„მანანას ფერების ისტორია“
ასე ეწოდება აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში მოყვარულ მხატვარ მანანა გეგიძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას.
მანანა გეგიძე პროფესიით ჟურნალისტია, წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. ოცი წლის განმავლობაში საქართველოს ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებელში მოღვაწეობდა. არის საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილის“ და „ქართული ბრენდის დღის“ დამფუძნებელი, ასევე, მრავალი ინოვაციური პროექტის და არაერთი გახმაურებული დოკუმენტური ფილმის ავტორი აფხაზეთის თემაზე. ხატვას, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში დაიწყო, გვიან დაუბრუნდა. შესრულებული აქვს 200-მდე ნამუშევარი. აღსანიშნავია, რომ მისმა ერთ-ერთმა ფერწერულმა ტილომ – „მოსაუბრე სახლები“ იტალიაში გამართულ გამოფენაზე მიქელანჯელოს სახელობის დიპლომი დაიმსახურა.
მანანა გეგიძის ტილოები მომავალი წლის აპრილში პარიზსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიფინება. ხელოვნების სივრცემ რომში უკვე წარმოადგინა მისი „მოსაუბრე სახლები“. როგორც ამბობს, შესაბამისი კომისიის შეფასება მისთვის ბათუმური გამოფენის მოსაწყობად დიდი სტიმული იყო.

მომავალი წლის მაისში ამერიკის შეერთებულ შტატებში „ქართული ბრენდის დღე“ გაიმართება, სადაც, რა თქმა უნდა, ქალბატონი მანანა იქნება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მისი ნახატების გამოფენაც შესთავაზეს ვერნისაჟზე – „ქალების სამყარო“, მანამდე კი მხატვრის ნამუშევრებს პარიზი უმასპინძლებს.
რაც შეეხება ბათუმურ გამოფენას, ექსპოზიციაზე ხელოვანის მიერ შესრულებული ფერწერული ნამუშევრები – პეიზაჟი, ნატურმორტი, ჟანრული სცენებია წარმოდგენილი. ეს არის ფერადოვანი, ნათელი, სადა, ძალიან ჰაეროვანი, ნაზი „ქალური“ ფერებით შესრულებული ნახატები.
როგორც აღნიშნა, ზოგიერთი ქალბატონი თუ დილას ყავით იწყებს, მისი დღე ხატვით იწყება და გვიან ღამით ხატვითვე მთავრდება.
გამოფენის გახსნა მხატვარს შეკრებილმა საზოგადოებამ მიულოცა.

– მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს, ნიჭიერება, გონიერება, შემოქმედებითი მუხტი საზოგადოების სხვა წევრებსაც აჩვენოს, ჩვენი კარი მათთვის მუდამ ღიაა. გვინდა ეს არა მარტო გამოფენებით გამოიხატოს, არამედ, სხვადასხვა ღონისძიებითაც, მათ შორის, მასტერკლასებით. რაც შეეხება დღევანდელ გამოფენას, ვფიქრობ, ადამიანს, რომელიც აქ შემოვა, არა მხოლოდ აქ დაბრუნების, არამედ სხვა მუზეუმში შესვლის სურვილიც გაუჩნდება, – აღნიშნა მუზეუმების გაერთიანების დირექტორმა თეონა ზოიძემ.

– მხატვარი ვერ შედგება მხატვრად, თუ ის ცოტათი პოეტიც არაა. . . აქ ჩანს, რომ მანანა ღმერთმა ნიჭით დააჯილდოვა. დღეს მე ამ ნახატებში პოეზიაც დავინახე. ვულოცავ მას დღევანდელ გამოფენას. მიხარია, რომ ასეთი რამ ხდება ჩემს ქალაქში და ეს საღამო არის დაუყვედრებელი, – თქვა პოეტმა ვახტანგ ღლონტმა.
– მანანას შემოქმედებითი პროცესის მომსწრე ვარ, ვხედავდი ის ნახატიდან ნახატამდე, ფერიდან ფერამდე როგორ იზრდებოდა, ვითარდებოდა, ჩემ თვალწინ იბადებოდა პოეტური ფერწერა. დააკვირდით ნახატებს. ის აქ ლაპარაკობს ქალების ენით. . . ყველა ნამუშევარი ქალის შინაგანი, დედობრივი, ქალური სამყაროთია გამთბარი. საოცრებაა ის, რაც მან ამ ერთ წელიწადში გააკეთა, ეს დაუოკებელი ჟინია. . . . მინდა ისიც ვთქვა, რომ მანანა დიდებული მეგობარი, არაჩვეულებრივი მეუღლე (პოეტი ელგუჯა მარღიაა მისი მეუღლე) და საოცარი დედა გახლავთ, – თქვა პოეტმა ბელა ქებურიამ.
– სამ ათეულ წელს ითვლის ჩვენი მეგობრობა. მანანა ძალიან ნიჭიერია, კარგად წერს, არაჩვეულებრივი ჟურნალისტი, კარგი ლექსებისა და ჩანახატების ავტორია, ყველგან შეუძლია საინტერესო გარემო შექმნას. ესთეტია, რაც ამ ნახატებშიც ჩანს. მადლობა მას, რომ არის გამორჩეულად ერთგული, მიზანდასახული, პოზიტიური, – აღნიშნა მედეა ჩარკვიანმა.

– დავიწყებ მისი მეუღლით – ელგუჯა მარღიას ისეთი პოეზია აქვს, რომ შეუძლებელია მისი შემოქმედება მოისმინო და დაკვრა არ მოგინდეს. ამიტომ მის საღამოზე აკომპანიმენტს სიამოვნებით ვაკეთებდი და დღესაც, ამ ნამუშევრებს რომ გადავხედე, წავედი სახლში, ინსტრუმენტი მოვიტანე და პატარა სიურპრიზიც მოვაწყვე, რადგან ამ ნახატებში მუსიკაცაა. მადლობა, რომ არსებობს… სიყვარულის ოჯახი აქვთ შექმნილი და მინდა ასე სიყვარულით კიდევ დიდხანს იშრომონ, მეუღლემ – პოეზიაში, მანანამ მხატვრობაში, – აღნიშნა თამაზ ნიკოლაიშვილმა.
– მადლობა ბათუმს, ყველაზე თბილ ქალაქს, იმ ადამიანებს, ვინც დღევანდელი დღე მაჩუქა – ხელოვნების მუზეუმს, ყველა ჩემს მეგობარს. ვფიქრობ, რომ „მანანას ფერების ისტორია“ თავის სათქმელს ამბობს. ფერები ბათუმმა მაჩუქა, ამ ქალაქში დავიწყე ხატვა ბავშვობაში და გვიან ასაკში ისევ ბათუმში დავუბრუნდი ხატვას. წელიწადნახევრის განმავლობაში 200-მდე ნამუშევარი შევქმენი, რომლის ნაწილი აქაა წარმოდგენილი, გალერეაში, რა თქმა უნდა, ყველა ვერ დაეტეოდა. 40 ნამუშევარი გამოვფინე სხვადასხვა თემაზე – „მოსაუბრე სახლები“, „მეყვავილე ქალები“, რა თქმა უნდა, მარინიზმის ნიმუშებიც, ბათუმი ამ მიმართულების გარეშე არ იქნებოდა – ბევრი ზღვა, გემი, იალქანი. . . მადლობა მუზეუმის ხელმძღვანელობას, ყველას, ვინც გვერდით დამიდგა, – აღნიშნა მანანა გეგიძემ.
მანანა ძიძიშვილი.