მასწავლებელთა მასწავლებელი
By

მასწავლებელთა მასწავლებელი

რთული და შინაარსიანი ცხოვრების გზა გაიარა 80 წელს მიტანებულმა დაბა შუახევის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა თეიმურაზ დავითაძემ. განათლება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში მიიღო. მაშინ წარმატებული სტუდენტებისთვის ორი სახელობითი სტიპენდია იყო დაწესებული – ერთი ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, მეორე -მათემატიკის. თეიმურაზ დავითაძე, როგორც წარჩინებული სტუდენტი, სამეცნიერო კონფერენციებისა და საერთაშორისო სემინარების მონაწილე, ორი წლის განმავლობაში ლენინური სტიპენდიატი იყო. იმჟამინდელი პროფესორ-მასწავლებლები შოთა ქემხაძე, სილოვან დადუნაშვილი, სელიმ ნიჟარაძე, მიშა გადახაბაძე, გიორგი ხუხუნაიშვილი, ასლან ხახუტაიშვილი მას წარმატებულ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ინსტიტუტში დარჩენა და მეცნიერული მუშაობის გაგრძელება შესთავაზეს, მაგრამ. . . აჭარის მთიანეთის სკოლები კვალიფიციური, განსაკუთრებით მათემატიკის მასწავლებლების ნაკლებობას განიცდიდა და თეიმურაზი მშობლიურ სხეფში არა თუ მასწავლებლად, არამედ პირდაპირ სკოლის დირექტორად დანიშნეს. ამ დიდ ნდობას გამართლება უნდოდა.

– ჩვენ ერთი პერიოდის სტუდენტები ვიყავით, – იხსენებს დაბაძველელი იოსებ ზოიძე, – მან შუახევის სკოლა დაამთავრა, მე – უჩამბის. ორივენი პირველსავე ცდაზე სტუდენტები გავხდით, თანაც ისეთი კონკურსის დროს, როცა ერთ ადგილზე 20 აბიტურიენტი მოდიოდა. ორივემ წითელ დიპლომზე დავამთავრეთ ინსტიტუტი და მშობლიურ შუახევს დავუბრუნდით. ერთ პერიოდში ვმუშაობდით მასწავლებლად და სკოლების დირექტორებად. ის სხეფის სკოლას უძღვებოდა, მე – წყაროთისას. კარგად მახსოვს ის გამოხმაურებები, მაშინ სხეფის სკოლის მისამართით რომ გაკეთდა. სკოლის დირექტორისა და მასწავლებლების პროფესიული მუშაობა აჭარის განათლების სამინისტრომ განაზოგადა. მაშინდელმა მინისტრმა ვახტანგ წულუკიძემ სხეფელთა წარმატებაზე ისაუბრა მასწავლებელთა რესპუბლიკურ ყრილობაზე და აღნიშნა, რომ სხეფის სკოლა პირველი იყო შუახევის რაიონის ისტორიაში, რომლის მუშაობა განზოგადდა. წლების განმავლობაში შუახევის რაიონის განათლების განყოფილების სასკოლო ინსპექტორი ვიყავი. ყოველთვის მახარებდა თეიმურაზის წარმატებები, მრავალ სირთულესაც ერთად ვეჭიდებოდით. პედაგოგთა უმრავლესობა სკოლას გამოვემშვიდობეთ. თეიმურაზი პროფესიის ერთგული დარჩა. ის შუახევის ისტორიაში პირველი პედაგოგია, რომელსაც მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცა. ისღა დამრჩენია, კოლეგას, თანატოლს, მრავალ განსაცდელსა და დაბრკოლებას გამოვლილ მეგობარს აღიარება მივულოცო.

70 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს შუახევის რაიონის განათლების განყოფილებას (ახლა რესურსცენტრი). მას სათავეში ედგნენ საქვეყნოდ აღიარებული პედაგოგები ლევან ბერიძე, ალექსანდრე მიქელაძე, ნოდარ ცეცხლაძე, ვახტანგ მაკარაძე, რევაზ ქათამაძე. ამ უკანასკნელის მოულოდნელად გარდაცვალების შემდეგ, განყოფილების გამგის თანამდებობაზე ქვეყნის, აჭარის განათლების სისტემის, შუახევის რაიონის ხელმძღვანელებმა არჩევანი თეიმურაზ დავითაძეზე უყოყმანოდ გააკეთეს. ახალ ამპლუაში მისი საქმიანობა ყურადღების მიღმა არ დარჩენია საქართველოს განათლების მაშინდელ მინისტრ ოთარ ქინქლაძეს.

ქვეყანა დამოუკიდებლობის გზას რომ დაადგა, თვითმმართველობის ადგილობრივ სამსახურებში ახალი სახეები მოვიდნენ. თეიმურაზ დავითაძის საქმიანობის მიმართ პრეტენზია არავის ჰქონია. პროფესიული საქმიანობითა და პირადი გამოცდილებით გვერდით დაუდგა ანზორ გოგიტიძეს, ტარიელ ნიჟარაძეს, ნიაზ ზოსიძეს. მაშინ დაწყებული მეგობრობა დღესაც გრძელდება. რაკი სიტყვამ მოიტანა, იმასაც აღვნიშნავთ, რომ წლებია, ერთად მოდიან თეიმურაზი და 80 წლის რაჟდენ ფუტკარაძე. მეგობრები მას ხშირად შვილების ქორწილების თამადობასაც ანდობენ. ეს საქმეც კარგად იცის, სიმღერაც შეუძლია. მუსიკალური ინსტრუმენტებიდან ყველაზე უკეთ ფანდურზე უკრავს. 5 შვილიშვილს, შვილთაშვილს გვერდით მოისვამს და სიმღერასაც დააგუგუნებს.

ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ქაოსის წლებში, ყველაზე მტკივნეული დარტყმა განათლების სისტემამ მიიღო. მწირი ხელფასის გამო, პედაგოგები, სკოლების დირექტორებიც კი, სამუშაოს ტოვებდნენ. თეიმურაზ დავითაძემ შექმნილ სიტუაციას ალღო აუღო. შუახევში სკოლების შემცირების ნაცვლად, რამდენიმე რვაწლიანი სკოლა (ცინარეთი, ახალდაბა, მახალაკიძეები, წყაროთა, ჭალა, ხიჭაური) საშუალოდ გადააკეთა. მის მუშაობას დადებითად ახასიათებდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაშინდელი პირველი პირი და განათლების მინისტრი ნანი გუგუნავა. თეიმურაზი იყო ერთ-ერთი ინიციატორი, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დაუსწრებელ განყოფილებაზე, შერჩევითი პრინციპითა და სპეციალურ კომისიაზე გამოცდების გავლით, ნიჭიერი გოგონები და ბიჭები პედაგოგიურ სპეციალობებზე ჩაერიცხათ. მისი დამსახურებაა, რომ ისინი შემდგომში სერტიფიცირებული, უფროსი და წამყვანი მასწავლებლები გახდნენ და მუშაობას ახლაც აგრძელებენ.

ადამიანის ხელაღებით სამუშაოდან დათხოვნა ქვეყანის მმართველმა ხელისუფლებამ, ,,ვარდების რევოლუციის“ ლიდერებმა ლამის ცხოვრების წესად აქციეს. გოდერძის უღელტეხილიდან დაიწყო აჭარის მთიანეთის განათლების სისტემის გაცნობა საქართველოს განათლების მაშინდელმა მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ. იმავე დღეს მასმედიის წინაშე გაკეთდა განცხადება, რომ შუახევის სკოლაში არსებული მდგომარეობის გამო, სამუშაოდან დაითხოვეს შუახევის საშუალო სკოლის დირექტორი დავით დავითაძე და განათლების განყოფილების გამგე თეიმურაზ დავითაძე.

