ერის მამა, რომელიც ყოველთვის ქადაგებდა შერიგებას და არა დაპირისპირებას
ბედნიერებაა 36-წლიანი ურთიერთობა პიროვნებასთან, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტორიტეტი იყო ბოლო 50 წლის განმავლობაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მსოფლიოში ცნობილი იყო მასშტაბური აზროვნებითა და ზომიერებით. მან თავისი მოღვაწეობით და კეთილგანწყობილი დამოკიდებულებით დაიმსახურა განსაკუთრებული პატივისცემა განსხვავებულ ეკლესიებს შორის. გახლდათ ინტელექტუალური ლიდერი, რომელსაც ანგარიშს უწევდნენ მსოფლიო საეკლესიო კრებებს და საერთაშორისო შეხვედრებზე.
პატრიარქი არასოდეს ყოფილა მკაცრი სიტყვების ლიდერი – მისი ძალა ჩანდა სიმშვიდეში, თავმდაბლობასა და თანაგრძნობაში. ის გვასწავლიდა, რომ ნამდვილი ძალა არ არის დაპირისპირებაში, არამედ – გულისხმიერებას და სხვაზე ზრუნვაში. მისი ცნობილი სიტყვებია: „სიყვარული გადაარჩენს მსოფლიოს!“, – „ღმერთი, სამშობლო ადამიანი!“ მასთან ჩემი შეხვედრები წინა საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო. ბათუმში ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის ამოქმედების შემდეგ რედაქტორმა ვახტანგ წულუკიძემ პატრიარქს გამაყოლა აჭარის მთიანეთში, კერძოდ, სხალთის ხეობაში. უწმინდესს იქ პანაშვიდი უნდა გადაეხადა 1989 წლის19 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად. ინტერესმოკლებული არ იქნება მცირედი შემოკლებით მოვიშველიო გაზეთ „საბჭოთა აჭარის“ 1989 წლის მაისის ნომერში დაბეჭდილი სტატია „მთელი საქართველო თქვენთანაა“: „კათოლიკოს-პატრიარქი სტუმრებთან ერთად ქედაში შეჩერდა. შეხვედრა რაიონის კულტურის სახლში გაიმართა.
საზეიმო, ამაღლებული განწყობილება სუფევდა დარბაზში, დამსწრეთა ერთიანი სულისკვეთება გამოხატეს თავიანთ სიტყვებში ოქტომბრის საშუალო სკოლის მასწავლებელმა ლია მახარაძემ, შუახევის რაისამრეწველო კომბინატის მუშა მერი აბუსელიძემ, ქედის საშუალო სკოლის Χ კლასის მოსწავლე ირმა შერვაშიძემ (ამჟამად გაზეთ „აჭარის“ რედაქტორის მოადგილე), პოეტმა ნათელა დუმბაძემ, საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის განყოფილების პასუხისმგებელმა მდივანმა, პოეტმა ფრიდონ ხალვაშმა.
შეხვედრაზე გამოვიდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. მან დალოცა შეკრებილები, უსურვა ერთობა და თანადგომა საქართველოს სამომავლოდ – დრო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, – აღნიშნა მან – მეტად რთული და დაძაბული დროა, ამიტომ საჭიროა ერის მთლიანობა, შეკავშირება. რწმენისა და იმედის გარეშე ადამიანს უჭირს ამქვეყნად ყოფნა.
ქედიდან სტუმრები შუახევში გაემგზავრნენ. აქ, ხანმოკლე შესვენებისას, ისინი შეხვდნენ რაიონის სოფლების მცხოვრებლებს, ეწვივნენ უჩამბის თემს (რიკიხეთის უბანში 9 აპრილის ხსოვნის წყარო აკურთხეს). რაიონის ხელმძღვანელებმა პატრიარქს და სხვა სტუმრებს გააცნეს შუახევში შექმნილი ვითარება, ესაუბრნენ იმ ღონისძიებათა შესახებ, რომლებიც ხორციელდება დამეწყრილი სოფლების მცხოვრებთა დასახმარებლად.
დიდი თუ პატარა იმ დღეს სხალთის ტაძრისკენ მიეშურებოდა. საუკუნოვანი კაკლების ჩრდილში თავი მოიყარა ათასობით ადამიანმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ისურვა წაბლანაში სტიქიით დაღუპულთა ახლობლების მონახულება, ადამიანის გონებისათვის ძნელად აღსაქმელია ის კატასტროფა, რაც აქ დატრიალდა. მილიონობით კუბური მეტრი მასა, ერთბაშად მომსკდარი უზარმაზარი მთიდან, მომაკვდინებლად დააცხრა სოფელს და 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
კათალიკოს-პატრიარქი ლოცვით შეეგება სტიქიით დაღუპულთა ოჯახის წევრებს, არა მარტო მათ, არამედ ყველას, ვინც იმ დღეს წაბლანაში იყო, უცრემლოდ არ შეეძლოთ ყოფნა. ათობით წმინდა სანთელი დაინთო გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად. ჩატარდა საყოველთაო ნათლობა.
სხალთის ტაძარში, რომელიც იმ დღის შესაფერისად საზეიმოდ იყო მორთული, ილოცა კათალიკოს-პატრიარქმა ილია II, ილოცეს წმინდა სინოდის წევრებმა, მცხოვრებლებმა. თავის გამოსვლაში უწმინდესი და უნეტარესი შეეხო ჩვენი არსებობის ისეთ მნიშვნელოვან მხარეებს, როგორიცაა რწმენა, სათნოება, სიყვარული, ერთმანეთის გატანა, შემწყნარებლობა.
– დღეს საქართველოს თქვენი გული და სინდისი ასულდგმულებს, -აღნიშნა პატრიარქმა, ის, რაც აჭარაში მოხდა, ტკივილია, დამაღონებელია ყველასათვის, გამაგრდით, მთელი საქართველო თქვენთანაა. ქართველ ხალხთან ერთად ეკლესიამაც გაიღო დახმარება სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად. 9 აპრილისა და 19 აპრილის ტრაგედია შემთხვევითი არ არის, დავკარგეთ შესანიშნავი ახალგაზრდები, დედები, დები, ძმები. ჩვენი მომავალი ჩვენს ხელთაა, თქვენს ხელთაა, ჩემო ძვირფასო ადამიანებო, თქვენ შემოგყურებთ იმედის თვალით მთელი საქართველო“.
მაშინ უწმიდესი და უნეტარესი უფალს შეევედრა, რომ აჭარაში აშენებულიყო ტაძრები და ასეც მოხდა. 2006 წლის დეკემბერში სხალთის ეპარქია დაფუძნდა. პარტიარქისა და სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოს მეუფე სპირიდონის ლოცვა-კურთხევით 20 წლის განმავლობაში სხალთის ეპარქიაში 5 ტაძარი აშენდა და 2 შენდება.
1989 წლის მაისიდან მოყოლებული, მისი ნათლული ყველა იმ დიდი საქმის მომსწრე ვარ, რასაც პატრიარქი აჭარაში აკეთებდა. მასთან ერთად მოვინახულე მისი მშობლიური სოფელი სნო, დარიალის ხეობაში მშენებარე სამონასტრო კომპლექსი, სამების საკათედრო ტაძარში სხალთის ეპარქიიდან წასულ მრევლთან ერთად ვესწრებოდი მის წირვა-ლოცვას. ჩემს ფოტოებსა და 60-ზე მეტ საგაზეთო სტატიაში მოთხრობილია. უწმინდესის დაუღალავ მსახურებაზე, რაც კონკრეტულ საქმეებში ჩანდა. იგი წყნარად, თავმდაბლად და განუწყვეტლივ ემსახურებოდა ხალხს.
ასობით პატარა სოფელი, მრავალი ოჯახი, ავადმყოფი ან უბედური ადამიანი მოინახულა – ყველასთვის ჰქონდა დრო. ათიათასობით ბავშვის ნათლობა გადაიქცა სიყვარულის ტრადიციად, სამშობლოზე ზრუნვის სიმბოლოდ.
მეხსიერებაში წარუშლელ ბედნიერ წუთებად დამრჩა ის, რომ 2013 წლის ივლისს სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოს მეუფე სპირიდონთან ერთად საათზე მეტი დრო დამითმო, იმ დღეს ხულოში 1300-ზე მეტი ადამიანი მართლმადიდებლობას აზიარა.
საქართველოში ილია მეორე მხოლოდ ეკლესიის წინამძღვარი არ გახლდათ, იგი დარჩება ერის მშვიდობის, სიბრძნისა და სულიერი ბალანსის სიმბოლოდ – ერის მამად, რომელიც ყოველთვის ქადაგებდა შერიგებას და არა დაპირისპირებას. ილია II იყო სიმშვიდის ენა, სიყვარულის ძალა და სულიერი თანადგომის მაგალითი.
ოთარ ცინარიძე