საქართველოს ჩემპიონატზე
მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში. ორივე სახეობაში ქვეყნის ყველა წამყვანი მოჭიდავე მონაწილეობდა, მათ შორის, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონები.
ჩემპიონები და პრიზიორები ათ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. მათგან საქართველოს ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე საქართველოს ღირსებას დაიცავს, ასევე, სხვადასხვა მნიშვნელოვან, სარეიტინგო ტურნირზეც იასპარეზებს.
ჩემპიონატზე, აჭარიდან, ტრადიციულად წარმატებით გამოვიდნენ ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეები, რომლებმაც საერთო ჯამში, 17 სხვადასხვა სინჯის მედალი დაისაკუთრეს.
სხვადასხვა წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონის ტიტული აჭარიდან მოიპოვეს: ფრიდონ აბულაძემ, ანრი ხოზრევანიძემ, რამაზ ზოიძემ, თორნიკე მიქელაძემ და ლაშა გობაძემ. ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ: ნიკა ბროლაძე, დათა ჩხაიძე, დიეგო ჩხიკვაძე, რომეო ბერიძე და აჩიკო ბოლქვაძე, ბრინჯაოს მედლები კი ირაკლი შავაძემ, რატი ხოზრევანიძემ, ლუკა კოჩალიძემ, ოთარ აბულაძემ, ანრი ფუტკარაძემ, გიორგი კოჩალიძემ და ლუკა გაბისონიამ მოიპოვეს. რაც შეეხება თავისუფალ ჭიდაობას, აჭარის ნაკრების მონაგარი ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაოს მედალია. ვიცე-ჩემპიონი გახდა რამაზ თურმანიძე, მამუკა კორძაია კი ბრინჯაოს დასჯერდა.
ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ 2025 წლის საუკეთესო მსაჯად ოლიმპიური კატეგორიის არბიტრი, ბათუმელი ზაზა ჯიბლაძე დაასახელა, რომელსაც კუთვნილი ჯილდოც გადაეცა.
– წონა შევიცვალე და ახლა 63 კგ წონით კატეგორიაში ვასპარეზობ. ჩემპიონატზე გამოსვლას დადებითად შევაფასებ, ოთხი შეხვედრა დამაჯერებლად მოვიგე. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მალე შეკრება დაიწყება და შევეცდები მაქსიმალურად მოვემზადო, რათა კარგი შედეგები ვაჩვენო, – გვითხრა ფრიდონ აბულაძემ.
– 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი გავხდი, საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეები მყავდა. მიხარია, რომ მოვიგე. ამის შემდეგ ევროპის ჩემპიონატისთვის მოვემზადები და შევეცდები, იქაც წარმატებით ვიასპარეზო, – თქვა ანრი ხოზრევანიძემ.
ვულოცავთ სპორტსმენებს. მათ მწვრთნელებს და მორიგ წარმატებებს ვუსურვებთ.
მანანა ძიძიშვილი