– ისეთი გაუტეხლობა, ბრძოლის უნარი, სამართლიანობა ბატონ თეიმურაზს რომ ახასიათებს, იშვიათია. წინა საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს, შუახევის რაიონის განათლების განყოფილების ინსპექტორი რომ ვიყავი, ,,თეიმურაზის სკოლაში“ – ასე ვეძახდით სხეფის სკოლას, მივლინება ყველას გვიხაროდა, ვიცოდით, რომ იქ ყველაფერი წესრიგში დაგვხდებოდა. 15 წელი განათლების განყოფილებაში ერთად ვიმუშავეთ. მისთვის მთავარი იყო ადამიანების თანადგომა. მასწავლებელს, სკოლის დირექტორს პატივისცემით ეპყრობოდა საზოგადოება, მომდურავი და მომჩივანი არ ჰყოლია. ყველას გული დაგვწყდა, როცა ხელის ერთი მოსმით, სამუშაოდან დაითხოვეს. ,,მე მასწავლებელი ვარ და მასწავლებლად მოვკვდები“, – განაცხადა და როგორც მეცნიერებათა კანდიდატმა, უმაღლეს სასწავლებლებში ლექციების კურსის წაყვანაც ითავა. ყველა ბარიერი, რაც გზად შეხვდა, დაძლია. სერტიფიცირება იყო და პირველსავე ცდაზე ყველა გამოცდა წარმატებით ჩააბარა, შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიაში მუშაობის სურვილი გაუჩნდა და კონკურსი წარმატებით გაიარა. მესამე იყო, შუახევში მენტორი მასწავლებლის წოდება ვინც დაიმსახურა. აჭარის მთიანეთის სკოლებში ერთადერთი ფაქტია, რომ სკოლის დირექტორი მზია გოგაძე და მათემატიკის მასწავლებელი თეიმურაზ დავითაძე საქართველოს დამსახურებელი მასწავლებლები არიან, – გვითხრა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის შუახევის რაიონული საბჭოს თავმჯდომარე ლევან ნატარიძემ.

წარბი არავის შეუხრია, როცა ხელს აწერდნენ ბრძანებებს თეიმურაზ დავითაძისთვის ,,ღირსების ორდენით“ დაჯილდოებასა და ,,საპატიო შუახეველის“ წოდების მინიჭებაზე. იმსახურებდა და იმიტომ.

მოსახლეობა სხეფს ტოვებს, თეიმურაზსა და შუშანას არასდროს უფიქრიათ მშობლიური სოფლის დატოვება. გაზაფხული დადგება თუ არა, კარ-მიდამოს ხეხილის ახალ ნერგებს შემატებს. ზაფხულია და ნარგავებს მოვლას, მორწყვას არ აკლებს, საზამთროდ ნარგავებს ჭიგოს შეუყენებს. უვლის მამულს და მოსავალსაც ბარაქიანს იღებს.

მისი ცხოვრების, საზოგადოებრივი საქმიანობის ლამაზ და სიკეთით სავსე გზას შვილები აგრძელებენ, შვილიშვილები სიხალისეს მატებენ. ზაური და მერაბი ბიზნესით არიან დაკავებულნი. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მშობლიურ შუახევს, შუახევლებს ქველმოქმედებას არ აკლებენ.

– ბატონ თეიმურაზს პედაგოგები მასწავლებელთა მასწავლებლად იცნობენ. შუახევის რეალობაში იშვიათია ეროვნული დარგი, სადაც მისი აღზრდილები არ საქმიანობდნენ. მასწავლებლის ეროვნული პრემია სამი წელია დაწესდა. საქართველოსა და აჭარის განათლების სისტემის ხელმძღვანელთა მოთხოვნის საფუძველზე, კანდიდატები წინა წლებშიც წარვადგინეთ. წარმატება და საქმისადმი გულისხმიერება არც მათ აკლდათ, მაგრამ ყველა კრიტერიუმი მაინც ვერ დააკმაყოფილეს. ამჯერად კი ღირსეულმა, 55-წლიანი გამოცდილების მქონე მასწავლებელმა ყველა ბარიერი წარმატებით დაძლია და მასწავლებლის ეროვნული პრემია დაიმსახურა. ბატონი თეიმურაზი კარგი პედაგოგი და კარგი დამრიგებელიცაა. უკვე შუახეველებსაც გვეამაყება, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გვყავს. ისღა დამრჩენია, წარმატება მივულოცო მასწავლებელთა მასწავლებელს, რომელიც ყოველ დღეს მომავალ თაობაზე ზრუნვით იწყებს და ამთავრებს, – გვითხრა შუახევის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ გოგრაჭაძემ.

სკოლა მისი სიცოცხლის ელექსირია. ამოხსნილ ურთულეს ამოცანებსა და განტოლებებს ლამაზად განვლილ 55-წლიან პედაგოგიურ საქმიანობას უთავსებს და ცხოვრებას მოსწავლეებთან ურთიერთობის მადლით ავსებს.

ოთარ ცინარიძე

 

 

 

 

 

 

  • No Comments
  • ნოემბერი 5, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *