„კულტურა როგორც იაპონელებისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვისაც სავიზიტო ბარათია“
By

„კულტურა როგორც იაპონელებისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვისაც სავიზიტო ბარათია“

საქართველოსა და იაპონიის ურთიერთობა უკვე სამ ათწლეულზე მეტს ითვლის. ამ მხრივ აღსანიშნავია განათლების სფეროში თანამშრომლობა, რომელიც ამ ბოლო დროს გააქტიურდა. ეს არის მეგობრობა, რომელიც ცოდნაზე, კულტურასა და ურთიერთპატივისცემაზე დგას. იაპონიასთან განათლების სფეროში დაწყებულმა თანამშრომლობამ მრავალი მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა. საამაყოა, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი იაპონიის უნივერსიტეტთან ახალ პროექტს იწყებს, რომელიც ორ ქვეყანას კიდევ უფრო მჭიდროდ დააკავშირებს. სწორედ ამის შესახებ გვესაუბრება ბსუ-ის დოქტორი და ამავე უნივერსიტეტის იაპონური ენის ლექტორი ლაშა ბოლქვაძე.
როდის დაიწყო იაპონიისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა და როგორ შეაფასებთ ორმხრივ თანამშრომლობას?
– ამ ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობა დაიწყო 1992 წლის 3 აგვისტოს – საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებით. იაპონია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა და დღემდე უჭერს მხარს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. იაპონიის მხარდაჭერით, საქართველოში ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა. მათი წვლილი დიდია ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, ენერგეტიკის, ადამიანური რესურსების, გარემოს დაცვისა და განათლების მიმართულებით. ჩვენი სამშობლოსადმი ძლიერი ინტერესი, პატივისცემა და თანამშრომლობის სურვილი არის პოზიტიური დინამიკის ნიშანი და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საწინდარი.
ბოლო წლებში, დედაქალაქის შემდეგ, იაპონიის ინტერესი აჭარის მიმართ საკმაოდ გაიზარდა, რაშიც თქვენი დიდი წვლილიცაა. . .
– ორმხრივი ურთიერთობებისთვის საჭიროა ხელისუფლებასთან, ქვეყნის ყველა მხარესთან ერთად, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის ჩართულობა, იმის ჩვენება, თუ როგორ ცდილობს საქართველო მთელი ქვეყნის მასშტაბით, იაპონიასთან ურთიერთობების განმტკიცებასა და გაღრმავებას. შესაბამისად, აჭარის რეგიონიც ორმხრივ დიპლომატიურ თანამშრომლობაში თავისი წვლილის შესატანად მაქსიმუმს აკეთებს როგორც საზოგადოებრივი, საჯარო, სავაჭრო მიმართულებით, ასევე, რაც ყველაზე მთავარია, კულტურულ-საგანმანათლებლო კუთხით. ამ მხრივ, დღემდე, არაერთი ღონისძიებაა ჩატარებული, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამასთანავე, იმართებოდა შეხვედრები იაპონიის საელჩოსა და ჩვენი კუთხის სხვადასხვა დაწესებულების თუ სტრუქტურის წარმომადგენლებთან. სხვათა შორის, ამ მხრივ გვაქვს საკმაოდ დიდი წარმატება და პროგრესი.
რა არის ახალი პროექტის მიზანი და რა კონკრეტულ მიმართულებებს მოიცავს იგი?
– ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ დიპლომატიური ურთიერთობების უკეთესად წარმართვას. მოგეხსენებათ, დიპლომატია ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტითაა გაჯერებული. ამიტომ არჩეული გვაქვს კონკრეტული მიმართულება, რომელიც დიპლომატიის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ეს არის კულტურული დიპლომატია. ამ მიმართულებით ვცდილობთ, გამორჩეული ვიყოთ. დავამკვიდრეთ და უკვე ტრადიციად ვაქციეთ იაპონურ-ქართული კულტურისფესტივალი, რომელსაც კარგი შეფასება მოჰყვა როგორც ჩვენი კუთხისა და ქვეყნის, ასევე, იაპონიის მხრიდანაც. ამიტომ გვსურს, კიდევ უფრო განსხვავებული, ულამაზესი ფესტივალები დავამატოთ. ამჟამად ვმუშაობთ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტსა და ღონისძიებაზე, რომლებზეც მეტ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გაგიმხელთ.
რა ტიპის ურთიერთობა ჩამოყალიბდა ბსუ-ის და იაპონურ საგანმანათლებლო სტრუქტურებს შორის ამ წლების განმავლობაში?
– ჩვენი უნივერსიტეტის ხელშეწყობით, მრავალი იაპონური ღონისძიება განხორციელდა, მათ შორის, შეხვედრები იაპონიის საელჩოსა და იაპონიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან. გვაქვს ერთმანეთის ნდობა და შემდგომი თანამშრომლობის სურვილი. ბსუ უშუალოდაა ჩართული იაპონური ენისა და კულტურის პოპულარიზაციაში. ამისთვის გადადგმულია პრაგმატული ნაბიჯები, რის შედეგსაც წელს მოვიმკით.

როგორც საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლს და ამავე დროს იაპონიის ენის სპეციალისტს, მნიშვნელოვანი კონტაქტები გაქვთ ამ ქვეყანასთან. როგორც ვიცი, მოლაპარაკებებს აწარმოებთ იაპონიის უნივერსიტეტებთან. გვიამბეთ ამის შესახებ. . .
– ჩვენი შრომის შედეგად, იაპონიისა და აჭარის ურთიერთობები გადავიდა ახალ და მნიშვნელოვან ფაზაში. დროა, ჩვენი აქტიურობიდან გამომდინარე, გვქონდეს იაპონიასთან უშუალო კონტაქტების პრეტენზია. წელს ბათუმში გაიმართება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები იაპონიის საუნივერსიტეტო დელეგაციებთან. ისტორიაში პირველად, უნივერსიტეტი გააფორმებს მემორანდუმს იაპონიაში ცნობილ და წამყვან უნივერსიტეტებთან. ამ თემაზე მუშაობა უკვე დასრულებულია. . . მივედით დასკვნით ეტაპამდე, რასაც ხელმოწერის ცერემონია შეგვიძლია დავარქვათ. ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, განსაკუთრებით სტუდენტებისთვის, ჩვენი უნივერსიტეტის შუამავლობით გააგრძელონ სწავლა იაპონიის წამყვან უნივერსიტეტებში. მადლობა ბსუ-ს, ადმინიტრციას, საერთაშორისო დეპარტამენტს, მის გუნდში შემავალ ყველა პროფესორ-მასწავლებელს, რომ მაქსიმუმი გააკეთეს ამისთვის.
რა უშლიდა ხელს წარსულში იაპონიასთან პარტნიორობის გაღრმავებას?
– ერთ-ერთ მთავარ ბარიერად შეიძლება ჩავთვალოთ გეოგრაფიული მდებარეობა – ძალიან დიდი მანძილით ვართ დაშორებული იაპონიას, ასევე, ძალიან დაბალი მაჩვენებელი გვქონდა ცნობადობის კუთხით. ამასთან, ყველაზე მთავარი, რაც იაპონური კულტურისთვისაა დამახასიათებელი – მაღალი სტანდარტი და სიფრთხილეა ნებისმიერ სფეროში. ამას დამატებული უმნიშვნელოვანესი ფაქტორი – ნდობა, რომელიც იაპონიისგან საკმაოდ რთულად მოსაპოვებელია, თუმცა ყველაფერი გადავლახეთ წლების განმავლობაში დაუღალავი დიპლომატიური თანამშრომლობით. ეს არ იყო ადვილი, თუმცა დღეს გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობა, ნდობაზე დამყარებული. უკეთესი ნაბიჯებით და მისგან მიღებული პერსპექტივებით იქმნება უკეთესი ურთიერთობის ფართო არეალი სამომავლო თანამშრომლობისათვის.
თანამშრომლობისთვის რომელი მიმართულებ უნდა გახდეს მომავალში პრიორიტეტულ: მეცნიერება, ტექნოლოგია, კულტურა თუ ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამები?
– ყველა კომპონენტი აუცილებელია ორმხრივი თანამშრომლობისათვის, თუმცა გამოვარჩევდი კულტურას, ვინაიდან კულტურა, როგორც იაპონელებისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის, სავიზიტო ბარათია. სწორედ კულტურული დიპლომატიის გზა მიგვიყვანს თქვენ მიერ ჩამოთვლილ კომპონენტებთან და ჰპოვებს ავტომატურ ეტაპობრივ განვითარებას.
რა როლი შეიძლება ითამაშოს იაპონიასთან კულტურულმა ურთიერთობამ საქართველოს საგარეო დიპლომატიაში?
– მკვეთრად შეცვლის ურთიერთობას, სავაჭრო-სამრეწველო მიმართულებით მოთხოვნას გაზრდის, მეტ ინტერესს გაუჩენს ბიზნესსექტორს და გაუმარტივებს თანამშრომლობას, ვიზების გამარტივების პროცესებს კიდევ უფრო დააჩქარებს და პირდაპირი ფრენების ალბათობას გაზრდის, საგანმანათლებლო თანამშრომლობას აამაღლებს და მეტი გაცვლითი პროგრამების შესაძლებელობა გაჩნდება.
დაბოლოს, რა სტრატეგიული ნაბიჯები უნდა გადადგას ქართლმა მხარემ იაპონიასთან თანამშრომლობის უფრო პროდუქტიულ დონეზე ასაყვანად?
– აუცილებელია ორმხრივი ურთიერთობები, რომელმაც მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, აქტიურად გაგრძელდეს, არ უნდა მოდუნდეს და უფრო მყარად დადგეს თანამშრომლობის საკითხი უმაღლეს დონეზე. ამის უნარი ორივე მხარეს გააჩნია. არის გამოუყენებელი პერსპექტიული შესაძლებლობები. მეტი აქტიურობა და მეტი კონკრეტული საკითხების შეთავაზებაა აუცილებელი, რათა ვაჩვენოთ იაპონელ ინვესტორებს, ტურისტებს, საქართველოთი დაინტერესებულ იაპონელ მოქალაქეებს, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს შესაბამისი გარემო, უამრავი ალტერნატივა და საკმაოდ დიდი შესაძლებლობები ინვესტიციებისთვის, რაც მთავარია, აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი დერეფნით. ჩვენი მხრიდან მთავარია, კარგად შევისწავლოთ იაპონური კულტურა, იაპონელი ხალხი, გავიგოთ, თუ რა სურთ, რაზე აკეთებენ აქცენტს, რითი ინტერესდებიან და რა არის მათთვის პრიორიტეტი ცხოვრებაში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წავახალისოთ ისინი, მოვიზიდოთ, დავაინტერესოთ და შევუქმნათ შესაბამისი პირობები.

ლაშა ხომერიკი

  • No Comments
  • ოქტომბერი 27, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *