რამაზ საყვარელიძე: ვფიქრობ, ისრაელის მდგომარეობა უფრო მყარია, ვიდრე – ირანის
ირანში ამერიკა-ისრაელის სამხედრო ოპერაცია ორ კვირაზე მეტია, მიმდინარეობს. უკვე შეიძლება გარკვეულ შედეგებზე საუბარი ამერიკისა და ისრაელის სასარგებლოდ, მაგრამ ისიც ცხადად ჩანს, რომ რაც ირანში დაიწყო, არც მალე დასრულდება და არც იმ შედეგით, აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი და ისრაელის პრემიერი ნეთანიაჰუ რომ ვარაუდობდნენ. დაიხევს თუ არა უკან ირანი? დაეთანხმება თუ არა თეირანი ვაშინგტონის ულტიმატუმს – 48 საათში გახსნას ჰორმუზის სრუტე და თუ არ დაეთანხმება, შეასრულებს კი აშშ თავის მუქარას – დაბომბავს ირანის ყველა ელექტროსადგურს? ამ საკითხებზე საუბრობს „აჭარასთან“ პოლიტანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.
– ახლახან ტრამპმა განაცხადა: „ირანელებს გარიგების დადება სურთ, მე – არა“. . . როგორ დააკომენტარებდით აშშ–ის პრეზიდენტის ამ განცხადებას?
– რა გითხრათ, ტრამპის განცხადებების კომენტარი რთული საქმეა, რადგან ხშირად ცვლის და უმეტესად მხოლოდ განცხადებების ფუნქცია აქვს, ანუ არ ასახავს რეალობას. მისი მიზანია, მსმენელების გონებაში ჩადოს ის ფრაზები, რომლებიც მას პოლიტიკურად სჭირდება. ვფიქრობ, სწორედ ამ შემთხვევასთან გვაქვს ახლაც საქმე, რადგან ანალიტიკოსები შორს არიან იმ აზრისგან, რომ ირანის საკითხი ამოწურულია და აშშ იმარჯვებს. ირანის ყველა სამხედრო ობიექტის განადგურების შემთხვევაშიც კი უამრავი პრობლემა გაუჩნდებათ ამერიკას და ისრაელს მუსლიმურ შაჰიდთან ბრძოლაში. ეს არის მუსლიმთა წინააღმდეგობის ფორმა, იგი მზადაა თავგანწირვისთვის. ასე რომ, მათი რითიმე დაშინება შეუძლებელია. ეს კიდევ ცალკე ფურცელი იქნება ამ ბრძოლაში, რომელიც უამრავ პრობლემას შექმნის. მიზეზი, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტი ასეთ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, არის ის, რომ მისმა ადმინისტრაციამ ვერ შეძლო, განეჭვრიტა სრულიად აშკარა მოვლენა: ირანის რეჟიმი, კუთხეში მიმწყვდეული, რომელიც თავის გადასარჩენად იბრძვის, გაბედავდა და მიიღებდა ისეთ რადიკალურ ზომებს, როგორიც არის ჰორმუზის სრუტის დაკეტვა და რაკეტების გაშვება სპარსეთის ყურეში მდებარე აშშ-ის მოკავშირეების წინააღმდეგ. აბა, რისთვის სჭირდებოდა ირანს ბალისტიკური რაკეტების უდიდესი რეზერვის შექმნა ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებთან შედარებით? ეს თეთრმა სახლმა ვერ ან არ გაითვალისწინა.
– ახლახან დაარტყეს ისპაჰანში ატომურ რეაქტორს, რასაც ანალიტიკოსები აფასებენ ისრაელ–აშშ–ის მორიგ სამხედრო დანაშაულად, სკოლაში გოგონების ამოხოცვის შემდეგ. . .
– გააჩნია, რა შედეგები მოჰყვება ამ დარტყმას. იმედი აქვთ, რომ გაჟონვა არ მოხდება და როგორც ირანელები, ისე მისი მეზობელი ქვეყნების მოსახლეობა გადარჩება რადიაციას, ხოლო თუკი რეაქტორი ისე დაზიანდა, რომ ვერ აღკვეთეს გამოსხივება, დანაშაულიც იქნება და უარესიც.
– ამ ომში ვის აქვს უპირატესობა?
– აშშ-სა და ისრაელს სრული უპირატესობა აქვთ. პრაქტიკულად, სრულადაა განადგურებული ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ამ ქვეყნების ავიაცია დაუსჯელად ბატონობს ირანის საჰაერო სივრცეში. თუ ამას იმასაც დავუმატებთ, რომ ამ ოპერაციის ფარგლებში ირანის სულიერი ლიდერი და საკმაოდ მაღალი რანგის რელიგიური პირები, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მაღალჩინოსნები არიან განადგურებული, მეტ-ნაკლებად ცხადად გამოჩნდება, თუ რა მდგომარეობაშია ირანის სამხედრო შესაძლებლობები. რაც შეეხება პოლიტიკურ შედეგებს, დღევანდელ მსოფლიოში სამხედრო მიზნების მიღწევა სულაც არ ნიშნავს პოლიტიკურ გამარჯვებას.
– ისრაელმა 17 მარტს განაცხადა, რომ ისლამურ რესპუბლიკაში ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა ალი ლარიჯანი, გასამხედროებულ ფორმირება „ბასიჯის“ მეთაურ გენერალ სოლეიმანთან და სხვა სამხედრო ლიდერებთან ერთად – ლიკვიდირებულია. მეორე მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია ისრაელის მაღალჩინოსნების, მათ შორის „მოსადის“ დირექტორის დაღუპვის შეხახებ. . .
– მიმდინარეობს ომი, ხოლო ომი განადგურებაზეა ორიენტირებული. სინამდვილეში, ვინ გარდაიცვალა, ვინ დაიჭრა და ვინ გადარჩა, ჯერ ზუსტად არავინ იცის. ზოგ ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებენ, ზოგს – არა, ასე რომ, მკაფიო სურათის შექმნა ძნელია, მაგრამ მგონი, პროცესები უკვე იმ ეტაპზეა, ისრაელის თუ ირანის მაღალჩინოსნების განადგურებით ომის ბედი არ შეიცვლება, ბოლომდე მივა პროცესი. ის კი არადა, შეიძლება, უფრო ინტენსიურიც კი გახდეს.
– რამდენად შესაძლებელია, რომ გამართლდეს ტრამპის მიზნები და ირანი ან დაიშალოს, ან იქ პროამერიკული მთავრობა მივიდეს?
– გამორიცხული ნამდვილად არ არის. პრინციპში, ტრამპს უკან დასახევი გზა არ აქვს. მართალია, ამერიკის მხრიდან მსხვერპლი ნაკლებია, მაგრამ მხოლოდ ეს არ უშველის, წყალი შეუდგება, თუკი მარცხი განიცადა. მოგეხსენებათ, მის რიტორიკაში სულ იყო მშვიდობაზე აქცენტი, თუმცა სწორედ ამის საწინააღმდეგოდ დაიწყო აქტიური ქმედებები, რის გამოც გაჩნდა კითხვის ნიშნები ამერიკულ საზოგადოებაში. ბევრი თვლის, რომ ირანისთვის არ უნდა დაერტყა ტრამპს. ამ განწყობის ფონზე, რა თქმა უნდა, ომის დასრულება მიზნის მიღწევის გარეშე ტრამპისთვის სახიფათო იქნება.
– რაც შეეხება ჰორმუზის სრუტეს?
– „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ – ირანის ფაქტობრივი მმართველი სტრუქტურის მაღალჩინოსანმა ოფიცრებმა ყოველთვის იცოდნენ, თუ რა იყო და არის მათი უდიდესი სტრატეგიული უპირატესობა – ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, რომლის გამოყენებით მათ მსოფლიო ეკონომიკის დანგრევა შეუძლიათ. სუპერტანკერები, რომლებიც მსოფლიოში მოპოვებული ნავთობის 20%-ით არის დატვირთული, ყოველდღიურად გადიოდნენ (ომამდე) ჰორმუზის სრუტეში, რომლის ყველაზე ვიწრო მონაკვეთის სიგანე მხოლოდ 40 კილომეტრამდეა, ირანსა და ომანს შორის. „გუშაგთა კორპუსმა“ კარგად გათვალა, რომ ამ ვიწრო ადგილზე მცურავ ტანკერებზე თავდასხმებით შეძლებდა ნავთობის მსოფლიო მიწოდების ისეთ საბოტაჟს, როგორიც ადრე არასოდეს მომხდარა. ამჟამად სწორედ ეს განხორციელდა.
მისტერ დონალდ ტრამპს შორსმჭვრეტელობის ოდნავი უნარი მაინც რომ ჰქონოდა, მას ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე შეეძლო აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის ებრძანებინა ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სწორედ ამ მიზნით იყო აშშ-ის მე-5 ფლოტი ბაჰრეინში დისლოცირებული. თუმცა ამის ნაცვლად, ომის დაწყების წინ, 28 თებერვლის წინა დღეებში, დონალდ ტრამპმა უგულებელყო საკმაო რაოდენობის ხომალდების გაგზავნა ორი ავიამზიდის დასაცავად, არადა, სწორედ მათ ბორტზე არსებული ავიაციით იბომბებოდა ირანის ტერიტორია. ახლა, როცა „გუშაგებმა“ ჰორმუზის სრუტე მტრული სახელმწიფოების ნაოსნობისათვის ჩაკეტეს (ირანის კუთვნილი ტანკერები, ბუნებრივია, ჯერ კიდევ დაცურავენ), პრეზიდენტმა ომის კიდევ უფრო მეტი ესკალაციისთვის მუქარა დაიწყო. მოიერიშეთა საჰაერო სივრცეში უპირატესობის მიუხედავად, ირანის უკან დახევა და რაიმე დათმობა აშშ-ის მიმართ თითქმის წარმოუდგენელია იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს „გუშაგებისთვის“ ჰორმუზის სრუტის გაკონტროლებას. რაც შეეხება დონალდ ტრამპის დანაპირების შესრულებას, თუ გავიხსენებთ მის ჩვევას – ზიგზაგურად იმოძრაოს და სწრაფად გადავიდეს ერთი პოზიციიდან მეორეზე, არავინ არ არის პრეზიდენტის ნათქვამში დარწმუნებული. და თუნდაც მან მართლაც დაარტყას ელექტროსადგურებს, „გუშაგები“, დიდი ალბათობით, უკან მაინც არ დაიხევენ.
– როგორ შეაფასებთ ზელენსკის მიერ ტრამპისთვის ირანთან ომში დახმარების შეთავაზებას?
– რა თქმა უნდა, ზელენსკის ეს განცხადება ცოტა არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს. . . უფრო ბიჭის საქციელია და არა – კაცის. ეს ის ზელენსკია, რომელიც მანამდე ამერიკას სთხოვდა იარაღს და ახლა ეხმარება?. . საერთოდ, მხარეები ერთმანეთს არ ეხმარებიან, თუ არ არის თხოვნა. თუ თავისი ინიციატივით ეხმარება, ეს ნიშნავს შემდეგ დაყვედრებას. ამაზე შეიძლება წავიდეს გულუბრყვილო ხელისუფალი, მაგრამ ტრამპისნაირი გამოცდილი და თავდაჯერებული – არა. პირიქით, მიუთითა ზელენსკის, რუსეთთან გარიგებაზე წადი, სანამ დროა და უკრაინის რაღაც ნაწილი მაინც შეგრჩებაო.
– ისეთი მოსაზრებაც არსებობს, რომ ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა პირწმინდად განადგურებულია. ხოლო თუკი ამ ქვეყნის წყლის გამწმენდი ნაგებობების სისტემასაც გამოიყვანენ მწყობრიდან, ისრაელი საერთოდ წაიშლება რუკიდანო.
– ომის ინფორმაციები ყოველთვის იწვევს კითხვის ნიშნებს და ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობებიც ხშირად ვრცელდება. ამიტომ მიჭირს რაღაც კონკრეტულის თქმა. ირანი დანებებას არ აპირებს, მაგრამ იმ დარტყმების შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მა განახორციელეს ირანის ტერიტორიაზე, რითი უნდა გაენადგურებინა ირანს ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა თუ სტრატეგიული ობიექტები, ცოტა გაუგებარია.
– ჰაერში კიდია ატომის გამოყენების პერსპექტივაც. . .
– არა მგონია, ატომს არ ახსენებს არც ერთი მხარე. მართალია, ომში ნორმალურად არავინ გრძნობს თავს, მაგრამ, ვფიქრობ, უფრო მყარია ისრაელის მდგომარეობა, ვიდრე – ირანის.
– არაბულ სამყაროს ამერიკული ბაზების მათ ტერიტორიაზე განლაგებამ საფრთხე უფრო შეუქმნა, ვიდრე უსაფრთხოების გარანტია მისცა. რა ნაბიჯს გადადგამენ ეს სახელმწიფოები, შერჩება ამერიკას მოკავშირეები?
– ისევ და ისევ ომის მსვლელობას გააჩნია. თუკი გაიმარჯვა ისრაელ-აშშ-ის ალიანსმა, მოკავშირეები არ იჩქარებენ გაბუტვას, მაგრამ თუკი ამ ალიანსს ფეხი გადაუტრიალდება. . . მოკლედ რომ ვთქვათ, დამარცხებულთან გვერდით ყოფნა არავის უნდა.
– თურქეთი რა პოზიციას იკავებს?
– ერდოღანი ხაზგასმით იკავებს ნეიტრალურ პოზიციას. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ეს პროცესი თურქეთს არ შეეხოს, არადა, ამის აშკარა საფრთხე არსებობს, ვინაიდან ქურთების და აზერბაიჯანის თემა თურქეთისთვის ძალიან მტკივნეულია. ბევრი სენსიტიური თემის არსებობის გამო, თურქეთი ცდილობს, ამ კონფლიქტში არ ჩაერიოს და მას არ დაბრალდეს რაიმე მიმართულებით პროცესების გამძაფრება.
– შეიძლება მოითხოვოს მისგან დახმარება ტრამპმა, როგორც ნატოს წევრი ქვეყნისგან?
– არა მგონია, რადგან ტრამპმა ერთხელ უკვე მიმართა ქვეყნებს ჰორმუზის სრუტის თაობაზე, მაგრამ როდესაც ნახა, რომ ისინი არ ჩქარობდნენ პასუხს, განაცხადა, საერთოდ არავის დახმარება არ მინდაო. ასე რომ, ნატოს ამ კონფლიქტში ჩართულობა თავად ტრამპის გეგმებშიც არ შედის.
– რამდენად შეიძლება დავუშვათ, რომ პუტინს და ტრამპს შორის არსებობს შეთანხმება? გაჟღერდა ინფორმაცია ომის წინა ღამით ხანგრძლივი სატელეფონო საუბრის შესახებ.
– კი, შესაძლებელია, ამის შესახებ ადრეც იყო საუბარი. თანაც, აგერ სანქციებიც კი მოუხსნა აშშ-მა რუსეთს. საერთოდ, ჩვეულებრივ ადამიანურ ურთიერთობებშიც არის რაღაც, რაც საჯარო ხდება და არის ისიც, რაც საიდუმლოდ რჩება. მგონი, ამ შემთხვევაშიც გასაკვირი არ იქნება, რომ იყოს მათ შორის შეთანხმება, მით უმეტეს, ირანის კონფლიქტის შედეგად ნავთობი მკვეთრად გაძვირდა, რაც რუსეთის ინტერესებში შედის. აქედან გამომდინარე, სხვა საკითხების დარეგულირებაზეც წავა ორივე მხარე, მით უფრო რომ ტრამპს კრემლთან კონფლიქტს მასთან გარიგებაზე წასვლა ურჩევნია.
– რა სიტუაციაა რუსეთ–უკრაინის ომში და რამდენად არის ზელენსკი წამსვლელი კაპიტულაციაზე?
– მიჭირს თქმა, იმიტომ, რომ ისევ არის ევროპული ფაქტორი. ვხედავთ, ინგლისი საკმაოდ აქტიურია, მაგრამ ევროკავშირისა და ინგლისის ერთობლივი ძალისხმევით შეიძენს თუ არა უკრაინა რაიმე ახალ ენერგიას, არ ვიცი. პრინციპში, არა მგონია, ომში უკრაინისთვის პოზიტიური გარდატეხა და კარდინალური დაწინაურება მოხდეს.
– რა ადგილი გვიკავია მთელ ამ კონფლიქტებში ჩვენ, აზერბაიჯანს და სომხეთს?
– მადლობა ღმერთს, საქართველო ამ პროცესებს ყველაზე ნაკლებად ეკარება. რაც შეეხება აზერბაიჯანისა და სომხეთის თემას, შეიძლება ეს უფრო აქტუალური იყოს, მაგრამ აქაც ჯერჯერობით მკაფიო სურათი არ არის, ისევეა, როგორც თურქეთზე ვისაუბრეთ. ყველა ცდილობს, ფრთხილად იყოს და არ დააშავოს ამ პროცესებში რაიმე.
– ისრაელის ელჩის საქართველოს მისამართით გამოთქმულ პრეტენზიებზე რას იტყვით?
– ომის პერიოდში მსგავსი ფრაგმენტები გასაკვირი არ არის. ჩხუბის დროს მოჩხუბრები ყოველთვის ითხოვენ გარშემომყოფების თავთავიანთ მხარეზე დადგომას. პრინციპში, უკრაინასაც ეს პრეტენზია აქვს. . . ჩვენ კი ვიმეორებთ 26 საუკუნეს, მაგრამ ამის შემდეგ ისრაელი ძალიან შეიცვალა, როგორც მისი სოციალური, ისე სახელმწიფოებრივი მდგომარეობა. ეს ის ისრაელი არ არის, როგორიც საქართველოში ადრე მცხოვრები ებრაელების მაგალითზე წარმოგვიდგენია. დღეს ისრაელი აგრესიული, მებრძოლი, აქტიური და ამბიციური ქვეყანაა.
– ამერიკის იმედი აქვს. . . აშშ–მა რომ შეატოვოს ისრაელი ირანს ხელში და განერიდოს? ტრამპისგან ყველაფერია მოსალოდნელი. . .
– არა მგონია, იმიტომ, რომ ასეთი ნაბიჯი ტრამპისთვის წამგებიანი იქნება თვითონ ამერიკელების თვალში. ე.ი. ამხელა ომი წამოიწყო. . . რისთვის? თუკი ამოვდივართ იქიდან, რომ დიდი ქვეყნების ლიდერები პრაგმატულები არიან და საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ, მაშინ ტრამპის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს უღირსი საქციელი, რაც მას საკუთარ ამომრჩევლებში წაუხდენს რეიტინგს.
ირმა ცეცხლაძე