ჰერეთი – კულტურა და ტრადიციები
By

ჰერეთი – კულტურა და ტრადიციები

აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ფოლკლორისტიკის წრის წევრებმა (ხელმძღვანელი მაია ჯაფარიძე) საქართველოს ისტორიული კუთხე – ჰერეთი გაიხსენეს, მის წარსულზე, დღევანდელობასა და მომავალზე ისაუბრეს, შეხვედრას კი „ჩვენ ყველანი ერთი ქვეყნის შვილები ვართ“ უწოდეს.

მოსწავლეებმა ჰერეთის დაკარგვის ისტორიული მოვლენები გაიხსენეს, ისაუბრეს ჰერული დასახლების ტიპებზე, ოჯახსა და ადათ-წესებზე, საქორწინო ტრადიციებზე, სამოსზე, სამზარეულოსა და სტუმართმოყვარეობაზე, რელიგიურ საწესჩვეულებო დღესასწაულებზე, მითებსა და ლეგენდებზე, ჰერულ ფოლკლორზე, დღეს არსებულ პრობლემებზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ჰერეთში დაბადებული და გაზრდილი ქალბატონი ლალი ბაირამაშვილი, რომელიც წლებია ჩვენი ქალაქის მკვიდრია, ემიგრანტი პოეტი მანანა ზოიძე, აჭარის სკაუტების ორგანიზაციის პრეზიდენტი შორენა ლომაძე, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ფოლკლორისტიკის წრის მუშაობაში აქტიურადაა ჩართული, აჭარა-ლაზეთის სადროშოს ჩოხოსანთა საზოგადოების წევრები მარკელა ჩხაიძე, პოეტი გულო გაბაიძე, თურქეთში ქართული კულტურის დესპანი, ქართული ენის პედაგოგი მერი დიასამიძე, „ლიტეკოჰაბის“ კლუბის წევრები მათ ხელმძღვანელ ირმა ვადაჭკორიასთან ერთად, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგები ეთერ ინაიშვილი და ეთერ კონცელიძე.

ეთერ ინაიშვილმა კახის საჯარო სკოლას, თეატრალურ დასსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს შორის წლების წინ ჩამოყალიბებულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

ყველა გაახარა სტამბოლის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრის თავმჯდომარის ორჰან ბერიძის სტუმრობამ, რომელმაც, როგორც ყოველთვის, შეკრებილი საზოგადოება თავისი მჭერმეტყველებით მოხიბლა.

– ქალბატონ მერი დიასამიძის მეშვეობით გავიცანი ჰერეთში, კახში დაბადებული და გაზრდილი, ამჟამად ბათუმში მცხოვრები ქალბატონი ნათია ოთარაშვილი, – გვითხრა მაია ჯაფარიძემ, – სწორედ მათი უშუალო დახმარებით მოვამზადე ეს ღონისძიება, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. სპეციალურად ამ დღისთვის ჰერელი დედის ვიზუალური სახე შევქმენით, რომელიც ჩვენი წრის წევრმა სესილი დიასამიძემ გააცოცხლა, მანვე შეასრულა ჰერული სააკვნო ფოლკლორის უნიკალური ნიმუში „დაი-დაი, შვილო, დაი“. აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ლიტერატურული წრის წევრებმა ამ კუთხისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს, დადგეს მცირე თეტრალური წარმოდგენა „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“. ამაღელვებელი იყო ქალბატონ ნათია ოთარაშვილის დედის, 85 წლის ქალბატონის დარიკო ტარტარაშვილის ღონისძიებაზე ინტერნეტით პირდაპირი ჩართვა. ქალბატონი დარიკო კახის საჯარო სკოლაში 45 წელი ემსახურა დაწყებითი კლასის მოსწავლეების აღზრდას, შეასწავლა ქართული ენა. გამოცემული აქვს კახში მოღვაწე ქართველების შესახებ ბროშურები. ქალბატონი დარიკო ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრა. მიხარია, რომ ამ თემას შევეხეთ. იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ უნიკალური კუთხის საქართველოსთან დაახლოებაში ჩვენც მცირეოდენ წვლილს შევიტათ. – აღნიშნა მაია ჯაფარიძემ.

 

 

  • No Comments
  • დეკემბერი 9, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *