მამის კვალზე – მამაზე უკეთესად
ნოემბრის ცივი და თოვლიანი დღე იყო, როცა სოფელი ცინარეთის ისტორიაში პირველ ექიმს ემშვიდობებოდა. უბედურმა შემთხვევამ გურამ ცინარიძეს 34 წლის ასაკში მოუსწრაფა სიცოცხლე. ნონა და ნინო კვირიაულის დაწყებითი სკოლის მოსწავლეები იყვნენ, ივერი კი სკოლამდელი ასაკისა. 30 წელს მიუღწეველ დედას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა მისახედ-საპატრონებელი. მედეა ფუტკარაძის დაქვრივებას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ქაოსი, ეკონომიკური სიდუხჭირე დაერთო. დედა, შვილებთან ერთად, კვირიაულიდან, სადაც საუბნო საავადმყოფო მდებარეობდა და ბინაც იქ ჰქონდა, მეუღლის სამკვიდროზე დაბრუნდა, ჯანმრთელობის სადარაჯოზე სამსახურს კულტურის სფეროში მუშაობა ამჯობინა. სოფელმა მას კლუბის ხელმძღვანელობა ანდო.
მძიმე და აუტანელი დასანახი იყო, როცა დედასა და შვილებს გურამის კუთვნილი სამედიცინო ინვენტარი ოჯახში მოუტანეს. 4 წლის ივერი იმ დღეს ყველას შეჰპირდა, რომ მამისეულ სამედიცინო ფონენდოსკოპსა და სხვა ნივთებს, რაც მთავარია, მის საქმეს, მისი სახით ღირსეული მემკვიდრე ეყოლებოდა.
– ივერის დაწყებით კლასებში ვასწავლიდი,- თქვა ცინარეთის საჯარო სკოლის დირექტორმა ნათელა ბახტაძემ. მამის მსგავსად მკვირცხლი და ჭკვიანი მოსწავლე იყო. ჯერ მასწავლებელი, შემდგომში დირექტორი დაინტერესებული ვიყავი სკოლის კურსდამთავრებულის მომავალი საქმიანობით. ივერი პირველსავე ცდაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ მისი დები ნონა და ნინო. ნინო უნივერსიტეტში ახლაც ასისტენტ პროფესორის რანგში მუშაობს. უმაღლესი სასწავლებლის წარჩინებით დასრულების შემდეგ განათლების სრულყოფისთვის საზღვარგარეთს მიაშურა.
თეორიული ცოდნის პრაქტიკით განმტკიცებამ დიდი როლი შეასრულა ივერის პროფესიონალ ექიმად ჩამოყალიბებაში. მან მოღვაწეობის სფეროდ ზოგადი ქირურგია აირჩია. პროფესიული ალღო, მიზანსწრაფვა საქართველოდან წარგზავნილს არ აკლდა, მაგრამ ეკონომიური მდგომარეობა ვერ უწყობდა ხელს. დედა, ახლობლები მაქსიმუმს აკეთებდნენ, რომ ივერის სწავლაში ხელი არ შეშლოდა. მიზნისთვის დაუღალავი შრომის შედეგმაც არ დააყოვნა. ივერის მეხსიერებიდან არ წაიშლება ის დღე, როცა მსოფლიოში ცნობილმა ხარკოველმა ქირურგებმა, სამედიცინო აკადემიის პრაქტიკანტს მუცლის ღრუში ოპერაციის ჩატარება დამოუკიდებლად ანდეს. პაციენტი დედის ხნის ქალბატონი იყო. მასთან მიმოწერა ახლაც აქვს. მაშინ ვერ იჯერებდა, რომ მის სამედიცინო პრაქტიკაში პირველ ქალბატონს ჯანმრთელობას შეუნარჩუნებდა.
ექიმზე საგაზეთო ნარკვევის დაწერა მადლიერების იმ სიტყვებმა შთაგვაგონა, რომლებიც შუახევის რაიონის სოფელ ფურტიოს მკვიდრმა რამინ მიქელაძემ გვითხრა: „ენა იოლად იტყვის, მაგრამ ერთი მე მკითხეთ, წინასაახალწლოდ რა გადავიტანე, ივერი ექიმი რომ არა, სულ სხვა სიტუაციაში ვიქნებოდი. მან და მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ „მედცენტრის“ პერსონალმა ენერგია და შესაძლებლობა არ დაზოგეს. ივერის დამსახურებით ახლა ჯანმრთელობა გამომიკეთდა, ცხოვრების ნორმალურ კალაპოტს დავუბრუნდი.
ივერი წლების განმავლობაში ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ქირურგი იყო. მან სხვა ქართველ ქირურგებთან ერთად, ბათუმის ისტორიაში პირველად, წარმატებით ჩაატარა ოპერაცია ღვიძლზე.
ივერი არც მხოლოდ ზოგად ქირურგიას დასჯერდა. მან 2021-2022 წლებში თბილისში ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარულ ცენტრში გადამზადება გაიარა სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულებით.
კვალიფიციური, პროფესიონალი ექიმების დეფიციტი სისხლძარღვთა ქირურგიაში განსაკუთრებულად თვალსაჩინოა ქვეყნის წამყვან კლინიკებში. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის ხელმძღვანელობა პირველი იყო, რომელმაც ივერის, პარალელურ რეჟიმში, მუშაობა შესთავაზა. იგი წუთითაც არ დაფიქრებულა, დასთანხმდა და მუშაობა დაიწყო.
წუთისოფელში აღარ არის ივერის მამის თაობის ექიმთა ერთი ნაწილი, მრავალმა შუახევი დატოვა და თბილისის, ბათუმის წამყვან კლინიკებში მუშაობს. წინა საუკუნის პირველი ნახევრის მსგავსად, შუახევის საავადმყოფო ექიმების ნაკლებობას განიცდის. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შუახევში კვალიფიციურ ექიმებს მიავლენს ხოლმე.
რამდენიმე წლის წინ ივერი პირველად მიავლინეს შუახევში. მამამისის თაობის პერსონალიდან მხოლოდ ერთეულებიღა მუშაობდნენ. ივერის გაცნობისას იყო ცრემლიც და სიხარულიც, რომ შვილმა მამის გზა გააგრძელა.
უჩამბის საუბნო საავადმყოფო, რომელიც კვირიაულში მოქმედებდა, ამჟამად გაუქმებულია. შენობაც დაშლის პირასაა.უჩამბელები ყოფილ ექიმს პატივს მიაგებენ. ყოველ შობა-ახალ წელს გურამის თანასოფლელები ცინარეთის ციხესთან მიდიან და იმ ჯვართან, რომელიც მასზეა აღმართული, წუთისოფლიდან ნაადრევად წასული გურამ ექიმის უკვდავსაყოფად სანთლებს ანთებენ და შესანდობარს ამბობენ. ახარებთ, რომ ივერი მამისეულ კერას ცინარეთში ელოლიავება, ხეხილს აშენებს, ვაზს ეფერება, გურამის მსგავსად ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის სადარაჯოზეა და დროის მოკლე მონაკვეთში კვალიფიციური და ენერგიული ექიმის სახელი დაიმკვიდრა.
– მამისეულ კერაზე მოსვლა შვებას მგვრის, მისი სახე და სახელი მიცოცხლდება. მალე მეოთხედი საუკუნე მიილევა, რაც მამა წუთისოფლიდან წავიდა. ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, რომ გურამ ექიმს მოკრძალებით იხსენებენ. მომავალი წინ მაქვს, მიზანი კი ერთია: ვიცოცხლო, ვიშრომო მამის სადარად და ის საქმე კეთილსინდისიერად ვაკეთო, რითაც ჩემს ხალხს გამოვადგები, – გვითხრა ივერმა.
აჭარის მთიანეთის მრავალი სოფლის მსგავსად ცინარეთსაც შეეპარა მოსახლეობისგან დაცლის საფრთხე. იმ სკოლაში, სადაც ივერმა და მისმა თანატოლებმა დაწყებითი განათლება მიიღეს, მოსწავლეთა კონტინგენტი მალე 15-ზე ქვევით ჩამოვა.
– გვიხარია და გვეამაყება, რომ სოფელს ივერის მსგავსი შვილები ჰყავს. გაორმაგებულია ეს სიხარული, რადგან ივერი ჩვენთან რჩება. ის თითოეული ჩვენგანის ნუგეშია. სოფელში როცა მოდის, ოჯახებში შემოივლის. განსაკუთრებით ხანში შესულებს არ გვტოვებს უყურადღებოდ, გვეფერება, თუ საჭიროება მოითხოვს, სამკურნალოდ სტაციონარშიც გადაგვიყვანს, – გვითხრა 90 წელს გადაცილებულმა უშანგი ბაიაძემ.
ცოტნე ცაბაძე