,,საზოგადოებრივი განვითარების თითქმის ყველა სფეროში არისტოკრატია ყოველთვის კულტურის სადარაჯოზე იდგა”
საუბარი არისტოკრატიასა და დემოკრატიაზე ყოველთვის აჩენს შეკითხვას ღირსების, განათლებისა და ხალხის ნების ბალანსზე. როგორ გადაიქცა არისტოკრატია დემოკრატიულ მმართველობად და დღეს რა მდგომარეობაა ამ მიმართებით? ამის თაობაზე გვესაუბრება ანალიტიკური ორგანიზაცია POlitico Europe-ს ანალიტიკოსი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი ნიჟარაძე.
– ისტორიულად, როგორ ჩამოყალიბდა არისტოკრატიის მმართველობის მოდელი და როგორ განვითარდა იგი დროთა განმავლობაში?
– არისტოკრატია ბერძნული სიტყვაა და საუკეთესოთა მმართველობას ნიშნავს. არისტოს – საუკეთესო, ხოლო კრატოს – მმართველობა. ისტორიულად არისტოკრატიის მოდელი ძველი საბერძნეთიდან იღებს სათავეს და ეფუძნებოდა სწორედ იმას, რომ ქვეყნის მართვა უნდა ყოფილიყო განათლებული, ღირსეული და კეთილშობილი ადამიანების ხელში. შუა საუკუნეებში არისტოკრატია გადაიზარდა დიდგვაროვან, ელიტარულ კლასად, რომელთაც ძალიან დიდი გავლენა ჰქონდათ საზოგადოების ფორმირებაზე და კულტურული ინსპირაციის მთავარ წყაროს წარმოადგენდნენ. თანამედროვე ეპოქაში ტიტულები გაქრა, მაგრამ იდეა დარჩა – არისტოკრატია დღეს აღარ ნიშნავს მხოლოდ წარმომავლობას, არამედ პასუხისმგებლობას, ღირსებას და საზოგადოებრივი სტილის გარკვეულ ეტალონს.
– რომელი პრინციპი აერთიანებდა არისტოკრატიას – წარმომავლობა, განათლება თუ ზნეობა?
– შეგვიძლია ვთქვათ, რომ – სამივე ერთად და ცალ-ცალკე. მსოფლიოს ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე მოხდა ამ თვისებების შერწყმა. მაგალითად, ძველი ბერძნებისთვის მთავარი კრიტერიუმი იყო ზნეობა და განათლება, შემდგომ ეპოქებში კი დაერთო წარმომავლობა და სოციალური სტატუსი, თუმცა არისტოკრატია ყოველთვის ჰიბრიდული კონცეფცია იყო: წარმოშობა, განათლება და ზნეობა ერთად ქმნიდა „ზე ადამიანს“ (ან მათ ჯგუფს), ვისაც საუკეთესოდ შეეძლო სხვების მართვა.
წარმომავლობა ეხმარებოდა სტაბილურობის შენარჩუნებაში, განათლება უზრუნველყოფდა განსჯის უნარს, ხოლო ზნეობა – გადაწყვეტილებების ეთიკურობას. როგორც პოლიტიკური, ისე სოციალური არისტოკრატიის შემთხვევაში, ეს წოდება, ძირითადად, მემკვიდრეობით გადაეცემოდა თაობიდან თაობას იმ რწმენით, რომ ზოგიერთი ოჯახი უფრო მეტად იყო შესაფერისი მმართველობისთვის.
– განსხვავება არისტოკრატიულ და დემოკრატიულ მმართველობას შორის არის ღირებულებებში, სტილში თუ ხალხის როლში?
– მათ შორის უდიდესი განსხვავებაა. ძნელად თუ მოიძებნება მსგავსი დიაპაზონი ორ სხვადასხვა პოლიტიკურ სისტემას შორის. არისტოკრატია ემყარება იდეას, რომ სახელმწიფო უნდა იმართებოდეს მათ მიერ, ვინც გამოირჩევა განათლებით, კულტურითა და ზნეობით — ვინც საკუთარ თავში ასახავს საზოგადოების საუკეთესო თვისებებს. ასეთ სისტემაში ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაოდენობა,
დემოკრატია კი პირიქით – უპირატესობას ანიჭებს ხალხის საერთო ნებას, არჩევანს და თანასწორობას. აქ მთავარი პრინციპია, რომ ყველა ხმა თანაბარი ღირებულებისაა, წარმომავლობის, განათლებისა თუ სტატუსის მიუხედავად. მაგალითად, არჩევნებში მონაწილეობის უფლება მოქალაქეს ავტომატურად აქვს გარანტირებული, თუკი ის სრულწლოვანია, ხოლო არისტოკრატიაში არჩევნებში მონაწილეობა ერთგვარი პრივილეგია იყო და არა ავტომატური უფლება. გადაწყვეტილებების მიღება ეფუძნებოდა არა რაოდენობას, არამედ ხარისხს – მოქალაქეს უნდა ჰქონოდა განათლება, ზნეობა და პასუხისმგებლობა, რათა გავლენა მოეხდინა საზოგადოების ბედზე.
შესაბამისად, დემოკრატიაში მთავარი ატრიბუტი ხმების რაოდენობა და უმრავლესობის მხარდაჭერაა, არისტოკრატიაში კი ის, თუ რა ღირსება დგას შენი ხმის უკან.
– შეიძლება თუ არა ითქვას, რომ თანამედროვე დემოკრატიაშიც არსებობს „ახალი არისტოკრატია“ – გავლენიანი ელიტა, რომელიც ხალხის ნაცვლად წყვეტს სხვადასხვა საკითხს?
– გარკვეულწილად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ვარაუდი გამართლებულია. თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებში არსებობს ე.წ. ხვრელები, რითიც სარგებლობენ პოპულისტები და ხშირად მოდიან ხელისუფლებაში, ან პირიქით, იმ დონის გავლენა აქვთ, რომ ხელისუფლებასაც უწევს მათი ინტერესების გათვალისწინება.
ხალხის ხმა ხშირად ხდება საშუალება, რათა თავიანთი ინტერესები პოლიტიკურ პროცესს მოარგონ, თუმცა მიუხედავად მათი გავლენისა, ამას მაინც ვერ დავარქმევდით არისტოკრატიას, რადგან იქ ელიტას განსაზღვრავდა არა მხოლოდ სტატუსი ან პოპულარობა, არამედ განათლება და ზნეობრივი ღირსებაც.
– ისტორიულად, რომელი არისტოკრატული მოდელი მიგაჩნიათ ყველაზე დახვეწილად – ბრიტანული, ფრანგული?
– პირადად ჩემთვის, ყველაზე დახვეწილი ბრიტანული არისტოკრატია იყო, განსაკუთრებით – ვიქტორიანული ეპოქის. ბრიტანული ელიტა გამოირჩეოდა არა მხოლოდ სოციალური გავლენით, განათლებითა და ზნეობრივი პასუხისმგებლობით, არამედ უნიკალური ესთეტიკით: სასახლეები, როგორებიცაა ბაკინგემი, უინძორი და სხვა ვიქტორიანული არქიტექტურის მაგალითები, თვალწარმტაცი ბაღები, ინტერიერის მდიდრული დეკორაციები და ვინტაჟური ელემენტები, რომლებიც დღემდე ასახავს კლასიკური არისტოკრატული ცხოვრების ელეგანტურობას. რაც შეეხება ფრანგულ არისტოკრატიას, ის უფრო გამოირჩეოდა ბრწყინვალებით, ელეგანტურობითა და თვალწარმტაცი ესთეტიკით, როგორებიცაა: ვერსალი, ლუვრის სამეფო სამფლობელო, პარიზის დიდებული სასახლეები – ყველა დეტალი, ინტერიერი, ბაღები და დეკორაციები ასახავდა პრესტიჟს და სოციალურ გავლენას. ნაპოლეონის ეპოქაში ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდა. ის აღფრთოვანებული იყო არქიტექტურული დიდებულებითა და სასახლეების ვიზუალური სიდიადით, ხელს უწყობდა მმართველი ელიტის იდენტობას და სახელმწიფო ელეგანტურობის წარმოჩენას.
საერთო ჯამში, როგორც ზემოთ ვახსენე, ბრიტანული არისტოკრატია ჩემთვის განსაკუთრებით მიმზიდველია, ვინაიდან ეს მოდელი დღემდე ცოცხლობს ლორდთა პალატასა და კონსტიტუციურ მონარქიაში, რაც აჩვენებს, რომ არისტოკრატია ბრიტანეთში მხოლოდ წარსულის მემკვიდრეობა კი არ არის, არამედ თანამედროვე სახელმწიფო სისტემის ნაწილია. სწორედ ამ სინთეზმა, ტრადიციამ და თანამედროვეობამ შექმნა ის ელეგანტური სტაბილურობა, რომელიც დღემდე განსაზღვრავს ბრიტანულ იდენტობას.
– რამდენად ახლოს იყო არისტოკრატია კულტურასთან, განათლებასა თუ ხელოვნებასთან ანუ შეიძლება თუ არა, რომ ეს ფენა იყოს ქვეყნის მამოძრავებელი ძალა?
