„ეს ნდობა მავალდებულებს, ყველას გვერდით დავუდგე“
By

„ეს ნდობა მავალდებულებს, ყველას გვერდით დავუდგე“

მალხაზ ტაკიძე შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. წინა მოწვევის საკრებულოში იგი იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობდა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში მაშინაც და ახლაც ჭვანის თემის მაჟორიტარია. ჩვენ მას რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

 – ბატონო მალხაზ, ამომრჩეველმა კვლავ გამოგიცხადათ ნდობა. რა მთავარი საკითხებია, რომლებზეც მომდევნო 4 წლის განმავლობაში უნდა იმუშაოთ?

– პირველ რიგში, მადლობა იმ ამომრჩევლებს, რომლებმაც მეორედ დამდეს პატივი, რომ კიდევ 4 წლის განმავლობაში ვიყო მათი ინტერესების გამტარებელი საკრებულოში. 7 სოფლისა და ხიჭაურის დასახლების ამომრჩეველმა ხმა მომცა და ეს ნდობა მავალდებულებს, ყველას გვერდით დავუდგე. წარმომადგენლობით ორგანოში არჩევამდე ჯერ ხიჭაურის საჯარო სკოლის მასწავლებელი ვიყავი, შემდეგ – მერის წარმომადგენელი ჭვანის ადმინისტრაციულ ერთეულში. რაც შეეხება მიმდინარე საკითხებს, დაწყებულია მოძრაობა სოფელ ახალდაბაში საჯარო სკოლის ახალი შენობის ასაგებად. ჩემთვის, როგორც პროფესიით პედაგოგისა და სპეციალობით ისტორიის მასწავლებლისთვის, მთავარი საზრუნავი განათლების რეფორმის გატარება იქნება. მაჟორიტარული ოლქის ტერიტორიაზეა საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის სასწავლო უნივერსიტეტი და საპატრიარქოს ხიჭაურის სკოლა. წყაროთის, ჭალის, ჭვანის, ხიჭაურის (სადაც მასწავლებლად მუშაობას ისევ ვაგრძელებ), ტაკიძეების, ცხემლისის სკოლებსაც ყურადღებას არ მოვაკლებთ. მთის სოფელები რომ არ დაგვიცარიელდეს, უნდა გავაგრძელოთ გზებისა და წყლის სისტემების მოწესრიგება, სოფლების ცენტრების კეთილმოწყობა, სტიქიისგან დაზარალებული ოჯახების დასახლკარება, სიღარიბის ზღვარზე და ზღვარს მიღმა მყოფი, სოციალურად დაუცველი ოჯახების თანადგომა, ისტორიული და მატერიალური კულტურის ძეგლების დაცვა-შენარჩუნება, ფერმერებისთვის ხელსაყრელი პროგრამებისა და ქვეპროგრამების დანერგვა, რიგი სოციალური პროგრამების ამომრჩევლებამდე მიტანა, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა, სასურველი პროგრამით ისარგებლონ.

– სტიქია, განსაკუთრებით მეწყრული პროცესები, ისევ თავს გახსენებთ, მათ სალიკვიდაციოდ რა კეთდება?

– ვერავინ იფიქრებდა, რომ მეწყრული პროცესები სოფელ ჭვანის მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნიდა. რიგი ღონისძიებების გატარება გვმართებს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და მოსახლეობა სპეციალისტების რეკომენდაციებით ვიმოქმედებთ, რათა ის საბედისწერო შემთხვევები აღარ განმეორდეს, რაც უახლოეს პერიოდში იყო.

– კავიანის (ხიჭაურის), ოთოლთას ციხეების ნაშთები, ჭვანის თაღოვანი ხიდი რესტავრაცია-კონსერვაციას საჭიროებს. საამისოდ რა კეთდება?

– ოთოლთას ციხე მართლაც ჩვენი სიამაყეა. უკვე არსებობს ყველა წინაპირობა საიმისოდ, რომ ამ ისტორიული ძეგლის რესტავრაცია-კონსერვაცია დაიწყოს. კავიანის ციხე ერთობ მიუწვდომელ ტერიტორიაზეა. შუახევის მერიის ბიუჯეტით მასთან მისასვლელი ბილიკი გაკეთდა, კარგი იქნება ხიჭაურის ცენტრიდან ციხემდე ბაგირგზის გაკეთება, რაც მეტ ტურისტს მოიზიდავს და ისტორიული ძეგლიც უფრო ცნობილი გახდება. საბედნიეროდ, ყველა იმ პროცესის მონაწილე ვარ, რაც გურიაში, კერძოდ, შემოქმედში გადამალული ჯვრის გადმოსვენებასა და სახალხო დღესასწაულ „ჯვარიმინდვრობას“ უკავშირდება. შარშან, ობიექტური მიზეზის გამო, ეს ზეიმი ვერ შედგა, წელს მის გამართვას ვაპირებთ. აწ განსვენებული ბიზნესმენის სანდრო შარაშიძის ინიციატივით, ჯვრის გადმოსვენებამ „ჯვარიმინდვრობის“ ფესტივალის წამოწყებას სათავე დაუდო. უფლის ნებითა და სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოს მეუფე სპირიდონის ლოცვა-კურთხევით, დასრულდება სანდროს მიერვე წამოწყებული ტაძრის მშენებლობა სოფელ ჭალაში. წელს ქვეყანა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ზეიმობს. სკოლები, კულტურის დაწესებულებები საიუბილეო სამზადისში არიან. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ამ ღონისძიებებში ჩავერთვებით. რახან სიტყვამ მოიტანა, არც სხვა აღმსარებლობის მიმდევრებს ვტოვებთ ყურადღების გარეშე, რიგი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა ჭვანის მეჩეთში. მეჩეთები სეზონურად მოქმედებს პირუტყვის საზაფხულო საძოვრებზე – თაგინურსა და კატრიანზე.

– ბოლო დროს ყურადღება ეთმობა სამთო კურორტ გომისმთის მიმდებარე ტერიტორიის – თაგინურის მთის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ამ ეტაპზე, მნიშვნელობას რას ანიჭებთ?

– თაგინურის მთაში ზაფხულს 1500-მდე ოჯახი ატარებს, მათგან უმრავლესობა ჭვანის ხეობიდანაა. ამ მთასა და მთა ჩირუხში რიგრიგობით ტარდება სახალხო დღესასწაული „შუამთობა“. წელს ჯერი თაგინურზეა. ამ მთაში, ჩირუხის მსგავსად, გაკეთდა არენა. მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა თაგინურზე დენის გაყვანასა და მთის სახლების დაქსელვას. დაწყებულია ხაბელაშვილები-ჯვარიმინდორი-თაგინურის საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარის დაგება, რაც აჭარის მთავრობის მხარდაჭერით კეთდება. ადგილობრივი თვითმმართველობა და გარემოს დაცვის სამსახურები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ ფლორისა და ფაუნის დაცვა-შენარჩუნებას, რომელიც მთა თაგინურისთვისაა დამახასიათებელი. იყო წლები, აქ მასობრივად იჩეხებოდა ტყე. ამ ეტაპზე, პროცესი შეჩერებულია.

– ხიჭაურის დასახლება უკვე იქცა საგანმანათლებლო ცენტრად. იყო მსჯელობა მისთვის დაბის სტატუსის მინიჭებაზე…

– გეთანხმებით, რომ ყოფილი რუსული სასაზღვრო ნაწილის ტერიტორია საგანმანათლებლო ცენტრად იქცა. 17 წლის წინ აქ გახსნილმა უნივერსიტეტმა, საპატრიარქოს სკოლამ დიდი როლი შეასრულა მთიანი აჭარის ახლგაზრდების სწავლა-აღზრდისა და კვალიფიციური უმაღლესი განათლების მიმართულებით. აქ უმაღლესი განათლების მიღება გახსნის დღიდანვე უფასოა. ხულოს, შუახევის, ქედის და სხვა საჯარო სამსახურებში, სკოლებში დასაქმებულნი არიან უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და წარმატებით ართმევენ თავს მინდობილ საქმეს. ქვეყნის ხელისუფალს უნდა უმადლოდნენ იმ 150-ზე მეტი ოჯახის წევრები, რომლებსაც სიმბოლურ ფასად ბინები გადაეცათ. რომ არა საპატრიარქოს დიდი მხარდაჭერა, დღეს ეს ტერიტორია ასე გამშვენიერებული არ იქნებოდა. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ დასახლებაში საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა, გარემონტდა საჯარო სკოლის შენობა, ტერიტორიაზე დაიგო ბეტონის საფარი, მოწესრიგდა მრავალბინიანი სახლების ფასადები, შეიცვალა სახურავი. ბინების მკვიდრები უკვე ბუნებრივი გაზითაც სარგებლობენ. აქ მოქმედებს მართლმადიდებლური ტაძარი. დაწყებულია მეორე ტაძრის მშენებლობაც, ალბათ მალე ხიჭაურს დაბის სტატუსიც ექნება.

– როგორ აფასებთ ჭვანის ხეობისა და უშუალოდ თქვენი მაჟორიტარული ოლქის სოფლების სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში ბიზნესმენების ჩართულობას?

– ჩვენი სოფლების მიწამ და გარემომ ასაზრდოვა ლევან მჟავანაძე, ხვიჩა და გოჩა შარაშიძეები, ნუგზარ ჭაღალიძე და სხვები, რომლებიც ყველა ზეიმისა და სხვა ღონისძიებების დროს ჩვენთან არიან. ეპიდემიისა და პანდემიის პერიოდი იყო და არ გვტოვებდნენ, მოსახლეობას სასურსათო პროდუქტებით ეხმარებოდნენ, ზეიმია და ჩვენთან არიან. მადლობის მეტი რა ეთქმით წყაროთელებს, რომ ლევან მჟავანაძის სახით დიდი ქველმოქმედი ბიზნესმენი ჰყავთ. დიდი და საშვილიშვილო საქმეები გააკეთა მან ზვარეში. ეს ტერიტორია უკვე ტურისტულ ობიექტად იქცა. ამაგს ვერ დავუკარგავთ ნუგზარ ჭაღალიძეს. ხვიჩა შარაშიძე ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი იყო აჭარის უმაღლეს საბჭოში და მრავალ ადამიანს დახმარებია. ასე რომ, თამამად შემიძლია გითხრათ, ჭვანის ხეობის და უშუალოდ ჩემი სამაჟორიტარო ოლქის სოციალურ და კულტურულ განვითარებაში აქაური ბიზნესმენები აქტიურად არიან ჩართულნი, რაც ძალიან დასაფასებელია.

 

ოთარ ცინარიძე

 

 

  • No Comments
  • მარტი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *