იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი ბათუმში ახალ შესაძლებლობებს ქმნის
By

იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი ბათუმში ახალ შესაძლებლობებს ქმნის

გლობალიზაციის ეპოქაში კულტურათაშორისი დიალოგი და სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციების გაცნობა სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იძენს. ბოლო წლებში აჭარაში იაპონური ენისა და კულტურის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. სწორედ ამ ინტერესის, დაგროვილი გამოცდილებისა და საზოგადოების საჭიროებების საფუძველზე ბათუმში იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი დაფუძნდა, რომელიც მსურველებს ახალი შესაძლებლობების სივრცეს სთავაზობს. ცენტრი მიზნად ისახავს იაპონური ენის სწავლების ხელმისაწვდომობას, კულტურული აქტივობების ორგანიზებასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.
ცენტრის ხელმძღვანელი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იაპონური ენის ლექტორი, ფილოლოგიის დოქტორი ლაშა ბოლქვაძე გვესაუბრება იდეის გაჩენის ისტორიაზე, დაგეგმილ აქტივობებსა და იმ მნიშვნელობაზე, რაც იაპონური ენისა და კულტურის პოპულარიზაციას აქვს ახალგაზრდებისთვისა და საზოგადოებისთვის.
– ბატონო ლაშა, მოგვიყევით, როგორ გაჩნდა ბათუმში იაპონური ენისა და კულტურის ცენტრის დაფუძნების იდეა?
ხშირ შემთხვევაში, იდეები გარემოდან და ამ გარემოში არსებული გამოწვევეების, საჭიროებების, აუცილებლობის, ასევე, რაც მთავარია, ინდივიდუალური ან გუნდური გამოცდილებების ფონზე აღმოცენდება. ვითარების შესაბამისად, ჯერ ხორცილედება, შემდეგ კი ვითარდება და საბოლოოდ, რეალობად გარდაიქმნება. ნაბიჯ-ნაბიჯ, პატარ-პატარა ღონისძიებებით, აქტივობებითა და მრავალფეროვანი ლექციებით გაიზარდა აუდიტორია, მსრუველები. შესაბამისად, გავზარდეთ მასშტაბები, რამაც დადებითი ზემოქმედება მოახდინა არა მარტო აჭარის მასშტაბით, არამედ, სრულიად საქართველოსი. ამ ყველაფერმა დაგვარწმუნა, რომ კარგ საქმეს ვაკეთებთ, როგორც საგანმანათლებლო დარგში, ისე დიპლომატიურ სფეროში, რამაც ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყო ხელი. სწორედ ამან გადაგვადგმევინა ეს საპასუხისმგებლო ნაბიჯი და დავაარსეთ ცენტრი, რაც აჭარის ნებისმიერ რეგიონში თუ სოფლებში მცხოვრები იაპონური ენითა და კულტურით დაინტერესებულთათვის ახალი პერსპექტივების, შესაძლებლობების კერაა.
ვის შეუძლია ჩაერთოს ცენტრის საქმიანობაში, მხოლოდ სტუდენტებს თუ ყველას, ვისაც იაპონიის კულტურა აინტერესებს?
ყველას, ვისაც იაპონური ენისა და კულტურის შესწავლის სურვილი და ინტერესი გაუჩნდება.
რამდენად დიდია დღეს აჭარაში იაპონური ენისა და კულტურის მიმართ ინტერესი?
– წინა წლებთან შედარებით საკმაოდ დიდი ინტერესია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ კუთხით პროგრესი გვაქვს. შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნაც, ამიტომ, ვცდილობთ უფრო მეტად აქტიურები ვიყოთ და მეტი შესაძლებლობა გავუჩინოთ მათ, ვინც ეუფლება ამ ენას, რათა მიღებული ცოდნა იყოს აუცილებლად სასარგებლო, გამოყენებადი და მოთხოვნადი.
რა არის ამ ცენტრის მთავარი მიზანი და მისია?
ჩვენი მიზანია – იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის, ვისაც სურს, რომ დაეუფლოს ამ უნიკალურ ენას, მიიღოს შესაბამისი ცოდნა და განათლება, ასევე, ეზიაროს ამ უმდიდრეს კულტურას, რომელიც მათში აღფრთოვანებას იწვევს.
რა ტიპის აქტივობები იგეგმება იაპონური კულტურის პოპულარიზაციისთვის?
საკურას, ანიმეს, იაპონური კულტურის ფესტივალები, იაპონური თეატრის ჩვენებები, იაპონური ხელოვნების მასტერკლასები, დემონსტრაციები, საჯარო ლექციები, იაპონურ-ქართული ფორუმები, გასტროლები და გაცვლითი პროგრამები იაპონიაში, იაპონური სიმღერების კონკურსები, ქართულ-იაპონური გამოფენები, იაპონური საღამოები და ასე შემდეგ. ყველა ამ აქტივობის ჩატარებას წელს ვაპირებთ, მიუხედავად მათი სირთულისა და მასშტაბურობისა. ეს ნაბიჯები, დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვნად დიდ როლს ითამაშებს ორი ქვეყნის ურთიერთობის უფრო მეტად განმტკიცებაში და ამ ურთიერთობებში აჭარის წვლილიც აუცილებლად დიდი იქნება.
როგორც ვიცი, თქვენი ინიციატივით, აჭარის მასშტაბით იაპონური ენის სწავლა უფასო იქნება. . .
დიახ, პირველად საქართველოში, მსურველებს უფასოდ შეასწავლიან იაპონური ენის გარკვეულ დონეებს. ეს არის დასტური იმისა, რომ აჭარა მოწოდების სიმაღლეზეა და ყოველთვის გამორჩეულია მათ შორის, ვინც იაპონია-საქართველოს მეგობრობას აძლიერებს.

როგორ იწარმოებს მსურველთა რეგისტრაცია?
მხოლოდ აჭარის ფარგლებში ყველას შეეძლება სწავლა, ფარგლებს გარეთ კი შეგნებულად არ ვეხებით. ვინაიდან, გვყავს კოლეგები, რომლებსაც აქვთ კურსები, ცენტრები და შესაბამისად, არ გვინდა, რომ უხერხულობა წარმოიშვას, ან კონკურენცია გავუწიოთ. რეგისტრაცია ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ახლა უკვე დასრულებულია. მსურველების რაოდენობა ძალიან დიდია. ძალიან ბევრი მსურველი გვყავს ზემო აჭარიდან, რომლებიც ვერ ახერხებენ ჩამოსვლას და მონაწილეობას. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ მათაც მივცეთ შესაძლებლობა და ონლაინკურსების უფასოდ ჩატარებას ვაპირებთ, რათა სურვილები აიხდინონ. ნებისმიერ ადგილას, სადაც არ უნდა იყოს მსრუველი, ექნება წვდომა ამ შესაძლებლობაზე. ეს ჟესტიც ადასტურებს, რომ ყველანაირად ვცდილობთ, ვაჩვენოთ ორივე მხარეს, რომ ამ ურთიერთობების გაღრმავებაზე სიღრმისეულად ვფიქრობთ. მაქსიმუმზე მეტს ვაკეთებთ და გავაკეთებთ მომავალშიც.
რა დონიდან იწყება სწავლადამწყებთათვის იქნება თუ უკვე მცოდნეებისთვისაც არის პროგრამები?
– დაწყებითი დონიდან ვიწყებთ.
თქვენი აზრით, რატომ შეიძლება იყოს იაპონური ენის სწავლა საინტერესო და სასარგებლო ახალგაზრდებისთვის საქართველოში?
ზოგადად, ენათმეცნიერებისთვის იაპონური ენა ძალიან საინტერესო და მიმზიდველია. რამდენად გასაკვირიც უნდა იყოს, მიუხედავად გრამატიკული სირთულისა, იაპონური მარტივად სასაუბრო ენაა, გამოთქმები კი საკმაოდ ადვილია. იაპონური ლიტერატურა, როგორც ძველი, ასევე ახალიც, მთელ მსოფლიოში ცნობილია და აღიარებულია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო. ასევე, ყველაზე მთავარი – მას გააჩნია ძალიან მდიდარი კულტურა, რომლის სწავლის პროცესში იძირები და უფრო და უფრო სიღმისეულად გაინტერესებს, ხვდები, რაოდენ ძვირფასია მათთვის ეს და რა დიდი საგანძური გააჩნიათ. მათი ტრადიციები, ხელოვნება, ეტიკეტი დიდ აღფრთოვანებას იწვევს პიროვნებაში, ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს მასზე და იცვლება უკეთესობისაკენ, უჩნდება პატივისცემის განცდა საკუთარი ენის, კულტურის, ისტორიისა და ქვეყნის წინაშე და მეტად დაკვირვებული, პასუხისმგებლობიანი და მოტივირებული ხდება.
– 11 მარტს იაპონური კულტურის საღამოს მართავთ, რა ელოდებათ სტუმრებს ამ ღონისძიებაზე?
ღონისძიება ტარდება თანამედროვე ხელოვნების სივრცის ორგანიზებით, აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩართულობითა და „იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი ბათუმის“ უშუალო მონაწილეობით. ეს იდეა თანამედროვე ხელოვნების სივრცის პიარმენეჯერ ელენე კურტანიძეს ეკუთვნის. მინდა მადლობა გადავუხადო მას და ღრმა პატივისცემით წარმატებები ვუსურვო. სწორედ მისი გამორჩეული უნარებით, აქტიურობით ჩაეყარა საფუძველი ამ იდეის განხორციელებასაც. სტუმრებს ელოდება სხვადასხვა აქტივობა და მრავალფეროვანი პერფორმანსები, როგორებიცაა: ქართველოლოგ ჰიროტაკე მაედას ფოტოგამოფენა, იაპონიის ღირსშესანიშნავი ადგილების ფოტოგამოფენა, შოდოს დემონსტრაცია (იაპონური კალიგრაფია, იაპონური ენის მხატვრული ნაწერი). შოდოს დემონსტრაციას წარუძღვება იაპონიიდან მოწვეული სტუმარი. ჩატარდება ორიგამის მასტერკლასი (ქაღალდის კეცვის ხელოვნება). ორიგამის ხელოვნებას წარმოგვიდგენს იაპონელი სტუმარი. გაჟღერდება ქართულ-იაპონური ჰიმნები ცოცხალი შესრულებით და იაპონურ სიმღერებს იმღერებენ ბსუ-ის სტუდენტები.
რატომ არის ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანი კულტურათაშორისი ურთიერთობებისთვის?
კულტურათაშორისი ურთიერთობებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის შეხვედრები, დიალოგი, აქტივობები, განსაკუთრებით ისეთი ეპოქისთვის, რომელშიც ცხოვრება გვიწევს, ვინაიდან სწორედ ეს არის ორი ქვეყნის დამაკავშირებელი ხიდი, რომელიც შექმნილია ორმხრივი ურთიერთოებების დასაბალანსებლად და ღირებულებათა სისტემაზეა აგებული. აუცილებელია ამის დაფასება, უფრო მეტად გაძლიერება და განმტკიცება.

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • მარტი 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *