ღობიდან მოგლეჯილ ფიცარზე დარჩენილი ბავშვობა – სპექტაკლი „უხერხემლო“,  რომელსაც კომფორტის ზონიდან გაჰყავხარ
By

ღობიდან მოგლეჯილ ფიცარზე დარჩენილი ბავშვობა – სპექტაკლი „უხერხემლო“,  რომელსაც კომფორტის ზონიდან გაჰყავხარ

ბათუმის დრამატულ თეატრში 147-ე თეატრალური სეზონის რიგით მეორე პრემიერა შედგა – სპექტაკლი, რომელიც მაყურებელს კომფორტის ზონაში არ ტოვებს და ახსენებს, დუმილის გამო საფასურის გადახდა მოუწევს. ალექსი ჩიღვინაძის პიესის მიხედვით რეჟისორმა გაგა გოშაძემ დადგა „უხერხემლო“ – მენტალური დაპირისპირებისა და ოჯახური ტრაგედიის მძაფრი ქრონიკა.

სპექტაკლი გვიყვება ოჯახზე, რომელიც შვილის განსხვავებულ სექსუალურ იდენტობას ვერ ურიგდება. ერთი შეხედვით, ეს შიდა ოჯახური კონფლიქტია, თუმცა სინამდვილეში ბრძოლაა საზოგადოებრივ ზეწოლასთან, შიშთან და იმ დუმილთან, რომელიც ნელ-ნელა ანგრევს ადამიანს. „უხერხემლო“ სოციალურ-ფსიქოლოგიური სპექტაკლია, რომელიც ადამიანის კონფორმიზმს, ზნეობრივ მერყეობას და მორალურ სიმხდალეს ეხება.

სიუჟეტის ცენტრში დგას ადამიანი,  ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც გარემოს, საზოგადოების და საკუთარი შიშების გავლენით თანდათან კარგავენ პოზიციას, პრინციპებსა და ხმას. უხერხემლობა აქ ფიზიკური მდგომარეობა არ არის, ეს მორალური პარალიზებაა, როცა ადამიანს აქვს სათქმელი, მაგრამ ვერ ბედავს თქმას. სპექტაკლში საზოგადოება იკვეთება როგორც ზეწოლის მექანიზმი, სადაც მორჩილება, ხშირად, გადარჩენის ერთადერთ გზად აღიქმება.

ამიტომაცაა, რომ სპექტაკლის დასრულების შემდეგ მაყურებელი ვერ მშვიდდება. დარბაზში ჩნდება კითხვები, რომლებიც ხმამაღლა არ ისმის, მაგრამ ყველას თან მიჰყვება:

„მე სად ვდგავარ?“ „რამდენჯერ გავჩუმდი მაშინ, როცა უნდა მეთქვა?“

„რამდენჯერ ვერ დავიცავი ადამიანი, რომელსაც ეს სჭირდებოდა?“

ერთ-ერთ ყველაზე სიმბოლურ სცენაში მამა ღობიდან მოგლეჯილ ფიცარზე, იმ ფიცარზე, რომლითაც შვილს კუბო უნდა მოუჭედოს, თავისი შვილის ნახატებს აღმოაჩენს: ყვავილებს, ხელის ანაბეჭდებს, სიცოცხლის კვალს. ბავშვობის ფერები ეჯახება სიკვდილის სიცივეს. ეს ფიცარი თითქოს მთელი სპექტაკლის მეტაფორაა, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის გაჭედილი ადამიანის ამბავი…

სპექტაკლი განსაკუთრებული სიმძაფრით ასახავს დედისა და მამის ტრაგიკულ მდგომარეობას. მათ შვილი განსხვავებული იდენტობის გამო სახლიდან და სოფლიდან ჰყავთ გაგდებული, საზოგადოება  გარდაცვალების შემდეგაც უარყოფს მას  – კუბოს არ უკეთებენ, სასაფლაოზე არ ასაფლავებინებენ. უარყოფა აქ სიცოცხლესთან ერთად არ მთავრდება, ის სიკვდილის შემდეგაც გრძელდება.

„მშიშარაა ეს და უხერხემლო,“ – ამბობს შვილმკვდარი დედა მეუღლის მისამართით, რომელიც შვილის სიკვდილის შემდეგაც საზოგადოებრივი აზრის ტყვეობაში რჩება…

მსახიობი ტიტე კომახიძე ამბობს:

„გვინდოდა, მაყურებლისთვის გვეჩვენებინა, რას გადიან ამ დროს მშობლები, რა ტკივილს ატარებენ და რა გზის გავლა უწევთ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს. ჩვენ არც ვინმეს გამართლებას ვაპირებთ და არც თანაგრძნობას, უბრალოდ, ვამბობთ იმას, რასაც ვხედავთ და ვცდილობთ, გადმოვცეთ ის, რასაც ეს ადამიანები განიცდიან. შანსს ვაძლევთ მაყურებელს, თვითონ გადაწყვიტოს, ვინ არის მართალი“.

„უხერხემლო“ რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული და მისი მთავარი გზავნილი ისაა, რომ ამ რეალობისგან დაზღვეული არავინ არის, ხოლო მშობლისა და შვილის სიყვარული უპირობო უნდა იყოს.

სპექტაკლის რეჟისორი გაგა გოშაძე ამბობს, რომ მისი უპირველესი მიზანი მაყურებლის ემპათიის გაღვივებაა.

„მინდა ადამიანები მეტად ემპათიურები გახდნენ. განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების უკან ოჯახები დგას. არავინ ირჩევს ასეთ გზას და არავინ არის ამისგან დაზღვეული. ეს რეალობაა, რომელიც ჩვენ გარშემო ყოველდღიურადაა – გუშინაც ხდებოდა, დღესაც ხდება და სამწუხაროდ, ხვალაც მოხდება.“

კითხვაზე, რა აკლია საზოგადოებას მეტი მიმღებლობისთვის, რეჟისორი პასუხობს:

„განათლება. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს არჩევანია. ადამიანებს პრობლემის არსში ჩახედვა აკლიათ. ვერ აცნობიერებენ, რომ ასეთებისთვის ცხოვრება ისედაც მძიმეა და კიდევ საზოგადოების სრული უარყოფა ემატება სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც“.

რეჟისორი ხაზს უსვამს, რომ სპექტაკლი არ არის პროპაგანდა და არც თემის რომანტიზების მცდელობა:

„ჩვენ ვახდენთ ფაქტის კონსტატაციას, ვთამაშობთ იმას, რაც არის. არ გვაქვს პოზიცია, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. მაყურებელმა თვითონ უნდა განსაჯოს, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ადამიანი უნდა გვიყვარდეს ისეთი, როგორიც არის“.

სპექტაკლის შეფასებამდე ბათუმის დრამატული თეატრის ახლად დანიშნულმა დირექტორმა კოტე მჟავიამ მიმდინარე და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. როგორც აღნიშნა, თეატრის ხელმძღვანელობა მისთვის უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, რისი ტარებისთვის მთელი შემართებით მზადაა. დაგეგმილია რამდენიმე ახალი პრემიერა და თანამშრომლობა უცხოელ რეჟისორებთან, რათა რაოდენობასთან ერთად ხარისხიც პრიორიტეტად დარჩეს.

„თეატრი ქვეყნის სარკეა. ჩვენი მიზანია, ბათუმელმა მაყურებელმა იხილოს შემდგარი, ხარისხიანი და შინაარსობრივად ძლიერი სპექტაკლები. რაც შეეხება „უხერხემლოს“, მას ბევრი სათქმელი აქვს, თუმცა ჩემთვის მთავარი გზავნილია – ღმერთისთვის ყველა ადამიანი ერთნაირია, ყველა მისი შვილია“, – განაცხადა კოტე მჟავიამ.

„უხერხემლო“ მაყურებელს კითხვებს უჩენს, ამძიმებს, საკუთარ თავს სარკეში დაანახებს და, ალბათ, სწორედ ამ კითხვების გაჩენაში, ამ განცდების დაბადებაში ჩანს ნამდვილი თეატრი.

ნანა აბულაძე

 

  • No Comments
  • იანვარი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *