რატომ არის მნიშვნელოვანი მსგავსი პლატფორმების შექმნა…
By

რატომ არის მნიშვნელოვანი მსგავსი პლატფორმების შექმნა…

ბათუმის ტექნოლოგიურ პარკში, კომპანა „ბიიზის“ ორგანიზებით, საგანმანათლებლო-კულტურული კონფერენცია გაიმართა, რომელიც პროფესიულ და ინტელექტუალურ პლატფორმას წარმოადგენს. კონფერენციის მიზანი ახალგაზრდებისთვის, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის განათლების, მეწარმეობის, კულტურის სფეროებში არსებული ორგანიზაციების, ინსტიტუციებისა და ინიციატივების გაცნობა და თანამედროვე საზოგადოებაში მათი როლის წარმოჩენაა. ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კულტურული მემკვიდრეობისა და ტრადიციების შენარჩუნების მნიშვნელობას; ქართულ ენას, როგორც ეროვნული იდენტობისა და საგანმანათლებლო პროცესის უმთავრეს საფუძველს, მის როლს თანამედროვე, გლობალიზებულ სივრცეში. ასევე, აქცენტი გაკეთდა რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე: ახალგაზრდების პროფესიულ ორიენტაციასა და მეწარმეობის განვითარებაზე, კულტურული მემკვიდრეობისა და ტრადიციების შენარჩუნებაზე, ხელოვნებისა და ხელოვნური ინტელექტის ურთიერთკავშირზე. ღონისძიებაში, ასევე, მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო პრაქტიკულ აქტივობებს – ვორქშოპებსა და ხელნაკეთი ნივთების შექმნას, რაც მონაწილეებს აძლევდა შესაძლებლობას, თეორიული ცოდნა რეალურ გამოცდილებად ექციათ.
კონფერენციის მნიშვნელობაზე უფრო ვრცლად კომპანია „ბიიზის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი ნინი კაკაბაძე გვესაუბრება.

– რატომ არის მნიშვნელოვანი მსგავსი პლატფორმების შექმნა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის?
მსგავსი პლატფორმები ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ რეალურ პროფესიულ გარემოს, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, დასვან კითხვები სფეროს წარმომადგენლებთან და გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი მომავალი კარიერის მიმართულებით.
რომელი ორგანიზაციები მონაწილეობდნენ კონფერენციაში?
– კონფერენციის ორგანიზატორი, როგორც იცუთ, იყო კომპანია „ბიიზი“, მონაწილე ორგანიზაციები და პარტნიორები კი – ბათუმის სამედიცინო აკადემია, ბათუმის ტექნოპარკი, რომელმაც სივრცე დაგვითმო, „ერკეთელი“ (საფურშეტე მომსახურება), „ექვილიბრიუმი“ (ფინანსები და მეწარმეობა), „აღმოაჩინე აჭარა“ – (გიდი, როგორც პროფესია), „თეთრი პერლა“ (ტურისტული კომპანია).
– როგორია თავისუფალი აუდიტორიის ფორმატის უპირატესობა როგორც მომხსენებლებისთვის, ისე დამსწრეებისთვის?
თავისუფალი ფორმატი უზრუნველყოფს ინტერაქტიულ გარემოს, ღია დისკუსიასა და უშუალო კომუნიკაციას. მომხსენებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, უკეთ გაიგონ აუდიტორიის საჭიროებები, ხოლო დამსწრეებს – აქტიურად ჩაერთონ პროცესში.
– რატომ დაეთმო განსაკუთრებული ყურადღება კულტურული მემკვიდრეობისა და ტრადიციების შენარჩუნებას?
– კულტურული იდენტობა საზოგადოების საფუძველია. ტრადიციების შენარჩუნება და მათი თანამედროვე ინტერპრეტაცია მნიშვნელოვანია ეროვნული თვითმყოფადობისა და მომავალი თაობების ცნობიერების ფორმირებისთვის.
როგორია ქართული ენის როლი თანამედროვე გლობალიზებულ გარემოში?
– გლობალიზაციის პირობებში ქართული ენა წარმოადგენს კულტურული თვითმყოფადობის მთავარ საყრდენს. მისი დაცვა და განვითარება აუცილებელია ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებისა და ადგილობრივი კონტენტის გაძლიერებისთვის.

როგორ იყო წარმოდგენილი მეწარმეობის მიმართულება ახალგაზრდებისთვის?
– მეწარმეობის თემა წარმოდგენილი იყო როგორც თეორიული განხილვით, ისე პრაქტიკული ვორქშოპის ფორმატში, სადაც აუდიტორია აქტიურად ჩაერთო იდეების გენერირებასა და ბიზნესმოდელების განხილვაში. ვორქშოპში სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ როგორც მომავალი მეწარმეები, რომლებიც უკვე აგენერირებენ მომავლის იდეებს.
რა კავშირი გამოიკვეთა ხელოვნებასა და ხელოვნურ ინტელექტს შორის?
განხილვამ წარმოაჩინა, რომ ხელოვნური ინტელექტი შეიძლება იქცეს ხელოვნების მხარდამჭერ ინსტრუმენტად – ტრადიციული დარგების გაციფრულებისა და ახალი შემოქმედებითი ფორმების შექმნის გზით, თუმცა, ძირითადად, ხელოვნებაში ხელოვნური ინტელექტის ჩართულობა უნდა ავირიდოთ, რომ ჩვენი ტრადიციულობა შევინარჩუნოთ.
რა მნიშვნელობა ჰქონდა პრაქტიკულ ნაწილსხელნაკეთი ნივთებისა და ვორქშოპის ჩატარებას?
– პრაქტიკულმა ნაწილმა თეორიული ცოდნა გამოცდილებად გადააქცია. ქსოვისა და მეწარმეობის ვორქშოპებმა მონაწილეებს უშუალო ჩართულობისა და საკუთარი უნარების გამოვლენის შესაძლებლობა მისცა.

რატომ გაკეთდა აქცენტი ტრადიციულ გურულ სამზარეულოზე?
– გურული სამზარეულო ქართული კულინარიული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი წარმოჩენა რეგიონული მრავალფეროვნების, ტრადიციული რეცეპტებისა და კულინარიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ემსახურებოდა.
როგორია გიდის პროფესიის მნიშვნელობა თანამედროვე ტურიზმის განვითარებაში?
– გიდს ქვეყნის კულტურული ელჩის როლი აკისრია. პროფესიონალი გიდი არა მხოლოდ ინფორმაციას აწვდის ტურისტს, არამედ გამოცდილებას სძენს, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნის ტურისტულ იმიჯს. ჩვენ, ქართველები, ვაძლევთ უცხოელებს შესაძლებლობას, რომ გაიზიარონ ჩვენი კულტურის ნაწილი, რაც, ასევე, „ბიიზის“ ერთ-ერთი მიზანია.
სამომავლოდ რას გეგმავთ?
სამომავლო გეგმები მოიცავს სხვადასხვა პროფესიის მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამებისა და კურსების განხორციელებას, აუდიტორიის გაფართოებას, „Georgify“-ს პროექტის სრულმასშტაბიან ჩაშვებას, ასევე, მრავალ საგანმანათლებლო ღონისძიებაში აქტიურ მონაწილეობასა და ახალი კონფერენციების ორგანიზებას.

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • თებერვალი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *