გენრი დოლიძე – რაც უფრო რთულია დრო, მით უფრო საჭიროა პოეზია
პოეზია მისთვის მხოლოდ ლექსის წერა არ არის – ეს არის მდგომარეობა, იდენტობა და სამყაროსთან მუდმივი დიალოგი. დრო რომ რთულდება და საზოგადოებაში დაძაბულობა მატულობს, პოეტის სიტყვაც უფრო მძაფრად ისმის, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ამ სიტყვის მოსმენას ყოველთვის ყველა ვერ ბედავს.
ინტერვიუში პოეტი გენრი დოლიძე საუბრობს პოეზიის არსზე, თავისუფალი სიტყვის პასუხისმგებლობაზე, თანამედროვე ქართული ლიტერატურის გამოწვევებზე, საზოგადოების მორალურ მოლოდინზე და იმ შინაგან სიჩუმეზე, რომელშიც ხშირად იბადება ლექსი.
მისი თქმით, რაც უფრო რთულია ეპოქა, მით უფრო აუცილებელია პოეზია – როგორც წინააღმდეგობის, თანაგანცდისა და სიმართლის თქმის ფორმა.
-კიდევ ერთხელ უთხარით ჩვენს მკითხველს, რა არის თქვენთვის პოეზია – შინაგანი აუცილებლობა, რეალობისგან გაქცევა თუ სამყაროსთან დიალოგის ფორმა?
-ალბათ, ყველაფერი ერთად. . . ზოგადად, ძნელია ერთ წინადადებაში გამოხატო და რაიმე სახელი დაარქვა იმას, თუ რა არის პოეტისთვის პოეზია… ეს არ არის მხოლოდ ხელობა, პროფესია ან საქმიანობის სფერო. ეს არის იდენტობის ნაწილი, შემოქმედი ადამიანის ჰიპოსტასი. აი, მაგალითად, როგორც ეროვნება, როგორც სისხლის ჯგუფი. სადაც არ უნდა წახვიდე, რა საქმითაც არ უნდა დაკავდე – შენში თუ პოეტი ცოცხლობს, მუდამ პოეტად დარჩები… შეიძლება ლექსიც კი არ დაწერო, მაგრამ სამყაროს აღქმა, სხვისი ტკივილის გამძაფრებული თანაგანცდა და თავისუფლებისკენ სწრაფვა მუდმივად იქნება შენში. იყო პოეტი, არ ნიშნავს, მხოლოდ, წერდე ლექსებს და პირიქითაც… იმდენს ვიცნობ, ლექსის წერის ხელოვნებას რომ ფლობს, მაგრამ პოეტი არაა…
– ხშირად ამბობენ, რომ პოეტი დროის მაჯისცემას სხვებზე ადრე გრძნობს. თქვენ როგორ აღიქვამთ ამ პასუხისმგებლობას?
– ზოგადად, ხელოვან ადამიანებს სამყაროს აღქმის სენსორები გამახვილებული აქვთ. ამიტომ გაცილებით მძაფრად აღიქვამენ მოვლენებს, მომხდარსაც და მოსალოდნელსაც. მურმან ლებანიძის ერთი სტრიქონი შემიძლია დავიმოწმო: „აფხაზეთზე ამ კაცს თვალი უჭირავს“ მაშინ დაიწერა, როცა საზოგადოების უმრავლესობა ვერც კი აცნობიერებდა მოსალოდნელ ტრაგედიას, რაც საქართველოს ამ უძველეს კუთხეში დატრიალდებოდა… კიდევ ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო…
– რა ხდება თქვენ შიგნით იმ მომენტში, როცა ლექსი იბადება?
– გავდივარ რეალური სამყაროდან, დროის აღქმა ჩერდება და წერის დასრულებამდე ვცხოვრობ იმ გარემოში, რომელსაც ლექსად აღვწერ. არაპოეტისთვის, შესაძლოა, სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ შეიძლება იყოს აგვისტოს პაპანაქება, წერდე ზამთარზე და გციოდეს, ან ლირიკული გმირი ომში იბრძოდეს და შენც, ავტორსაც, ცხადად ჩაგესმოდეს მის ყურთან ჩაფრენილი ტყვიების ზუზუნი.
– თანამედროვე ქართულ პოეზიაში რა გაკლიათ ყველაზე მეტად – სითამამე, სიჩუმე, თუ სიღრმე?
– ინდივიდუალიზმი. პოეტურ გავლენას ნებისმიერი ავტორი განიცდის, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველამ უნდა მიაგნოს საკუთარ ხმას, სათქმელს, კალაპოტს. ხშირია, როცა ვკითხულობ, უდავოდ, ნიჭიერი ავტორის ტექსტს, მაგრამ მარტივად შემიძლია გამოვიცნო, ვინ არის მისი საყვარელი პოეტი, ვის წიგნს კითხულობდა ლექსის დაწერის წინა დღეს და ვის ვიდეოს უსმენს იუთუბზე ხშირად…
– თუ მოგიწევდათ ერთი თემის არჩევა, რომლის გარეშეც თქვენი პოეზია ვერ იარსებებდა, რა იქნებოდა ეს?
– ოცდამეერთე საუკუნეში აღარ არსებობს „პოეტური“ და „არაპოეტური“ თემები. მთავარია, არჩეულ თემატიკაზე როგორ დაწერ. სიყვარულზე ან სამშობლოზე შეიძლება ისე ბანალურად და უნიჭოდ დაწერო, რომ წამკითხველს ხასიათი გაუფუჭო. ამ დროს შეიძლება ერთი შეხედვით არაპოეტურ საგანზე ან მოვლენაზე ისეთი შედევრი დადო, მთელ სამყაროს შეუცვალო მასზე წარმოდგენა. მაგალითად, ცალკე აღებული სიტყვა „გაზაფხული“ კი ჟღერს უფრო რომანტიკულად, ვიდრე – გვალვა, მაგრამ, როცა მურმან ლებანიძე ხარ, რთულ გზას აირჩევ და დაწერ ისეთ შედევრს, როგორიცაა:
„ასეთი გვალვები არ ახსოვს რაჭასო!“ –
გლეხს წამოეწია სხვა გლეხი ჯორცხენით:
„ჩიბუხში ჩასადები ღრუბელი არ ჩანსო!“ –
მიუგო ჯოროსანს ქვეითმა მოწყენით.
იყო საუბარი როგორც სამძიმარი,
აგვისტო ვენახს და იონჯას ხარშავდა,
არათუ საწვიმარი, არათუ საწვიმარი
ჩიბუხში ჩასადები ღრუბელი არ ჩანდა“…
ცალკე აღებული „ალუბლის ყვავილი“ უფრო მხატვრულია, ვიდრე – „ჯოხი“, მაგრამ ბესიკ ხარანაულმა ყველაზე უბრალო, ჩვეულებრივი ჯოხი აქცია პოეზიის საგნად და მას ლირიკული ძეგლი დაუდგა. . . ასე რომ, თუ ნაღდი პოეტი ხარ, ნებისმიერ თემაზე შეგიძლია შექმნა ორიგინალური და შინაარსიანი ტექსტი.
– როგორ მოქმედებს ქვეყანაში მიმდინარე დაძაბული პოლიტიკური და სოციალური პროცესები პოეტის შინაგან სამყაროზე?
– ბუნებრივია, ცუდად. შენი საყვარელი პოეტი რეჟიმს ციხეში რომ ჰყავს გამომწყვდეული, როცა ოთხი შვილის დედა პლაკატზე ფლომასტერით გაკეთებული წარწერისთვის წელიწადნახევრიან სასჯელს იხდის, როცა ჟურნალისტი ქალი ღირსების დაცვის გამო ისჯება, ღრმა ანალიზი არ სჭირდება, რომ ცხოვრობ სამყაროში, სადაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ არის დაცული, უფრო მეტიც – დასჯადია… არადა, ჩვენი საქმიანობა, სწორედ, თავისუფალი სიტყვა და საკუთარი აზრების გამოხატვაა. რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს სხვისი სიტყვა შენთვის, სიტყვას შეიძლება მხოლოდ სიტყვა დაუპირისპირდეს, სტატიას – სტატია, მოსაზრებას – მოსაზრება, დემოკრატიის ანბანია ეს.
– თქვენი აზრით, დღეს პოეტს უნდა ჰქონდეს მკაფიო სამოქალაქო პოზიცია, თუ მისი მთავარი საქმე მაინც სიტყვასთან მარტო დარჩენაა?
– თუ თავისთვის წერს, მამიდების, ბიცოლების, თანაკლასელების, ან ახლო საძმაკაცოსთვის სუფრაზე წასაკითხად, აქვს უფლება, ყველაფერს უყუროს ვარდისფერი სათვალით… მაგრამ, როცა ადამიანს გააჩნია პრეტენზია, თავზე დაიდგას პოეზიის გვირგვინი, დიახ, ეს გვირგვინი ზოგჯერ ეკლიანია და თავისი პასუხისმგებლობებიც ახლავს, ერისა და სამშობლოს წინაშე. ყველა ბარიკადებზე ვერ დადგება, ბუნებრივია, მაგრამ ჩაგრულის, დევნილის და გაჭირვებულის მოკითხვას, გამხნევებას რა უდგას წინ? ლექსში სათქმელის გამოხატვას, ან, სოციალურ ქსელში, თუნდაც, მოკრძალებული პოზიციის გაჟღერებას?
– გრძნობთ თუ არა, რომ საზოგადოება ისევ ეძებს პოეტებს, როგორც მორალურ ავტორიტეტებს?
– კი, და ამას ღრმა ისტორიული საფუძველი აქვს. აკა მორჩილაძის სიტყვებს დავიმოწმებ, რომელიც მან ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის გახსნაზე თქვა, როდესაც ჩვენ მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარვსდექით მსოფლიოს წინაშე: „საქართველო არის პოეზიის ქვეყანა, მე [პროზაიკოსი] არ ვარ პირველი კატეგორიის ადამიანი ამ ხელობაში, რასაც მწერლობა ჰქვია. სულ ბოლო დრომდე, პოეტი ისეთი ფიგურა იყო საქართველოში, რომელიც ადამიანს საკუთარი არსებობის სიხარულსა და განუმეორებლობაში არწმუნებდა. ჩვენს ქვეყანაში პოეტი არის ის, ვინც სხვების მაგივრად ამბობს იმას, რისი თქმაც სხვებს არ შეუძლიათ. ჩვენი მეფეებიც კი პოეტები იყვნენ. ჩვენ გვყავს უამრავი მეფე, რომელთა საუკეთესო მიღწევაც არის მათი პოეზია, რომელთა სახელიც შემოგვრჩა პოეზიით და არა – პოლიტიკით“.
– რა არის ყველაზე დიდი საფრთხე თანამედროვე ადამიანის სულიერი თავისუფლებისთვის?
– პროპაგანდა და დეზინფორმაციის მოხვევა თავზე. ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ საკუთარი აზრი გააჩნიათ, თუმცა მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მათ, ხშირად, დასკვნის სახით „მზა ნააზრევს“ უნერგავენ თავში სხვადასხვა მანიპულაციით.
– როგორ ფიქრობთ, რთულ პერიოდებში პოეზია უფრო ჟღერს თუ პირიქით, ნაკლებად ისმის?
– რაც უფრო რთულია დრო, მით უფრო საჭიროა პოეზია – უბრალოდ, ნაკლები ადამიანი ბედავს მის მოსმენას.
– რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გაძლევთ ძალას – სიყვარული, რწმენა, ტკივილი თუ წინააღმდეგობა?
– ყველაფერი ერთად. ამ ოთხეულს ერთი კომპონენტიც რომ გამოაკლდეს, დაიწყება პიროვნების ჩამოშლა.
– რამდენად მნიშვნელოვანია პოეტისთვის მარტოობა და რამდენად –ადამიანებთან მუდმივი კავშირი?
– ადამიანი ხალხმრავლობაშიც შეიძლება განიცდიდეს მარტოობას. ეს შინაგანი მდგომარეობაა და გარშემომყოფების, ან მეგობრების რაოდენობა არ აქარწყლებს მას. მნიშვნელოვანია ამ ორ მდგომარეობას შორის ბალანსის დაცვა.
– როგორია თქვენი ურთიერთობა საკუთარ სიჩუმესთან?
– სიჩუმე არის ჩემი საუკეთესო მეგობარი, თუმცა იშვიათად ვხვდებით ერთმანეთს.
– როდის გრძნობთ თავს ყველაზე ნამდვილ გენრი დოლიძედ, სცენაზე, ფურცელთან თუ ყოველდღიურობაში?
– როცა რაღაცას მთელი გულითა და სულით ვქმნი. ეს მხოლოდ ლექსს, მოთხრობას, პიესას არ ეხება. აი, მთელი არსებით რომ ვარ ჩართული რაღაცის კეთებაში და საქმეზე კონცენტრირებული გარე სამყაროსთან კონტაქტს ვკარგავ – მაშინ.
– რას ეტყოდით 20 წლის გენრი დოლიძეს დღეს?
– მე კი ვეტყოდი, მაგრამ მომისმენდა?. . . იმდენი ადამიანის რჩევა დამიდგა თვალწინ, ცხოვრებაში, რომელსაც თავის დროზე არ მოვუსმინე – ვერ მოვთვლი… არ ვიცი, მაშინდელი მდგომარეობა სჯობდა, როცა მხოლოდ გულის კარნახით ვმოქმედებდი, თუ ახლა, როცა ყოველ ნაბიჯს ასჯერ ვზომავ და სხვადასხვა პრიზმაში ვფილტრავ გადაწყვეტილებებს?!
– რა არის ბედნიერება პოეტისთვის – აღიარება, შექმნილი ტექსტი თუ გაგებული მკითხველი?
– სამივე მნიშვნელოვანია, მაგრამ მკითხველია უმთავრესი. იმაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს ავტორისთვის, როცა უცნობ საზოგადოებაში, ვიღაც შენს ფრაზას, ლექსს ციტირებს. ხვდები, რომ შენმა „უმისამართო ბარათებმა“ თავისით იპოვეს ადრესატი, ან შენი ბოთლში ჩაგდებული წერილი დინებამ სწორ ნაპირზე გამორიყა…
– ბოლოს როდის იტირეთ და რა იყო ის განცდა ან მოვლენა, რომელმაც ეს გამოიწვია?
– ძალიან გულჩვილი გავხდი ამ ბოლოს, ხშირად მეტირება ადამიანურ ტრაგედიებზე. მნიშვნელობა არ აქვს, ეს რეალურ ცხოვრებაში ხდება თუ ფილმის, ან წიგნის სახით აღწევს ჩემს ემოციურ ველში.
– თითქოს ბოლო პერიოდში თქვენი შემოქმედებით ნაკლებად ჩანხართ საჯარო სივრცეში, ეს არის შეგნებული დისტანცია, შემოქმედებითი სიჩუმე თუ უბრალოდ, ცხოვრების ბუნებრივი რიტმი?
– როგორც ზემოთ აღვნიშნე, ძალიან მოქმედებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. წერით კი ვწერ, მაგრამ ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგენისთვის შინაგანი მზაობა არ მაქვს…
– გაგვიზიარეთ თქვენი ყველაზე ბოლოს დაწერილი ლექსი და მისი ისტორია.– პატარა მინიმაა, მე მგონი, პრეისტორიის გარეშეც გამიგებს მკითხველი:
„ღმერთის მიბაძვით ერთხელ მიწა ვაქციე კაცად,
და მივხვდი თიხის განკაცება შრომად არა ღირს,
როცა გაწვიმდა ხელში შემრჩა მხოლოდ ტალახი“.
– როცა დღეს, ამ ასაკის და გამოცდილების გადმოსახედიდან უყურებთ საკუთარ გზას, რა არის ის გრძნობა, რომელიც ყველაზე ხშირად გდევთ?
– სინანული დაკარგული დროის გამო. . .
– და ბოლოს – რა არის ის სათქმელი, რომელიც ამჟამად ყველაზე მეტად გინდათ საქართველომ მოისმინოს თქვენგან?
– ყველაზე მეტად მინდა, საქართველომ საკუთარ თავს მოუსმინოს — არა ხმამაღალ ლოზუნგებს, არამედ იმ უხერხულ სიმართლეს, რომელსაც ხშირად ვუვლით გვერდს, რომელიც ყველამ იცის, მაგრამ ამ ეტაპზე დუმილი უფრო მომგებიანად მიიჩნევა.
ნანა აბულაძე