ოფთალმოლოგია და ესთეტიკა ერთ სივრცეში – პროფესია, რომელიც ხედვასა და სილამაზეს აერთიანებს
ოფთალმოლოგია ის სფეროა, სადაც ექიმის ერთი სწორი გადაწყვეტილება ადამიანის ყოველდღიურობას მთლიანად ცვლის. ჩვენი რესპონდენტი ოფთალმოლოგი და ინიექციონისტი ნინო მახარაძე ის ექიმია, რომელმაც პროფესიული გზა ადამიანების გაბედნიერების სურვილით აირჩია. არჩევანი უშვილო წყვილებისთვის პრობლემის მოგვარებასა და დაკარგული მხედველობის დაბრუნებას შორის გააკეთა. ომის და იძულებითი გადაადგილების მიუხედავად, დედობის პარალელურად მან, შეძლო პროფესიული განვითარება, თანამედროვე სტანდარტების დაუფლება და ბათუმში წარმატებული „ოპტიკ ცენტრის“ გახსნაც. ოფთალმოლოგიურ პრაქტიკასთან ერთად მან თვალის ირგვლივი ზონის სიღრმისეული ცოდნის საფუძველზე, ინიექციონისტობაც შეითავსა – სწორედ იმ მიზნით, რომ პაციენტებს უსაფრთხო, პროფესიონალური და ბუნებრივი შედეგები შესთავაზოს.
იგი დღეს პროფესიულ გამოწვევებზე, პაციენტებში ნდობის მიღწევის მნიშვნელობაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების როლზე და ესთეტიკურ პროცედურებთან დაკავშირებულ მითებზე გვესაუბრება.
– ქალბატონო ნინო, თვალის სტრუქტურა ერთ-ერთი ყველაზე რთული და მგრძნობიარე ანატომიური სისტემაა. . . რატომ აირჩიეთ ეს მიმართულება?
– როდესაც სამედიცინოზე ჩავირიცხე, ექვსი წელი მქონდა იმისთვის, რომ მომეფიქრებინა, რომელი სპეციალობით ვიმუშავებდი სამომავლოდ. რატომღაც ვფიქრობდი, ამერჩია ისეთი სპეციალობა, რომლითაც ადამიანებს განსაკუთრებულად გავახარებდი და გავაბედნიერებდი. ან გინეკოლოგია უნდა ამერჩია და უშვილო წყვილებთან მემუშავა, ან ოფთალმოლოგია. დამეთანხმებით, უშვილო წყვილთან მუშაობის, მკურნალობის შედეგად ორსულობა რომ დგება და მათ შვილს აჩუქებ, რამხელა ბედნიერებაა, ან, თუ ოფთალმოლოგი ხარ და დაკარგულ მხედველობას აღუდგენ ადამიანს, დაეხმარები სამყაროს დანახვაში, თუნდაც ბავშვს, როგორი სიხარულია. . . მთელი ექვსი წელი ვფიქრობდი ამ ორ პროფესიაზე და ვიცოდი, რომ ან ერთს ავირჩევდი, ან – მეორეს.
– ხომ არ გახსოვთ კონკრეტული მომენტი ან ადამიანი, რომელმაც ამ სპეციალობის არჩევისკენ გიბიძგათ?
– ბაკალავრიატი რომ დავასრულე, უკვე ქორწინებაში ვიყავი. როდესაც ფიქრი დავიწყე, რომელი მიმართულებით წავსულიყავი, მეუღლე არჩევანში დამეხმარა. რახან უკვე გათხოვილი ვიყავი, მალე შვილები მეყოლებოდა და ძალიან ბევრი დროც არ მექნებოდა (მოგეხსენებათ, გინეკოლოგებს როგორი გრაფიკი აქვთ, ღამის ცვლაშიც მუშაობენ. . .). ოფთალმოლოგია ამ მხრივ უფრო მარტივი იყო, ნაკლებად დატვირთული ვიქნებოდი და არჩევანიც სწორედ ამიტომ მასზე შევაჩერეთ.
– რა გამოწვევების წინაშე დადექით ოფთალმოლოგიის სწავლების საწყის ეტაპზე?
– რეზიდენტურა უკრაინაში მაქვს დამთავრებული, ორდინატურაც იქ უნდა გამევლო და რომ წავედი, რამდენიმე თვეში ომი დაიწყო. საკმაოდ რთული პერიოდი დაგვიდგა, შეწყდა სწავლება, დისტანციურ, ონლაინ სწავლაზე გადავედით. ხომ წარმოგიდგენიათ, სამედიცინო დისტანციურად როგორი რთული იქნებოდა? საქართველოში დაბრუნება მომიწია, აქედან გავდიოდი ონლაინ სწავლებას და, ამ მხრივ, ძალიან უკმაყოფილო ვიყავი. მე დონეცკში ვსწავლობდი, სადაც ყველაზე დაძაბული მდგომარეობა იყო, არც ფრენები იყო. შემდეგ, რამდენიმე ადამიანის დახმარებით, დისტანციურად შევძელი საბუთები კიევის უნივერსიტეტში გადამეტანა და იქ გავაგრძელე სწავლა. ძალიან რთული გზა გავიარე. ჩემი კურსელებიდან ერთადერთი ვიყავი, ვინც საბუთების გადატანა შეძლო. როგორც ვიცი, დანარჩენებმა ონლაინ გააგრძელეს სწავლა. სხვათა შორის, წლამდე ბავშვთან ერთად ჩავედი უკრაინაში. იქ გახდა ჩემი ბიჭი ერთი წლის. ვერსად დავტოვე და თან წავიყვანე. ბინა კლინიკის წინ ვიქირავეთ და გადავირბენდი – გადმოვირბენდი.
– როგორ ფიქრობთ, რა თვისებები უნდა ჰქონდეს კარგ ოფთალმოლოგს და ცდილობდით თუ არა თავიდანვე გარკვეული სტანდარტების დაცვას?
– ძალიან კარგი თვისება ნდობის მოპოვების უნარია, რაც, ვიფიქრობ, რომ გამაჩნია. პაციენტმა თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს და მათთან ურთიერთობისას ეს კარგად გამომდის. მნიშვნელოვანია მიზანდასახულობაც. მხოლოდ რეზიდენტურის და ორდინატურის დამთავრება არ კმარა, მედიცინა მუდმივად ვითარდება და მეც არასდროს ვჩერდები. დავდივარ ტრენინგებზე როგორც საზღვარგარეთ, ასევე აქაც. სხვადასხვა კურსსაც გავდივარ. თავიდანვე მქონდა მიზნად დასახული, რომ ამ პროფესიაში ბოლომდე ჩავფლულიყავი და სადმე ახალი სტანდარტი თუ ინერგება, ყველაფერს შეძლებისდაგვარად ფეხდაფეხ მივყვები. ვფიქრობ, მიზანდასახულობა ერთ-ერთი საჭირო თვისებაა ექიმისთვის.

– რა იყო პირველი კლინიკური გამოცდილება, რომელმაც დაგარწმუნათ, რომ სწორ გზაზე დგახართ?
– წლების წინ ადენოვირუსული კონიუქტივიტის ეპიდემია რომ იყო, ძალიან ბევრი პაციენტი მოგვმართავდა. საკმაოდ რთული სამართავი იყო პაციენტების იმ რაოდენობის ნაკადი. თან გადამდები იყო და როცა ერთს ემართებოდა, მეორე დღეს მთელი ოჯახი მოდიოდა სამკურნალოდ. ამ დაავადებამ რქოვანა გარსზე ნაწიბურების დატოვება იცის, რაც შესაბამისად, მხედველობის დაქვეითებას იწვევს, ამიტომ დროული მკურნალობა იყო საჭირო. ამაყი ვარ, რომ ამ ყველაფერს კარგად გავართვი თავი.
– თქვენი აზრით, როგორ შეიცვალა ოფთალმოლოგიის სფერო იმ პერიოდიდან დღემდე, როცა პრაქტიკა დაიწყეთ?
– ნამდვილად შეიცვალა. სწორედ ამიტომ აღვნიშნე, რომ მუდმივად სწავლა-განვითარებაში უნდა იყოს სამედიცინო პერსონალი, განსაკუთრებით ექიმები. პერიოდულად, რა თქმა უნდა, უახლესი აპარატურა შემოდის, ჩემს კაბინეტშიც ხშირად ვანახლებ აპარატურას, თუმცა შეიცვალა არა მხოლოდ ოფთალმოლოგია და აპარატურა, არამედ დაავადებებიც. ადრე თუ იყო, მაგალითად, ადენომიური კონიუქტივიტები, ახლა სხვანაირი მიმდინარეობა აქვს ამ დაავადებას და უფრო სხვა პრობლემები წამოვიდა ოფთალმოლოგიური დაავადებების მხრივ.
– რომელმა გამოცდილებამ ან პაციენტმა დატოვა ყველაზე დიდი კვალი თქვენს პროფესიულ ჩამოყალიბებაში?
– ყველაზე დიდი კვალი იმ ეპიდემიამ დამიტოვა, ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იყო ჩემთვის. ასევე, მახსენდება, რამდენიმე წლის წინ, ოზურგეთში რომ ჩავდიოდი, კვირაში ერთი დღით. რამდენიმე მწოლიარე პაციენტი მყავდა, რომლებმაც ბათუმში ჩამოსვლა ვერ შეძლეს და ოჯახის წევრებმა მთხოვეს, მათთან ჩავსულიყავი. მკურნალობის პროცესი დაახლოებით ერთი კვირა გაგრძელდა. პორტატული აპარატები წავიღე, რადგან ჩვენი დანადგარები საკმაოდ მძიმეა. შევეცადე, ასე ვთქვათ, შიშველი ხელებით ამომეცნო მათი დაავადება და მემკურნალა. ერთ პაციენტს სათვალეც კი შევურჩიე და ძალიან მადლიერები იყვნენ. შემდეგ მოვინახულე ისინი და დავრწმუნდი, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთე. შესაძლოა, ხელთ არ გვქონდეს თანამედროვე და მაღალი დონის აპარატურა, მაგრამ ექიმი ვალდებულია, პაციენტს სწორი დიაგნოზი დაუსვას და უმკურნალოს. საკმაოდ ასაკოვან ხალხთან მომიწია მუშაობა, 80-90 წლის ასაკში იყვნენ და ისეთი ბედნიერები დარჩნენ მკურნალობის შედეგით, ვერ აღვწერ. მიხარია, მოხუცებს რომ ვაბედნიერებ და ვემსახურები.
– ბათუმში საკმაოდ წარმატებული „ოპტიკ ცენტრი“ გაქვთ. . . თვალის რა პრობლემებით მოდიან თქვენთან პაციენტები და ზოგადად, როგორ მომსახურებას სთავაზობს ეს ცენტრი მომხმარებლებს?
– პაციენტები თვალის ნებისმიერი პრობლემით მოდიან. ჩვენი აპარატურით დიაგნოზს ვუსვამ და თუ გადამისამართებას საჭიროებს, მაგალითად, გლაუკომების შემთხვევაში, ქირურგებთან ვამისამართებ. ძირითადად, მაინც სათვალესთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ. აბსოლუტურად ყველა სახის აპარატი გვაქვს, რაც ოპტიკას ესაჭიროება. ძალიან კარგად დატრენინგებული პროფესიონალი კადრები გვყავს. მომხმარებლებს ადგილზე შეუძლიათ თვალის დიაგნოსტიკა, ასევე – ექიმის კონსულტაციის მიღება, სათვალეების ადგილზევე მორგებაც – სულ რაღაც ერთ დღეში. არაა საჭირო ლოდინი, შეკვეთა და ასე შემდეგ. გვაქვს საკუთარი ლაბორატორია. ვფიქრობ, ეს დიდი კომფორტია. საკმაოდ ბევრი ტურისტი მოგვმართავს, რომლებსაც ეჩქარებათ, მეორე დღეს მიფრინავენ, ჩვენთან იმავე დღეს შეუძლიათ მიიღონ სრული მომსახურება. სათვალეების და კონტაქტური ლინზების ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს. ამას თვითონ პაციენტები და მომხმარებლებიც აღნიშნავენ. ასევე, ძალიან ხშირად ვამზადებთ ანტიკომპიუტერულ სათვალეებს. მოგეხსენებათ, დღეს საზოგადოების დიდი ნაწილი, ძირითადად, ან ტელეფონთან, ან კომპიუტერთან ატარებს დროს. შეიძლება მხედველობის პრობლემა არ ჰქონდეს, მაგრამ ანტიკომპიუტერული სათვალე დამცავი ფილტრებით აუცილებელი ხდება. თუ ჩემთან კონსულტაციასაც გაივლიან, სპეციალური წვეთებიც მაქვს, რომელიც ძალიან დაეხმარებათ.
– რამდენად შეცვალა თანამედროვე ტექნოლოგიებმა თვალის დიაგნოსტიკის პროცესი და რა უპირატესობები მოიტანა?
– შეიძლება ითქვას, ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობები მოიტანა. ადრე, როცა არ გვქონდა ისეთი ტექნოლოგიები და აპარატურა, როგორც დღეს გვაქვს, მკურნალობის პროცესს ვიწყებდით, სამი დღე ვაკვირდებოდით, რამდენად სწორად ემორჩილებოდა დაავადება/პრობლემა ამ მკურნალობას და თუ გაუმჯობესება მიდიოდა, ესე იგი სწორი მიმართულებით მივდიოდით. თუ ვერ ვხედავდით გაუმჯობესებას, მკურნალობის პრინციპის შეცვლა გვიწევდა. ახლა ტექნოლოგიებმა და თანამედროვე აპარატურამ ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალება მოგვცა, ძალიან გაგვიმარტივა მუშაობის პროცესი და რაც მთავარია, შეგვიმოკლა მკურნალობის დრო. ადრე იყო შემთხვევები, როცა ორი კვირა, ერთი თვე ვმკურნალობდით პაციენტებს, ახლა ისეთი აპარატურა შემოვიტანეთ, სამ დღეშიც კი მოგვირჩენია პაციენტები.
– როგორც ოფთალმოლოგმა, განსაკუთრებულად კარგად იცით თვალის ირგვლივი ზონის (და არამხოლოდ) თავისებურებები და პარალელურად ინიექციონისტობაც შეითავსეთ. ყველაზე ხშირი შეცდომა რა არის ამ ზონაზე მუშაობისას?
– ძალიან ბევრი პაციენტი მომმართავდა ბოტოქსის შემდგომი გართულებით. სამწუხაროდ, ხშირი შემთხვევაა, როდესაც პაციენტი ბოტოქსის გაკეთებიდან დაახლოებით ერთ კვირაში მოდის დახუჭული თვალით, ჩამოვარდნილი ქუთუთი და ა.შ. ამას იწვევს არასწორი ტექნიკით გაკეთებული ბოტოქსი. ჩვენ გვიწევდა შედეგების აღმოფხვრა, ხშირ შემთხვევაში, სათვალესაც ვიშველიებდით, სხვა გზა აღარ გვრჩებოდა. სათვალის გაკეთების დროს ქუთუთოს წამოწევა შეეძლო პაციენტს და თვალს ახელდა, ხოლო სათვალეს რომ იხსნიდა, კუნთი არ ემორჩილებოდა და თვალი ეხუჭებოდა. საკმაოდ სტრესული იყო ეს ყველაფერი. ახლაც, როცა პაციენტი თვალდახუჭული მოდის, ორი კვირის განმავლობაში ვმკურნალობთ, რომ კუნთი ავამუშაოთ და პაციენტმა თვალის გახელა შეძლოს. დაახლოებით მერვე დღიდან უკვე შეიგრძნობა ეს ეფექტი, თუმცა სრულ მკურნალობას 21 დღე სჭირდება. ამდენი პაციენტის მკურნალობის შემდეგ გადავწყვიტე, რომ თვითონ მეკეთებინა ეს საქმე და პარალელურად ინიექციონისტი გავმხდარიყავი. მოგეხსენებათ, სახის ანატომია საკმაოდ კარგად მაქვს შესწავლილი და შესაბამისად, არ მოვხვდები იმ წერტილში, რომელიც თვალის დახუჭვას, დახრას, ან ქუთუთოს ჩამოვარდნას გამოიწვევს. ცხადია, აქტიურად ვაგრძელებ მუშაობას იმ პაციენტებთანაც, რომლებიც სხვის მიერ არასწორად გაკეთებული ბოტოქსის შემდეგ სხვადასხვა ჩივილით მოდიან.
– რა მითებს აწყდებით ყველაზე ხშირად თვალის მიდამოს ესთეტიკურ პროცედურებთან დაკავშირებით?
– ხშირად გამიგია – თვალის ირგვლივ შეხება ყველაზე საშიშია, თვალის მიდამოსთან არ უნდა გაიკეთოთ ნემსი და ასე შემდეგ. ასე არ არის, პროფესიონალის მიერ ჩატარებული თვალის ირგვლივი პროცედურები ძალიან უსაფრთხოა. პირიქით, მაგალითად, თვალის სიმშრალის დროს ძალიან კარგია თვალის ბიორევიტალიზაცია, ძალიან მნიშვნელოვანია, ქუთუთო იყოს კარგად დატენიანებული. თვალის ხამხამის დროს ცხიმოვანი ქუთუთო უფრო კარგად ატენიანებს თვალს. ერთ-ერთი მითია ასევე, რომ ერთი პროცედურით ყველაფერი მოგვარდება. ასე არ არის. დაახლოებით 3-4 პროცედურა მაინც უნდა გაკეთდეს კარგი შედეგის მისაღებად. არის მითები ბოტოქსის პროცედურებზეც, რომ იგი სამუდამოდ აშეშებს კუნთებს და ა.შ. ახლა იმდენად დაწმენდილია პრეპარატები ტოქსინებისგან, რომ იგი საშუალოდ 3-დან 4 თვემდე ძლებს, როცა ადრე ნახევარ წელზე მეტს ძლებდა სახეზე. სწორად ჩატარებული ბოტოქსის პროცედურა ნაოჭების წინააღმდეგ ძალიან კარგ შედეგებს გვაძლევს. მითია ისიც, რომ ბოტოქსს ეჩვევა ორგანიზმი და შემდეგ უფრო დიდი დოზები დაგჭირდებათ. ასე არ არის. ბოტოქსი რამდენიმე თვის შემდეგ სრულიად გამოდის ჩვენი კუნთებიდან და ახალი პროცედურის გაკეთებას საჭიროებს.

– როგორ წყვეტთ, კონკრეტულ პაციენტს რომელი პროცედურა სჭირდება და როდის ჯობს, თავი შეიკავოს?
– ძირითადად, პაციენტები ბოტოქსის და ფილერის გაკეთების მოთხოვნით მოდიან, მაგრამ ყოველთვის ვურჩევ, რომ ჯერ გაიჯანსაღონ სახის კანი და თვალის ირგვლივ მიდამო. კანი რომ გაჯანსაღდება, ერთ ფერზე მოვა, სხვანაირად რომ გამონათდება, სხვა ჩარევა აღარაა საჭირო. ყოფილა შემთხვევები, როდესაც სახის კანის გაჯანსაღებით – ბიორევიტალიზაციებით, მეზოთერაპიებით იმდენად კმაყოფილები დარჩენილან, ბოტოქსსა და ფილერზე აღარ უფიქრიათ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება თავის შეკავებას, თუ პაციენტები რაიმე სახის პრეპარატებს იღებენ, ძირითადად, მაშინ ვურჩევ თავის შეკავებას, იქნება ეს ანტიბიოტიკი, ვირუსის საწინააღმდეგო წამალი თუ სხვა. მირჩევნია, ერთი კვირის შემდეგ გავუკეთო პროცედურა. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში უსაფრთხოა ეს პროცედურები, მაინც არ მიყვარს პრეპატარების პარალელურად ინიექციების გაკეთება.
– რომელი პროცედურები იძლევა ყველაზე უსაფრთხო და ბუნებრივ შედეგს?
– ყველა პროცედურა არის უსაფრთხო თუ ის პროფესიონალის მიერ არის ჩატარებული. მე განსაკუთრებით მიყვარს პლაზმოლიფტინგის პროცედურა, რომელიც საკუთარი სისხლით, საკუთარი თრომბოციტებით კეთდება და ძალიან კარგი შედეგი აქვს. სახის კანს კარგად აჯანსაღებს, თვალის ირგვლივაც კეთდება და ყველაზე უსაფრთხოა.
– რა არის ყველაზე რთული ამ პროფესიაში – ტექნიკური სირთულეები, პაციენტებთან კომუნიკაცია თუ სხვა ფაქტორი?
– ყველაზე რთულია, აუხსნა პაციენტს, რომ ერთი პროცედურით ვერ მოუგვარებ ყველა პრობლემას. ყოველ ჯერზე გვიწევს ახსნა, რომ სამი-ოთხი პროცედურა მაინც დასჭირდებათ სასურველი შედეგის მისაღებად.
– უცხოენოვანი მომხმარებლებიც გყავთ და როგორც ვიცით, თავისუფლად საუბრობთ ინგლისურად, თურქულად და რუსულად…
– დიახ, სამივე ენა გამართულად წლების წინ ვისწავლე. ამ მხრივაც ჩემმა მეუღლემ შემიწყო ხელი. თურქულის სწავლაში უშუალოდ მეხმარებოდა. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ძალიან უხერხულია, როცა პაციენტი მესაუბრება, სხვას ვთხოვო თარგმნა. ჩემთვის დიდი კომფორტია, ვიცოდე ის ძირითადი ენები, რომლებიც ბათუმში საჭიროა. საკმაოდ სერიოზულ თემაზე რომ ვსაუბრობთ, როდესაც პაციენტი თავის სირთულეებზე მიყვება და მე რჩევებს ვაძლევ, მისი პრობლემების მოგვარება მესამე ადამიანის ჩართულობით, სატელეფონო ე.წ. ტრანსლეითერებით ისეთი ნაყოფიერი ვერ იქნება, როგორც უშუალო კომუნიკაციით. მიხარია, რომ ჩემი მეუღლე ყოველმხრივ გვერდით მიდგას. მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს პროფესიულ განვითარებაში. დღესაც, როცა მორიგ სერტიფიკატს ავიღებ, პირველად ჩემს მეუღლესთან ვრეკავ და ვეუბნები, რომ პროფესიულად კიდევ უფრო გავიზარდე. მასაც ჩემსავით უხარია. არასოდეს ზოგავს ენერგიას, ფინანსებს. . . თუ ქალაქგარეთ ვარ გასასვლელი, ან საზღვარგარეთ ტრენინგებზე მივდივარ, მიმყვება. „ოპტიკ ცენტრის“ გახსნაც მისი დამსახურებაა, ხარისხიანი პროდუქციით რომ ვემსახურები მომხმარებლებს – ესეც. თვითონ გვამარაგებს კონტაქტური ლინზებით, სათვალეებით, ყველაფერს თვითონ უზრუნველყოფს და მადლობა მას ამ ყველაფრისთვის.
– რა რჩევას მისცემდით პოტენციურ მომხმარებლებს, ვინც სამომავლოდ ინიექციების ჩატარებას გეგმავენ?
– ძალიან მნიშვნელოვანია 26 წლის ასაკიდან ყველამ ჩაიტაროს ბიორევიტალიზაცია, იმისთვის, რომ დიდხანს აღარ დასჭირდეს სხვა ინიექციური პროცედურები. დაიცვას ამით სახის კანი ნაოჭებისგან, გამოშრობისგან და ერთ ფერში მოიყვანოს სახე.

მარიამ ხითარიშვილი