გლობალური ცვლილებები და საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივები – ეკონომიკური ფორუმი პარლამენტში
საქართველოს პარლამენტში გაიმართა ეკონომიკური ფორუმი თემაზე – „გლობალური პოლიტიკური ცვლილებები და ახალი საერთაშორისო ეკონომიკური დღის წესრიგი – გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოსათვის“. ღონისძიება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გახსნა.
მისი განცხადებით, თანამედროვე გლობალური არასტაბილურობის პირობებში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ეროვნული ინტერესების დაცვა. როგორც აღნიშნა, ეროვნული ინტერესების მსახურება დღეს მრავალი სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია და სწორედ ამ მიმართულებით უნდა თანამშრომლობდნენ ხელისუფლება და ბიზნესი. პაპუაშვილის თქმით, ბიზნესის როლი ამ პროცესში განსაკუთრებით სოციალურ პასუხისმგებლობაში გამოიხატება.
პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობაზეც და აღნიშნა, რომ „გლობალური პროცესების ფონზე, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჩამოყალიბდეს როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი სტაბილური დერეფანი“. მისივე თქმით, ამ შესაძლებლობის სრულად გამოყენებისთვის აუცილებელია, ბიზნესმა დროულად აუწყოს ფეხი მიმდინარე ტენდენციებს.
ფორუმის პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.
შოთა ბერეკაშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა გლობალური ცვლილებების პირობებში საქართველოს ეკონომიკის ზრდის სტრატეგიულ მიმართულებებზე, მათ შორის, შუა დერეფნის როლსა და სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. მისი თქმით „როგორც ბიზნესში, ისე ხელისუფლებაში არსებობს თანხმობა, რომ მშვიდობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც ქვეყნისთვის, ისე მთელი რეგიონისთვის, რადგან სწორედ მშვიდობა ქმნის დამატებით ღირებულებას და ხელს უწყობს ინვესტიციების ზრდას“.
ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ევროინტეგრაციის პროცესსა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობაზე.
ღონისძიებას მოდერაციას უწევდა „ბიზნესინსაიდერი საქართველოს“ და საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული დისკუსიების მიზანია, სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნესსექტორების ჩართულობით გაანალიზდეს საქართველოს წინაშე არსებული აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.