„როგორც სახელისუფლებო პარტია, ისე ოპოზიცია უნდა იყოს ქვეყნის ინტერესების დამცველი“
პოლიტიკური დაძაბულობა, კორუფციული სკანდალები, ურბანული განვითარების პრობლემები მრავალ კითხვას აჩენს საზოგადოებაში. ამ ფონზე მნიშვნელოვანია უფლებადამცველთა პოზიცია, თუ რა ნაბიჯების გადადგმას მიიჩნევენ აუცილებლობად სახელმწიფოს მდგრადი განვითარებისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის განმტკიცებისათვის? ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ჩვენი თანაქალაქელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობის ქარტიის“ ხელმძღვანელი, უფლებადამცველი ბადრი პაქსაძე.
– როგორც უფლებადამცველი, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს როგორ უყურებთ?
– მინდა შევეხო რამდენიმე საკითხს: განათლების სისტემაში უმძიმესი მდგომარეობაა, სწავლის ხარისხი მოსწავლეებში ძალიან დაბალია. მე-11 და მე-12 კლასები მოსწავლეებისთვის არაფრის მომცემია, უინტერესოა და მათი უმრავლესობა არც კი ესწრება გაკვეთილებს. ამ მხრივ, აუცილებელია სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში გადაიხედოს სასწავლო პროგრამები, გატარდეს სრულფასოვანი რეფორმები, სასკოლო სახელმძღვანელოებში შევიდეს, ძირითადად, ქართველი მწერლების ნაწარმოებები… ასევე, სრულფასოვანად უნდა ისწავლებოდეს საქართველოს ისტორია, აუცილებელია რელიგიურ-აღმზრდელობითი საათების შემოღება… სკოლიდანვე უნდა ხდებოდეს პროფესიულ დონეზე ბავშვების უნარ-ჩვევების განვითარება. უნდა შეიქმნას კვალიფიციური პროფესიული სასწავლებლების ბაზა, სასურველია პედაგოგიური ინსტიტუტების აღდგენა, რაც უზრუნველყოფს კვალიფიციური პედაგოგების მომზადებას. აუცილებელია გადაიხედოს საქართველოში სოკოებივით მომრავლებული უნივერსიტეტები თუ რას წარმოადგენენ, როგორია სწავლა-განათლების დონე, საჭიროა თუ არა მათი არსებობა და ასე შემდეგ. უმნიშვნელოვანესია ბანკებთან დაკავშირებული საკითხი… ბანკებს შენარჩუნებული აქვთ მაღალი საპროცენტო განაკვეთი, არ არსებობს ოჯახი, ბანკთან რომ არ ჰქონდეს რაიმე კავშირი, რაც უმძიმეს ტვირთად აწვება მოსახლეობას. საბანკო სისტემა, ძირითადად, უნდა იყოს სახელმწიფოს ხელში, უნდა უზრუნველყოფდეს იაფ, ხელმისაწვდომ საპროცენტო მომსახურებას, ბანკები უნდა იდგნენ ქვეყნის კეთილდღეობის სამსახურში და არა პირიქით, უსასრულოდ აღატაკებდნენ ქვეყნის ისედაც შეჭირვებულ მოქალაქეებს და მათთის წართმეული, ნაძარცვი ფული არ უნდა ილექებოდეს უცხოელი მეპატრონეების ჯიბეებში… ამას ემატება ფასების ხელოვნური ზრდა, რაც კორუფციულ გარიგებებთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს მძიმედ აწევს მხრებზე ქვეყნის მოსახლეობას… სიფრთხილეა საჭირო მიგრანტების უკონტროლო შემოდინებასთან დაკავშირებით.
– მმართველ პარტიას და ოპოზიციას რა როლი აქვთ სხვადასხვა საკითხთან მიმართებით?
– ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წყაროს წარმოადგენს ხალხი. მოსახლეობის მხარდაჭერის გადანაწილება პოლიტიკური პარტიების შეხედულებების შესაბამისად, დემოკრატიულ- მრავალპარტიული ცხოვრების პირობებში, სრულიად ნორმალურია… ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელია ის, რომ ამომრჩევლის უმრავლესობა, ნებსით თუ უნებლიეთ, ძირითადად (გარდა გამონაკლისისა), მხარს უჭერდა და უჭერს მმართველ გუნდს, ნაწილი კი – ოპოზიციურ პარტიებს. არიან ისეთებიც, არცერთ პოლიტიკურ გაერთიანებას რომ არ მიეკუთვნებიან. როგორც სახელისუფლებო პარტია, ისე ოპოზიცია უნდა იყოს საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დამცველი. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ხალხის მსახურები უნდა იყვნენ. დღეს ჩვენ თვალწინ რაც ხდება, წარმოუდგენელია. ლამის ერთმანეთი ცოცხლად შეჭამონ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების გამო. მუდმივ პოლიტიკურ დაქსაქსულობას და პოლარიზაციას სასიკეთო არაფერი მოაქვს, არც არავის არაფერში არგია, არავის ახარებს გარდა ქვეყნის შიგნით აღმოცენებული ზნედაცემული გამყიდველებისა, ასევე, გარედან მოხითხითე, მოძულე, მტრულად განწყობილ ბანაკში მყოფი აგრესორებისა. ქართულ ოპოზიციას არ გააჩნია მანდატი, რომ გახდეს ერის მესაჭე, არ ჩანს ნათელი გეგმები. ოპოზიცია უნდა ოპონირებდეს და ჰქონდეს ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი, უფრო მოქნილი, მისაღები საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსი. ოპოზიცია ქვეყნის ამომრჩევლებისთვის მისაღები საარჩევნო პროგრამებით უნდა მოდიოდეს არჩევნებში და არა პროვაკაციებით, რაღაც მიუღებელი ფორმებით, მოსახლეობის ინტერესებთან შეუსაბამო ქცევებით… ქართველი ხალხი უბრძენესია, ყოველთვის მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და გააკეთებს სწორ არჩევანს… როგორც ვთქვი, პოზიციაც და ოპოზიციაც უნდა ემსახურებოდეს ქართველი ხალხის ინტერესებს, ერთად უნდა იდგნენ ეროვნული კონსოლიდაციის იდეაზე, ერთად იცავდნენ ეროვნულ-რელიგიურ ტრადიციებს და წეს-ჩვეულებებს… შეუფერებელია, ვიძახოთ, რომ ვართ პროევროპელები, პროამერიკელები, პრორუსები და ასე შემდეგ. ასე არაფერი გამოვა. მუდამ უნდა გვახსოვდეს, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, საით მივდივართ, ნუ გვავიწყდება, რომ ვართ კავკასიელები! ვართ ქართველები!!! ყველამ ერთად: ქართველმა ხალხმა, ხელისუფლებამ და ოპოზიციამაც მუხლჩაუხრელად უნდა აშენონ საკუთარი ქვეყნის მომავალი, უპირველეს ყოვლისა – პროქართული…
– ჩვენს ქვეყანაში კორუფციაში არაერთი ჩინოსანი ამხილეს ბოლო დროს…
– კორუფცია ქვეყანაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. კორუფცია აღიქმება როგორც სისტემური პრობლემა, ატარებს შეუქცევად ხასიათს, მისი მასშტაბები იზრდება როგორც ზემოდან ქვემოთ, ასევე ქვემოდან ზემოთ. ქვეყანაში მუდამ არსებობდა და არსებობს, გარკვეულ დონეზე, კორუფციული სქემები ედუარდ შევარდნაძის ეპოქიდან მოყოლებული, დღემდე. სამწუხაროა, რომ ქვეყნის მასშტაბით ამდენი გაჭირვებული, სოციალურად დაუცველი, უსახლკარო ოჯახი გვყავს. 3,7-მილიონიანმა ქვეყანამ თავისი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობით, თავისი ბუნებრივი რესურსებით, თავისი საზღვაო, დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი საკვანძო დერეფნების მიუხედავად, დღემდე ვერ შეძლო შესაბამის დონემდე განვითარება. საგანგაშოა, რომ ქვეყნიდან მოსახლეობის ის ნაწილი გაედინება უცხოეთში, რომელიც წარმოადგენს სამუშაო ძალას და რომელთა ასაკია 20-დან 40 წლამდე. ეს არის სირცხვილი და უპასუხისმგებლობა. როცა მოსახლეობა უცხადებს ნდობას და ირჩევს თავისი ქვეყნის ხელისუფალს, რითი პასუხობენ? ხელისუფლებაში მოკალათებულებს თავი საშოვარზე ჰგონიათ, ინაწილებენ ბიზნესსფეროებს, ოღონდ თავი კარგად იგრძნონ, ესაა მათთვის განმსაზღვრელი… ყველა ასეთი ქმედება ემსახურება კლანური ძალაუფლების შენარჩუნებას და გაძლიერებას, ძალაუფლების გადანაწილებას მათივე აღზევებულ კლანებს შორის, რასაც საერთო არაფერი აქვს სამართლიანობასთან, უფრო მეტიც, საერთო არაფერი აქვს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებთან და კეთილდღეობასთან. კორუფციის ფესვები სახელისუფლებო მაღალ ეშელონებში ღრმადაა გადგმული, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში იჩინა თავი. ოლიგოპოლიების ხელშია მოქცეული საბაზრო ფასების კონტროლი. ოლიგოპოლიებმა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს მოიკიდა ფეხი სახელისუფლებო ეშელონებში -= არა მარტო სუპერმარკეტებსა და სააფთიაქო ქსელში, არამედ საბაზრო ეკონომიკის ყველა სფეროში. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აქტიური ბრძოლა დაიწყო ხელისუფლებაში კორუფციის წინააღმდეგ. იმედია, მიღწეული იქნება მიზანი.
– როგორ რეაგირებს საზოგადოება ასეთ დარღვევებზე და როგორია თქვენი, უფლებადამცველების როლი ამ საქმეში?
– პრობლემები მრავლადაა. უპირველესი და აუცილებლია სამართლიანობა და სიმართლე. მნიშვნელოვანია მოქალაქეების გვერდით დგომა და ერთგულება, ისინი ამას უფრო მეტად აფასებენ. რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ ადამიანის უფლებების ყოველმხრივი დაცვა უწყვეტი პროცესია, მაგრამ სრული პასუხისმგებლობა მაინც სახელმწიფოს ეკისრება. მოქალაქეებს აქვთ სრული უფლება, ზეწოლა მოახდინონ ხელისუფლებაზე, კონსტიტუციით აქვთ უფლება, აირჩიონ ხელისუფლება და აკონტროლონ. აუცილებელია, უფლებადამცველი სიფხიზლეს იჩენდეს, პირველ რიგში. ჩვენი ვალდებულებაა, დავარწმუნოთ მოქალაქეები, გახდნენ აქტიური მებრძოლები სამართლიანობისათვის. უამისოდ შეუძლებელია კეთილდღეობა და განვითარება, ქვეყნის აღმშენებლობა. მხოლოდ ასეა შესაძლებელი დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული, ღია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, რომელიც იქნება მომავალზე ორიენტირებული. უნდა დასრულდეს საზოგადოების გახლეჩა-დანაწევრება, რაც დღეს ქვეყნის შიგნით რადიკალური ძალების მიერაა ინსპირირებული. აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების დონეზე ეროვნული თვითშეგნების ამაღლება.
– ქვეყნის განვითარებისთვის უპირველეს საზრუნავად რა მიგაჩნიათ…
– უპირველესია და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ჩართულობა. მოსახლეობის მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გავლენას მოახდენს მათივე საარსებო პირობებზე. გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის მდგრადი განვითარება, ეკონომიკის აღმავლობა იძლევა შესაძლებლობას, აღმოიფხვრას სიღარიბე, ამაღლდეს ხალხის ცხოვრების დონე და კეთილდღეობა, დაცული იქნას გენდერული თანასწორობა, მიენიჭოს პრიორიტეტი ჯანსაღი ცხოვრების წესს, განათლებას. ასევე, მუდმივად უნდა ვითარდებოდეს და ფართოვდებოდეს სამრეწველო დარგები, ინფრასტრუქტურა, ინერგებოდეს ინოვაციები. აუცილებელია მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმოს სოფლის მეურნეობის დარგების აღორძინებასა და განვითარებას, შემუშავებული პროექტები უნდა იყოს წამახალისებელი, რათა ფერმერი დაკავდეს სოფლად და განავითაროს სოფლის მეურნეობის დარგები. ამისათვის სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია ხელშეწყობა და თანადგომა.
– ბათუმს ჰყავს არქიტექტორი ან ურბანული დაგეგმვის სამსახური? ეს კითხვა ხშირად ჩნდება საზოგადოებაში…
– კი, ეს კითხვა ხშირად ისმის. იყო და არის შეცდომები, შეუსაბამო დაგეგმარებით განაშენიანებულია არაერთი უბანი, სადაც არ არსებობს საფეხმავლო ბილიკები, მრავალსართულიან საცხოვრებელ ბინებს საერთოდ არ გააჩნია საპარკინგე ტერიტორია, ეზო და ასე შემდეგ, რაც დისკომფორტს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. ბათუმს აქვს უდიდესი შესაძლებლობები, განვითარდეს მსოფლიო თანამედროვე სტანდარტების დონეზე. ადრე დაშვებულ შეცდომებს დღეს ვერაფერს უშველი. იმედი მაქვს, ბათუმის ახალი მერი, ბატონი გიორგი ცინცაძე გაითვალისწინებს ბათუმელების გულისტკივილს, შეაფასებს არსებულ მდგომარეობას და განავითარებს ქალაქს თანამედროვე სტანდარტებით.
– საგარეო საკითხსაც შევეხოთ, მსოფლიოში დიდი პოლიტიკური გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს, თქვენი აზრი ამის შესახებ…
– რაც უნდა ვისაუბროთ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, ფაქტია, ეს დამოკიდებულია და მჭიდროდ არის დაკავშირებული მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან. იმისათვის, რომ გაერკვეთ ირანის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის არსში, საჭიროა იმის გაგება, რომ სამყარო უკვე არაერთი ასწლეულია ცხოვრობს მართული ქაოსის ეპოქაში, ეს არის ხანა, სადაც მსოფლიო ჰეგემონად თვითგამოცხადებული ამერიკა სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და გაეროს წესდებას. ამერიკის პრეზიდენტმა, თავისივე ჩვეული მანერით, კიდევ ერთხელ გამოუცხადა მსოფლიოს „ეპიკური რისხვა“, რაც ირანის დაბომბვას ნიშნავდა…. თუ მომხდარი მოვლენების სიღრმისეულ არსში ჩავიხედავთ, აშშ-ის და ისრაელის ამ აგრესიას საერთო არაფერი აქვს ამ ორი ქვეყნის წინაშე ირანიდან მომდინარე „ეგზისტენციალურ საფრთხესთან“. საქმე ისაა, რომ ტრამპიც და ნეთანიაჰუც ირანზე დარტყმით თავიანთ პრობლემებს აგვარებენ. კერძოდ, ტრამპს ესაჭიროება ეპშტეინის ფაილებთან დაკავშირებული სკანდალებისგან თავის დაღწევა… აშშ-ის და ისრაელისთვის ირანზე გამარჯვება არა მხოლოდ მენავთობე ქვეყნებზე კონტროლის გაძლიერებაა, არამედ მძლავრი ფაქტორი თავიანთი პოზიციების ახლო აღმოსავლეთსა და მთელ მსოფლიოში გამყარების თვალსაზრისით… ამ მხრივ, რა საერთაშორისო სამართალზე, რა გაეროს დებულების დაცვაზეა საუბარი.
– დაბოლოს, ამ ეტაპზე, გეოპოლიტიკური კატაკლიზმების გამო, ადამიანი დაუცველად გრძნობს თავს. ამაზე რას ფიქრობთ?
– დღეს მსოფლიო ერთ დიდ სოფელს ჰგავს – ნებისმიერ კუთხეში რაღაც თუ ხდება, ეს ყველაზე ახდენს გავლენას. მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები მთლიანად არყევს საერთაშორისო სამართლებრივ კანონებს და გაეროს დებულებებს. როცა სამყაროში ძალა წყვეტს ყველაფერს, როცა ერთი სახელმწიფო არღვევს მეორე სახელმწიფოს სუვერენულ უფლებებს, შეიჭრება და მოიტაცებს ქვეყნის პრეზიდენტს (ვენესუელა), სრულიად აბსურდული ბრალდებით წაიყვანს საკუთარ დილეგში და გამოკეტავს, ეს არის სახე ველური მსოფლიო იმპერიალიზმის… დღესდღეობით არასახარბიელო ვითარებაა ჩვენს სამეზობლოში, არ გვყავს მოკავშირე, რუსეთთან არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, დაკარგული გვაქვს ტერიტორიების 20 პროცენტი, ევროკავშირთან ვიმყოფებით ვერბალურ ომში, აშშ-თან შეჩერებული გვაქვს სტრატეგიული თანამშრომლობა. უნდა ითქვას ისიც, რომ ბრიტანეთი იყო და არის თურქეთის სტრატეგიული მოკავშირე, მისი მიზანია რუსეთის დასუსტება, სამხრეთ კავკასიის გამოყენება მის წინააღმდეგ. სამხრეთ კავკასიაში მთავარ როლში მოიხსენება საქართველო, რომელიც ჩრდილო კავკასიის გავლენებსაც განსაზღვრავს. გვაქვს თუ არა რაიმე საფრთხე? ყოველ შემთხვევაში, თავს არავინ გვესხმის… თუმცა ჩვენ გვაქვს სულ სხვა საფრთხეები იმ თვალსაზრისით, რომ შიდა არეულობის ფონზე, შესაძლებელია მოხდეს პროვოცირება გარკვეული თემებით. თუ სახელმწიფოს მხრიდან ვერ განხორციელდება ეფექტური კონტროლი გარკვეულ ტერიტორიაზე, დიდი შანსი იქნება, რომ საქართველოში განვითარდეს დრამატული მოვლენები, რომლებიც დამთავრდება დაპირისპირებული მხარის კონტროლით, ჩვენი სუვერენიტეტის კრიტიკული შეზღუდვით. აქედან გამომდინარე, გვაქვს ეგზისტენციალური საფრთხე და ამას სჭირდება ადეკვატური მიდგომა და პრევენციები. არავის უნდა მივცეთ საბაბი სიტუაციის გამწვავებისა ჩვენს სამშობლოში. ერთი სიტყვით, არავის მხარე არ უნდა ვიყოთ. ვინც ქვეყნის შიგნით აღვივებს რელიგიურ თუ ეთნიკურ შუღლს, მასთან უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები, ვინც პირდაპირ დამხობისკენ მოუწოდებს, თესავს პანიკას, შიშს, საჯაროდ ქმნის ნეგატიურ განწყობას, ყველას უნდა მოსთხოვონ პასუხი. რა თქმა უნდა, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურები მუდმივად უნდა ფხიზლობდნენ, ახორციელებდნენ ეფექტურ კონტროლს ქვეყნის მასშტაბით.
ლაშა ხომერიკი