ზაალ მიქელაძე: საკუთარი ერის ინტერესები ყველაზე მაღლა უნდა დავაყენოთ
By

ზაალ მიქელაძე: საკუთარი ერის ინტერესები ყველაზე მაღლა უნდა დავაყენოთ

აჭარის უმაღლეს საბჭოში საკადრო ცვლილებებზე, ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე, საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტებზე საუბრობს „აჭარასთან“ ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის წევრი ზაალ მიქელაძე.

ბატონო ზაალ, როგორ შეაფასებთ აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის დავით გაბაიძის 12წლიან მოღვაწეობას?

– ერთი სიტყვით თუ შევაფასებთ, ბატონი დავითი იყო უპატიოსნესი საჯარო მოხელე, რასაც აძლიერებდა განათლება, აღზრდილობა, პროფესიონალიზმი, რომელიც ყველა ფეხის ნაბიჯზე იგრძნობოდა ნებისმიერთან ურთიერთობაში, რიგითი მოქალაქეებიდან დაწყებული, თანამდებობის პირებით დამთავრებული. აჭარაში, ჩვენი ერთობლივი ვიზიტების დროს, ამა თუ იმ ხეობაში, ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში, მოზომილი, თავაზიანი და თანასწორი იყო ნებისმიერი მოსაუბრის მიმართ. ის პროფესიონალი იყო თავის სფეროში, ახასიათებდა ერთგულება და გუნდურობა – პოლიტიკაში. ყველაფერი, რაც შეიძლება თქვა კარგ ადამიანზე, თამამად ითქმის დავით გაბაიძეზე.

რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს ახალგაზრდა თავმჯდომარე ცოტნე ანანიძეს?

– მისი თანამდებობიდან გამომდინარე, ძნელია ამ სიტყვის მოხმარება პოლიტიკაში, ვგულისხმობ „ახალგაზრდას“, თანაც, თუ მის ცხოვრებას გადავხედვათ, შესაძლოა, იმაზე მეტი ტვირთი ზიდა ცოტნემ, ვიდრე წარმოიდგენს ამ ასაკის ნებისმიერი ადამიანი. უფრო ხანგრძლივი ცხოვრების შედეგადაც კი, ზოგჯერ წარმოუდგენელია გადაუთვალო ადამიანს ამდენი პრობლემის ატანა-გადატანა. ჩვენ ვიცით, რაც მოხდა მაშინ, როგორ დაუნდობლად მოექცნენ მას არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანები, არამედ მთელი სისტემა. მსგავსი ქმედებები ძალიან ხშირი იყო მაშინ, წესად ჰქონდათ და ბევრი მოაქციეს წნეხის ქვეშ. . . ჩვენ კარგად ვიცით ამ ერთ ადამიანთან დაკავშირებული ისტორია. 2016-ში, როდესაც ჩავერთე პოლიტიკაში და პედაგოგებთან შეხვედრისას სცენაზე გამოვედი პირველად, ფიზიკურაც არ ვიცნობდი ცოტნე ანანიძეს, მხოლოდ მისი ისტორია მქონდა მოსმენილი, მაგრამ თავი ვალდებულად ჩავთვალე, მისთვის ბოდიში მომეხადა. პირადად არაფერი დამიშავებია ამ ადამიანის წინაშე, მაგრამ იმდენად ვიყავი ჩემს პროფესიაში ჩართული, რომ ნაკლებად ვადევნებდი თვალყურს პოლიტიკურ პერიპეტიებს და ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა რომ არა, იმედიც კი მქონდა დაკარგული, რომ ამ ქვეყანაში რამე სასიკეთო შეიძლებოდა მომხდარიყო. . . მაშინ მთლიანად მივუძღვენი თავი პროფესიას. აქედან გამომდინარე, გამომეპარა ის უბედურება, რაც ცოტნეს გადახდა და ბოდიში მოვიხადე სხვების ნაცვლად ამ უცნობი პატარა ბიჭის წინაშე, რომ ჩვენ-ჩვენი საქმეებით დაკავებულებმა უფლება მივეცით ვიღაცებს, ასე ეწამებინათ და ეჯიჯგნათ ადამიანის სული თუ სხეული. ამდენი წელი გავიდა და ჯერაც არავის უთქვამს, რომ ამ ადამიანების წინაშე არ ვიყავით მართლები. არავინ აღმოჩნდა მათ შორის ამ სიტყვების მთქმელი. შემდგომ წლებში, 2016 წლიდან, ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს საარჩევნო კამპანიებში და ცოტნე ანანიძეს შემდეგნაირად წარვადგენდი: ჩემი ქვეყნის მომავალი ლიდერი. . . ეს არ იყო მხოლოდ ლამაზი სიტყვები, მე რეალურად ვგრძნობდი იმ პოტენციალს, რაც ცოტნეს გააჩნია, რაც მას შეუძლია თავისი გონიერებით და თბილი, გაწონასწორებული ხასიათით. თუნდაც თქვენთან, ჟურნალისტებთან ურთიერთობები გავიხსენოთ, იოლი არ არის პრესასთან შეხვედრა და პოზიტივის შენარჩუნება. ის ამას ყოველთვის ახერხებდა და გარწმუნებთ, ისევ მოახერხებს. ნამდვილად კარგი პერიოდი უდგას ჩემს კუთხეს, აჭარას, და საერთოდ, საქართველოს. სოციალურ ქსელში მოკლედ დავწერე და გავიმეორებ: ცოტნემ ღირსეულად გაიარა თავისი ცხოვრება აქამდე და მადლობა ამ ქვეყნის იმ ღირსეულებს, რომლებმაც ეს განვლილი გზა სწორად დაინახეს და სწორად შესთავაზეს მაღალი თანამდებობა.

უწმინდესი და უნეტარესი წავიდა და რაღაც ეპოქა დასრულდა საქართველოში. როგორ შეაფასებთ მის მიერ განვლილ გზას?

– პირველ დღეებში მეც ანალოგიური შეგრძნება მქონდა, რომ დასრულდა დიდი ეპოქა, სხვაგვარი შეფასება, უბრალოდ, შეუძლებელი იყო. იგივე თქვა ბატონმა ბიძინამაც. . . მაგრამ სწორედ მისი წასვლის შემდგომმა პირველივე დღეებმა, ადამიანთა იმ უზარმაზარმა კრებამ, სამებისკენ აბსოლუტურად ჩუმმა, დიდმა მსვლელობამ, რომელიც საათები და დღეები გრძელდებოდა, საოცარი პატივისცემის, სიყვარულის და მოწიწების განცდა შექმნა. . . შეიძლება ბევრს ვერც მიეღწია, ვერ ენახა, ვერ შეხებოდა უნეტარესის ნეშტს, მაგრამ მაინც მიდიოდნენ მადლიერების გამოსახატად და ამ სვლით საკუთარ რწმენას აძლიერებდნენ. . . მაშინ მივხვდი, რომ არც არაფერი დასრულებულა და რომ ჩვენ, ყველამ ერთად შევიძინეთ ზეციური მფარველი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ ქვეყანას ჰყავდა ღირსეული პატრიარქი, რომელმაც შეძლო ერისთვის ყველაზე მთავარი ესწავლებინა: სიყვარული ერთმანეთის და ღვთის მიმართ. ვიცი, რომ თაობიდან თაობას, საუკუნეების მანძილზე გადაეცემა მისი ღვაწლი, არა როგორც რელიგიური, მართლმადიდებლური, არამედ როგორც ეროვნული და სულიერი.

პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ აგორებულ ანტიეკლესიურ კამპანიაზე რას იტყვით?

– არაფერი ახალი არ ხდება. . . უბრალოდ, იმ დღეებში ვერ გაბედეს (არ ვამბობ ვერ იკადრეს, რადგან ყველაფერს იკადრებენ ეს ადამიანები) ხმის ამოღება, რადგან დაინახეს ხალხის უზარმაზარი ნაკადი, თორემ ბევრი რამ იკადრეს ჯერ კიდევ უწმინდესის სიცოცხლეში, განსაკუთრებით ბოლო წლებში გაბედეს ყველაფერი. ამას ვერ გავიმეორებ ვერც ინტერვიუში და ვერც ჩვეულებრივ ურთიერთობებში. ვგულისხმობ სიტყვების იმ ნიაღვარს, რაც ისმოდა პრესით, ტელევიზიით, სოციალური ქსელების მეშვეობით თუ საჯარო თავყრილობებზე. ყველაზე უხამს სიტყვებს ხმარობდნენ რადიკალი პოლიტიკური ლიდერები და მათგან გამომდინარე ის უფლებადამცველები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ რაღაც განსაკუთრებულს ემსახურებიან. არ დაგავიწყდეთ მათი მეგობრებიც, იგივე ევროპიდან, რომლებიც აქ ხშირად სტუმრობდნენ, ყველა მათი ქმედება იყო მიმართული პატრიარქის და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. ამ ყველაფერმა ახლა გამოხეთქა და განსაკუთრებული სიმძაფრით დაგვანახა ჭეშმარიტი მტრების მიზნები. ეს ხალხი გრძნობდა რამხელა ავტორიტეტი და სიყვარული გააჩნდა ხალხში პატრიარქს და ამიტომ ცდილობდნენ მის დაკნინებას. გაიხსენეთ ენჯეოების შეფასებები წლების წინ, როდესაც 96%-დან 95%-ზე ჩამოვიდა უწმინდესის რეიტინგი, ამას თვლიდნენ უდიდეს გამარჯვებად და მიღწევად – თურმე საქართველოს მოქალაქეების იმ ერთ თუ ორ პროცენტს აზრი შეუცვალეს. როდესაც ამაზე აგებს პოლიტიკური კლასი საკუთარ იმიჯს და მისი მიმდევრები თავიანთი მოღვაწეობის მთავარ მიღწევად მიიჩნევენ ეკლესიის როლის დაქვეითებას ქვეყანაში – რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ. ახლა კი, ასე ვთქვათ, დაუდგათ ჟამი მოქმედების და როგორ გაუშვებენ ამ შანსს ხელიდან. მათ ჰგონიათ, რომ შეძლებენ წმინდა სინოდზე ზეგავლენის მოხდენას.

როგორ ფიქრობთ, შეძლებენ ამას?

– არავითარი შანსი არ აქვთ. დარწმუნებული ვარ, წმინდა სინოდში გონიერი, პატრიარქის აღზრდილი ადამიანები არიან, რომლებიც სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოს სულიერების და ღვთისმოსაობის გადასარჩენად.

ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნის დაცვის შესახებ საქართველოს კანონთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს დებატები. . .

– როგორ შეიძლება, ეკლესიის შიგნით არსებობდეს ადამიანი, რომელიც ამ ყველაფრის წინააღმდეგი იქნება, ანუ არ სურდეს ჩვენი შვილების დაცვა მავნე გავლენებისგან. მთელი ამ კამპანიის ერთ-ერთი სამშობლო, ამერიკა, საიდანაც დაიწყო და გაძლიერდა ამ აბსურდის და სისულელის აგიტაცია, უკვე დარწმუნდა, რომ შეუძლებელი, ანტისახელმწიფოებრივი გახდა ამ მიმართულებით სვლა. ცხადია, ტრამპის ადმინისტრაციამ შეუწყო ხელი ამ საკითხის დარეგულირებას და მიიღო კანონები, რომლებიც თანდათან შეამცირებს იმ აბსურდის პოპულარიზაციას, ახლა საქართველოში რომ ტირაჟირებენ. ჯერ ჩუმად სკოლებში შეიტანეს ეს ყველაფერი და უკვე ბავშვთა ბაღებში აპირებდნენ ამ პროპაგანდის ჩართვას. ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოებს რომ ჩახედავდით, თმები ყალყზე დაგიდგებოდათ, ისეთ ნაწარმოებებს ასწავლიდნენ. . . თითქოს ტოლერანტობას აზიარებდნენ ჩვენს მომავალ თაობას, არადა მხოლოდ უვიცი ვერ შეამჩნევდა აშკარა, მიზანმიმართულ პოლიტიკას, ლამის სოდომისა და გომორის გარყვნილი სცენების პოპულარიზაციას, რაც არ შეგვეფერება მარიამის წილხვდომილ ქვეყანას.

– მომავალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ გვითხრათ?

– მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა. დიახ, ის ჩემი პატრიარქი იყო, რადგან მთელი ჩემი ცხოვრების გზა მასთან ერთად გავიარე, ისევე როგორც თაობებმა – ამ ქვეყანაში. . . ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს მისი ყოველი სიტყვა და ახლა თანდათან რომ ვიხსენებ მის ამა თუ იმ ქადაგებას, ვხვდები, თუ რამდენად შორსმჭვრეტელი ადამიანი იყო და როგორ გვექცევა მისი გაფრთხილებები – რეალობად. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მის ქადაგებას ყოველდღე ისმენდნენ, გადაწყვეტილების მიღების დროს გონიერება იქნება გადამწყვეტი და გააკეთებენ ადეკვატურ არჩევანს. . . თავისთავად, აქვე ვიტყვი, რომ ხელისუფლება ამ საკითხში არანაირად არ ერევა, თუმცა ოპონენტებს აქვთ მცდელობა, მონახონ რამე კავშირი მაინც. როდესაც საჯაროდ მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ არ ჩაერიონ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებაში. აქ უკვე ჩანს მათი მიზნები, ისინი ააქტიურებენ ამ თემას, რათა საკუთარი აზრი თავს მოახვიონ რიგით მოქალაქეებს და ატეხონ ქარიშხალი იქ, სადაც მსგავსი მონაცემები არ არსებობს. თავად სურთ, აქტიურად ჩაერიონ – ვიღაცის ასაკს ძიობენ, ვიღაცის ბიოგრაფიას თუ ისტორიას. ამ დროს იციან, რომ ეს მათი საქმე კი არა, იმ გამორჩეულთა საქმეა, ვისაც ახლა სინოდის წევრები ჰქვიათ. სინოდის კრებაში მონაწილეობისთვის იმ ადამიანის დაბრუნებასაც ითხოვენ, ვინც თავის დროზე განდევნეს ეკლესიიდან. . . არ მინდა ამ ადამიანის სახელი გავაჟღერო, მან ხომ ყველაზე დიდი სიბინძურე დასწამა პატრიარქს, შეიძლება ითქვას, რომ სიცოცხლის წლებიც კი შეუმოკლა უნეტარესს ასეთმა უდიერმა მოპყრობამ.

– ჩვენს რეგიონში ომი მძვინვარებს. . .

– ზოგადად ვიტყვი ამ საკითხზე – გაიხსენეთ, „აბა ომი გინდათ“, ჩვენს სიტყვებს რომ უკეთებდნენ უტრირებას, დასაცინ თემად რომ აქციეს. . . მათთვის არავის სიცოცხლეს აზრი არ აქვს, მათი პოლიტიკური ლიდერია მათთვის ყველაფერი და იმის მიღმა ვერაფერს ხედავენ. ჩვენი გუნდისთვის კი იმ ერთი ადამიანის, ერთი ბავშვის დაღუპვა ქვეყნის დასჯაა. ახლა ისჯებიან ის ქვეყნები, რომლებსაც არაფრად უღირდათ ადამიანების ტერორი, სულ დაძაბულობაში იყვნენ და ერთმანეთის შუღლსა და მტრობაში ცხოვრობდნენ. ახლა ვხედავთ, რითი დასრულდა ეს ყველაფერი, თუმცა, საუბედუროდ, ჯერ არ დასრულებულა, კიდევ გაგრძელდება. იგივე ხდება ჩრდილოეთით. . . სამეზობლოში კი, ჩვენი და სხვების ჩართულობით, მეტნაკლებად დარეგულირდა კონფლიქტური სიტუაცია, მაგრამ „ვიღაცებს“ ეს ძალიან არ მოსწონთ და მართლა უნდათ ომი ამ ქვეყანაში, ხოლო იმ მოცემულობებს თუ გადავხედავთ, რაც უკრაინაში ხდება, მოხვდებით – რატომაც. ომში ჩართული ნებისმიერი პირი შეუერთდა მილიონერების კი არა, მილიარდერების მსოფლიო სიას. აგერ არის აშშ-ის პრეზიდენტი, მისი ადმინისტარცია, რომელიც ყოველდღიურ გამოსვლებში ან პირდაპირ ამბობს, ან მიანიშნებს, თუ სად მიედინება უკრაინიდან მილიარდები. ამ სამხრეთულ ომს, ვინმე თუ კიდევ უფრო კარგად ჩახედავს, დაინახავს, შეიძლება ევროპელების ჯიბით ნაყიდი იარაღი აგერ ჩვენ გვერდით, სამხრეთში აღმოაჩინონ, უკრაინიდან ექსპორტირებული, არა ნაჩუქარი, არამედ რეალურად გაყიდული. ყველაფერში ფულს აკეთებენ ომის დროს. . . ომი ყველაფერს ჩამოწერსო, ძველი ნათქვამია და სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობენ. ჩვენ ეს არ გვიკვირს, რადგან გავიარეთ 2008 წელი და ვიცით, რა ჯართი იყიდა მაშინდელმა თავდაცვის სამინისტრომ უკრაინისგან, რომელიც ომმა ჩამოწერა და რომელზეც ვიღაცამ მილიარდი გააკეთა. არ ვიცი, რა ხელშეკრულება გააფორმეს ისრაელთან, იარაღი ჩამოიტანეს თუ პირდაპირ ფული აიღეს, ყოველ შემთხვევაში, უცებ, ეს ჩვეულებრივი 2000-ლარიანი მინისტრი კეზერაშვილი, ერთ წელიწადში მილიარდერად მოევლინა ქვეყანას. ეს სწორედ ომიდან აღებული ფულით მოხდა. ამიტომ სურთ ომი აკაცუკებს. . .

დღეს ქვეყანა გადის მშვიდობის ბეწვის ხიდზე, რის გამოც რაღაც მომენტში ურთიერთობებიც კი გვიფუჭდება იგივე ევროპასთან თუ მსოფლიო პოლიტიკაში. ვიღაცებს უნდათ, ჩვენ მუდმივად ვჩანდეთ ყველა ევროპულ შეხვედრაზე. . . იქ ვერ გამოჩნდება ჩვენი ქვეყანა, იქ გამოჩნდება ზელენსკი, რომელმაც პრიორიტეტი უკიდეგანო და უსიტყვო მორჩილებით მოიპოვა. . . თავის დროზე, ზვიად გამსახურდია ამბობდა, ქართველებად რომ დავრჩეთ, ეს არის მთავარიო. ვერც გაგერმანელება, ვერც გაფრანგება, ვერც გაამერიკელება, ვერც გარუსება, ვერც გაუკრაინელება ამ ქვეყანას საუკეთესოს ვერაფერს მოუტანს. ისევ ილია ჭავჭავაძის გზა უნდა ავირჩიოთ, რათა ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს. . . ამისთვის იზოლირებას არ ვაპირებთ, მაგრამ იქ, სადაც ომისკენ გვიბიძგებენ, საკუთარ ჩარჩოში უნდა დავრჩეთ და საკუთარი ერის ინტერესები ყველაზე მაღლა უნდა დავაყენოთ. . . ძალიან რთული გზაა, ერთდროულად, ეკონომიკა არათუ შეინარჩუნო, განავითარო კიდეც, პოლიტიკური ბალანსირება შეძლო, ამასთან, არ იყო გახვეული იმ უბედურებაში, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება. ეს ზეგონიერ ხელისუფლებას თუ ხელეწიფება და ასეთი გვყავს დღეს ჩვენი პრემიერის მეთაურობით.

 

ირმა ცეცხლაძე

  • No Comments
  • აპრილი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *