თათია ძოძუაშვილი: შარშანდლიდან დაწყებული ვაფიქსირებთ ბღერის დიაგნოზს
კლინიკებში დერმატოლოგები ვერ უთავდებიან გაუსაძლისი ქავილით შეწუხებული მოქალაქეების მიმართვიანობას, ხოლო არც ერთ საჯარო სამსახურში, მათ შორის, სკოლებსა თუ ბაღებში არავითარი ბღერი არ ფიქსირდება. დაავადებულთა რიცხვმა ბოლო თვის განმავლობაში იმატა. სპეციალისტები ამბობენ, რომ მთიანი აჭარიდან ოჯახებით ჩამოდიან სამკურნალოდ, რადგან იქ დერმატოლოგთა ნაკლებობაა, თუმცა ამის შესახებ არაფერი იციან არც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში და არც ჯანდაცვის სამინისტროში. მათი განცხადებით, ეს დაავადება არ ექვემდებარება შეტყობინებას და აქედან გამომდინარე, მათ არც არავინ ატყობინებს, მაშინ, როდესაც, დერმატოლოგები ამბობენ, რომ ყოველი თვის ბოლოს ავსებენ ცირკულარს და ტვირთავენ რეალურ სტატისტიკას. ჯანდაცვაში ოფიციალური კომენტარის გაკეთებაზე უარი მითხრეს და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებაზე მიმითითეს. იმნაძის განმარტებით, წლის განმავლობაში არამარტო საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის 1%-ს მუნი აღენიშნება. მისივე თქმით, დაახლოებით, ასეთივე მონაცემებია დღეს საქართველოშიც.
შევეხმიანე ბათუმის რესურსცენტრის დირექტორ გოჩა დავითაძეს. მან განაცხადა: „სრულად ინფორმირებული ვართ, მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. ბღერის მხოლოდ ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული საჯარო სკოლებში, რომლის დირექციები მოქმედებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად. კერძოდ, თუ შეამჩნია მასწავლებელმა რაიმე სახის პრობლემა, უკავშირდება მშობელს და ბავშვი მიჰყავთ სამკურნალოდ, სხვა არაფერი. . .“
როდესაც გავაანალიზე ეს უცნაური სიტუაცია – გადავსებული კლინიკები და სრული სიჩუმე ოფიციოზისგან – ლოგიკურ დასკვნამდე მივედი, არცერთ მშობელს არ სურს ბავშვი „ბღერიანად“ მოიხსენიოს და არც აცხადებს ამის შესახებ. მოგეხსენებათ, საქართველოში „ბღერიანი“ ერთ-ერთ შეურაცხმყოფელ მოხსენიებად ითვლება და რაც უნდა ვამტკიცოთ, რომ არცერთი დაავადება არ არის გასაკიცხი, ცხადია, საქმე გვაქვს უკვე ჩამოყალიბებულ სტიგმასთან. თუ ასე გაგრძელდება და დიდხანს დავრჩებით სირაქლემის პოზაში, სერიოზული სოციალური პრობლემის და ბღერის პანდემიის წინაშე აღმოჩნდება მთელი ქვეყანა, მაშინ როდესაც ეს სრულიად უწყინარი სენი სამ დღეში იკურნება ელემენტარული წამლების გამოყენებით და ორიოდე კვირის იზოლაციას საჭიროებს.
კლინიკა „სენის“ მენეჯერი ნანა ჩხარტიშვილი ძალიან შეწუხებულია ბღერზე მომართვიანობის მკვეთრი ზრდით. მისი თქმით, კლინიკაში ცოცხალი რიგებია და დერეფნები გადაჭედილია შეშინებული ხალხით. ეს მდგომარეობა ჯერ კიდევ ზაფხულიდან დაიწყო, ხოლო ამ ბოლო თვის განმავლობაში მომსვლელთა რაოდენობამ მკვეთრად იმატა.
ამ საკითხზე გთავაზობთ ამავე კლინიკის დერმატოლოგ-ვენეროლოგ თათია ძოძუაშვილთან ინტერვიუს.
– ჯერ გავარკვიოთ ბღერია მოდებული თუ მუნი, და საერთოდ, ეს ორი სხვადასხვა დაავადებაა თუ. . .
– მუნი და ბღერი ერთი და იგივე დაავადებაა, უბრალოდ, დიაგნოზში ბღერს ვწერთ. ზოგადად, ბღერი არის პარაზიტული წარმოშობის დაავადება, რომელსაც ახასიათებს პატარა, მოწითალო ფერის კვანძების ფორმირება, რასაც იწვევს მუნის ტკიპი Sarcoptes scabiei. მდედრი ტკიპი კანის ზედაპირულ შრეში აკეთებს ხვრელებს, სადაც დებს კვერცხებს. კვერცხებიდან რამდენიმე დღეში ახალგაზრდა ტკიპები (ლარვა) იჩეკება. დასნებოვნებას ახლავს ძლიერი ქავილი, სავარაუდოდ, ალერგიული გენეზის. ბღერი ძალიან კონტაგიოზური, ანუ გადამდებია დაავადებულ ადამიანთან მჭიდრო, კანით კანთან კონტაქტის შემთხვევაში. ასევე, უნდა მოვერიდოთ დაავადებულთან საერთო ნივთების გამოყენებას: რბილ ავეჯს, თეთრეულს, პირსახოცს, ტანსაცმელს, რბილ სათამაშოებს… კალმის გაცვლით ან მერხის ზედაპირით, ნაკლებად გადამდებია.
– ნაკლებად, მაგრამ არის. . .
– კი, ნაკლებად, მაგრამ სავსებით დაცული არავინაა.
– როგორც ამბობენ, მუნი თმებში ჩნდება, ხოლო ბღერი თითებსა და მუცელზე, რა სიმპტომები აქვს?
– როგორც გითხარით, მუნი და ბღერი ერთი და იგივეა, ახალშობილებს შესაძლოა თმებსა და მთელ სხეულზე მოედოს, ხოლო უფრო მოზრდილებს – ყელს ქვემოთ. მუნს ახასიათებს ინტენსიური ქავილი, რომელიც, როგორც წესი, ღამით ძლიერდება. ტკიპის ტიპური სავალი ვლინდება თხელი 1/2 ინჩამდე (1 სმ-მდე) სიგრძის ხაზებით, ზოგჯერ პატარა კვანძით ერთ-ერთ ბოლოში. შემთხვევათა ნაწილში გვხვდება მხოლოდ მცირე ზომის კვანძები, ქავილით გამოწვეული ექსკორიაციებით. გამონაყარი წყვილ-წყვილადაა განლაგებული. ხვრელები შესაძლოა შეგვხვდეს სხეულის ნებისმიერ უბანზე, გარდა სახისა. ტიპური ლოკალიზაციაა – თითებს შორის არე, მაჯა, კოჭები, დუნდულები, კერტები და მამაკაცებში – გენიტალიები. დროთა განმავლობაში, ტკიპის სავალი ძნელად შესამჩნევი ხდება, რისი მიზეზიც ქავილით გამოწვეული ანთებითი პროცესია. სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებში მძიმე ინვაზიის განვითარებაა მოსალოდნელი. ყალიბდება კანის ფართო უბნის სქელი ქერქის დაფარული დაზიანება.
დერმატოსკოპით და ფოტოფაინდერით ვადგენთ ტკიპის გავლის წერტილებს. ამ აპარატურით ჩანს, რომ აქ ტკიპამ გაიარა და დატოვა კვალი. შესაძლოა, გამონაყარი იმდენად თვალში საცემი არ იყოს, რამდენადაც ძლიერი ქავილი. დღის განმავლობაში ვერაფერს გრძნობენ, ბაღშიც დადიან ბავშვები და სკოლებშიც, მაგრამ როგორც კი ბრუნდებიან სახლში, იღებენ შხაპს, წვებიან თბილ ლოგინში, ტკიპა ხელსაყრელ დროს და ადგილს პოულობს, გამოდის კანზე და იკბინება. იმ დროისთვის, როდესაც უნდა დავიძინოთ, ნაკბენები აქტიურდება და იწყება აუტანელი ქავილი, რომელსაც ანტიჰისტამინებით ანუ ალერგიის წამლებითაც ვერ მოხსნი. შეიძლება ორიოდ საათი დაამშვიდოს პაციენტი, მაგრამ ქავილი ისევ ახლდება. თუ ეს ტკიპა კანშია თვეობით, პაციენტი მოდის დალურჯებებით, იმდენად ძლიერი ქავილი აქვს, რომ ვეღარ აკონტროლებს თავს. აუცილებელია დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა, თორემ, შესაძლოა, ბღერით დაავადებული პირი ჭკუიდანაც გადავიდეს.
– აცხადებენ, რომ ბღერი ზაფხულიდან გავრცელდა, მიზეზად იხსენიებენ ინდოეთის პროვინციებიდან და ბანგლადეშიდან ჩამოსულ შრომით მიგრანტებს, რადგან სწორედ ამ ქვეყნებშია გავრცელებული ეს დაავადება. . .
– ბღერი ყოველთვის იყო. პირადად მე არ მახსოვს, რომელიმე სამუშაო დღეს ამ დიაგნოზის გარეშე ჩაევლო, თუმცა, რა თქმა უნდა, ახლა მკვეთრად იმატა მომართვიანობამ. შარშანდლიდან დაწყებული, ბღერის დიაგნოზს ვაფიქსირებთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ აგორდა კამპანია ბღერის გავრცელების შესახებ. მასწავლებლები ამოწმებენ კლასს, სახლში უშვებენ ბავშვებს კანზე გამონაყარით, ითხოვენ ცნობას და ისინიც ჩვენთან მოდიან. ვფიქრობ, სწორედ ამის გამო იმატა მომართვიანობამ. ეს რამდენიმე დღეა, მაღალმთიანი სოფლებიდანაც ჩამოვიდნენ ბღერით დაავადებული ბავშვები მშობლებით. როგორც გვითხრეს, მათ სთხოვენ ფორმა ასს, რათა სხვა ბავშვებს არ გადაედოთ და უსაფრთხოდ იყვნენ.
– ბათუმის რომელ სკოლებშია ბღერი გავრცელებული?
– თითქმის ყველა სკოლაში დაფიქსირდა თითო-ოროლა შემთხვევა.
– თავის დროზე რომ მიეღოთ ზომები, ასე ხომ არ გაიზრდებოდა ბღერით დაავადებულთა რიცხვი? რამდენად ინფორმირებულია ჯანდაცვა, იქ აცხადებენ, რომ ეს დაავადება საშიში არ არის, აქედან გამომდინარე, შეტყობინებას არ ექვემდებარება და არაფერი იციან. . .
– რა თქმა უნდა, ინფორმირებულია ჯანდაცვა, სტატისტიკას ხომ ავსებს ყველა კლინიკა თვის ბოლოს, მათ შორის, ჩვენიც… სავარაუდოდ, ინფორმირებული უნდა იყვნენ. ყველა დერმატოლოგი გადატვირთული მუშაობს ამ კუთხით და ცხადია, შეაქვს ინფორმაცია ჯანდაცვაში.
– თქვენ ალერგია და ალერგიის წამლები ახსენეთ, რა კავშირშია ბღერთან?
– კავშირში არ არის, რადგან ბღერი პარაზიტებისგან გამოწვეული დაავადებაა, მაგრამ ქავილის დასათრგუნად იყენებენ ალერგიის წამლებს. როდესაც გამონაყარს ხედავენ, თვითნებურად სვამენ ალერგიის დიაგნოზს და თავადვე მკურნალობენ. ამით ვაშავებთ, რა თქმა უნდა, რადგან მხოლოდ დროებით ვშველით თავს. ამასობაში, გადაედება ოჯახის წევრებს და უკვე რთულდება მკურნალობაც. სწორედ ამიტომაც იმატა ბღერმა. ჩვენს ხალხს ექიმთან მისვლას ურჩევნია, თავად დასვას დიაგნოზი და ახლობლების რჩევებით იმკურნალოს.
– ბავშვებიც ფსიქოლოგიურ ტრავმას იღებენ, როდესაც იზოლაციაში ამყოფებენ.
– სწორად მკურნალობის შემთხვევაში, მხოლოდ ორკვირიანი იზოლაცია უწევთ, რაც არ არის ძალიან ბევრი. . .
– მშობლები მალავენ, თუკი ბავშვს ბღერი დაუდგინდა, ურჩევნიათ სახლში ჩუმად უმკურნალონ და არსად განაცხადონ. ამ ბოლო დროს, წითელას უფრო ამბობენ ვიდრე ბღერს.
– ესეც პრობლემაა, როდესაც მალავენ. სხვა მშობლები ვერ ფრთხილდებიან და ხშირად ვერც ხვდებიან, რა სჭირს ბავშვს, თუმცა მეორე უკიდურესობასაც ვაწყდებით, როდესაც შეშინებულები კანის ნებისმიერი გაღიზიანებით მორბიან კლინიკაში. მაგალითად, გუშინ ბევრი პაციენტი მოგვაწყდა, მაგრამ ზოგს სოკო აღმოაჩნდა, ზოგს – კანის სიმშრალე და დამშვიდნენ მშობლებიც, მაგრამ დამშვიდების უფლება არ გვაქვს, პრობლემას უნდა სერიოზული მიხედვა. ბღერიც რომ დაუდასტურდეთ, არ არის საპანიკო, სანამ კაცობრიობა იარსებებს, ბღერიც იქნება, უბრალოდ, ცუდად ჟღერს სიბინძურესთან ასოცირდება, არადა, პირიქით, ბღერი ემართება ადამიანს, თუკი მისი კანი არის მოწესრიგებული, დაბანილი და სუფთა. ეს ტკიპა ბინძურ კანზე ვერ გაჩერდება ვერცერთი წამით. როდესაც ყველაფერ ამას ვუხსნით მშობლებს, ვეუბნებით, რომ მოსალოცად გაქვთ საქმე: მთავარია, პაციენტს არა აქვს ქრონიკულში გადაზრდილი ალერგია, რის გამოც ბავშვი მთელი ცხოვრება გამწარდება, უბრალოდ, მარტივ პროცედურებს ჩაუტარებენ და აბსოლუტურად გამოჯანმრთელდება.
– წამლები არ იშოვება და გოგირდით და ღორის ქონით მკურნალობენო, მართალია?
– როგორ არა, ყველა წამალი არის აფთიაქებში. მაგალითად, პერმეტრინი, რომელიც უსუნოა და ამის გამო კომფორტული. თუ შედეგი ვერ მივიღეთ, გადავდივართ უფრო ძლიერზე – ბენზილბენზოატზე, რომელსაც აქვს ემულსიაც და მალამოც. თუ არც ამას აქვს შედეგი, გამოუვალ შემთხვევაში გოგირდიც ინიშნება. მისი დეფიციტი ბათუში არასოდეს ყოფილა, თავისუფლად იყიდება აფთიაქებში.
– ანუ მართლა გოგირდით და ღორის ქონით უნდა ვუმკურნალოთ?
– ღორის ქონი არ არის აუცილებელი, გოგირდს მკვეთრი სუნი აქვს და როდესაც ამას ქონის სუნიც დაემატება, რთული ასატანია. უკეთესია გოგირდი რაიმე დამამშვიდებელ მალამოებში ან ვაზელინში ავურიოთ და ისე წავისვათ. . . თუკი არც ამან უშველა, 15 კილოგრამს ზევით პაციენტებში (წონის მიხედვით) ინიშნება პერორალურად მისაღები სპეციალური პრეპარატი.
– როგორც ჩანს, არც ისეთი იოლი სამკურნალო ყოფილა. რა ემართება პაციენტს, რომელმაც დროულად ვერ მიხედა თავს?
– ამ შემთხვევაში, ქავილისგან ზიანდება კანი და შესაძლებელია ნებისმიერი ინფექციის შეჭრა: მათ შორის, სტაფილოკოკის, სტრეპტოკოკის, რაც იწვევს ანთებითი-ჩირქოვანი კერების წარმოქმნას და მაშინ ანტიბიოტიკოთერაპია, ანუ უფრო დიდი ხნის მკურანლობა დაგვჭირდება. ჯერ ქავილი უნდა დაითრგუნოს, შემდეგ ალაგდეს გამონაყარი და შემდეგ უნდა უმკურნალო ბღერის გამომწვევ ტკიპას.
– როგორც სპეციალისტი, რაში ხედავთ გამოსავალს, სკოლები და ბაღები უნდა დაიხუროს, რომ გაწყდეს ბღერის გადადების ჯაჭვური რეაქცია?
– შაბათ-კვირასაც შეიძლება სკოლებისა თუ ბაღების დეზინფექცია. კერძო სკოლებში, რადგან დამოუკიდებლები არიან, ვიცი, უკვე მიმდინარეობს ეს პროცესი. საჯარო სკოლებთან დაკავშირებით არაფერი ვიცი. აუცილებელია შემოწმდეს ყველა კლასი, ყველა ბავშვი. პირადად ვაპირებდი კლასის დამრიგებლისთვის შემეთავაზებინა, რომ უანგაროდ შევამოწმებდი იმდენ ბავშვს, რამდენსაც შევძლებდი. არ არის სავალდებულო ბღერი იყოს, დერმატიტიც აყრის ბავშვებს, პერიოდულად მწვავდება და ქავილს იწვევს. ასე რომ, ყველა შემთხვევაში აუცილებელია საექიმო ბრიგადების ჩამოყალიბება და სკოლების გადამოწმება. თუ სკოლის ექთანი და დამრიგებელი შეამჩნევენ ბავშვს გამონაყარს, უნდა გაუშვან ექიმთან. არ დაგავიწყდეთ, ტანსაცმლის და თეთრეულის მაღალ ტემპერატურაზე რეცხვა და უთოთი დამუშავება ტკიპებს ანადგურებს.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ მაღალმთიან აჭარაში არ ჰყავთ საკმარისი სპეციალისტი. აუცილებელია, იქაც ჩატარდეს ბღერის გამოვლენის პროცესი სპეციალური ბრიგადების მეშვეობით.
ირმა ცეცხლაძე