
აჭარის კაპელამ – „ბათუმი კულტურის დედაქალაქი – 2025“ დააგვირგვინა
აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის „ბათუმი კულტურის დედაქალაქი – 2025“ ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელამ დასკვნითი გალა კონცერტი გამართა, რომელიც მსმენელთა წინაშე სპეციალური პროგრამით წარსდგა.
აღნიშნული პროექტის შესაბამისად რამდენიმე შემოქმედებითი საღამო გაიმართა. პროგრამა აჭარაში კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას, ასევე, რეგიონის მცხოვრებთა და ვიზიტიორებისთვის წელიწადის ყველა დროს მრავალფეროვანი ღონისძიების შეთავაზებას ისახავს მიზნად.
კაპელის მთავარი ქორმაისტერი – ქეთევან მანელიშვილი, ქორმაისტერი -ლელა დოლიძე, ხოლო კონცერტმაისტერი თამარ თოფურიძე გახლავთ.
საღამოზე ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების პოპულარული ნაწარმოებები შესრულდა. კაპელასთან ერთად კონცერტში მოწვეული საესტრადო და საოპერო მომღერლები მონაწილეობდნენ.
სოლოკონცერტი პოპულარულ შემსრულებელ ლიზა ბაგრატიონს მიჰყავდა. მან შეკრებილთ სახელმწიფო კაპელის განვლილი შემოქმედებითი გზა შეახსენა.
120 მომღერლისგან შემდგარი აჭარის კაპელა 1998 წელს საოპერო გუნდის ბაზაზე შეიქმნა. მაშინ მთავარი ქორმაისტერი – ავთანდილ ჩხენკელი, ხოლო კონცერტმაისტერი ჯინევრა ბაუჟაძე გახლდათ. აჭარის სახელმწიფო კაპელა 1998-2003 წლებში გამორჩეული საგუნდო კოლექტივი იყო.
დღეს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელაში 65 მომღერალია. ის დღემდე აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სახის კონცერტში, საოპერო სპექტაკლებში. კაპელის საოპერო მიმართულებას ქორმაისტერი რუსუდან ბერიძე უძღვება. სხვადასხვა წელს კაპელასთან ერთად უმღერიათ მსოფლიო რანგის მომღერლებს, რომელთა შორის გახლდათ: რენატო ბრუზონი, ანდრეა ბოჩელი, ხოსე კარერასი, ანდრია როსტი, პაატა ბურჭულაძე, ბადრი მაისურაძე, ლადო ათანელი, ზურაბ სოტკილავა, იანო ალიბეგაშვილი, თამარ ივერი, ნინო სურგულაძე, ქეთევან ქემოკლიძე, თეონა დვალი, მარია მარკი, ირაკლი კახიძე, მიხეილ ქირია, გოჩა დათუსანი, რამაზ ჩიქვილაძე და მრავალი სხვა.
კაპელას დირიჟორობდნენ ჯანსუღ კახიძე, ვახტანგ მაჭავარიანი, ვახტანგ კახიძე, დავით მუქერია, ჯანლუკა მარჩანო, მამუკა ალაფიშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, რევაზ ჯავახიშვილი…
კაპელა ყოველწლიურად მონაწილეობს თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალში, ასევე, ფესტივალში „აღდგომიდან-ამაღლებამდე“. ისინი მონაწილეობდნენ ვაჟა აზარაშვილის დაბადებიდან 80 და რევაზ ლაღიძის – 100 წლის საიუბილეო კონცერტებში.
კაპელა თავისი შემოქმედებით წარმატებულად წარსდგა უცხოეთშიც, მათ შორის, ასპენდოსში (თურქეთში), კურესაში (ესტონეთი), პეზაროში (ორჯერ, იტალია), ბაქოში (აზერბაიჯანი), წმინდა პაულოს სახელობის პაპის ბაზილიკაში (რომი-საქართველოს და ვატიკანის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავად).
რაც შეეხება ბათუმში გამართულ სოლოკონცერტს, კაპელამ ალექსი მაჭავარიანის ნაწარმოებით „დოლური“ დაიწყო. კონცერტში კაპელასთან ერთად მონაწილეობდნენ: ლიზა ბაგრატიონი, აჩიკო გოგიტიძე, ანდრია ფუტკარაძე, გოჩა დათუსანი, უბერებელი თემურ გუგუშვილი, სოფო ხალვაში, ასევე, ბენდი თიკო წულაძის (კლავიში), ვიქტორ ლევჩენკოს (ბასგიტარა), ნიკა აბაშმაძის (დრამი) შემადგენლობით, ანიტა აბგარიანი, საბავშვო სტუდია „ზღვის შვილები“.
საღამოზე შესრულდა რევაზ ლაღიძის, ალექსი მაჭავარიანის, ოთარ თაქთაქიშვილის, ბიძინა კვერნაძის, ერიკ ვიტაკრის, ჰაროლდ არლენის, გიორგი სვირიდოვის, ნიკო სულხანიშვილის, ჯონ ლევიტის, გია ყანჩელის, ჯორჯ გერშვინის და სხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებები, რომლებიც კაპელამ მოწვეულ და თავის სოლისტებთან ერთად ბრწყინვალედ შეასრულა. თითოეული შემსრულებელი დამსახურებულად ჯილდოვდებოდა მხურვალე ტაშით.
დასასრულ, კაპელამ ყველა მონაწილესთან ერთად ლილი იაშვილის ყველასთვის საყვარელი სიმღერა „ბათუმს ქათქათას“ შეასრულა.
ეს ნამდვილად იყო ემოციებით სავსე მუსიკალური საღამო, რომელიც ჩვენი კაპელის ისტორიაში კიდევ ერთ ლამაზ ფურცელს ჩაწერს.
ღონისძიებას აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და კლასიკური მუსიკის მოყვარულები ესწრებოდნენ.
– ძალიან ბევრჯერ მომისმენია თქვენი კაპელისთვის, საერთოდ, დიდი დამფასებელი ვარ სიმღერის და განსაკუთრებით, საგუნდო სიმღერის იმიტომ, რომ მთელი ბავშვობა ანსამბლებსა და გუნდში ვმღეროდი. ეს ერთ-ერთი საუკეთესო კაპელაა, მომღერლებს უყვართ თავიანთი საქმე და ჩანს, რომ დიდი სიყვარულით, მაღალი პროფესიონალიზით მღერიან. შეიძლება გუნდში კარგი ხმები ჰქონდეთ, მაგრამ თუ კარგი ხელმძღვანელი არ ჰყავთ, არაფერი გამოვა. ამ კაპელას ორი ერთმანეთზე საუკეთესო ქორმაისტერი ჰყავს ქეთევან მანელიშვილისა და ლელა დოლიძის სახით და ეს ყველაფერი კარგად ჩანს. დიდი მადლობა მათ, – გვითხრა სახალხო არტისტმა, მომღერალმა თემურ გუგუშვილმა.
– ჩემი პირველი „აიდა“, პირველი რადამესი აქ, ბათუმში, ამ სცენაზე შევასრულე. დიდი მადლობა ბათუმს, ბათუმელებს, ჩემი მოწვევისთვის, დღევანდელი არაჩვეულებრივი საღამოსთვის, – გვითხრა მომღერალმა გოჩა დათუსანმა.
– მართლაც, შთამბეჭდავი საღამო იყო. მრავალფეროვანი როგორც რეპერტუარით, ისე ვოკალისტთა შესრულებით. იმღერეს კლასიკა – საგუნდო, საორკესტრო… მჯეროდა, რომ მოეწონებოდათ. დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს, რომ პროექტის დახურვის საშუალება სწორედ ჩვენ მოგვცა, – აღნიშნა ქეთევან მანელიშვილმა.
– დღეს კიდევ ერთი შესანიშნავი კონცერტი-საღამო გვაჩუქა ბათუმმა, ამჯერად – ჩვენმა სანაქებო კაპელამ, რომელმაც ძალიან ლამაზად შეგვიჯამა პროექტი და მრავალფეროვნად წარმოგვიდგინა. დიდი მადლობა ქეთევან მანელიშვილს, ლელა დოლიძეს, თამარ თოფურიძეს, ჩამობრძანებულ მუსიკოსებს, რომლებიც აქ ყოველთვის მოიჩქარიან, რადგან იციან, როგორი შემფასებელი და დამფასებელი მსმენელი დახვდებათ, – აღნიშნა მუსიკოსმა ნატო ორაგველიძემ.
მანანა ძიძიშვილი
გალერეა