– დიახ, საზოგადოებრივი განვითარების თითქმის ყველა სფეროში, არისტოკრატია ყოველთვის კულტურის სადარაჯოზე იდგა – ერის ესთეტიკური და შემოქმედებითი მხარე ყოველთვის მათ ებარათ, ინსპირაციის მთავარი ძალა გახლდათ. რენესანსის ეპოქა ამის საუკეთესო მაგალითია. სწორედ არისტოკრატული ოჯახები, განსაკუთრებით მედიჩების დინასტია, იყვნენ ხელოვნებისა და მეცნიერების უდიდესი მფარველები. მათი ხედვა და გემოვნება ქმნიდა იმ სამყაროს, სადაც მიქელანჯელო, ლეონარდო და ვინჩი და ბოტიჩელი არა უბრალოდ მხატვრები, არამედ ცივილიზაციის არქიტექტორები ხდებოდნენ.
ასევე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ვენეციის რესპუბლიკა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი არისტოკრატული სახელმწიფო იყო ევროპაში, რომელმაც დაახლოებით ათას წელზე მეტ ხანს იარსება. აქ ხელოვნება, პოლიტიკა და კომერცია ერთ მთლიან სისტემად ერთიანდებოდა. ძალაუფლება მხოლოდ მცირე ელიტის ხელში იყო, თუმცა სწორედ ამ წრის მიერ ჩამოყალიბებულმა მმართველობის სტილმა შექმნა პოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკური აღმავლობა და კულტურული ბრწყინვალება, რაც ვენეციას საუკუნეების განმავლობაში აძლევდა უპირატესობას ევროპის დანარჩენ სახელმწიფოებთან შედარებით.
შედეგად, არისტოკრატია მხოლოდ ძალაუფლების ფენა არ ყოფილა – ის იყო კულტურის ერთგვარი ბირთვი, გემოვნების არბიტრი და იმ იდეების ინკუბატორი, რომლებმაც ევროპას სულიერი ელეგანტურობა შესძინა.
– დემოკრატიაში ხალხის ხმა მთავარი არგუმენტია, არისტოკრატიაში – გამოცდილება და ღირსება. ამ მხრივ, რომელი სისტემა უფრო ამართლებს დღეს?
– დღევანდელ რეალობაში კლასიკური არისტოკრატია, პრაქტიკულად, აღარ არსებობს – ძალაუფლების ცენტრები, მეტწილად, დანაწილებული და დეცენტრალიზებულია სხვადასხვა შტოს მიერ. დღევანდელ მსოფლიოში იდეალური სისტემა, ალბათ, სწორედ მათი ერთგვარი ჰიბრიდი იქნებოდა, სადაც გამოცდილება და ღირსება თანაბრად მნიშვნელოვანი იქნება ხალხის აზრთან ერთად, თუმცა ინდუსტრიული რევოლუციისა და მზარდი გლობალიზაციის ფონზე, ნაკლებად სავარაუდოა არისტოკრატიის აღზევება და პოლიტიკურ-სოციალურ ჭრილში მისი აქტუალიზაცია.
– როგორ აღიქვამთ ფრაზას – „დემოკრატია ხალხის სახელით“ არისტოკრატთა მმართველობად იქცა. . .
– ვფიქრობ, ეს ფრაზა კარგად აჩენს დემოკრატიის პარადოქსს: ფორმალურად მმართველობა ხალხის სახელით ხდება, თუმცა ხშირად გადაწყვეტილებებს მცირე, კვალიფიციური ელიტა იღებს. ფაქტობრივად, ასეთ შემთხვევებში დემოკრატია შეიძლება იქცეს არისტოკრატული მმართველობის მსგავსად – რადგან ძირითადად, გამოცდილება, ცოდნა და გავლენა გარდაუვლად განსაზღვრავს ძალაუფლებას.
– დაბოლოს, არისტოკრატია წარსულის იდეაა თუ დემოკრატიადაკარგული იდეალის გაგრძელება?
– არისტოკრატია ყოველთვის იყო იდეალისტური კონცეფცია – ფენა, რომელსაც მტკიცედ სწამდა ზნეობრივი, კულტურული და ინტელექტუალური ფასეულობების. ისინი, გარკვეულწილად, რადიკალებიც კი იყვნენ, ამ სიტყვის პოზიტიური გაგებით. იდეები, რომლებსაც ისინი იცავდნენ – ღირსება, ცოდნა, კულტურა, არასდროს კვდება და შესაძლოა, ერთ დღეს ისევ იქცეს საზოგადოებისთვის გზამკვლევად.
ლაშა ხომერიკი