მამუკა არეშიძე: რელიგიურ ომს ამ ეტაპზე არ ვვარაუდობ. . .
By

მამუკა არეშიძე: რელიგიურ ომს ამ ეტაპზე არ ვვარაუდობ. . .

ირან-ისრაელ-აშშ-ის კონფლიქტსა და კავკასიაში არსებულ სიტუაციაზე საუბრობს „აჭარასთან“ პოლიტანალიტიკოსი მამუკა არეშიძე.

– დაიწყო თუ არა მესამე მსოფლიო ომი, თუ ჯერ კიდევ შესაძლებელია ამ სიტუაციას მხოლოდ შეიარაღებული კონფლიქტი ეწოდოს?

– ვფიქრობ, არ უნდა ავჩქარდეთ სახელწოდებებში. ჯერჯერობით ეს არის აშშ-ირანს შორის არსებული ლოკალური ფრონტი… ლოკალური რას ნიშნავს – ძალიან სერიოზული კონფლიქტია, მაგრამ მესამე მსოფლიო ომამდე ცოტა მაინც უკლია. ვითარება ძალიან რთული და მოცულობითია. ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე კონფლიქტის კერა გვაქვს და რომელი რაში გადაიზრდება, არავინ იცის.

– როგორ ფიქრობთ, გამოცხადდება რელიგიური ომი?

– არა, რელიგიურ ომს ამ ეტაპზე არ ვვარაუდობ, მაგრამ გამორიცხული არაფერია. მოდით, შევთანხმდეთ, თუ კონფლიქტი მოკლე დროში დამთავრდა, ანუ მიაღწიეს წარმატებას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა, მაშინ მოვლენები სხვანაირად  წარიმართება, ხოლო შეტაკებები დროში თუ გაიწელა, ყველაფერს უნდა ველოდოთ. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ სახმელეთო ოპერაციის გარეშე ამერიკას და ისრაელს თავიანთი საბოლოო მიზნის მიღწევა გაუჭირდებათ, ვგულისხმობ ირანის რეჟიმის საბოლოო შეცვლას.

– როგორც გაჟღერდა, ირანის რეჟიმის ხელმძღვანელობა განადგურებულია, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს?

– ჩვენ ვმსჯელობთ იმ ინფორმაციით, რომელსაც თავად ირანული მხარე ავრცელებს. მქონდა საუბარი თეირანთან და ისპაჰანთან და იქიდან დამიდასტურეს, რომ ხელმძღვანელობის დიდი ნაწილი განადგურებულია, მათ შორის – აიათოლაც… ირანელებს რომ არ ეთქვათ, არ დავიჯერებდი, მაგრამ რადგან თქვეს, დიდი ალბათობით, ასე უნდა იყოს, თუმცა არ არის გამორიცხული, ეს ვერსია იყოს ჰამენეის გარიდებისთვის მოწყობილი კამპანია. დღესდღეობით გარკვეული დაბნეულობა სუფევს ირანის რეჟიმისადმი საპროტესტოდ განწყობილ საზოგადოებაში. არ იციან, რა გააკეთონ. ახლა, ამ ადამიანებს ადგილზე ლიდერი არ ჰყავთ, რომელიც მთელ ერს დამოძღვრავს და უხელმძღვანელებს. სამაგიეროდ, ლიდერები გამოჩნდნენ ეთნიკურ უმცირესობებში – ბელუჯებში, არაბებში, ქურთებში ა.შ. ესენი, სუყველანი საზღვრის გასწვრივ ცხოვრობენ (ირანის მოსახლეობის 35-40 %-ზე მეტი სხვა ერის წარმომადგენელია). მათ შორის ყველაზე დიდია აზერბაიჯანული ანუ პროთურქული თემი, რომლის  პოზიცია ლოიალურია. არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ მეზობელ ქვეყნებს ირანის დაშლა-განადგურება არ აწყობთ. პირიქით, მაგალითად, თურქეთს სურს, მის გვერდით იყოს მუდმივად დასავლეთისგან სანქცირებული და დაჩაგრული რეჟიმი, ვინაიდან მხოლოდ ამ შემთხვევაში რჩება რეგიონში დომინანტად. თუ ირანში შეიცვალა ხელისუფლება და ტახტზე მოვიდა პროამერიკული პირი, მაშინ თურქეთის დომინაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

– თურქეთი ხომ ნატოს წევრია, რატომ უნდა იყოს ამ სიტუაციის წინააღმდეგი?

– კი, ნატოს წევრია, მაგრამ თურქეთისთვის ნატოს წევრობა არის ერთგვარი ფორმა: როდესაც სჭირდება – ნატოს წევრია, ხოლო როდესაც არა, მომენტალურად იქცევა დამოუკიდებელ მოთამაშედ და რეგიონალურ ლიდერად.

– აზერბაიჯანი გახდა აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი. აქედან გამომდინარე, რამდენადაა მოსალოდნელი მისი ამ კონფლიქტში ჩართვა?

– აზერბაიჯანი, გარდა იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორია, ისრაელის მყარი მოკავშირეა რეგიონში, რაც ანკარაში არ მოსწონთ… რა გითხრათ, არეულია სიტუაცია იმიტომ, რომ ამ ომის გარდა, იქვე, გვერდით ხომ მეორე ომიც მიმდინარეობს, ვგულისხმობ პაკისტანის და ავღანეთის დაპირისპირებას. იქ  საკმაოდ სერიოზული კონფლიქტია. მოკლედ, ახლო აღმოსავლეთი ცეცხლმა მოიცვა, ამასთან, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ადგილობრივი ქვეყნები.

– ამერიკის შეერთებულ შტატებს, ბოლოს და ბოლოს, მოუწევს სახმელეთო შეტევის განხორციელება ხელისუფლების შესაცვლელად?

– ძალიან რთულია სახმელეთო ოპერაციის ჩატარება ირანში. მართალია,  საჰაერო დაცვის სისტემა ისრაელსა და აშშ-ზე გაცილებით სუსტი აქვს, მაგრამ რაც შეეხება სახმელეთო ჯარებს, აქ უკვე ბევრი რამ დამოკიდებულია საბრძოლო პოტენციალზე და იმ შემართებაზე, რაც ირანულ არმიაში ნამდვილად არის, განსაკუთრებით, ირანის არმიის იმ ნაწილში, რომელსაც ჰქვია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი.

– ამ ეტაპზე რომელ მხარეს გააჩნია პრიორიტეტი?

– ჯერჯერობით, აშშ და ისრაელი ეფექტურად არყევენ ირანს… მხოლოდ საჰაერო თავდასხმებს არ ვგულისხმობ, ჩემი ღრმა რწმენით, იქ დივერსიული აქტებიც მოხდა, რომელიც ჯერჯერობით არ ხმაურდება იმიტომ, რომ ასე ერთბაშად თითქმის ყველა ხელმძღვანელის განადგურება წარმოუდგენელი იყო მხოლოდ საჰაერო ოპერაციით.

– თუ მართლა განადგურებულია ირანის რეჟიმის წარმმართველი ძალა, ალბათ უფრო სწრაფად დასრულდება შეიარაღებული კონფლიქტი…

– ჯერ არ ვიცით. არ ვიქნები სწორი ასეთი ტიპის პროგნოზის გაკეთების შემთხვევაში, იმიტომ, რომ ირანი სხვა სპეციფიკის ქვეყანაა. ის მხოლოდ დიქტატურაზე არ დგას, ძალიან ძლიერ სამხედრო-რელიგიურ საწყისებს ეყრდნობა და იმის მიუხედავად, რომ მისი სამხედრო ინფრასტრუქტურა ისეთი განვითარებული არ არის, როგორიც – დასავლეთში, რთული იქნება მისი წინააღმდეგობის დაძლევა.

– ჩინეთი მხოლოდ გაფრთხილებებით შემოიფარგლება, თუ…

– ეს ღიად რაც ხდება… ჩინეთის პოზიცია ახლო აღმოსავლეთში არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია, იმის მიუხედავად, რომ აქტიურობდა დიპლომატიურ დონეზე და სერიოზულად მუშაობდა ეკონომიკური ბერკეტებით. ჩინეთის სამხედრო-პოლიტიკური გავლენა ჩამორჩება რუსეთისას, თუმცა თუ მოინდომა, შეძლებს გარკვეული შედეგის მიღებას. გავიხსენოთ, როდესაც ირანსა და საუდის არაბეთს შორის იყო ძალიან სერიოზული დაპირისპირება, ჩინეთის ჩარევამ განაპირობა ამ კონფლიქტის შეჩერება… ალბათ ახლა განზე გადგომა არჩია.

– რუსეთის პოზიცია?

– აქ უფრო გარკვეულია საკითხი. ირანის 28 თებერვლის დილამდე რამდენიმე საათით ადრე, კარგახნიანი სატელეფონო საუბარი ჰქონდათ ტრამპს და პუტინს. რასაკვირველია, არ ვიცით, რა თემაზე ილაპარაკეს, თუმცა ირანზე მაშინვე განხორციელებული საჰაერო შეტევა ბევრის მანიშნებელია. არ გამოვრიცხავ, რომ – გარკვეული დივიდენდების და პერფერენციების საპასუხოდ, ისევე, როგორც გაწირა ისრაელის პირველი თავდასხმის დროს.

– ჯეი დი ვენსი იყო აზერბაიჯანსა და სომხეთში. საქართველოში არ ჩამოსულა და ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ ეს ჩვენთვის კარგია, რადგან არ დაგვაყენეს არჩევანის წინაშე…

– როდესაც ვარჩევთ, რატომ იყო ვენსი იქ და რატომ არ ჩამოვიდა აქ, უნდა გავარკვიოთ, რისთვის იყო იქ ჩასული და რაზე მოელაპარაკა მხარეებს. შეიძლება, რაღაც პირობები, მათ რომ შესთავაზეს, ჩვენთვისაც სახარბიელოა, მაგრამ არის ამ ქმედების და საუბრის  ისეთი შემადგენელიც, რომელიც ჩვენთვის სახარბიელო ნამდვილად არ არის, ანუ ვენსის ამ ვიზიტებში იყო როგორც დადებითი, ისე ნეგატიური ფაქტორი.

– თუ შეიძლება, დავაკონკრეტოთ, რა იყო დადებითი, რადგან უარყოფითი ფაქტორი სახეზეა, თუ აზერბაიჯანის მოსაზღვრე ირანზე აშშ-ის თავდასხმას გავიხსენებთ…

– დადებითი იყო, მაგალითად, აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება. სხვა საკითხების მოგვარებასთან ერთად, იმ აკრძალვის მოხსნა, რომელიც 90-იანი წლებიდან ჰქონდა დასავლეთისთვის დაწესებული, ვგულისხმობ  აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვას. მაშინ ეს იყო ამერიკულ-სომხური ლობის ძლიერი გავლენის შედეგი… იქ არის სხვა დეტალებიც, რომლებზეც ახლა არ გავამახვილებ ყურადღებას, რადგან დროთა განმავლობაში უფრო გამოჩნდება.

– სომხეთს საკმაოდ დიდი თანხები გადასცეს, როგორც გაჟღერდა…

– კი, ასეა, მაგრამ აქვე არის უარყოფითი მოვლენებიც. მაგალითად, სომხეთში დაიწყო ძლიერი დატაცენტრების შექმნა ხელოვნური ინტელექტის და ზოგადად, ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით. ამ კუთხით, მართლა  სერიოზული ნაბიჯები გადადგა სომხეთმა ამერიკის დახმარებით, რაც თბილისშიც გაუხარდათ. კერძოდ, ამერიკელებმა 500 მილიონი დოლარი გამოყვეს ამ ტექნოლოგიური ჰაბის შესაქმნელად, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 9 მილიარდი დოლარი მისცეს მინიატომური ელექტროსდგურების შესაქმნელად, რადგან დატაცენტრები უზარმაზარ ენერგიას მოიხმარენ. ნელ-ნელა გაირკვა, რომ ეს 9 მილიარდი სესხია და არა – ინვესტიცია. სომხეთის ბიუჯეტი დაახლოებით ამდენივეა და ცხადია, რომ გაუჭირდებათ გადახდა. მოკლედ რომ ვთქვათ, კოლონიალური მიდგომაა. რაც შეეხება ატომურ სადგურებს, ესეც ერთგვარი გამოწვევაა რეგიონისთვის მთლიანად და სომხეთისთვის – კონკრეტულად. მოგეხსენებათ, მინიატომური ელექტროსადგურები ისეთი ტექნოლოგიებით შენდება, რომელიც ჯერ გამოცდილი არ არის და  გარკვეული ხიფათის შემცველია, ანუ სომხეთს გაუჩნდა დამატებითი გამოწვევები იმის მიუხედავად, რომ ერთი შეხედვით, ვენსის ვიზიტი ძალიან კარგი იყო.

– რუსეთი რა პოზიციას იჭერს სომხეთის მიმართ?

– სომხეთი თამაშობს ორ ფრონტზე: ამერიკასთანაც უნდა თანამშრომლობა და არც რუსეთის განაწყენება აწყობს. რუსეთს ეხვეწება, რკინიგზა გაარემონტეო… სომხეთის ტერიტორიაზე არსებული რკინიგზა რუსეთისაა, მიყიდეს სომხებმა რუსებს თავის დროზე – 30 წლით გადასცეს არენდით, მაგრამ ისეთი პირობებით, რომ ვერ უუქმებენ. მოკლედ, იქ ძალიან რთული სიტუაციაა. არც აზერბაიჯანს აქვს მარტივად აწყობილი საქმე, რადგან ძალიან მაღლა ასწია დასავლეთის გაზით მომარაგების თამასა და ამდენი გაზი არ აქვს.

– აბა, რას აწვდის დასავლეთს?

– რუსულ გაზს ასაღებს თავისად. მთელი ამბავია მათ ირგვლივ… მაგალითად, ყულევის სანქცირების საკითხი. ამით საქართველოს კი არა, აზერბაიჯანის სახელმწიფო კორპორაცია „სოკარს“ ავნეს… ამას მოჰყვა ყულევის პორტი.

– მთელ ამ სიტუაციაში საქართველო სად დგას?

– ჩვენ ვართ ღრმა ნეიტრალიტეტის რეჟიმში. ვცდილობთ, ყველა ფრონტზე ვითამაშოთ სხვადასხვა ეფექტურობით, იქნება ეს რუსეთი, ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი თუ უახლოესი სამეზობლო. ამ პოლიტიკას თავისი პლუსებიც აქვს და მინუსებიც. ბალანსის დაჭერა საჭიროა, ეფექტურია, მაგრამ რთულია. მსხვილი მოთამაშეების ინტერესები ერთმანეთს უნდა დაამთხვიო. მიუხედავად იმისა, რომ საინტერესო ბრძოლის საწარმოებელი დიპლომატიური რესურსი გვაქვს, სამწუხაროდ, მთლიანად ვერ ვიყენებთ იმიტომ, რომ რეგიონალურ პოლიტიკას აქვს სერიოზული სპეციფიკა. აქ დაცული უნდა იყოს არა მხოლოდ კონკრეტული ქვეყნების ინტერესები, არამედ ფინანსური სტრუქტურების გავლენის ჯგუფების და თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგ შემთხვევაში, კლანების ინტერესებიც კი. მთელი ამ პროცესის წარმართვა რთულია და ამიტომ ვამბობ ხშირად, რომ უნდა გამოვიყენოთ საქართველოს მთელი რესურსი, როგორც შიგნით, ისე გარეთ.

– გარეთ ვის გულისხმობთ?

– გარეთ სერიოზული რესურსი გაგვაჩნია ჩვენი ემიგრაციის თვალსაზრისით. ძალიან მაღალი რანგის პოზიციები უკავიათ ქართული წარმომავლობის ადამიანებს, რომლებიც მზად არიან, საკუთარი ქვეყნის სამსახურში ჩადგნენ, მაგრამ მათთან საჭიროა შესაბამისი მუშაობა.

– მთელ ამ კონფლიქტებსა და არეულობაში, ბრიტანეთის მიერ ტელეარხების – „იმედის“ და „პოსტივის“დასანქცირებაზე რას იტყვით?

– ეს აბსოლუტური სისულელეა, შინაურულად რომ ვთქვათ, ჯინაზე გადადგმული ნაბიჯია. ფაქტია, რომ თავად ქართველების ნამუშევარია, მაგრამ რა ეფექტზეა ორიენტირებული – გაუგებარია. როგორც ყოფილ ჟურნალისტს, შეიძლება ბევრი რამ არ მომწონდეს, რაც ამ ტელევიზიებში ხდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დასანქცირება სწორი ნაბიჯია. დაახლოებით ისეთი შთაბეჭდილება მრჩება – ცხენს ვერ შეწვდნენ და უნაგირს ერჩიან. თან გარკვევით ჩანს ამ პროცესის უკან შესაბამისი ჯგუფების „ქართული ყურები“. რომ წაიკითხოთ ჩამონათვალი, ვინ არის დასანქცირებული ამ დოკუმენტის მიხედვით, საერთოდ ვერ გაიგებ, თუ რა შუაშია აქ ორი ქართული ტელევიზია.

– და ვინ არის ჩამონათვალში?

– საერთაშორისო ორგანიზაციები, კონკრეტული ქვეყნების დიდი ბიზნესსტრუქტურები, რომლებიც, ძირითადად, მუშაობენ დაწესებული სანქციების არიდებაზე. სხვათა შორის, ბრიტანეთს ნახსენები არ აქვს საკუთარი ოფშორული ორგანიზაციები, რომლებიც განლაგებულია კაიმანის თუ ბერმუდის კუნძულებზე და სხვა, რომლებიც  ეხმარებიან რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში. მოკლედ, ამ დოკუმენტში მოხსენიებულია არაერთი ქვეყანა და კომერციული ორგანიზაცია, დაკავშირებული ნავთობთან, გაზთან ანუ ენერგომატარებლებთან  და… უცებ ეს ორი ტელევიზია, „ბარემ ესენიც იყვნენ“… ნონსენსია, აბა, რა არის?!

– ირანის მხრიდან რამდენად გვემუქრება ემიგრანტთა ტალღა?

– არ გვემუქრება ეს ტალღა. ემიგრანტები, რომლებიც აქ ჩამომსვლელები იყვნენ, კარგა ხანია აქ არიან, მათ შორის – ძალიან ბევრი ფერეიდნელი და ისპაჰანელი ქართველი. ახლახან მქონდა მათთან ხანგრძლივი საუბარი… თანაც განსაკუთრებულ ტალღაზე არ არის ლაპარაკი. თუ სიტუაცია გამძაფრდა, პირველ რიგში, ეს ნაკადი თურქეთს მიაწყდება, რაც არაერთხელ მომხდარა, ხოლო აზერბაიჯანს – თავისთავად, რადგან იქ ბევრი აზერბაიჯანელია.

– თურქეთი მიიღებს?

– პირიქით, უკვე მიიღო ზომები, როგორ აიცილოს თავიდან ირანელთა ტალღა. 350 კილომეტრზე აღმართა შესაბამისი ნაგებობები, რათა ამ ნაკადმა საზღვარი არ წალეკოს… მაგრამ არა მგონია, მსგავსი პრობლემა შეიქმნას, რადგან ხალხი არ დატოვებს ქვეყანას სახმელეთო ომი თუ არ დაიწყო, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ამაზე ორიენტირებული, რადგან როგორც კი ირანში გადასხამს ჯარებს, უკვე სერიოზული ხანგრძლივი ომი დაიწყება, რომელშიც ამერიკელები უეჭველად დამარცხდებიან. ეს იქნება დაუმთავრებელი კონფლიქტი. თუკი მალე მორჩებიან, შესაძლოა, არც ეს ტალღა წარმოიქმნას და შედეგიც პოზიტიური დარჩეს.

– არც ტერორისტულ აქტებს უნდა ველოდოთ?

– ეს არავინ იცის. რაც არ უნდა დამარცხდეს ირანის ხელმძღვანელობა, მათი გადარჩენილი მომხრეები რევანშისთვის ყოველთვის მზადყოფნაში იქნებიან.

ირმა ცეცხლაძე

  • No Comments
  • მარტი 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *