ომარ ტაკიძე: კეთილსინდისიერი, კვალიფიციური და მოტივირებული კადრების შერჩევა ყველაზე საპასუხისმგებლო პროცესია
By

ომარ ტაკიძე: კეთილსინდისიერი, კვალიფიციური და მოტივირებული კადრების შერჩევა ყველაზე საპასუხისმგებლო პროცესია

ომარ ტაკიძემ 3 წელი იმუშავა შუახევის მერის პირველ მოადგილედ. ერთი წლის განმავლობაში მერის მოვალეობას ასრულებდა, მომდევნო 4 წლის განმავლობაში შუახევის არჩეული მერი იყო. 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, ამომრჩეველთა 90,5 %-მა მის კანდიდატურას კვლავ დაუჭირა მხარი. დღეს იგი შუახევის დღევანდელობასა და მომავალზე გვესაუბრება.
ბატონო ომარ, დაგვისახელეთ ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ამ პერიოდში შუახევში განხორციელდა…
– პირველ რიგში, გეტყვით, რომ ყველა პროექტი მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩემი მერობის პერიოდში აშენდა და შეკეთდა 30-ზე მეტი სპორტული მოედანი, დაბა შუახევში აიგო ფიფას სტანდარტების შესაფერისი ფეხბურთის სტადიონი, შეკეთდა სპორტული ცენტრის შენობა და შეივსო სპორტული ინვენტარით. ჯანდაცვის სფეროს მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია, ყველა მოქალაქეს თანაბრად უნდა მიუწვდებოდეს ხელი ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამებზე. ბოლო წლებში 16 ახალი პროგრამა დავამატეთ ამ მიმართულებით. წელს უკვე ვახორციელებთ 25 მიზნობრივ პროგრამას, რომელიც მოქალაქეების საჭიროებებზეა მორგებული. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესების მიზნით, აშენდა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების თანამედროვე ცენტრი. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვანესია. ბაღების შენობების მშენებლობა-შეკეთება შუახევში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ბოლო წლებში აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი ჯაბნიძეებისა და დღვანის, ხოლო შეკეთდა 5 საბავშვო ბაღის შენობები. დღეის მდგომარეობით, 300-მდე აღსაზრდელი იღებს სკოლამდელ განათლებას. ასევე, აშენდა ხელოვნებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სკოლის შენობა, რომელიც თანამედროვე ინვენტარით მომარაგდა. ბოლო 8 წლის განმავლობაში დაბა შუახევის ცენტრის კეთილმოწყობის პარალელურად, 28 სოფლის ცენტრი მოეწყო, რაც მიზნად ისახავს სოფლის ცენტრებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ტურისტებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნას. 10-ზე მეტ საზაფხულო საძოვარზე შიდა ელექტროგადამცემი ქსელი გაკეთდა. სოფლებში მიმდინარეობს გარე განათების სისტემის მოწყობა. წინ გვაქვს კიდევ უფრო დიდი გეგმები და რეალური პროექტები, რომლებიც ორიენტირებულია შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე.
– თქვენი წინასაარჩევნო დაპირება შუახევში ტურიზმის შემდგომი განვითარება იყო. ამ მიმართულებით რა პროექტები გაქვთ ჩაფიქრებული?
– მუნიციპალიტეტის მთავარ პრიორიტეტად ტურიზმის განვითარება რჩება. აქტიურად ვთანამშრომლობთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების მართვის დეპარტამენტთან, რომელიც არაერთ პროექტს ახორციელებს. რიკიხეთის უბანში, 9 აპრილის ხეივანში – ინფრასტრუქტურის, ნაღვარევში – ლელთის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა და დარჩიძეებში საპიკნიკე ადგილის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. სამივე პროექტი წელს დასრულდება. გარდა სახელმწიფო პროექტებისა, კერძო სექტორიც აქტიურობს. სოფელ ჩანჩხალოში გრძელდება ტურისტული სივრცის მოწყობა. მრავალფუნქციური ტურისტული პროექტი ხელს უწყობს ტურისტული ბიზნესგარემოს განვითარებას, ტურიზმის პოპულარიზაციას. მუნიციპალიტეტში 50-მდე საოჯახო ტიპის სასტუმროა.
– ეს პროექტები რა სარგებელს მოუტანს თითოეულ შუახეველს?
– ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებაში. ახალი ტურისტული ობიექტებისა და მომსახურების შექმნა გაზრდის დასაქმების შესაძლებლობებს, რაც წინაპირობაა მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისა. გარდა ამისა, აქტიური საინფორმაციო კამპანიები და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება გააძლიერებს მთის ტურიზმის პოპულარობას, რაც მუნიციპალიტეტში დამატებით ინვესტიციებსა და ტურისტების ნაკადს მოიზიდავს.
– მთაში თითქოს სასმელი და სარწყავი წყლის დეფიციტი არ უნდა იყოს, მაგრამ არც ასეა საქმე. რა მდგომარეობაა დაბა შუახევისა და კიდევ 16-მდე დასახლებული ტერიტორიის წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტთან დაკავშირებით, რომელიც თანადაფინანსებით შენდება?

– აქტიურად ვთანამშრომლობთ სააქციო საზოგადოება „აჭარისწყლის ალიანსთან“. შუახევის მუნიციპალიტეტში აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს დაბა შუახევსა და შუახევის 16 სოფელში. პროექტით დაგეგმილია წყალმომარაგების სათავე ნაგებობების, მაგისტრალური ქსელების, რეზერვუარების, წყალარინების გამწმენდი ნაგებობების, ლაბორატორიების და მუნიციპალური წყალმომარაგების საწარმოების ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა. ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურით 1 645 ოჯახი ისარგებლებს.
– რა პრევენციული ღონისძიებები ტარდება მეწყრული პროცესებით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად?

– შუახევში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს აქტიურად ვახორციელებთ შესაბამისი გეოლოგიური კვლევებისა და დასკვნების საფუძველზე. გეოლოგ-სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევის შემდეგ განისაზღვრება საჭირო ღონისძიებათა სრული პაკეტი – იქნება ეს ეკომიგრანტი ოჯახების ადგილმონაცვლეობა, საცხოვრებელი სახლების დაშლა-გადატანა, აღდგენა-გამაგრება თუ სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის დროებითი ქირით უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტში ფერდსამაგრი კედლების მოწყობაც გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე ხორციელდება, მეწყერსაშიშ ზონებში პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად ამცირებს საცხოვრებელი სახლებისა და გზების დაზიანების ან ჩამოშლის რისკებს კონკრეტულ ტერიტორიებზე და უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხოებას.
სწორი საკადრო პოლიტიკა ყოველთვის წარმატების მომტანია. მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში ახალი სახეები მოდიან. კადრების შერჩევისას რა კრიტერიუმებს ანიჭებთ უპირატესობას?

– კეთილსინდისიერი, კვალიფიციური და მოტივირებული კადრების შერჩევა ყველაზე საპასუხისმგებლო პროცესია. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ახალგაზრდების დასაქმებას, რადგან სწორედ ახალი თაობა გამოირჩევა თანამედროვე ხედვებით, ინოვაციური მიდგომებითა და ახალი შესაძლებლობებით. ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მუნიციპალიტეტის წინსვლასა და განვითარებაში. მათი შერჩევისას მთავარი კრიტერიუმებია შესაბამისი კვალიფიკაცია და პროფესიული ცოდნა, გუნდურობა, ადაპტაციის, ინიციატივებისა და შემოქმედებითი უნარი, მოტივაცია და პროფესიული ზრდის სურვილი, რომ მუდმივად განვითარდნენ. ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ჩამოყალიბდება ძლიერი, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, რომელიც მუნიციპალიტეტში ეფექტიან მუშაობასა და პროგრესს უზრუნველყოფს.
– მთებში, ბოლო წლებში, ახალი სახალხო და საღვთო დღესასაწაულები დაწესდა, მხოლოდ „შუამთობაა“ უძველესი. გაგრძელდება თუ არა ეს დღესასწაულები?

– სახალხო და საღვთო დღესასწაულები ჩვეულებისამებრ გაგრძელდება. შევინარჩუნებთ ყველა იმ ტრადიციას, რომელიც ჩვენი იდენტობის, ერთობისა და კულტურული მრავალფეროვნების საფუძველია. სწორედ ასეთი დღესასწაულები აერთიანებს თაობებს და ქმნის პოზიტიურ და სითბოთი სავსე გარემოს. ამიტომ, თითოეული ღონისძიება იმავე ფორმატით და მასშტაბით გაიმართება, როგორც ყოველთვის, რათა მოქალაქეებმა სრულად შეიგრძნონ სახალხო დღესასწაულების მნიშვნელობა. გაგრძელდება ,,სელიმობის“, ,,მარეთობის“, „ლელთობის“, ასევე, სხვა სახალხო დღესასწაულებისადმი მხარდაჭერა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

– დაასახელეთ მიმართულებები, რომლებსაც თქვენი მუშაობის პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობთ…

– ჩემი საქმიანობისთვის ყველა მიმართულება თანაბრად მნიშვნელოვანია, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას ინფრასტრუქტურულ, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებს დავუთმობ, რადგან სწორედ ამ სფეროებში ვხედავ გრძელვადიან და მდგრადი განვითარების საფუძვლებს. ინფრასტრუქტურის განვითარება უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ სიმტკიცეს, ჯანდაცვის გაძლიერება – მოსახლეობის კეთილდღეობასა და უსაფრთხო გარემოს, ხოლო განათლების გაუმჯობესება ახალ თაობას მეტ შესაძლებლობებს მისცემს და დაეხმარება ინოვაციური იდეებისა და პოტენციალის სრულად რეალიზებაში. ახალგაზრდების ინტერესების გათვალიწინება, მათი ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტის სიცოცხლისუნარიანობის საწინდარია. მათი განათლების, დასაქმებისა და ინიციატივების მხარდაჭერა აძლიერებს ადგილობრივ ეკონომიკას, ამაღლებს სოციალურ აქტივობას.
ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • ნოემბერი 21, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *