შობა–ახალი წლის ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში
By

შობა–ახალი წლის ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

საქართველოში საახალწლო ტრადიციები დიდი ხნის წინ დამკვიდრდა. ისტორიული წყაროების მიხედვით, ჩვენთან ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წელიწადის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. IV საუკუნეში ახალ წელს 6 აგვისტოს ზეიმობდნენ, VII საუკუნიდან აგვისტოს სექტემბერი ჩაენაცვლა. IX საუკუნის 20-იანი წლებიდან ახალი წლის ათვლა გაზაფხულის პირველი თვიდან – მარტიდან იწყებოდა. იანვარში კი ახალი წლის აღნიშვნა X საუკუნეში დაიწყო, თუმცა საბოლოოდ XIV საუკუნეში დამკვიდრდა. სწორედ ამ პერიოდში დაწესდა ძალიან ბევრი საახალწლო წეს-ჩვეულება და რიტუალი.
ისევე, როგორც საქართველოს კუთხეები, მათი ტრადიციებიც მრავალფეროვანი, საინტერესო და ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა ნებისმიერი მათგანის მიზანი ერთია – დღესასწაულს ისე უნდა შეხვდნენ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოუტანოს.

აჭარა

აჭარაში საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია აჩმა,  ბაქლავა, მარცვლეული და განსაკუთრებით, ხორბალი. ხორბალი მთელ საქართველოში ნაყოფიერებისა და ბარაქის სიმბოლოდ ითვლება, ამიტომ აჭარაშიც ბარაქის მოსაზიდად ოთახის ყველა კუთხეში მარცვლეულს ყრიან და თან შელოცვას კითხულობენ. ძველად, აჭარაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ფერხვას (იგივე მეკვლეობა), უპირატესად, ბავშვის, უფრო კი ბიჭის მეკვლეობას.
ახალგაზრდები თითქმის გათენებამდე დადიოდნენ სოფელში და ყველა ოჯახს ახალი წლის დადგომას სიმღერით ულოცავდნენ:
„შემოვდგი ფეხი, გილოცავთ,
გწყალობდეთ წმინდა ბასილი,
იმისი მადლით იყავით
პურით და ღვინით ავსილი“.
მასპინძლები მათ საჩუქრებს აძლევდნენ.

გურია
გურიაში, ისევე, როგორც სამეგრელოში, შობა-ახალ წელს კალანდობას უწოდებენ. ახალ წელს აუცილებლად იკვლება ღორი, ცხვება გურული კვერები ყველითა და კვერცხით, ნაზუქები, მზადდება კუპატი, საცივი. კალანდობის მთავარი ატრიბუტი ჩიჩილაკია, რომელიც აუცილებლად უნდა მოირთოს. გურიაში ახალ წელს ოჯახის უფროსი ულოცავს ოჯახს. ახალი წლის დადგომისთანავე იგი ჯერ მარანსა და საბძელს მოინახულებს, შემდეგ შევა სახლში წითელი ღვინით და დალოცავს ქვეყანასა და ოჯახს. ახალი წლის ღამეს გურიაში მეალილოეები დადიან და მღერიან, აგროვებენ ტკბილეულს, ფულსა და ხილს.

სამეგრელო

სამეგრელოში ახალ წელს თოფების სროლით ეგებებიან. ახალი წლის დილას ოჯახის უფროსი სახლიდან გარეთ გადის, ხელში მორთული ჩიჩილაკი უჭირავს და რიტუალს ატარებს, რის შემდეგაც სახლში შემოდის, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებს და საახალწლო ტაბლას მიუჯდება, რომელზეც ღორის თავი, ხაჭაპურები, ხილი და სხვა სანოვაგე ალაგია. საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით „დააბერებს“. სამეგრელოში თხილისგან გამოთლილ ჩიჩილაკს ბამბითა და სათამაშოებით რთავენ, მის სიახლოვეს კი აუცილებლად ალაგებენ ხილს, ტკბილეულს, მოხარშულ გოგრას, ხაჭაპურს, ფელამუშს და ღვინოს. სამეგრელოში მეკვლეს დიდი სიფრთხილით წინასწარ ირჩევენ და ოჯახიც საგულდაგულოდ ემზადება მის დასახვედრად.

იმერეთი

იმერეთში საახალწლოდ რამდენიმე ჩიჩილაკი მზადდებოდა. ერთ-ერთი მარნისთვის იყო განკუთვნილი. ახალი წლის დილას შინაური მეკვლე წყაროდან წყალს მოიტანდა. ოჯახის წევრები პირს დაიბანდნენ და ისევ მეკვლის წინამძღოლობით, მარნისკენ წავიდოდნენ. მიჰქონდათ სანოვაგით სავსე გობი, ორშიმო და ჩიჩილაკი. მეკვლე ჩიჩილაკს საახალწლო ჭურის გვერდით დაასობდა, მარანს ახალ წელს მიულოცავდა, შემდეგ საახალწლო ჭურს მოხდიდა, ღვინოს გასინჯავდნენ და დოქებს აავსებდნენ. ამ ტრადიციას დღეს ცოტა თუ იცავს.

სამცხე-ჯავახეთი

31 დეკემბერს მზის ჩასვლისას ოჯახის უფროსი მამაკაცი ხელში რკინის ჯოხით სახლს სამჯერ შემოუვლიდა და ფუძის ანგელოზს სთხოვდა, მისი ოჯახი ეშმაკის გზიდან აეცდინა. საღამო ჟამს დიასახლისი შეუდგებოდა საახალწლო კვერების გამოცხობას. ამის შემდეგ სახლის უფროსი კვერებს ტაბლაზე დაალაგებდა. შუაში ესვენა ბასილა, რომელსაც ხელები გულზე ჰქონდა გადაჯვარედინებული. თავთან და ფეხებთან ბასილას ბანის პურებს დაუდებდნენ. ტაბლაზე დადებდნენ თაფლიან ჯამს, ჰალვას, გოზინაყს და ტყვიას. ამ ტაბლას ოჯახის უფროსი კერასთან მიდგამდა, მამლის ყივილისას, აიღებდა, ავიდოდა სახლის ბანზე და დარბაზის გვირგვინს სამჯერ შემოუვლიდა ლოცვით: „ერდოსა შენსა შემოვდგი ფეხი, ჩემო ცოლ-შვილო გწყალობდეს ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა, გწყალობდეს წმინდა ბასილა“.

რაჭა

ახალ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ რაჭაშიც. საახალწლოდ აქ ორ ბაჭულს აცხობენ – ერთს ახალი, მეორეს კი ძველი წლისთვის. დიასახლისები აუცილებლად აცხობენ ადამიანის სახის „კაც-ბასილას“ და ერთ დიდ პურს „კერია-ბერიას“, რომელსაც სხვადასხვა სახით აჭრელებენ. ამ ნამცხვრებს ოჯახის უფროსი ცხრილზე დაალაგებს და ბეღელში შეინახავს. მამლის პირველი ყივილისას, „მაკვრიელი“ ანუ მეკვლე ცეცხლს დაანთებს, შემდეგ გარეთ გავა, მარხილზე დაწყობილ ნეკერს მოტეხავს, ჩიჩილაკს აიღებს და ბეღელში შევა. შემდეგ შინ შემოვა ლოცვით: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი. დიამც მამივა ახალი წელი: შეძენის და მოგების, მშვიდობის და კარგად ყოფნის, ვაჟიანობის, ღვინიანობის, პურიანობის“. შემდეგ წყლის მოსატანად წავა. მის დაბრუნებამდე ყველანი დგებიან. მეკვლე ყველას ხელ-პირს დააბანინებს, საუზმის დროს კი ოჯახის ყველა წევრს „კერია-ბერიას“ უნაწილებენ. თუ ოჯახი მეკვლეს კარგად დაცდის, მას კიდევ სამი წლით აირჩევს. ამ სამი წლის განმავლობაში, მეკვლე ოჯახს პირველი მიულოცავს ახალი წლის დადგომას ღვინის დოქით, მოხარშული ლორით, შემწვარი წიწილით, ვაშლში ჩამაგრებული ხურდა ფულით, ჩიჩილაკითა და სანთლით ხელში. დალოცავს ოჯახს, საბძელს, ნალიას, მერე კი იწყება ლხინი. რაჭულ საახალწლო სუფრას ამშვენებს ლობიანები, ღვინო, ლორი, თაფლი, კაკალი, ტყლაპი, ჩირი და ვაშლი.

სვანეთი
ახალი წლის ღამეს სვანები სხვადასხვა სანოვაგეს გიდელში (წნელისა და ტკეჩისგან მოწნული უყურო, მოგრძო კალათი) ჩაალაგებენ და სახლის გასავალ კარებზე ჩამოკიდებენ, რომ მეკვლეს მზად დახვდეს. მეკვლე კარებზე დააკაკუნებს შემდეგი სიტყვებით: „ყორ მუკიარ, ყორ მუკიარ (კარი გააღეთ) ღერ თემიში იხელწიფი ჟორ ამღვე, ყორ მუკიარ (ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვს, კარი გამიღეთ)“. სახლში შესვლისას კერას სამჯერ შემოუვლის, დიდ ჯვრიან პურზე დააწყობს ტკბილეულს და ვერცხლის ფულებს, უფროს-უმცროსობით ყველას დაუვლის და დღესასწაულს ულოცავს. სვანეთში ახალი წლის ღამეს ძალიან ერიდებიან სტუმრად წასვლას. სვანურ საშობაო სუფრაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ხორცეულს. აქ შობას საკლავის გარეშე არ აღნიშნავენ. იკვლება ხბო, ხარი, უმეტესად კი ღორი. საშობაო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს კუბდარი, ხაჭაპური, ფხლოვანა, ფეტვრა. ტრადიციულად ხარშავენ ხბოს ან დეკეულის ბეჭს, ამზადებენ ღორის კუპატებსა და ზისხორას, რომელიც უძველესი სვანური კერძია.

ქართლი
ქართლში თავდაპირველად აცხობენ ბასილას ქანდაკებას, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ-ორ ბედის კვერს და თითოს შინაური ცხოველებისთვის. გამთენიისას, ოჯახის უფროსი ხონჩაზე ღორის თავს დადებს, ირგვლივ ბედის კვერებს შემოუწყობს და ზედვე ბასილას ქანდაკებას დაასვენებს. ხონჩის ერთ გვერდზე “დასაბერებლად” თაფლში ამოვლებულ პურის ლუკმებს ჯამით მოათავსებს და ანთებულ სანთლებს მიაკრავს. ამ საახალწლო ხონჩას ქართლში „აბრამიანს” უწოდებენ.

ახეთი
კახეთში, ისევე როგორც ქართლში, ახალი წლისთვის ჩამიჩიან პურებს, იგივე ნაზუქებს აცხობენ. ოჯახის ყოველ წევრს თითო ჩამიჩიანი პური უნდა შეხვდეს. ახალი წლის ღამეს ყველა თავისას ტეხავს. ახალი წლის ღამეს ჩურჩხელებს, ჩირს, ღორის თავს ჩამიჩიან პურებთან ერთად, ხახალაზე აწყობენ და თან არაყსა და ღვინოსაც მიუდგამენ გვერდით. გამთენიისას, ოჯახის უფროსი გარეთ გადის და სახლს სამჯერ შემოუვლის. შინ შემობრუნებისას კი ოჯახის წევრებს ახალ წელს ულოცავს და საგანგებოდ მომზადებული ჯამიდან ყველას თითო ლუკმა პურს უდებს პირში.
თუშეთი
თუშეთში, ზამთრის სადღესასწაულო რიტუალებს შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი წლის შეხვედრა, რომელსაც თავისი ოჯახის ბედს თუ უბედობას უკავშირებენ. ამიტომ, თუშებიც თავიანთ „წელწდობას“ მოწიწებით ეგებებიან. საახალწლოდ თუშეთის სოფლებში არაყს ხდიან და ლუდს ადუღებენ. ოჯახებში აცხობენ ერთ გულიან კოტორს „ქრისტეს საგძალს“, კაცზე – „ბაცუკაცს“ და ქალზე – მრგვალ კვერს. აცხობენ აგრეთვე დამახასიათებელ ნიშნებიან საქონლის კვერებს. ყველა ამ კვერს ხონჩაზე დაალაგებენ და ზედვე დებენ: მატყლს, მარილს, ყველს, ერბოს და ამ სუფრას მეკვლის მოსვლამდე ხელს არავინ ახლებს. დიასახლისი აგრეთვე აცხობს სახლის ანგელოზის ან ფუძის ანგელოზის კვერს და „კერის კვერს.“ საახალწლოდ ირჩევენ მეკვლეს, რომელსაც მოაქვს პური და ამ პურზე უწყვია: ერბო, ყველი, მატყლი და რაიმე ტკბილეული. მეკვლეს ხელში არაყიც უჭირავს. ოჯახში შემოსვლისას, პურს შემოაგორებს და იტყვის: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა, კაი წელი გამოგეცვალოთ მრავალი. ერთი ესე, ათასი სხვა. გაგიმრავლოთ შინ ოჯახი, გარეთ საქონი!“
ფშავი

მამლის პირველი ყივილისას დიასახლისი დგება, ჯალაბს ნაყრად (საგზლად) ხმიადს გამოუცხობს, ხონჩაზე დადებს და მას კერის პირზე მიდგამს, გარშემო თაფლ-ერბოიან ჯამებს შემოუმწკრივებს. ოჯახიდან ერთი წყალზე წავა, თან „ნაყრს“ – ყველს და პურს წაიღებს. იქ წყალში ჩააგდებს და სამჯერ იტყვის: „წყალო, ნაყრი მოგიტანე, ბედი გამომაყოლეო.“ ამ წყალსაც დიასახლისი სუფრასთან მიდგამს, სუფრას სახელს შესდებს და დაილოცება. ამის შემდეგ ოჯახის წევრებს თაფლს და ხილს შეაჭმევს და ერთმანეთს ეტყვიან: „ეგრემც ტკბილად დამიბერდიო“. გადმოიღებენ ხმიადებს, წვნიან ჯამებს და საუზმობენ. ოჯახი უცდის წინა ღამეს ხატში წასული ღამისმთევლების გამობრუნებას, მეკვლეს შემოსვლას და ოჯახიდან არავინ გადის. დიასახლისი ქვაბს ჩამოჰკიდებს და ხინკლის კეთებას შეუდგება.

ხევსურეთი

ხევსურები ახალ წელს „წელწადს“ უწოდებენ და მას დიდი სამზადისით ეგებებიან. ოჯახებში საახალწლო არაყს ხდიან, ხატში დასტურები ლუდს ხარშავენ. დიასახლისი საახალწლო კვერებს აცხობს. ყველაზე დიდი სამეკვლეო კვერია, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი, კაცი, სახნისი, ხარი, ძროხა, ცხენი, ქერის თავთავი და სხვა. სამეკვლეო კვერს გამოცხობის დროს უცქერიან და, რომელი გამოსახულებაც აიწევს, იმ წელიწადს ის იქნება მრავალი და დოვლათიანი. შემდეგ დიასახლისი ოჯახის ყველა წევრისათვის აცხობს ბედის კვერებს: თითოეულს თავისი ნიშანი აზის და გამოცხობის დროს, ვისიც აფუვდება, ის ბედიანი და იღბლიანი იქნებაო.

ლეჩხუმი

ლეჩხუმში ახალ წელს, ნაშუადღევს, ოჯახის უფროსი მამაკაცი ზურგზე მოიკიდებდა მეორე მამაკაცს და ვენახისკენ გასწევდა. თან მიჰქონდა ტაბლა, რომელზდაც ეწყო ღვინიანი ჭიქა, ღორის შემწვარი ხორცი, ანთებული სანთელი და ხორბლის ერთ-ერთი ჯიშის – ზანდურის თავთავების კონა. ამის შემდეგ კაცს ჩამოსვამდა, თავთავების კონას სარზე ჩამოაცვამდა, ტაბლას წაღმა შეატრიალებდა, მერე ღვინით დაილოცებოდნენ და მიტანილ სანოვაგეს შეექცეოდნენ.

აფხაზეთი

აფხაზეთში ახალ წელს განსაკუთრებულად არა 31 დეკემბერს, არამედ 13 იანვარს ხვდებიან. ამ დღეს „განახლებას”, ანუ „სამყაროს შექმნას” უწოდებენ. აჯირნიხუა ანუ ხეჩხუამა – ასე უწოდებენ ძველ ახალ წელს, რომელიც აფხაზეთში ოფიციალურადაა აღიარებული არასამუშაო დღედ.

 

მარიამ ხითარიშვილი

 

 

  • No Comments
  • დეკემბერი 25, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *