მუზეუმი – ჩაოში
სიახლეების მაძიებელი ადამიანები სახლობენ ხულოს რაიონის სოფელ ჩაოში. ჯერ იყო და ზაურ მახარაძემ და მისი თაობის ჩაოელებმა აჭარის მთიანეთში პირველებმა სოფლის დღესასწაულს „ჩაოობა“ დაუდეს სათავე, რომელიც დღემდე გრძელდება. მიგრაციის პროცესების მიუხედავად, სოფელი არ ცარიელდება. აქაურმა ბიზნესმენმა თამაზ (თომა) მახარაძემ მრავალფუნქციური სასტუმროც მოაწყო, რომელიც ლიტერატურული ფესტივალების ცენტრად იქცა.

მიმზიდველი ტურისტული ობიექტია კოტა ჯვარზე გაკეთებული მემორიალი. სოფლის ინფრასტრუქტურა ვითარდება. ბოლო შენაძენია ახალგაზრდული ცენტრი. ვიდრე ეს ობიექტი აშენდებოდა, მანამდე ძველ შენობაში, საფერშლო-საბებიო პუნქტის მიტოვებული ოთახი იყო. ძველი შენობის აუთვისებელი სივრცე, სოფლის ბირჟად იყო გადაქცეული.
ჩაოს საჯარო სკოლის პედაგოგმა მზია შავაძემ გამოუყენებელი ოთახი სამუზეუმო ექსპონატებით გაავსო. უმეტესი ნაწილი ოჯახიდან მიიტანა და მუზეუმის ოთახი დაარქვა.
ინიციატორს მედიკო გობაძე, ნანული შამანაძე გვერდით დაუდგნენ და სოფლის მუზეუმს ოჯახიდან სხვადასხვა ექსპონატი შემატეს. მაყვალა მახარაძემ ნაქარგები, სხვებმა – ნაქსოვები მიიტანეს.
ძველი შენობის ადგილას ახალი შენობა რომ შენდებოდა, მზიამ ყველა ექსპონატს საკუთარ სახლში მიუჩინა ადგილი. მშენებლობა დასრულდა თუ არა მან ხელმოწერები შეაგროვა, რომ ახალ შენობაში მუზეუმისთვის გარკვეული ნაწილი დაეთმოთ.
რეგიონისა და ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა სოფლის მოთხოვნა გაითვალისწინეს – დღეს სპეციალურად გამოყოფილი სივრცე ახალ-ახალი ექსპონატებით მდიდრდება, რომელიც ჩვენი სოფლის და ისტორიის ნაწილია.
შემოდგომის ფესტივალზე იმედა ცეცხლაძემ სოფლის მუზეუმს შემატა აკვანი, ძველი კალათები, საჩეჩელი, ნავთის ფარანი, ხის სუფრა…
ყველა ნაქარგი, რომელიც მუზეუმშია, ქალბატონ მაყვალა მახარაძეს, ასევე, ჩემ რძალ ნათელა შავაძეს და ჩემ დედამთილს ეკუთვნით, მათი მზითევია. დასაფასებელია, ოჯახიდან ისეთი ნივთი შესწირო მუზეუმს, რომელიც ძვირფასია შენთვის. სოფელში ბევრი ოჯახია, სადაც საერთოდ აღარ არის სიძველეები, ისინი წლების წინ განადგურებული ან გაყიდულია, მაგალითად, სპილენძის ჭურჭელი. ისეთი ოჯახებიც გვყავს, როლებიც უძველეს დგამ-ჭურჭელს რელიკვიად მიიჩნევენ და მუზეუმისთვის გადაცემა ენანებათ. მჯერა, მალე ეს მუზეუმი ტურისტულ ობიექტად იქცევა. მოქმედ სასტუმრო „ შატო ჩაოში“, განსაკუთრებით ზაფხულში, მრავალი ვიზიტიორი შემოდის, ისინი მუზეუმშიც შემოივლიან, ჩვენი სოფლის ისტორიას, წარსულს და აწმყოს გაეცნობიან, – გვითხრა მზია შავაძემ, რომელიც დიდ ენთუზიაზმით მუშაობს და ყველაფერს მამის – ენვერ შავაძის სახელის უკვდასაყოფად აკეთებს.
ცოტნე ცაბაძე