„ძაფით მოთხრობილი საქართველო“
By

„ძაფით მოთხრობილი საქართველო“

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ხალხური ხელოვნების სკოლის გამოფენა-პერფორმანსი გაიმართა. აქ წარმოდგენილი იყო ხალხური ხელოვნების სკოლის კურსდამთავრებულთა ნამუშევრები.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა თექის დამუშავების მასტერკლასიც, ასევე, ტრადიციული სამოსის ჩვენება-პერფორმანსი. გამოფენა მუსიკალურად გაფორმდა სალამურის ჰანგებით, რაც სრულად ეხმიანებოდა მის კონცეფციასა და შინაარსს. იგი აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა და 14 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით უფრო ვრცლად თანამედროვე ხელოვნების სივრცის პიარმენეჯერი ელენე კურტანიძე გვესაუბრება.

– ელენე, რა იყო გამოფენაპერფორმანსისძაფით მოთხრობილი საქართველომთავარი იდეა და გზავნილი?

– გამოფენა-პერფორმანსის „ძაფით მოთხრობილი საქართველო“ მთავარი იდეა იყო ქართული იდენტობის, მეხსიერებისა და კულტურული ფესვების ხელახალი გააზრება ტექსტილის, თექისა და ცოცხალი პერფორმანსის მეშვეობით. ეს არის ისტორია, რომელიც იგრძნობა მასალაში, ხელის მოძრაობაში, ხმასა და ფორმაში. პროექტის გზავნილია, რომ ტრადიცია არ არის სტატიკური წარსული, ის ცოცხალი პროცესია, რომელიც თანამედროვე ხელოვნებაში ახალ შინაარსს და ფორმას იძენს.

რატომ შეირჩა ტექსტილისა და თექის თემა საქართველოს კულტურული ნარატივის გადმოსაცემად?

– ტექსტილი და თექა ქართული ყოფისა და ტრადიციული ცოდნის ერთ-ერთი უძველესი მატარებელია. გამოფენილი მასალები უკავშირდება ყოველდღიურობას, ოჯახს, ქალთა შრომას, რეგიონულ იდენტობას და კოლექტიურ მეხსიერებას. სწორედ ამიტომ ისინი იდეალურ საშუალებად გვესახა საქართველოს კულტურული ნარატივის გადმოსაცემად, როგორც მატერიალური, ასევე, სიმბოლური თვალსაზრისით.

როგორ ეხმიანება ეს პროექტი თანამედროვე ხელოვნების სივრცის მისიას?

– თანამედროვე ხელოვნების სივრცის მისია ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების დიალოგის ხელშეწყობა, რეგიონული ავტორების მხარდაჭერა და კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენაა. „ძაფით მოთხრობილი საქართველო“ ზუსტად ამ ღირებულებებს ასახავს. ის აერთიანებს ხალხურ ხელოვნებას, თანამედროვე ინტერპრეტაციასა და ცოცხალ პერფორმანსს ერთ მთლიან გამოცდილებად.

როგორ შეირჩა აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის კურსდამთავრებულთა ნამუშევრები?

– ნამუშევრები შეირჩა პროფესიული კრიტერიუმების მიხედვით. გათვალისწინებული იყო ტექნიკური ოსტატობა, თემატური შესაბამისობა, ინდივიდუალური ხედვა და ექსპერიმენტული მიდგომა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ გამოფენაზე წარმოდგენილიყო როგორც ტრადიციის პატივისცემა, ისე ავტორთა პირადი ხელწერა.

რა მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდა ავტორების წარმოჩენას თანამედროვე ხელოვნების სივრცეში?

– ახალგაზრდა ავტორები კულტურის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. მათი წარმოჩენა ნიშნავს არა მხოლოდ ახალი სახელების მხარდაჭერას, არამედ ახალი იდეების, ფორმებისა და ხედვების წახალისებას. თანამედროვე ხელოვნების სივრცისთვის ეს არის ინვესტიცია მომავალში.

რომელ ასპექტზე გაამახვილებდით ყურადღებას წარმოდგენილ ნამუშევრებში ტრადიციაზე, თანამედროვე ინტერპრეტაციაზე თუ მათ სინთეზზე?

– განსაკუთრებულად გამოვყოფდით სინთეზს. წარმოდგენილ ნამუშევრებში მთავარი აქცენტი სწორედ ტრადიციისა და თანამედროვე ხედვის თანხვედრაზე კეთდება. ავტორები ეყრდნობიან ხალხური ხელოვნების ფორმებსა და ტექნიკას, თუმცა მათ ახალ კონტექსტში, თანამედროვე ვიზუალური ენისა და ინდივიდუალური ინტერპრეტაციის საშუალებით წარმოგვიდგენენ. შედეგად, იქმნება ნამუშევრები, რომლებიც ერთდროულად ფესვებთან კავშირს ინარჩუნებს და დღევანდელ კულტურულ რეალობას პასუხობს.

რა როლი შეასრულა მასტერკლასის ელემენტმა გამოფენაზე?

– მასტერკლასის ელემენტმა გამოფენას საგანმანათლებლო დატვირთვა შესძინა. თექის დამუშავების ცოცხალმა პროცესმა დამთვალიერებელს შესაძლებლობა მისცა, არა მხოლოდ დაეთვალიერებინა დასრულებული ნამუშევრები, არამედ უშუალოდ შეხებოდა ხალხური ხელოვნების ტექნიკას, გაეაზრებინა მისი შინაარსი და მნიშვნელობა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მასტერკლასს, რომელსაც უძღვებოდა მზია ბუიღლიშვილი – აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის ხალხური რეწვის განყოფილების ხელმძღვანელი. მისი პროფესიული გამოცდილება და პრაქტიკული მუშაობა აუდიტორიისთვის მნიშვნელოვანი ცოდნისა და ავთენტური ტრადიციის გადაცემის წყარო გახდა, რაც გამოფენას კიდევ უფრო ღირებულ და შინაარსობრივ გამოცდილებად აქცევდა.

რამდენად ჩაერთო აუდიტორია ამ პროცესში და როგორი იყო მათი გამოხმაურება?

– სტუმრები აქტიურად ერთვებოდნენ მასტერკლასში, ინტერესით აკვირდებოდნენ პერფორმანსს და გამოფენას. გამოხმაურება ძალიან დადებითი იყო, განსაკუთრებით აღინიშნა პროექტის ემოციური მხარე და ცოცხალი ატმოსფერო, რომელიც სალამურის ჰანგებმა კიდევ უფრო გააძლიერა.

გეგმავს თუ არა თანამედროვე ხელოვნების სივრცე მსგავსი პროექტების გაგრძელებას რეგიონული ხელოვნების მიმართულებით?

– თანამედროვე ხელოვნების სივრცისთვის რეგიონული ხელოვნების მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მსგავსი პროექტები გვაძლევს შესაძლებლობას, წარმოვაჩინოთ ადგილობრივი ავტორების პოტენციალი და გავაძლიეროთ დიალოგი რეგიონულ კულტურულ მემკვიდრეობასა და თანამედროვე ხელოვნებას შორის. სწორედ ამიტომ, მომავალშიც ვგეგმავთ მსგავსი ინიციატივების განვითარებას, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონული ხელოვნების ინტეგრაციას თანამედროვე კულტურულ პროცესებში.

 

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • თებერვალი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *