაური და არასტანდარტული იდეების. მოძებნეთ ისტორია, რომელიც პირადად თქვენ გაღელვებთ და შეეცადეთ, ის თქვენთვის დამახასიათებელი, უნიკალური კინოენით მოყვეთ. დაწერეთ იმაზე, რაც გტკივათ, რაც გახარებთ, რაც გაფიქრებთ. ტექნიკურ სრულყოფილებაზე მეტად, ჩვენ ვაფასებთ ორიგინალურ ხედვასა და ძლიერ ემოციას. გამოიყენეთ ეს შანსი, რადგან ეს თქვენი ხმის გაგონების შესაძლებლობაა!

 

 

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • ოქტომბერი 7, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *