ბადრი ნაკაშიძე: გამონაკლისის გარდა, საჯარო მოსამსახურეს არ აქვს უფლება, ეკავოს სხვა თანამდებობა
საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს პირველი ნოემბრიდან მეორე სამსახურში დასაქმება ეზღუდებათ. ცვლილება შევიდა „კორუფციის შესახებ კანონში“ და მას, როგორც ყოველთვის, უამრავი მომხრე და მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. იურისტების ნაწილი თვლის, რომ ამ შემთხვევაში, საჯარო სექტორში დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, ხოლო მეორე ნაწილს პრემიერის ეს ნაბიჯი გამართლებულად მიაჩნია. ამ საკითხზე გთავაზობთ ინტერვიუს აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილესთან, იურუდიულ მეცნიერებათა დოქტორ ბადრი ნაკაშიძესთან.
– ცვლილება შევიდა კანონში „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, რომლის მიხედვით საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანს აღარ ექნება უფლება, სხვა საჯარო სამსახურში ანაზღაურებადი პოზიცია დაიკავოს. როგორც იურისტს, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ მთავრობის ეს გადაწყვეტილება?
– მოდით, სანამ ამ შეკითხვაზე გაგცემდეთ პასუხს, კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ, რა ცვლილებები განხორციელდა კანონში თანამდებობრივი შეუთავსებლობის თაობაზე. დავიწყოთ იმით, რომ საჯარო მოსამსახურეს არ აქვს უფლება, ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს. ამასთანავე, საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს, შეთავსებით ახორციელებდეს ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით საქმიანობას, ან ეკავოს რაიმე აკადემიური თანამდებობა მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. როგორც ვხედავთ, აღნიშნული გამონაკლისის გარდა, საჯარო მოსამსახურეს არ აქვს უფლება, ეკავოს სხვა თანამდებობა როგორც რომელიმე საჯარო დაწესებულებაში, ისე – კერძო სექტორში, მაგრამ თუ პირი დასაქმებულია შრომითი ხელშეკრულებით, იქნება ეს საჯარო დაწესებულება, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სსიპ-ი თუ ა(ა)იპ-ი, მას უფლება აქვს, ასრულებდეს შეთავსებით ანაზღაურებად სამუშაოს კერძო სექტორშიც, ეკავოს აკადემიური თანამდებობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ახორციელებდეს სხვა ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით და სპორტულ საქმიანობას, იღებდეს სხვა სარგებელს, ანუ კანონმდებელი განსხვავებულ სამართლებრივ პირობებს ადგენს საჯარო სექტორში მომუშავე პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისთვის.
– ეს განსხვავება რით არის განპირობებული?
– იმით, რომ პროფესიული საჯარო მოხელე ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებას როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, მაშინ, როდესაც შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, ამ ხელშეკრულების საფუძველზე, მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება. ამიტომ კანონმდებელმა დასაშვებად მიიჩნია მათთვის შეთავსების უფრო მეტი შესაძლებლობა. მხოლოდ, ორივე შემთხვევაში, საჭიროა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობა, რომელიც გაიცემა წერილობით, ერთჯერადად, არა უმეტეს ერთი წლის ვადით.
– ასეთი მიდგომა ხომ არ გამოიწვევს საჯარო სექტორში ე.წ. დეფიციტური პროფესიების მატებას?
– ეს რისკი, რა თქმა უნდა, არსებობს. არის პროფესიები, რომლებიც ჭარბადაა საქართველოში, მაგრამ, ასევე, არის ისეთი საქმიანობის სფეროები, რომელთა სპეციალისტების ნაკლებობაა. სწორედ ამ რისკის დაზღვევის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 28 ოქტომბრის N482 დადგენილებით განსაზღვრა იმ საქმიანობათა ნუსხა, რომელთა განმახორციელებელ, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს, უფლება აქვთ, შეთავსებით შეასრულონ ანაზღაურებადი სამუშაო როგორც იმავე, ასევე სხვა საჯარო დაწესებულებაში. ეს ნუსხა საკმაოდ ვრცელია. მის შედგენაში, მთავრობის ადმინისტრაციის წინადადებით, მონაწილეობდნენ შესაბამისი დაწესებულებების წარმომადგენლებიც. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს პირები შეძლებენ, შეითავსონ საგამონაკლისო ნუსხაში არსებული ნებისმიერი საქმიანობა/ფუნქცია, თუ, რა თქმა უნდა, მათ გააჩნიათ შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია. მხოლოდ კულტურის სფეროში 29 ასეთი საქმიანობაა. მაგალითად, დეკორატორი, რეკვიზიტორი, გამნათებელი, გახმოვანების რეჟისორი, რესტავრატორი, ინსტრუმენტის ამწყობი, ფონოთეკარი და სხვა. შესაბამისად, თუ, ვთქვათ, დეკორატორს შეუძლია შეასრულოს რესტავრატორის ან გამნათებლის ფუნქციაც, მას ამ საქმიანობების შეთავსება შეუძლია როგორც იმავე, ასევე სხვა დაწესებულებებშიც. იგივეა ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, მშენებლობის, სოციალურ და სხვა სფეროებში.
– ამ შემთხვევაშიც თანხმობის გაცემის იგივე წესია?
– დიახ, თანხმობას გასცემს დაწესებულების ხელმძღვანელი, ერთჯერადად, არა უმეტეს ერთი წლით, თანხმობის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება 10 დღის ვადაში.
– ეს კანონი დიდ უფლებამოსილებას ხომ არ ანიჭებს ამა თუ იმ სამასახურის ხელმძღვანელს, რადგან მას შეუძლია პირადი სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით მისცეს პირს სხვა ადგილზე მუშაობის უფლება?
– ამ გადაწყვეტილების მიღებისას შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი, ჩემი აზრით, უნდა ითვალისწინებდეს ორ ძირითად გარემოებას. პირველი არის ის, რომ დამატებითი სამუშაო არის თანამშრომლის პროფესიული ზრდის შესაძლებლობაც. თუ საჯარო მოხელე ითხოვს, შეითავსოს ლექციების კითხვა, გაკვეთილის ჩატარება, სიმღერა, ხატვა, დაკვრა და ა.შ. ამას შესაბამისი მომზადება და შრომა სჭირდება, რაც მას უფრო უმაღლებს კვალიფიკაციას, უფრო სასურველ კადრად აქცევს ძირითად სამუშაო ადგილზეც. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ხელმძღვანელმა ამ გადაწყვეტილების მიღებისას სწორად უნდა დაიცვას ბალანსი საჯარო და კერძო ინტერესებს შორის – შეთავსებამ არ უნდა გამოიწვიოს ხარვეზები დაწესებულების ფუნქციონირებასა და მართვაში, სწორად უნდა დაიგეგმოს თანამშრომლის სამუშაო დრო.
– იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულების ხელმძღვანელი პირი არ გასცემს თანხმობას, საჯარო სამსახურში დასაქმებულს აქვს გასაჩივრების უფლება?
– დიახ, როგორც ვთქვით, შეთავსების თაობაზე თანხმობას ან უარს ხელმძღვანელი პირი გასცემს წერილობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტის სახით და მისი გასაჩივრება დადგენილ ვადაში შეიძლება როგორც ზემდგომ ორგანოში, ასევე სასამართლო წესით, თუმცა ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.
– კერძო სექტორში თუ შეიძლება ორ პოზიციაზე დაკავდეს პირი?
– კერძო სექტორში დასაქმებულთა შეთავსებების საკითხს ეს კანონი არ წყვეტს. ეს კერძო სექტორში დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის მოლაპარაკების საგანია, რაც შემდეგ აისახება ხელშეკრულებაში. შრომის კანონმდებლობა ამას არ კრძალავს.
– რა სანქციები დაეკისრებათ იმათ, ვინც არ გაითვალისწინებს ამ კანონის მოთხოვნებს და დამალავს მეორე სამუშაო ადგილს?
– პირი გათავისუფლდება ყველა დაკავებული თანამდებობიდან, აეკრძალება საჯარო სამსახურში დაბრუნება ორი წლის განმავლობაში და ვალდებული იქნება, ბიუჯეტში დააბრუნოს მ/წლის 1 ნოემბრიდან (ანუ, თანამდებობის დატოვების ვალდებულების წარმოშობის დღიდან) გათავისუფლებამდე მიღებული ხელფასი.
– გამოდის, სამმაგი სანქცია ეკისრებათ. რამდენად დასაშვებია ეს კანონის მიხედვით?
– კანონი ამას არ კრძალავს, თუმცა თანხის დაბრუნება და თანამდებობიდან გათავისუფლება არ ვრცელდება კომერციულ სტრუქტურებზე.
– ხომ არ გვეტყოდით, რატომ განხორციელდა ეს ცვლილებები „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში და არა, ვთქვათ, კანონში „საჯარო სამსახურის შესახებ“?
– იმიტომ, რომ საუბარია შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილებაზე. კანონმდებელმა შემოგვთავაზა ერთგვარი პრევენციული ზომები, რათა საჯარო მოხელემ, პირადი ინტერესების სანაცვლოდ, ორ, სამ ან მეტ სამსახურში ერთდროულად საქმიანობით არ გააუარესოს მუშაობის ხარისხი და დააზარალოს საჯარო ინტერესები.
– ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება ცდილობს საჯარო მოხელეების გაკონტროლებას.
– ამ კანონის და მის ავტორთა მთავარი გზავნილი არის ის, რომ ქვეყანაში შეიქმნას დასაქმების თანაბარი პირობები ყველასათვის, რათა ახალგაზრდებს მიეცეთ მათი ცოდნისა და უნარების რეალიზაციის შესაძლებლობა, გაჩნდეს ახალი ვაკანსიები და შემცირდეს უმუშევრობა, ასევე, შრომის ბაზარზე იყოს ჯანსაღი კონკურენცია… მხოლოდ აჭარის კულტურის სამინისტროს სისტემაში ამ რეფორმის შედეგად გაჩნდა 20-ზე მეტი ვაკანსია, სადაც უახლოეს მომავალში დასაქმდებიან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები. ჩათვალეთ ეს ჩემს პასუხად თქვენს პირველ შეკითხვაზეც. გარდა ამისა, როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, თეორიულადაც შეუძლებელია 8 საათი იმუშაო ორ და სამ სხვადასხვა სამსახურში. ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს. აქაც მოხდება ხარჯების და კადრების ოპტიმიზაცია და ასეთ პირობებში, ბუნებრივია, უფრო სწორად იმუშავებს საჯარო სამსახური.
– ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ დღევანდელ დღეს ორი სამსახური აუცილებელია, რათა ადამიანმა ოჯახი არჩინოს. . .
– ამაზეც საყურადღებოა პრემიერის პასუხი, რომ ამისთვის საჭიროა ხელფასების მომატება, განსაკუთრებით – დაბალი ანაზღაურების მქონე საჯარო მოხელეებისათვის.
– მრჩევლებთან დაკავშირებით რა სიახლეს გვთავაზობს ეს კანონი?
– სახელმწიფო ორგანოს, ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ში მრჩევლის თანამდებობაზე საქმიანობა ხდება უსასყიდლო. პირმა უნდა განახორციელოს თავისი (მრჩევლის) უფლებამოსილება ძირითადი სამსახურებრივი საქმიანობისგან მოუწყვეტლად და ანაზღაურების გარეშე, მაგრამ აქაც არსებობს გამონაკლისი: ეს არ ეხება კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით და სასპორტო იურიდიულ პირებში მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებულ პირებს. გარდა ამისა, ცვლილება შევიდა კანონში საჯარო სამსახურის შესახებ, რომლის თანახმად, მრჩევლის საქმიანობა საჯარო დაწესებულებებშიც ხდება უსასყიდლო და განხორციელდება ძირითადი სამსახურებრივი საქმიანობისგან მოუწყვეტლად. ამავე ცვლილების თანახმად, ერთსა და იმავე პირს ეკრძალება მრჩევლად მუშაობა ერთდროულად სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში, თუმცა ამის ინტერესი მათ აღარც უნდა გააჩნდეთ.
– რას დაამატებდით?
– ჩვენ განვიხილეთ შეთავსებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეების ძირითადი დებულებები. კანონი შეიცავს სხვადასხვა დათქმასა და ნიუანსს და რაც უნდა დავამატოთ, მათ მთლიანად ვერ ამოვწურავთ. . . ამიტომ, მოვუწოდებ ამ საკითხებით დაინტერესებულ მკითხველს, ყველა კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით გაიაროს კონსულტაციები შესაბამისი უწყებების იურიდიულ სამსახურებთან.
ირმა ცეცხლაძე