„მსოფლიო დაუბრუნდა, პრაქტიკულად, ცივი ომის სტადიას“
პოსტსაბჭოთა სივრცეში პროცესები საინტერესოდ ვითარდება – აზერბაიჯანი და სომხეთი თანმიმდევრულად შორდებიან რუსულ ორბიტას, შუა აზიის ქვეყნებმა აშშ-სთან ურთიერთობა ახალ სტადიაში აიყვანეს, რითაც დააბალანსეს რუსეთისა და ჩინეთის ინტერესები რეგიონში, უკრაინა დასავლეთის მხარდაჭერით უმკლავდება რუსეთის აგრესიას, მოლდოვის და ევროკავშირის ურთიერთობა თანმიმდევრული ხდება, ხოლო საქართველოს და ევროკავშირის თანამშრომლობა, სამწუხაროდ, გარკვეულ კრიზისს განიცდის, რაშიც ოფიციალური თბილისი ოპოზიციას და ევროპარლამენტის მაღალჩინოსნებს ადანაშაულებს, რომლებიც თავის მხრივ, ქართულ მხარეს აკრიტიკებენ ევროკავშირის წინაშე არსებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (ჯიპა) პროფესორი გიორგი კობერიძე.
– „თანდათან მსოფლიო ცივი ომის დროინდელ ჩვეულებას უბრუნდება“ – წერთ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში. გვიამბეთ ამის შესახებ დეტალურად. . .
– ცივი ომი ხასიათდებოდა შეიარაღების შეჯიბრით, რომელიც იყო უფრო მეტად ინოვაციური და ტექნოლოგიური. ჩვენ დღეს, დაახლოებით, ამ პროცესს ვუბრუნდებით, როდესაც ტექნოლოგიები იხვეწება არა იმ კუთხით, თუ ვინ უფრო სწრაფად გაანადგურებს მოწინააღმდეგეს, არამედ ხდება უფრო მეტად ინოვაციური (ამავე დროს იაფიც) და შედეგზე ორიენტირებული. არა მხოლოდ აშშ ან რუსეთი, არამედ ჩინეთიც ცდილობს შექმნას მაქსიმალურად იაფი, მაქსიმალურად შედეგიანი შეირაღება, რომელსაც შეეძლება დიდი ზიანის მიყენება მოწინააღმდეგის როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ობიექტებისთვის. ხდება ახალი ტიპის ბალისტიკური რაკეტების გამოცდა, ასევე ძველი ბალისტიკური რაკეტებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება. ეს პროცესები უკვე გაიშალა მსოფლიოში, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიო დაუბრუნდა, პრაქტიკულად, ცივი ომის სტადიას. ბოლო ოთხი წელია, ისე არც ერთი დარგის ბიუჯეტი არ იზრდება, როგორც სამხედრო თავდაცვის და ეს არა მხოლოდ დასავლურ ქვეყნებსა და ჩინეთში, არამედ ჩვენს სამეზობლოში, რუსეთშიც.
– რამდენად მოსალოდნელია, რუსეთმა თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს უკრაინაში, მით უფრო, რომ ამის შესახებ მინიშნებებს რუსეთის მაღალჩინოსნები აკეთებენ?
– ბირთვული იარაღის გამოყენების შანსი სულ არსებობს, მაგრამ მინიმალური. მოდით ვიმსჯელოთ: სად უნდა გამოიყენოს რუსეთმა ბირთვული იარაღი, რომ მას ჰქონდეს ეფექტი და შედეგი? თუკი რუსეთმა ბირთვული იარაღი ჩააგდო უკრაინის რომელიმე ქალაქში, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს იქნება შოკი მსოფლიოსთვის, ხოლო შედეგი – ძალიან მძიმე უკრაინისთვის, მაგრამ ამავდროულად, ეს იქნება პოლიტიკური თვალსაზრისით კატასტროფა რუსეთისთვის, რადგანაც ჯერ არ ყოფილა შემთხვევა მსოფლიოში, რომ რომელიმე აგრესიულ სახელმწიფოს თავდასხმით ომში გამოეყენებინოს ბირთვული იარაღი, ვიმეორებ, თავდასხმით ომზე მაქვს საუბარი. აშშ-მა როცა ბირთვული იარაღი გამოიყენა იაპონიის წინააღმდეგ, მაშინ აშშ თავდაცვით ომს აწარმოებდა, ამერიკას თავს დაესხა იაპონია, და არა – პირიქით. მაშინაც კი არ იყო კონსენსუსი – უნდა ჩაეგდო თუ არა ამერიკას ბირთვული იარაღი იაპონიის ტერიტორიაზე. როგორც ვთქვი, თუ თავდასხმით ომში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს რუსეთი, ეს აიძულებს დასავლეთს, ჩაებას უკრაინაში მიმდინარე ომში რაიმე ფორმით, ან ახლებურად გადააფასოს პროცესები რუსეთთან მიმართებით და ბევრად უფრო ხისტი გახდეს. შეიძლება ითქვას, რომ ეს სამიზნის ნიშანს დაასვამს პუტინს თავზე, რადგანაც მსოფლიოში ბირთვული იარაღის გამოუყენებლობის შეთანხმებას (ზეპირ შეთანხმებაზე მაქვს საუბარი) სრულიად გააქრობს და მსოფლიოს გახდის საშიშს – ბირთვული იარაღის გამოყენება გახდება ჩვეულებრივი ამბავი, რაც მოსკოვისთვის არის საფრთხის შემცველი. თუკი ბირთვულ იარაღს რუსეთი ჩააგდებს ფრონტის ხაზზე, პოლიტიკურად მძიმე შედეგს მოიტანს, მაგრამ მცირე ეფექტი ექნება, რადგან ეს გაანადგურებს როგორც შემტევ, ისე თავდაცვაში მყოფ ნაწილებსაც, რაც ომის მიმდინარეობის თვალსაზრისით ბევრს არაფერს შეცვლის, ამიტომ ნაკლები ალბათობაა, ფრონტის ხაზზე რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს. რა შეიძლება გააკეთოს რუსეთმა? შეიძლება დაიწყოს ბირთვული იარაღის აქტიური გამოცდა და მსოფლიოსთვის ჩვენება, რომ მას აქვს ბირთვული იარაღის გამოყენების პოლიტიკური ნება. ეს შეიძლება ვიხილოთ ძალიან ხშირად, მაგრამ თუ მსოფლიო შეეჩვია, რომ ბირთვული საფრთხე გახდა ყოველდღიური, მერე ისწავლის კიდევაც მასთან ერთად ცხოვრებას. აი, ცივი ომის დროს საზოგადოება ორივე მხრიდან მომზადებული იყო პოტენციური ბირთვული ომისთვის. . . როგორც ცნობილია, პუტინმა ომის პირველ ეტაპზე გააჟღერა ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა, რამაც მსოფლიოში გამოიწვია შიში. დღეს პუტინისეული მუქარების აღარავის ეშინია.
– ცხადია, რუსეთის მაღალჩინოსნების ზემოაღნიშნული განცხადებები უკრაინის ომს უკავშირდება. ომის რა ფაზაა დღეს უკრიანაში?
– მდგომარეობა ძალიან მძიმეა. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ამერიკის დაზვერვაზე დაყრდნობით თქვა, კვირაში რუსები კარგავენ (მოკლულების სახით) 7 ათას ადამიანს, ეს ნიშნავს, რომ დაჭრილები, როგორც წესი, სამჯერ მეტია. თვისებრივად, ეს ომი შესულია ერთ-ერთ ყველაზე რთულ ფაზაში, რა დროსაც რუსეთი უზარმაზარი მასშტაბის დანაკლისს იღებს. ეს ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ მსხვერპლი ძალიან დიდი იქნება უკრაინის მხრიდანაც. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინას სამჯერ ნაკლები დანაკარგი აქვს, თუმცა მთლიანობაში ესეც ძალიან დიდი რიცხვია. ერთი, რაც უკრაინის უპირატესობა შეიძლება იყოს, არის ის, რომ მათ იმაზე დიდი ხნით შეინარჩუნეს ქალაქი პოკროვსკი, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ამ ქალაქს რუსები წელიწად-ნახევარია უტევენ, დაახლოებით 38-კილომეტრიანი მონაკვეთის აღებას მათ ორი წელი მოანდომეს. ამასთან, რუსების დანაკარგები განსაკუთრებით გაზრდილია დრონების კატეგორიაში, ანუ დრონების მიერ მოკლული რუსი სამხედროების რიცხვი ძალიან დიდია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინელები ახლა უკეთეს პოზიციაში იმყოფებიან. უკრაინელებში შეინიშნება დემორალიზება, რაც ნაკლები იყო წინა პერიოდის განმავლობაში, დემორალიზება გამოწვეულია ბევრი მიზეზით. მაგალითად, მაღალჩინოსანი ოფიცრების არცთუ კვალიფიციური გადაწყვეტილებებით, რომელსაც ისინი იღებენ ფრონტის ხაზის ამა თუ იმ სექტორში. უკრაინელების მთავარი პრობლემა, რაც ომში გამოიკვეთა, არის ის, რომ უკან არ იხევენ იმ საჭირო მომენტში, როცა ამის საჭიროება არის. მეორე პრობლემა არის ის, რომ ზოგიერთი ფორტიფიკაცია, რომელიც უნდა აშენებულიყო, სათანადოდ არ იყო გაკეთებული, აი, ეს იწვევს დემორალიზაციას, თორემ საკვები, აღჭურვილობა, ტყვია-წამალი კარგ მდგომარეობაშია, დემორალიზაციის წყარო ეს არ არის. ამასთან, სიტუაცია უკრაინაში პოლიტიკურადაც შეიცვალა იმ გაგებით, რომ ბევრი კორუფციული სკანდალი გამოვლინდა, ეს სამომავლოდ შეიძლება კარგი იყოს უკრაინისთვის, მაგრამ მოკლე დროში იწვევს ერთგვარ დემორალიზებას უკრაინულ საზოგადოებაში. თავიდან ითქვა, რომ უკრაინას მოუწევს შიდა ფრონტზე – კორუფციის წინააღმდეგ, ხოლო გარე – ფრონტზე – რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა, ამას ვადევნებთ ახლა თვალს. . . ვხედავთ კიდევ ერთ ასპექტს: ფრონტის ხაზის მიტოვების მაჩვენებელი ორივე მხრიდან ძალიან მაღალია, ოღონდ რუსები ხვრეტენ დეზერტირებს, უკრაინელები კი ამბობენ, რომ თუ ვინმე უკან დაბრუნდება, მას ეპატიება. ეს ბუნებრივ როტაციად იქცა. უკრაინელებს როტაცია ძალიან უჭირთ. . .
– „ეს ომი რუსეთისთვის უკვე დასრულებულია, რუსეთი დამარცხდა“ –განაცხადა ანალიტიკოსმა ფრედ სტალიმ, რას ფიქრობთ?
– არ ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში რუსეთი დამარცხებულია, რუსეთს მძიმე მდგომარეობა აქვს – მან ომის ოთხი წლის თავზე ვერ შეასრულა თავისი სამხედრო ამოცანიდან ვერცერთი და ვერ აკონტროლებს ვერცერთ საოლქო დედაქალაქს. ომის დაწყების შემდეგ, მას ეჭირა საოლქო დედაქალაქი ხერსონი, მაგრამ დაკარგა და მხოლოდ ისინი უჭირავს, რომლებიც 2014 წელს დაიკავა – ლუგანსკი და დონეცკი. ამის მიღმა მას აქვს საკმაოდ პრობლემური ფაქტორები – ვერ ახერხებს ეფექტურ წინსვლას, თუმცა არ ვიტყოდი, რომ ამ ეტაპზე რუსეთი ომში დამარცხებულია იმიტომ, რომ კვლავ ახორციელებს შეტევით ოპერაციებს და კვლავ მიიწევს წინ, ყოველ შემთხვევაში, 2025 წელი იყო მისი ექსკლუზიური წინსვლის წელი, სხვა ყველა წელს ჩვენ ვიხილეთ უკრაინული მასშტაბური კონტრშეტევები თავად რუსეთის ტერიტორიაზე. წელს ასეთი მასშტაბური წინსვლა უკრაინელთა მხრიდან არ ყოფილა. რუსები წელს წინ მიიწევენ, თუმცა ომის მოგება ასე არ ხდება, ომის მოგება ხდება ორ დონეზე – პოლიტიკურ-ეკონომიკურ დონეზე და, ასევე, ადამიანის გონებაში. როდესაც ლიდერები დარწმუნდებიან, რომ ომი წაგებულია, მერე მთავრდება ომი, მაგრამ ამ ეტაპზე მსგავსი არაფერი ხდება არც უკრაინაში და არც რუსეთში. . . ვთქვი, რომ ომი პოლიტიკურ-ეკონომიკურიც არის. როდესაც ერთი მხარე თვლის, რომ ომის გაგრძელება არ ღირს, ძალიან ძვირია, ანუ შეიძლება შიდა კრიზისი გამოიწვიოს ომის გაგრძელებამ, ეს არის პოლიტიკურ-ეკონომიკური მარცხი, რაც ჯერ არცერთ მხარეს არ უდგას, მაგრამ ორივე მხარე ამას ცდილობს ურთიერთსაზიანოდ. მაგალითად, როდესაც რუსეთი ცდილობს უკრაინის ენერგორესურსები დაბომბოს, მიიტანოს იერიშები საცხოვრებელ კორპუსებზე, ეს სამხედრო დანაშაულია, ამ სამხედრო დანაშაულს რუსეთი სჩადის იმიტომ, რომ უკრაინის დემორალიზება მოახდინოს. თავის მხრივ, უკრაინელებიც ბომბავენ რუსეთის ნავთობტერმინალებს, ესეც სამხედრო გამოფიტვის საკითხია, რომ რუსეთში ოლიგარქებს (რომლებიც აკონტროლებენ ამ ბიზნესს) შეექმნას პრობლემები. მოკლედ ომი იმ სტადიაში არ არის, რომ ერთ-ერთმა მხარემ თავი გამოაცხადოს გამარჯვებულად და მეორემ – დამარცხებულად, ომი მძიმე სტადიაშია. . .
– ჩვენს ქვეყანაზეც ვისაუბროთ, ამას წინათ ევროპარლამენტმა საქართველოს მიმართ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა, თქვენი აზრი ამის შესახებ. . .
– საქართველოსთვის ევროპა არის ცივილიზაციური არჩევანი, რაც უფრო შორს ვიქნებით ევროპისგან, მით უფრო მარტო ვიქნებით დარჩენილი რუსეთის და ირანის წინააღმდეგ. საქართველოსთვის მარტო ყოფნა ნიშნავს ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე მარტო დარჩენას. ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველო როდესაც მარტო რჩებოდა, იდგა გაქრობის წინაშე, თუკი ჩვენს ქვეყანას არ ეყოლება ბევრი მოკავშირე, ასევე, ბევრი ფული არ ჩაიდება, ყოველთვის იქნება ის საფრთხე, რომ საქართველო რუკიდან გაქრეს, ან დარჩეს მხოლოდ ნომინალურად რუკაზე, თუმცა რეალურად მას არავითარი სუვერენიტეტი არ ექნება. რუსეთი თავის ყოფილ კოლონიებში როდესაც შედიოდა, ყოველთვის შეჰქონდა თავისი სიღარიბე, არასდროს შეჰქონდა თავის „მოკავშირეებში“ სიმდიდრე, მხოლოდ იარაღი შეაქვს, იქიდან კი ამოაქვს რესურსები და ცოცხალი ძალა, რომელსაც იყენებს ახალი ომების საწარმოებლად – ეს არის საშიში ეგზისტენციალური საფრთხე ყველა მისი მეზობლისთვის. რაც შეგვეხება ზოგადად ჩვენ, რა პრობლემებიც გვაქვს, ღიად უნდა განვაცხადოთ: საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები არის გაწერილი ცხრაპუნქტიან გეგმაში, რომელიც ევროკავშირმა წარმოგვიდგინა, ხაზგასმულია, რომ უნდა შეწყდეს საქართველოში ანტიდასავლური რიტორიკა, ამასთან, ქვეყანამ თავისი საგარეო და უსაფრთხოების კურსი უნდა გახადოს ევროკავშირის მსგავსი, განახორციელოს სასამართლო რეფორმა, მოხდეს დეოლიგარქიზაცია, რომ რამდენიმე კლანს არ ჰქონდეს მთელი ფული ჩაგდებული, ხალხი არ იყოს დამშეული. საერთოდ, არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ოლიგარქიული მმართველობა წარმატებული ყოფილიყოს ქვეყნისთვის. სწორედ ამ პროცესში აღმოვჩნდით ჩვენ დღეს, მაშინ როდესაც საქართველო იყო მოწინავე ქვეყანა თავისი გამჭვირვალობით, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. საინტერესოა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველ ვადაში საქართველოს არ გადაუხვევია ევროპული კურსისგან, სწორედ მაშინ მივიღეთ ჩვენ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება და ვიზალიბერალიზაცია, რამაც საქართველო უზარმაზარი ნახტომით გადასწია წინ.
– სხვათა შორის, მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ევროკავშირი ბიუროკრატიული გაერთიანება გახდა და სხვადასხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შეზღუდვას ცდილობს. . .
– ევროკავშირი ყოველთვის იყო ფასეულობებზე დაფუძნებული სისტემა და ეს ფასეულობა გულისხმობს ეკონომიკურ თავისუფლებას, მათ შორის დიდი ბაზრის ქონას, სადაც პატარა ქვეყნის მოქალაქეები გაყიდიან თავიანთ პროდუქციას და ამაში მიიღებენ დიდ ეკონომიკურ სარგებელს. ამის ყველაზე კარგი მაგალითია სლოვენია, სლოვაკეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები. როდესაც ისინი ევროკავშირის წევრები გახდნენ, მათი ეკონომიკური წარმოება ნახტომისებურად გაიზარდა და ხელი შეუწყო ამ ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას. ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ევროპის კონტინენტზე იყოს მშვიდობა, რომელიც ნარჩუნდება ეკონომიკური თანამშრომლობით და ამ ფასეულობებზე იდგა ევროპა. როცა განვლილ დროში მილიტარიზაციას მოუკლო ევროპამ, ამან გამოიწვია დიდი შეცდომები, ახლა უბრუნდება ევროპა მილიტარიზაციას და ეს მილიტარიზაცია ხმარდება მშვიდობას. რომაელები ამბობენ: თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის! სწორედ ამას ვადევნებთ თვალს ევროპაში. . . რაც შეეხება ბიუროკრატიას, ეს ცოტა ღიმილისმომგვრელია იმიტომ, რომ ევროკავშირი იმაზე მეტად ცდილობს დებიუროკრატიზაციას ვიდრე ოდესმე ყოფილა. . . საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, საკუთარი თავი გაიგივოს საქართველოსთან, რაც მცდარი ამბავია, ჩვენი მოსახლეობის და საქართველოს ხელისუფლების განწყობები სხვადასხვაა.
– „კარგად მახსოვს, მე რომ სამაგისტრო ნაშრომი დავწერე მოლდოვაზე, როგორი დამოკიდებულება არსებობდა ამ ქვეყნის მიმართ“ – აღნიშნეთ ამას წინათ, ამჟამად რა მიღწევები აქვს მოლდოვას?
– მოლდოვა 15 წლის წინ იყო ძალიან ჩამორჩენილი ქვეყანა, 2009 წელს ამ ქვეყანაში რევოლუცია მოხდა, 2020 წლამდე ნელი ნაბიჯებით მიდიოდა წინ, ამ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი მართლაც პრორუსი ორიენტაციის იყო. . . დღეს მოლდოვა არის სრულიად სხვაგან. . . მოლდოვის ხელისუფლება და მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი პროდასავლური კურსის ერთგულია, ამ მხრივ უმნიშვნელოვანესი წვლილი უცხოეთში მყოფ მოლდოველებს მიუძღვით. . . მოლდოვამ გაგვასწრო მთავრობის გამჭვირვალობის კუთხით, პროპაგანდასთან ბრძოლის თვალსაზრისით, აღარაფერს ვამბობ, ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაზე, არადა, რამდენიმე წლის წინ ჩვენ ვიყავით წინ ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით, ახლა კი უკან ვართ, რაც ძალიან საწყენია.
– აშკარაა, რომ სომხეთ–აზერბაიჯანი რუსულ ორბიტას შორდებიან, რას ფიქრობთ?
– ასე ცალსახად არ ვიტყოდი, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე დაშორდნენ რუსულ პოლიტიკურ კურსს. სომხეთი ცდილობს დაშორდეს რუსულ კურსს, ხოლო აზერბაიჯანი ცდილობს იპოვოს ბალანსი, ისე, რომ შიდა პრობლემები არ გამოიწვიოს, ის მყარად არის თურქულ კურსთან. აზერბაიჯანს პროდასავლური კურსი არ აქვს, მხოლოდ ეკონომიკური სარგებლის მიღებას ცდილობს ევროპისგან, ასევე, რუსეთისგანაც. რეალობა არის ის, რომ დღეს აზერბაიჯანი იღვწის იყოს ძლიერი, ძალიან მილიტარისტულ თურქეთთან ერთად (მას ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილი აქვს), რეგიონში დამაბალანსებლად შემოიყვანოს აშშ და მასთან ერთად მიიღოს სარგებელი. სამხრეთ კავკასიაში (თუ ავიღებთ სამ სახელმწიფოს) სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი აზერბაიჯანია. სომხეთს რაც შეეხება, ის ახლა იმყოფება გზაჯვარედინზე, ფაშინიანს იმედი აქვს, თურქეთთან და ევროპასთან დაალაგებს ურთიერთობებს, მაგრამ თუ სომხეთს არ გამოუვიდა აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობის დალაგება და თუკი საქართველო ზურგს აქცევს ევროპას, მაშინ სომხეთი ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება. როგორ განვითარდება მოვლენები, თქმა ნაადრევია, თუმცა ფაშინიანი ნამდვილად ცდილობს დაშორდეს რუსეთის ორბიტას.
– დაბოლოს, ისიც უდავოა, რომ უკრაინის ომი, გარკვეულწილად, განსაზღვრავს მსოფლიოს ახალ წესრიგს, მოვლენების როგორ განვითარებას ელოდებით?
– მსოფლიოში უკვე ბევრი რამ შეიცვალა, დაიწყო აქტიური მილიტარიზაცია, რიტორიკა გახდა უფრო ხისტი. უკრაინა-რუსეთის ომის საბოლოო შედეგი ძალიან ბევრ რამეს შეცვლის მსოფლიოში, თუკი რუსეთმა გაიმარჯვა ამ ომში, მაშინ ეს გულისხმობს, რომ შედგა კიდეც დაპყრობითი ომი, ანუ ამ მხრივ სხვა სახელმწიფოებსაც გაუჩნდება იგივე ამბიცია. ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ ახალ ცივ ომს, რომელიც არის არა მხოლოდ ორპოლუსიანი, როგორც ეს გასულ საუკუნეში იყო, არამედ ბევრპოლუსიანი, აქ ვხედავთ, რომ ჩინეთი ცალკე თამაშობს, ინდოეთი თავისი დღის წესრიგის შემოტანას ცდილობს, ვხედავთ რუსეთის დღის წესრიგს, ასევე თურქეთი აქტიურობს. ამ მხრივ, აშშ, ცხადია, აქტიურად არის ჩართული პროცესში. . . ჩვენ კი ვამბობთ, რომ ჩინეთი და რუსეთი ერთ ნავში სხედან, მაგრამ ისინი ყველაფერს ერთმანეთს არ უთანხმებენ, ამიტომაც მსოფლიო მრავალპოლუსიანი ხდება, ამ ომში რუსეთის გამარჯვება მხოლოდ და მხოლოდ ცუდის მომტანი იქნება ჩვენნაირი სახელმწიფოებისთვის.
ლაშა ხომერიკი