ბრიუსელის თვალით დანახული საქართველო – შეფასება 2025 წლის ანგარიშში
ევროკომისიამ გამოაქვეყნა 2025 წლის გაფართოების ანგარიში, რომელშიც საქართველოს მიმართ უპრეცედენტო კრიტიკული შეფასებებია წარმოდგენილი. დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანა მკვეთრად დაშორდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზას, ხოლო კანდიდატის სტატუსისგან „მხოლოდ სახელი დარჩა“.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში შეინიშნება დემოკრატიის სერიოზული უკუსვლა, „კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზია და ფუნდამენტური უფლებების მკაცრი შეზღუდვა“. ევროკომისიის შეფასებით, „საქართველოს ხელისუფლების სისტემატური და მიზანმიმართული რეპრესიული ქმედებები, მათ შორის, კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო სივრცესა და მედიის თავისუფლებას, სრულად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებს“.
დოკუმენტის მიხედვით, ხელისუფლება იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს პარტიული მიზნებისთვის და არ გადაუდგმია ნაბიჯები პოლიტიკური კურსის შესაცვლელად. ანგარიშში მითითებულია, რომ „ოპოზიციის წამყვანი ფიგურების დაპატიმრება და მმართველი პარტიის მიერ გარკვეული ოპოზიციური სუბიექტების აკრძალვის შესახებ გაკეთებული განცხადებები დემოკრატიულ პლურალიზმზე პირდაპირ თავდასხმას წარმოადგენს“.
ევროკომისია ყურადღებას ამახვილებს 2024 წლის საპარლამენტო და 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, სადაც დაფიქსირდა მაღალი დონის პოლარიზაცია და ამომრჩეველთა დაშინების ფაქტები. დოკუმენტში წერია, რომ „დაშინებამ და ზეწოლამ სერიოზულად დააყენა ეჭვქვეშ მოსახლეობის შესაძლებლობა, თავისუფლად გამოეხატათ საკუთარი ნება და ხმა მიეცათ შიშისა და საფრთხის გარეშე“.
განსაკუთრებული კრიტიკა შეეხო სასამართლო სისტემასაც. ანგარიშის თანახმად, ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებმა „სერიოზულად შეარყია სასამართლოს დამოუკიდებლობა და სანდოობა, რაც ზრდის სასამართლო ხელისუფლების მიტაცების რისკებს“.
ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან მნიშვნელოვნად შემცირდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ეკონომიკურად კრიტიკული საქონლის რეექსპორტი კვლავ შეშფოთების საგანია“, ხოლო „საქართველოდან რუსეთში ფრენები მნიშვნელოვნად გაიზარდა“. ევროკომისია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „გააძლიეროს ძალისხმევა, რათა თავიდან აიცილოს მისი ტერიტორიისა და კომპანიების გამოყენება ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლით“.
დადებითად შეფასებულია მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებლები. ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, „დაბალმა ინფლაციამ და მზარდმა ხელფასებმა გაზარდა მოსახლეობის რეალური შემოსავლები, ხოლო შინამეურნეობების ძლიერი მოხმარება ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა“.
დოკუმენტი ხაზგასმით მიუთითებს, რომ „საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს კანდიდატი ქვეყნის მიმართ“ და „მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა, ადგილი ჰქონდა სერიოზულ უკუსვლას ფუნდამენტურ საკითხებში“. კომისია აღნიშნავს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, არ გაეგრძელებინა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, „ცალსახად დაადასტურა ხელისუფლების გადახვევა ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული მისწრაფებებისგან“.
გაფართოების ევროკომისარმა მარტა კოსმა, ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ „საქართველოში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა დემოკრატიის სერიოზული უკუსვლით“. მისი თქმით, „საქართველოს ხელისუფლებამ კურსი უნდა შეცვალოს, რადგან მოქალაქეები ევროპულ მომავალს ითხოვენ“ და „ევროკომისიისთვის საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს“.
ევროკომისიის პრესსპიკერმა ანიტა ჰიპერმა, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა „რეალობას გაუსწოროს თვალი“ და აღნიშნა, რომ „ისინი ამყარებენ ძალიან რეპრესიულ რეჟიმს, რომელიც მიმართულია მშვიდობიანი მოქალაქეების, მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ“. მისი თქმით, „თუ ხელისუფლება დარწმუნებულია საკუთარ დემოკრატიაში, არ უნდა ჰქონდეს საჭიროება ოპონენტების და უდანაშაულო ადამიანების დაკავების“.
ევროკომისიის საბოლოო გზავნილი მკაფიოა: „სანამ საქართველოს ხელისუფლება არ შეცვლის კურსს, ბრიუსელი შეამცირებს მაღალი დონის პოლიტიკურ კონტაქტებს და შეზღუდავს ხელისუფლებისთვის პირდაპირი სარგებლის მომტან დახმარებებს, პარალელურად კი გააძლიერებს მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის მიმართულებით“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკომისიის შეფასებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ „კითხვის ნიშნები თავად ევროკავშირის სტრუქტურების მიუკერძოებლობაზე უნდა დაისვას“. უწყების პოზიციით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს აზიანებს არა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, არამედ თავად ევროკავშირის სტრუქტურები, რომლებიც „დემოკრატიის უკუსვლის შესახებ არაობიექტურ შეფასებებს ავრცელებენ“. სამინისტროს განცხადებით, ბრიუსელის დასკვნები „არასამართლიანია და პოლიტიკური კონტექსტისგან მოწყვეტილი“.
ევროკომისიის მიერ 4 ნოემბერს გამოქვეყნებულ გაფართოების წლიურ ანგარიშს, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად, შეჩერებულია, პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენელთა და დიპლომატების მწვავე შეფასებები მოჰყვა.

„დღეს ევროპული ინტეგრაცია საერთოდ დასრულებულია და ასე დარჩება მანამ, სანამ ქვეყანას მართავს დე ფაქტო რეჟიმში ე.წ. „ქართული ოცნება“, სინამდვილეში კი რუსული კოშმარის კრიმინალური ბანდფორმირება,“ – განაცხადა პარტია „ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ.
ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის თქმით, ანგარიშში ასახული მიგნებები საქართველოს ხელისუფლებისთვის „გამოსაფხიზლებელი სიგნალია“. მისი განცხადებით, მთავრობამ სერიოზულად უნდა იმუშაოს იმ რეკომენდაციებზე, რომელთა შეუსრულებლობამ, ქვეყანას შესაძლოა კანდიდატის სტატუსის დაკარგვაც კი შეუქმნას საფრთხედ.
ევროკომისიის დასკვნას ყოფილი დიპლომატებიც გამოეხმაურნენ ერთობლივი განცხადებით, სადაც აღნიშნულია, რომ „ანგარიშში ასახული უმძიმესი რეალობა ცხადყოფს ბიძინა ივანიშვილისა და პარტია „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართულ საბოტაჟს და ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატს.“
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ზეწოლა და შანტაჟი შედეგს ვერ მოიტანს. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, „საქართველო არ ჩაიქნევს ხელს და გააგრძელებს ევროკავშირის წევრობაზე მზადებას.“
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ქვეყნის პროგრესს გაზომვად პარამეტრებზე დაყრდნობით აფასებს, უაღრესად მშრალი და სიტყვაძუნწი ფორმითაა დაწერილი, ხოლო ანგარიშის პოლიტიკური ნაწილი მკვეთრად აგრესიული და უსამართლოა.
„გვსურს, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ მსგავსი უსამართლო, მიკერძოებული, ანტიდემოკრატიული, ქვეყნის პოლარიზაციისკენ მიმართული და დესტრუქციული დამოკიდებულების შედეგად, თუკი ვინმეს აქვს უკუსვლა, ეს სწორედ ევროკავშირის დღევანდელი მმართველი ინსტიტუციებია. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის და ქედმაღლურ ტონს ამჯობინებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე შეფასებით, ბრიუსელი აშკარად შორდება ევროპასა და ევროპულ ღირებულებებს.
„ბრიუსელი შორდება თავის დანაპირებსა და საფუძვლებს, რომ დაიცვას ის ევროპული ღირებულებები, რომელთა განსამტკიცებლად იგი თავდაპირველად შეიქმნა. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველის ნაცვლად, ჩვენ ხელში შეგვრჩა იდეოლოგიზებული ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც ცდილობს, გააჩუმოს კრიტიკოსები და გააუქმოს ოპონენტები, თანაც ისე, რომ ამ მიზნის მისაღწევად ნებისმიერ საშუალებას მისაღებად მიიჩნევს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ნანა აბულაძე