საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენები
By

საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენები

საქართველოს სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც  საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, მთავრობის წევრები და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე გამარჯვებულები რვა ნომინაციაში გამოვლინდნენ. სასიხარულოა, რომ საქართველოს მასშტაბით წლის საუკეთესოთა შორის აჭარიდან სამი სპორტსმენია. მათ შორისაა წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობებში, ათლეტიზმის წარმომადგენელი, საქართველოს  ათლეტიზმის ეროვნული ნაკრების წევრი, მსოფლიო თამაშების გამარჯვებული თემურ სამხარაძე,  ასევე, ორი კალათბურთელი „წლის საუკეთესო გუნდიდან“ –  ჯილდო სათამაშო სპორტულ სახეობებში კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მიიღო, რომელშიც აჭარის ორი წარმომადგენელია – გიორგი ოჩხიკიძე და ალექსანდრე ფევაძე.

წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვახტანგ ლოლუა დასახელდა; წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალის ჯილდო ანა ჯაფარიძემ მიიღო; საუკეთესო პარასპორტსმენი მამაკაცის – გიორგი ქალდანმა. წლის საუკეთესო ნაკრები გუნდი ძიუდოს ეროვნული ნაკრები გახდა; წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალის ჯილდო ეთერ ლიპარტელიანს გადაეცა, ხოლო წლის საუკეთესო მამაკაცის –  სანდრო ბაზაძეს.

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ განვლილი წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ 2025 წელს ქართველმა სპორტსმენებმა რეკორდული რაოდენობის – 1935 მედალი მოიპოვეს, აქედან 752 ოქროს, 610 ვერცხლის და 573 ბრინჯაოს მედალია. წელს ისტორიაში პირველად დააფიქსირეს 42 შედეგი, რაც ასევე, სარეკორდო მაჩვენებელია. მინისტრმა ისაუბრა საქართველოში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირებზე, რომლის მასპინძლობისთვისაც ჩვენმა ქვეყანამ უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა. ეს იმის წინაპირობაა, რომ საქართველო 2026 წელს კიდევ ერთხელ მოექცევა ყურადღების ცენტრში და უმასპინძლებს არაერთ საერთაშორისო ტურნირს.

 

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • დეკემბერი 24, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *