ზაალ მიქელაძე: ჩვენი ონკოპაციენტი ბავშვებისთვის საზღვარგარეთ მკურნალობაც გახდა ხელმისაწვდომი
By

ზაალ მიქელაძე: ჩვენი ონკოპაციენტი ბავშვებისთვის საზღვარგარეთ მკურნალობაც გახდა ხელმისაწვდომი

გაზეთ „აჭარის“ სტუმარია საქართველოს პარლამენტის წევრი „ხალხის ძალიდან“, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზაალ მიქელაძე, რომელიც გვესაუბრება წლის განმავლობაში ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ მნიშვნელოვან კანონებსა და კანონპროექტებზე.

– 2025 წელს მიღებულ რომელ ახალ კანონპროექტს გამოყოდით?

– წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კანონპროექტი მივიღეთ, რომელიც გამომდინარეობს ჩვენი მოსახლეობის და სახელისუფლებო სტრუქტურების გამართულად ფუნქციონირების საჭიროებიდან, უპირველეს ყოვლისა კი ევროინტეგრაციისთვის ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად გვიწევს მთელი რიგი კანონპროექტების მიღება.

ყველაზე მნიშვნელოვნად, მაინც მიმაჩნია კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“, რომელიც დიდ ცვლილებებს გამოიწვევს განათლების სფეროში. ეს კანონი არ არის რიგითი, იქედან გამომდინარე, რომ შეძლებს შეცვალოს ქვეყნის ხვალინდელი დღე და გახდეს სახელმწიფოს უსაფრთხოების ძირითადი საყრდენი. აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ კანონი, რომელიც ზოგს სამ დღეში მიღებული ჰგონია, წლების განმავლობაში მუშავდებოდა და იხვეწებოდა პარლამენტში, განათლების სამინისტროსა და რესურსცენტრებში, ირაკლი კობახიძის გაპრემიერების შემდეგ კი მკვეთრად გააქტიურდა ამ საკითხზე მუშაობა. შედეგად მივიღეთ უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი. აქცენტს გავაკეთებ იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის, სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ამიერიდან სწავლა იქნება უფასო.

უკვე წლებია, გვესმის სტატუსშეჩერებული სტუდენტების შესახებ. მიხარია, რომ მსგავსი პრობლემები ამ ქვეყანაში აღარ იქნება და ამით დასრულდება პოლიტიკური სპეკულაციებიც.

– ცალკეული ფაკულტეტების სხვადასხვა ქალაქში გადანაწილება რამდენად მისაღებად მიგაჩნიათ?

– ამ კანონის კიდევ ერთი ღირსებაა ისიც, რომ ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც ანაზღაურების გაზრდის მიზნით სხვადასხვა ქალაქში ჩადიოდნენ ლექციების ჩასატარებლად, ახლა იქნებიან ერთ კონკრეტულ ქალაქში, სათანადო ხელფასებზე. არ დაეცემა არც შრომის ნაყოფიერება და არც სწავლების ხარისხი. როდესაც საუბარია, რომ 10 ათას ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს პროფესორის ანაზღაურება, ცხადია, ის იმ კონკრეტულ უნივერსიტეტს მაღალ დონეზე მოემსახურება.

– ასევე საუბრობენ უნივერსიტეტებში კადრების ოპტიმიზაციაზე, რაც თავისთავად ლექტორების შემცირებას გამოიწვევს. ბევრს ეშინია უმუშევრად დარჩენის…

– მთავარი არ არის რაოდენობა, ხვალინდელი დღის ამოსავალი არის ხარისხი. ხშირად გვესმის არასათანადოდ მომზადებული სპეციალისტების შესახებ. ბევრი რჩება უკმაყოფილო ნორმალური კადრების არარსებობის გამო. ამიტომ, უმჯობესია, ნებისმიერი სპეციალობის სწავლება განხორციელდეს ერთ სივრცეში, სადაც თავს მოიყრიან კონკრეტული სპეციალობის პროფესორ-მასწავლებლები და ექნებათ შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო ბაზები. ეს პრაქტიკაა დანერგილი მსოფლიოში. ჩვენს სიმცირეს ვუჩივით, არადა, საქართველოში ფუნქციონირებს 64 უნივერსიტეტი. ამდენი, მგონი, გერმანიასა და ინგლისში არ არის. ამიტომ აუცილებლად უნდა დარეგულირებულიყო ეს ყველაფერი. 45 ათასი ბავშვი ამთავრებს სკოლას და 42 ათასი ირიცხება უმაღლეს სასწავლებლებში, კვლევების მიხედვით კი, მხოლოდ 33% მუშაობს თავისი პროფესიით. აქ აღარ ვამბობ, რამდენად პროფესიონალია საკუთარი დარგის. მართლა უნდა დამთავრდეს დრო, როდესაც ტაქსის მძღოლი გეუბნება, სამი დიპლომი მაქვს სახლშიო… პარალელურად, აქცენტი გაკეთდა პროფესიული სწავლების მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

– ჯანდაცვის პროგრამებში სიახლეებია, რომელს გამოარჩევდით?

– 2012 წლის შემდეგ, ხელისუფლებამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით, რამაც ჩემი პოლიტიკაში შემოსვლა განაპირობა. მთელი ცხოვრება ისე გავატარეთ, რომ მოქალაქეს მხარდამჭერი არ ჰყავდა არც სოციალური და არც ჯანდაცვის მიმართულებით. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლის დროს ერთ-ერთი პირველი ფრაზა იყო: ამ ქვეყანაში არც ერთი მოქალაქე არ უნდა გრძნობდეს თავს მიტოვებულად. ბიუჯეტის ყველაზე მსხვილი ნაწილიც სწორედ ამ სფეროში გამოიყო. ასე გრძელდება უკვე წლებია და იმის მიუხედავად, რომ ჯანდაცვის და სოციალური სფეროების თითქმის ყველა აუცილებელი დახმარების ფონდი შევსებული და მოსახლეობის საჭიროებაზეა მორგებული, მაინც გრძელდება ახალ-ახალი პროგრამების ამოქმედება. თუ მომავალი ბიუჯეტით ვიმსჯელებთ, რომელიც უკვე 34 მილიარდს გადასცდა, 9 მილიარდ 668 მილიონი სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით ჩაიდო. ზრდამ ამ ერთ წელიწადში მილიარდ 586 მილიონს მიაღწია. მხოლოდ ჯანდაცვის ბიუჯეტი ორი მილიარდ 200 მილიონს გადასცდა. მატება არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. აქაც აქცენტი, უკვე კეთდება ხარისხზე, იმიტომ, რომ პრაქტიკულად დაფარულია ყველა სამედიცინო მიმართულება. იმაზე მეტი კლინიკები გვაქვს, ვიდრე სჭირდება ქვეყანას. ამჯერად დეფიციტური სპეციალობების განვითარებას შევუწყობთ ხელს, თუნდაც რეგიონებში. ვგულისხმობ, ექთნების და მეან-ექთნების მომზადებას. რადგან აქაც არანორმალურ სიტუაციას ვაწყდებით. როცა მთელ მსოფლიოში, ერთ ექიმზე მოდის საშუალოდ 4 მედდა, ჩვენთან ერთ ექიმზე მოდის- 0,7 ექთანი. წარმოგიდგენიათ, რა სიტუაციაა?! სწორედ ამიტომ გადაგვაქვს ეს სპეციალობები უნივერსიტეტებში.

ჯანდაცვის პროგრამებში, ახლა უკვე აქცენტი გაკეთდა იშვიათ დაავადებებზე, ასევე, ვითვალისწინებთ ახალ-ახალ მედიკამენტებს, რომლებიც მუდმივად ჩნდება და ჩვენც ვცდილობთ, მაქსიმალურად მივაწოდოთ პაციენტებს ყველაზე უფრო ეფექტური წამლები.

ონკომიმართულებით ჯანდაცვის პროგრამები, პრაქტიკულად, ფარავს ყველა ხარჯს. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ონკოლოგიური დაავადებები სრულად დაფინანსდებოდა, მაშინაც კი, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვა ავამოქმედეთ და პაციენტი თანადაფინანსებით ფარავდა კურსის სრულ ღირებულებას. ახლა ქიმიოთერაპიაზე მოხსნილია ლიმიტი, რაც ნიშნავს, 100 ათასიც რომ დასჭირდეთ, სრულად მივაწვდით თანხას. გარდა ამისა, ჯანდაცვა იყენებს დამატებით ფონდებს და იქ, სადაც ჩვენი მედიცინა ვერ შველის, სახელმწიფომ გააფორმა ხელშეკრულებები ისრაელის, თურქეთის, ესპანეთის რამდენიმე კლინიკასთან და ჩვენი ონკოპაციენტი ბავშვებისთვის საზღვარგარეთ მკურნალობაც გახადა ხელმისაწვდომი.

– ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე რას გვეტყვით?

– დიახ, სხვა მნიშვნელოვან კანონებთან ერთად, ესეც უნდა განვიხილოთ აუცილებლად, რადგან მართლაც წინ გადადგმული ნაბიჯია ანტინარკოტიკული პოლიტიკის მიმართულებით. ახალმა კანონმდებლობამ კიდევ უფრო გაამკაცრა რეგულაციები ნარკორეალიზატორების მიმართ. ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, ქვეყანას მშვიდობა შეუნარჩუნოს, თავიდან აირიდოს ომი და არ აყვეს პროვოკაციებს. ეს შევძელით, თუმცა პარალელურ რეჟიმში აღმოვჩნდით ნარკოტიკების გარემოცვაში და ახლა აუცილებელია, ვებრძოლოთ ამ არცთუ ნაკლებად საშიშ მტერს. ყოველი საინფორმაციო გამოშვება იწყება და სრულდება ამ კუთხით განხორციელებული აღმკვეთი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციებით. სიმართლე გითხრათ, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ქვეყნის და ახალგაზრდობის ამდენი მტერი ცხოვრობდა ჩვენ ირგვლივ. ვგულისხმობ ნარკორეალიზატორებს და მიმაჩნია, რომ მათ მიმართ არანაირი შეღავათი არ უნდა დავუშვათ. გარდა ამისა, ანტინარკოპოლიტიკა შეიცავს წამალზე დამოკიდებულთათვის მხარდაჭერას. ათჯერ გაიზარდა ნარკომანების რეაბილიტაციის პროგრამების დაფინანსება. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, რომ სასურველ შედეგებამდე მივალთ. არ მაქვს ილუზია, რომ ამ უბედურებას სრულად აღმოვფხვრით, მაგრამ ახალი კანონმდებლობის დახმარებით, შესაძლებელია, მინიმალურ რაოდენობამდე შემცირება.

– მეთადონით ჩანაცვლების თერაპია ახლა უკვე მხოლოდ სახელმწიფო კლინიკებში განხორციელდება. კერძო კლინიკები ჩამოშორდა ამ პროცესს…

– სწორედ ანტინარკოტიკული თერაპიის შემადგენელი ნაწილია ესეც. სახელმწიფო კონტროლს მიღმა ამ თემის გაშვებამ შეუწყო ხელი ნარკომანების მომრავლებას. მეთადონის პროგრამაზე მყოფთა უკონტროლობამ მიგვიყვანა დოზების ზრდამდე. მაგალითად, თუ პიროვნება პროგრამაში ერთვებოდა 5 ან 10 დოზით, თანდათან ავიდა 20-30 დოზამდე. ეს ნიშნავს, რომ არაოფიციალური ნარკომანობიდან გადავიდა ოფიციალურ ნარკომანობამდე.

– როგორც ექიმი, როგორ შეაფასებდით BBC-ის ფილმს ხელისუფლების მიერ „კამიტის“ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენების თაობაზე?

– სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ჩემს თვალსაზრისში გამოვიყენე აშშ-ის პრეზიდენტის შეფასება, BBC ყალბი ინფორმაციების სამჭედლოდ რომ მოიხსენია. გაიხსენეთ, სააკაშვილის შესახებ რომ გადმოსცემდნენ ინფორმაციებს ყველა დღე, თითქოს, ვწამლავდით და ვკლავდით… რა ამბავი იყო ატეხილი… ახლა რატომ არ ამოწმებენ, როგორ შეიძლება ერთი წლის განმავლობაში ადამიანს წამლავდნენ და ის კი, ჯანმრთელად გამოიყურებოდეს?! ვიღაცას შეიძლება ეცინება ამაზე, მაგრამ BBC ის უკან რომ დგანან დიფ სტეიტის ელიტარული ძალები – ფაქტია. ამას წინ გავრცელდა ორი „ნაცის“ დიალოგი, სადაც თავადვე ბრაზობენ, რად გვინდოდა „კამიტი“, სხვა რამე მოგვეგონებინაო… პირველი მსოფლიო ომის დროინდელი რაღაც ნივთიერება საიდან უნდა შემოსულიყო საქართველოში, ამ ომის ეპიცენტრში ვიყავით თუ რა?.. ან ერთი საუკუნის წინანდელ წამალს, „ნაცების“ ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში, არ აღწერდნენ დოკუმენტებში?.. მიხვდნენ, სისულელეებს რომ აჟღერებდნენ და ახლა ერთმანეთს აბრალებენ, ეს რამ გვათქმევინაო. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა მხრიდან ცდილობენ ამ ქვეყანაში სიტუაციის არევას.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს, რომელმაც საკუთარი გონიერებით შეძლო საქართველო მშვიდობიანად გამოეტარებინა იმ ავბედით მოლოდინებში, რომელიც მიწასთან გაგვასწორებდა, სხვა ხელისუფლების ხელში რომ ვყოფილიყავით…. რა მოიგო უკრაინელმა ხალხმა, ნიღაბი რომ ჩამოხსნეს რუსეთს. ნანგრევებად აქციეს ქვეყანა, დაიღუპა მილიონი ახალგაზრდა, დაიხოცა ქალები და ბავშვები, დაიცალა ქვეყანა, დაინგრა ოჯახები… ჩვენ ნიღბის ჩამოგლეჯის გარეშეც კარგად ვიცით, ვისთან და რასთან გვაქვს საქმე და ამისთვის არ არის აუცილებელი, ქვეყანა ქვების გროვად ვაქციოთ. ხალხმა მოგვცა ნდობის მანდატი და ჩვენმა ხელისუფლებამაც შეძლო უხიფათოდ გამოეტარებინა ქვეყანა ამ საშინელი კატასტროფების გარემოცვაში.

– დიდი დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე ვდგავართ. თუ შეიძლება დაფინანსდნენ დედები, რათა შეძლონ ბავშვების გაჩენა ფინანსური პრობლემების შიშის გარეშე?

– ურთულესი საკითხია და, განათლებასთან ერთად, ქვეყნის უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენს. უკვე წლებია, სახელმწიფო ამ დოკუმენტზეც მუშაობს. 2012 წლამდე, ამ მიმართულებით მოქალაქეების მხარდასაჭერად შედგენილ ვერცერთ დოკუმენტს ვერ მოიძიებთ. ახლა კი, იმ რეგიონებისთვის, სადაც ყველაზე ცუდი დემოგრაფიული სიტუაცია დაფიქსირდა, სახელმწიფომ დაიწყო წახალისება. კერძოდ, დაბადებიდან წლამდე, ბავშვს ყოველთვიურად ერიცხება თანხა. მსგავსი პროგრამა მოქმედებს მაღალმთიან მუნიციპალიტეტებშიც.

სათქმელია ისიც, რომ ქალბატონები უზრუნველვყავით დეკრეტული შვებულებებით. დავიწყეთ ხუთასი ლარით და უკვე ავედით 2000-მდე, ერთჯერადად. თუმცა სასურველია, კიდევ უფრო მეტად წახალისება და უკვე ვმუშაობთ ამ კუთხითაც. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დემოგრაფიას მხოლოდ ფინანსური წახალისებით ვერ გამოვასწორებთ. აქ სხვა ბერკეტებიც არის ასამოქმედებელი. რაღაც ნაბიჯები გადაიდგა კიდეც: ბანკის პროცენტების დაფარვა სახელმწიფოს მხრიდან სამი შვილის ყოლის შემთხვევაში. ჯერ ყველაფერს ვერ ვიტყვი, სანამ საბოლოოდ არ ჩამოყალიბდება საკითხი. „ხალხის ძალის“ ჯგუფი მუშაობს ამ დოკუმენტზე. გვყავს ამ დარგის სპეციალისტი ბატონი დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც ამ თემას კურირებს არა მხოლოდ პარლამენტში, არამედ მთავრობაშიც. ცხადია, ყველაფერს სჭირდება ფინანსები და აქვე აღვნიშნავ, რომ სამწუხაროდ არ ვართ ისეთი ქვეყანა, სრულად გადავწყვიტოთ ეს პრობლემა. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 3 ათასი დოლარიდან ათი ათასზე ავიდა ერთ სულ მოსახლეზე. ნელ-ნელა დავუახლოვდებით ევროპის საშუალო ქვეყნების მონაცემებს, სადაც ერთ ადამიანზე მთლიანი შიდა პროდუქტია 15-16 ათასი ევრო თუ დოლარი. ეს მოგცემს ბიუჯეტის გაზრდის საშუალებას, რისთვისაც გვჭირდება მშვიდობიანი გარემო. აქ ერთი ტყვიაც რომ გავარდეს, არათუ დემოგრაფიაზე, ქვეყნის გადარჩენაზე დაისმება უამრავი კითხვის ნიშანი… არადა, მახსოვს, „ვიღაცები“ მოგვიწოდებდნენ, ომში ჩავრთულიყავით, გვამხნევებდნენ, მეომარი ხალხი ხართ და მთებშიც კი გააგრძელებთ პარტიზანულ ომებსო… აი, გენოფონდის გადარჩენაზე მაშინ მიდგებოდა საქმე.

მიხარია, რომ საქართველოს მართავს ბრწყინვალე გუნდი, რომელსაც სათავეში უდგას გონიერი, მეცენატი ადამიანი. მისი ძალისხმევით და ჩართულობით, ეს ქვეყანა შეძლებს ბიუჯეტი საშუალოევროპული გახადოს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი თანამემამულეები იცხოვრებენ ევროპული სტანდარტებით შეწყდება ემიგრანტების ტალღა, ქვეყანას დაუბრუნდებიან იქ შერჩენილი ქართველები და შიდა მტრებს გავუქრობთ ინტრიგების და მავნებლობის სურვილსაც კი. სიძულვილით გათანგული, ორად გაყოფილი ერი შერიგდება და ერთად ვიმუშავებთ დიდ საინტერესო პროექტებზე.

არეული გარემო ხელს უწყობს დიდი ფულის შოვნას, ამიტომ აწყობდათ საქართველოშიც იგივე სიტუაცია. ტრამპის ვაჟი წერდა იტალიაში ვიზიტისას, აქ ყველაზე ძვირადღირებული ავტომანქანები უკრაინელებისააო. მხოლოდ ეს ფრაზაც კი უკვე ბევრზე მიგვითითებს… ისიც საოცარია, მუდამ წუწუნებდნენ, საქართველო იმდენად ღარიბია, ყველა აქედან გარბისო, ახლა კი პირიქით წერენ, არაბები ჩამოდიან და აქ სახლდებიანო. თუ წარმოედგინათ, რომ ყველაზე მდიდარი ქვეყნიდან ჩვენთან ჩამოვიდოდნენ ინვესტიციების განსახორციელებლად და ბიზნესების ასაწყობად? აქამდე ამაზე ოცნებაც არ შეგვეძლო. ზღაპარია, რომ ისინი აქ საცხოვრებლად დაჩებიან, ხოლო დასასვენებლად თუ ჩამოვლენ, ხელგაშლილად უნდა ვუმასპინძლოთ, რომ გავზარდოთ მათი ნაკადი. რელიგიურ თემასაც კი იყენებენ საუბედუროდ. იმდენად არეულ მესიჯებს ავრცელებენ, თავისთავად ჩნდება ეჭვი, რომ ყველა დახელფასებულია უცხოური ორგანიზაციებით. მივესალმები სწორ, ჯანსაღ ოპონირებას, მაგრამ ახლა რაც ხდება, ეს სრული მავნებლობა და ღალატია.

– აჟიოტაჟი იყო ფსიქიატრიული პაციენტების რეესტრზეც…

– დიახ, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში მივიღეთ იარაღის შესახებ კანონი, რომელმაც მოითხოვა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობა. თუ ეს რეესტრი არ ექნება ქვეყანას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაშინ შეუძლებელი იქნება კონტროლიც. ჩემთან, ექიმთან რომ მოდის პაციენტი ამ ცნობისთვის, მე ვერ დავაფიქსირებ მის ავადობას, რადგან მშვიდ მდგომარეობაში იგი ისევე რეაგირებს, როგორც რიგითი ადამიანი. უცებ ვერ ამოიცნობ, პასუხობს ადეკვატურად, ყველაფერი რიგზე აქვს, მაგრამ მისთვის იარაღის ტარების უფლების მიცემა არ შეიძლება, რადგან ფსიქიკური აშლილობის დროს სახიფათო ხდება. ამ რეესტრის გარეშე, წარმოუდგენელია სიტუაციის მართვა. მასზე წვდომა მხოლოდ სპეციალისტებს ექნებათ. რას ხედავენ ამაში ცუდს და საშინელს, ვერ გავიგე. ყველაფერი კეთდება მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის.

– საახალწლო სურვილები?

– ვისურვებდი მშვიდობის შენარჩუნებას არა მხოლოდ მომავალ წელს, სულაც – საუკუნეების მანძილზე. ჩვენს ხალხს შინაგან სიმშვიდეს, სოციალურ კეთილდღეობას და გამრავლებას ვუსურვებ!

 

ირმა ცეცხლაძე

  • No Comments
  • დეკემბერი 16, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *