ზურაბ გორგილაძის პოეზიის თაყვანისმცემელი „ცისფერყანწელთა“ ქალაქიდან
By

ზურაბ გორგილაძის პოეზიის თაყვანისმცემელი „ცისფერყანწელთა“ ქალაქიდან

60 წელი უკან მოიტოვა აჭარის დიდმა ქომაგმა, 105 წლის გაზეთ „აჭარის“ აქტიურმა მკითხველმა, მეგობრობისა და კეთილი ურთიერთობების მეციხოვნემ, ექიმმა, ქველმოქმედმა, ქუთაისის საპატიო მოქალაქემ, სრულიად საქართველოს შოთა რუსთაველის საზოგადოების ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ისრაელის საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,გულთა კავშირის“ ვიცე-პრეზიდენტმა და ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ისრაელის საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,ნერგის“ ვიცე-პრეზიდენტმა, ისრაელის ქალაქ კირიათ-ბიალიკის საპატიო მოქალაქემ და საპატიო გასაღების მფლობელმა, დავით აღმაშენებლის სახელობის ენდალმისა და ოქროს მედლის მფლობელმა, მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემია „გულანის“ აკადემიკოსმა, შპს „ქუთაისის დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის“ დირექტორმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის, ზურაბ გორგილაძის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიების ლაურეატმა, ფრიდონ ხალვაშისა და ზურაბ გორგილაძის ლიტერატურულ კონკურს „ზღვაურის“ 2022 წლის გამარჯვებულმა, თურქეთის რესპუბლიკის მენეჯმენტის, აუდიტის, ფინანსური ანგარიშსწორების და ეკოლოგიის საპატიო დოქტორმა მერაბ კვიცარიძემ. მას ქუთაისში ვესაუბრეთ.

– ბატონო მერაბ, როგორ შემოვიდა საქართველოს განუყოფელი კუთხე -აჭარა თქვენს ყოფიერებაში?

– პირველ რიგში, მოგესალმებით და გაზეთ „აჭარას“ ვულოცავ საიუბილეო თარიღს. რაც შეეხება კითხვას, ჩემს ყოფიერებაში აჭარა თავიდან გაუცნობიერებლად შემოვიდა. ერთი წლის ვიყავი, როცა მამაჩემი, ბიჭიკო კვიცარიძე, პროფესიით კვების მრეწველობის ტექნოლოგი, მეღვინე და მეკონსერვე სამუშაოდ მიავლინეს ქობულეთის საკონსერვო ქარხანაში. მან დიდი ძალისხმევით, თავისი პროფესიული უნარებით, ქარხანა ერთ-ერთ წარმატებულ დაწესებულებად აქცია. ორი წელი ვცხოვრობდით ამავე ქარხნის წინ, შესანიშნავი ქართველის – აბდულ გორგილაძის ოჯახში. ერთი საინტერესო ფაქტი მინდა გავიხსენო: მაღაზიაში გამიყოლა დედამ. ჭიქა რომ იყიდა, გამყიდველს ხურდა არ აღმოაჩნდა, ლატარიის ბილეთები შემოგვთავაზა. ცხრა ბილეთი ამოვიღე, რომელთაგან ერთ-ერთმა ავტომანქანა „ვოლგა-21“ მოიგო. მაშინ მთელს ქობულეთში მსგავსი ავტომანქანა ჰყავდათ ქობულეთის რაიკომის პირველ მდივან სიორიძეს, სოფელ ხუცუბანში მცხოვრებ მამის მეგობარ ოთარ ართმელაძეს და ჩემი ამჟამინდელი კოლეგის, უროლოგ ფირან კალანდაძის მამას. აქვე გავიხსენებ მამის მეგობრებს აწ განსვენებულ შუტუნა წერეთელსა და ხუტა ჭურაძეს. . . ეს ფაქტი დღესაც ახსოვთ უფროსი თაობის ქობულეთელებს. ის დიდი მადლი, რომელიც აბდულ გორგილაძის ოჯახიდან მივიღე, ჩემს ყოფიერებაში ნათლად აისახა და ცნობიერებამაც არ დაახანა – დამსახურებული ქორეოგრაფის, ქობულეთის მკვიდრ თემურ თხილაიშვილის 50 წლის იუბილეზე თამადობისას, გენიალური ზურაბ გორგილაძის პოეზიას გავეცანი. მას შემდეგ მე და ზურაბი ერთად ვართ.

– ვინ იყო პირველი ვისაც სამეგობროდ ხელი გაუწოდეთ?

– გენიალური ზურაბ გორგილაძე უცნაურ სიტუაციაში გავიცანი. მისი რამდენიმე ლექსი ზეპირად ვისწავლე და გადავწყვიტე, პოეტი მომეძებნა. ჩამოვედი ბათუმში და ორჯერ ავედი სოფელ ხალაში, რომ პოეტისთვის მიმეგნო. . . შევხვდი, გავიცანი, მისი ლექსები ზეპირად წავუკითხე და მეუღლესთან – ქალბატონ ლეილასთან ერთად რესტორანში დავპატიჟე. მისი სიხარულით ანთებული თვალები ახლაც თვალწინ მიდგას. ბედნიერი ვარ, რომ ვმეგობრობდი გენიალურ პოეტთან, რომლის პოეზიამ გამაცნო და დამამეგობრა მის ქალიშვილ თათიასთან, აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარესთან, ბატონ დავით თედორაძესთან, ფარმაცევტულ კომპანია ,,ჰეკატეს“ დამფუძნებელთან, პროფესორ ვლადიმერ მახარაძესთან, პოეტებთან ვახტანგ ღლონტთან, ბელა ქებურიასთან, ცისანა ანთაძესთან, ვახტანგ გოგრაჭაძესთან, გენრი დოლიძესთან, როინ აბუსელიძესთან, გიორგი გაბაიძესთან, არჩილ ბერიძესთან, სულხან წულუკიძესთან, გენიალური პოეტის მეგობრებთან ბონდო ჯიქიასთან, ჯამბულ წულაიასთან, ვაჟა მსხილაძესთან, თამარ ხოზრევანიძესთან, მერი დიასამიძესთან, შოთა ზოიძესთან, ჯონი ბარამიძესთან, ბიზნესმენებთან – გოჩა ირემაძესთან, რამაზ მსახურაძესთან, ლევან მჟავანაძესთან. ჟურნალისტებთან: ქეთევან გვაძაბიასთან, ირმა შერვაშიძესთან, ოთარ ცინარიძესთან, ჯემალ მეგრელიძესთან, პროფესორ რამაზ სურმანიძესთან, შორენა მახაჭაძესთან. ასე რომ, აჭარის რეგიონში დიდი სამეგობრო წრე მყავს. . .

– წერთ ლექსებს, მაგრამ სხვისი ლექსების ზეპირად წაკითხვის უბადლო ნიჭიც გაქვთ. გამორჩეულად ეთაყვანებით ზურაბ გორგილაძეს. რატომ?

– მე ჩემი განმარტება მაქვს. დღეს კაცობრიობა ეძებს რუსთველის საფლავს, ზოგს გელათში ჰგონია, ზოგს – სამხრეთ საქართველოში, ზოგს – ისრაელში და ზოგს კიდევ სად. სანამ კაცობრიობა იარსებებს, რუსთველის საფლავს ვერ იპოვის, რადგან ის ჩამოვიდა ზეციდან, ფეხი არ დაუდგამს მიწაზე. დაწერა „ვეფხისტყაოსანი“ და წავიდა ცაში. ღმერთებს მიწაზე არ ეძებენ. გენიალური შოთა რუსთაველი ჩვენი სავიზიტო ბარათია გალაქტიკის გარეთ. რაც შეეხება გალაქტიკის შიგნით, ქართული პოეზიის მერიდიანი გადის ჩარგალზე, სადაც დაიბადა ვაჟა-ფშაველა, გრძედი – ჭყვიშზე, სადაც დაიბადა გალაკტიონი, ხოლო ქართული პოეზიის განედი გადის ხალაზე, სადაც დაიბადა ზურაბ გორგილაძე. ზურაბის უამრავი ლექსი ვიცი ზეპირად, თითქმის ყველა. ჩემს კაბინეტში სამი ნიღაბი ინახება – ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის და ზურაბ გორგილაძის. რამდენიმე წლის წინ მივიღე გადაწყვეტილება, გამეკეთებინა დიდი ხის კარედი, რომელზეც დატანილი და ამოტვიფრულია ზურაბ გორგილაძის ლექსი. ის დიდ ჯვართან ერთად ავიტანე ფერიის მთაზე და საჩუქრად გადავეცი ბათუმს. ჩემი დაფინანსებით გამოიცა გაზეთის 20000 ეგზემპლარი გენიალურ პოეტზე, რომელიც დაურიგდა საჩუქრად საქართველოში და ქვეყნის გარეთ ყველა ქართულ სათვისტომოს, ხოლო წმინდა ნინოს ჯვარი შევწირე ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმს სოფელ ხალაში, სადაც იგი განთავსებულია ეზოში, პატარ გორაკზე. შესაძლებლობის ფარგლებში ვჩუქნი გენიალური პოეტის ბანერებს საქართველოს მუნიციპალიტეტებში არსებულ საჯარო სკოლებს. ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლაში გაიხსნა მისი სახელობის ბიბლიოთეკა, ხოლო მთელი სკოლის გარე კედელზე, ქალბატონ მერი დიასამიძის დაფინანსებით, განთავსდა მისი ლექსი „ჰოიდა ნანა“. გამზადებულია და დაგეგმილი მაქვს, თანხმობის შემთხვევაში, ბათუმს საჩუქრად გადავცე გენიალური პოეტის მონუმენტი წარწერით ,,ხალა. . . ეს ჩემი ხატი მამული ლოდზე ჯვარი და მზე“. სამწუხაროდ, ამ შეთავაზებას უკვე ერთი წელია განიხილავენ.

– ქვეყანაში ბეჭდვითი მედიის უხუცესად აღიარებენ გაზეთ „აჭარას“. მისი ფურცლები თქვენდამი მოძღვნილ სტატიებსაც ინახავს. რას უსურვებდით 105 წლის გაზეთს?

– ნამდვილად ღირსეულ გაზეთ „აჭარას“ ვულოცავ 105 წლის იუბილეს. ის დიდი საქმე, რასაც გაზეთი წლებია აკეთებს, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია. გენიალური გალაკტიონის ხმაც აჭარის ტელე-რადიო კომიტეტმა შემოგვინახა. ასე რომ, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, წიგნისა და გაზეთის როლის მნიშვნელოვნად გააქტიურება აუცილებელ პირობად მიმაჩნია.

– რამდენიმე წლის წინ წამოიწყეთ ცნობილი პროექტი „ვეფხისტყაოსანს წერს საქართველო“. იდეის ავტორი, ამ პროექტის დასრულებულ ვარიანტს საზოგადოებას როდის მიაწვდით?

– პროექტი ,,ვეფხისტყაოსანს წერს საქართველო“ დაიწყო 12 წლის წინ, 1957 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით, რომელსაც ხელს აწერს სამი ბუმბერაზი მეცნიერი – აკაკი შანიძე, კორნელი კეკელიძე და ალექსანდრე ბარამიძე. პროექტი დალოცა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. პირველი სტროფი გადაწერა ჭაბუა ამირეჯიბმა, ბოლო სტროფს გადაწერს ჩემი შვილი გიორგი კვიცარიძე. დარჩენილია 22 სტროფი, რომელსაც თავისი ადრესატები ეყოლება. ასე რომ, მალე დამთავრდება და შემდგომ, წიგნადაც გამოიცემა. 1669 ადამიანის ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი ჩემს შვილს დარჩება როგორც მემკვიდრეობა.

– ისრაელის საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,გულთა კავშირის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ისრაელის საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,ნერგის“ ვიცე-პრეზიდენტმა, სრულიად საქართველოს შოთა რუსთაველის საზოგადოების ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ შოთა რუსთაველი ძეგლებითა და ბიუსტებით გააცანით ისრაელსა და თურქეთს. . .

– როგორც ზემოთ აღვნიშნე, რუსთაველი ჩვენი სავიზიტო ბარათია გალაქტიკის გარეთ. ჩემი პატრონაჟითა და დაფინანსებით, გენიალური პოეტის ბიუსტები დაიდგა შემდეგ ლოკაციებზე: ქუთაისში – ავტოქარხნის დასახლებაში, თბილისში – ფარმაცევტული კომპანია ,,ავერსის“ ქარხნის ტერიტორიაზე, ქუთაისის ოცხელის სახელობის მეორე საჯარო სკოლაში, ისრაელის ქალაქ კირიად-ბიალიქში ებრაულ სინაგოგასთან არსებულ სკვერში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბრინჯაოს ქანდაკება (მოქანდაკე – ქუთაისის საპატიო მოქალაქე, კონკურს ,,საგურამოს“ გამარჯვებული, ჩემი უმცროსი მეგობარი გიორგი კიკვაძე), რომელიც საჩუქრად გადავეცი იერუსალიმის პატრიარქ თეოფილოს მესამეს. მან ნებართვა მოგვცა, ეს ქანდაკება განგვეთავსებინა მისი რეზიდენციის შესასვლელში (მაცხოვრის საფლავიდან 50 მეტრში), იესო ქრისტეს ქანდაკების წინ. ასევე, ჩემი პატრონაჟითა და დაფინანსებით, უკვე 2 ბიუსტი დაიდგა თურქეთში, კერძოდ, ჩემი საჩუქარი სიხარულით მიიღო თურქეთის მკვიდრმა ქართველმა ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა, ჩემმა უფროსმა მეგობარმა, მრავალი სასიკეთო საქმის ორგანიზატორმა და სულის ჩამდგმელმა ბატონმა ისმეთ აჯარმა, რომელმაც ბიუსტი სტამბოლში, ,,აჭარკენტის‘’ ტერიტორიაზე განათავსა. ერთი თვის წინ მეორე ბიუსტი საჩუქრად გადავეცი რიზეს რეჯებ-თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტის შოთა რუსთაველის სახელობის კაბინეტს. მგონი, თავი შეგაწყინეთ, მაგრამ თქვენს კითხვას პასუხი ამომწურავად რომ გავცე, აუცილებელია, მოგახსენოთ, რომ ერთი ბიუსტი საჩუქრად გადავეცი რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტს, პოეტ დავით შემოქმედელს, ხოლო მეორე – ჩემს მეგობარ ბიზნესმენ რატი მეგრელიძეს. უახლოეს მომავალში, შესაბამისად, ბიუსტები ოზურგეთსა და ქობულეთში განთავსდება. მომავალი ორი თვის განმავლობაში ჩემი ნაჩუქარი ბიუსტები დაამშვენებს თურქეთში ქალაქ სინოპის უნივერსიტეტის ფოიეს, სტამბოლში – შოთა რუსთაველის საზოგადოების ცენტრალურ ოფისს და უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტის ერთ-ერთი უნივერსიტეტის ფოიეს, ერთი ბიუსტი ქალაქ ზუგდიდშიც განთავსდება, მისი ადრესატი ჩემი მეგობარი პოეტი ლაშა გვასალიაა. ასე რომ, ჩემთვის რუსთაველით თენდება და ღამდება.

– ყურადღებიანი შვილი, კარგი მეუღლე და მამა – ასეთად გიცნობთ ქუთაისი.

– ათჯერ რომ დავიბადო, ათივეჯერ ქუთაისში ვიცხოვრებ. ათჯერ რომ დავიბადო, ათივეჯერ ექიმი ვიქნები. ათჯერ რომ დავიბადო, ათივეჯერ ქეთევანი იქნება ჩემი მეუღლე. მას მძიმე ტვირთი აწევს – ერთ კაცში განსხეულებულ სამ კაცს უძლებს – ექიმს, თამადას და პოეტს. მყავს შესანიშნავი შვილი, წარმატებული ექიმი, ნეიროქირურგი გიორგი კვიცარიძე, მისი ძვირფასი მეუღლე – ჩემი მეორე შვილი – პროფესიით იურისტი თინათინ მერკვილაძე და პატარა შვილიშვილი, ბებიის სეხნია ქეთევან კვიცარიძე. ისინი ამჟამად გერმანიაში მოღვაწეობენ. პატარა ქეთევანი, იერუსალიმის პატრიარქის თეოფილოს მესამის ლოცვა-კურთხევით, ისრაელის ქალაქ ლოდში, წმინდა გიორგის საფლავთან მოინათლა. შარშან, 23 დეკემბერს დავიწყე საკუთარი ხელით „ვეფხისტყაოსნის“ ,,გადაწერა“, რომელიც მალე დამთავრდება და მოოქროვილ ჩარჩოში ჩასმული პატარა ქეთევანის მზითვი იქნება (იცინის).

– თქვენი შემოქმედებიდან რომელ ლექსს გამოარჩევთ და გააცნობთ ჩვენი გაზეთის მკითხველს?

– გამოვყოფდი ლექსს ,,მამაჩემი“:

„ბავშვობის სურათები თავიდან დავალაგე,

რაღაც სხვანაირად მეტკინა ანაცერი,

ნუ გეშინიაო, ხმა რომ შემომესმა,

ათასში გავარჩიე, ეს იყო მამაჩემი.

მერე მოვიყვანე ერთი თეთრი გოგო

და რომ წარვუდგინე ჩემი ანარჩევი,

ჩემს შვილს თუკი მოსწონს, მეც ხომ იმ აზრის ვარ,

თავისთვის იღიმოდა კუთხეში მამაჩემი.

სათამაშოებიც გადმოვალაგე და

აგერ, თოჯინებიც ჩემი დის ანაჩემი.

ყოველთვის გვერდით მედგა, ყოველთვის მამხნევებდა,

ყოველთვის მამაგრებდა, გულწრფელად მამაჩემი.

სახლებიც ბერდებიან, ქუჩებიც ბერდებიან,

ბერდება, რა თქმა უნდა, რაც დარჩა, დანარჩენიც.

ბავშვობის კარუსელთან, ცხოვრების მოსახვევში,

თავიდან იწერება ახალი განაჩენი.

ბავშვობის სურათები დავალაგე,

რაღაც სხვანაირად მეტკინა ანაცერი,

ქუჩაში პაემანზე დედაჩემს ელოდება,

ბეჭებში მოხრილი, ჩემი ხნის მამაჩემი“.

როგორც იცით, მე „ცისფერყანწელების“ ქალაქიდან ვარ და მეამაყება, რომ ჩემი ლექსის ერთი სტროფი ქუთაისში თეთრ ხიდს ამშვენებს. თქვენთან ინტერვიუც ამ ლექსით მინდა დავასრულო:

„არა მარტო სავარდოს და სამაისოს,

მიწას რჩეულს, უფლის კალთით ბარაქიანს ,

ჩვენ ვუმღერით სიყრმის წლებს და მოგონებებს,

ქუთაისი სიყვარულის ქალაქია“.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • მარტი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *