,,საქართველოს საგარეო საფრთხეები დღევანდელი მსოფლიოს არამდგრადობიდან და არაპროგნოზირებადობიდან მომდინარეობს“
საერთაშორისო არენაზე ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად კვლავ რჩება უნგრეთის ახლახან ჩატარებული არჩევნები, სადაც ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა და გამარჯვება ოპოზიციას ერგო პეტერ მაიდარის ხელმძღვანელობით, რამაც ევროპელი ლიდერები გაახარა, ხოლო ტრამპი და პუტინი – არა. რა ცხადყო უნგრეთის არჩევნებმა? რა უნდა გაითვალისწინოს ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ ამ მიმართებით და რატომ არ გამოდგება უნგრეთის მაგალითი საქართველოსთვის? ამის თაობაზე გვესაუბრება სტრატეგიული კვლევების ხელმძღვანელი, პოლიტიკის ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე.
– საუბარი საგარეო თემით დავიწყოთ: რა ცხადყო უნგრეთის არჩევნებმა?
– უნგრეთის მოვლენები კარგი გაკვეთილია ყველასთვის, ჩვენთვისაც და დასავლური არეალისთვისაც „ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე“. პირველი ის გახლავთ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. დაპირისპირებულთაგან ვინ მართალია და ვინ ცდება, ამას მხოლოდ ისტორია შეაფასებს. უნგრეთის შემთხვევა კარგი მასალაა იმათთვის, ვისაც სწავლა უნდა სხვების შეცდომებზე და არა საკუთარ კატასტროფაზე. არჩევნებმა ცხადყო, რომ ევროკავშირი ისევ ფაქტორია და საკმაოდ სერიოზული. უნგრეთის არჩეული პრემიერის მადიარის გამარჯვებამ დაგვანახა, რომ ხალხი ძალაა და მის ნებას წინ ვერავინ გადაუდგება, ვინც არ უნდა უჭერდეს დაპირისპირებულ სუბიექტებს მხარს, შეერთებული შტატები იქნება ეს, ევროკავშირი, რუსეთი თუ სხვა. იმავე მოვლენებმა წარმოაჩინა, რომ რევოლუციური გადატრიალების სახადი, რასაც აგერ, სულ ახლახან ჩვენი ოპოზიცია მიესწრაფოდა და ცდილობდა, განეხორციელებინა, უკვე წარსულში დარჩა. განსაკუთრებით ამ ეტაპზე რევოლუციას უაზრო სისხლის და მსხვერპლის გარდა არაფერი მოაქვს იმის გათვალისწინებითაც კი, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია, შეაჩეროს საერთაშორისო სამართლის მოქმედება, მოახდინოს ფაქტობრივად დეზორიენტირებული გაეროს იგნორირება და ძალის პრიმატი გამოაცხადოს მსოფლიო პოლიტიკის ერთადერთ ინსტრუმენტად. მაგრამ ჩვენთან აინტერესებს კი ვინმეს ამ გაკვეთილის შინაარსი? არ მგონია.
– უნგრეთის არჩევნებთან დაკავშირებით თქვენს ფეისბუქგვერდზე აღნიშნეთ, რომ ტრამპი და პუტინი დამარცხდნენ, გვიამბეთ ამის შესახებ. . .
– ტრამპმა სამი მძიმე დარტყმა მიიღო ბოლო ხანებში: ირანში ვერ მიაღწია თეოკრატიული რეჟიმის ჩამოგდებას, თუმცა, როგორც ამბობს, „ომი მოიგო“, უნგრეთში კი მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი იქ სახელმწიფო მდივნის და ვიცე-პრეზიდენტის (რუბიო, ვენსი) სპეცვიზიტების მიუხედავად, პირწმინდად, უშანსოდ დამარცხდა. შეერთებულ შტატებში ტრამპს ძველებურად მხარს აღარ უჭერენ, ყოველ შემთხვევაში – MAGA, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ტრამპის მომხრეების მობილიზებაში არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ, სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. მის საკმაოდ დაბალ რეიტინგს უნგრეთში მარცხმაც დაატყო ხელი. პუტინს რაც შეეხება, ცხადია, სერიოზული ჩავარდნაა მისთვის ორბანის მარცხი, თუმცა ევრობიუროკრატიის მიერ დანერგილი პრიმიტივიზმი შედეგს არ მოიტანს, განსაკუთრებით იმგვარი, როგორიცაა ორბანის პროპუტინისტურ და პრორუს ლიდერად გამოცხადება. ამას ჩვენი ჭრელი ოპოზიციის საყურადღებოდაც ვამბობ, რომლებიც „რუსო-რუსოს“ შეძახილით სიმპათიას და პატივისცემას კი არ იხვეჭენ, ახალ ადამიანებს კი არ იმხრობენ, თავიანთ უმწეობას და უსუსურობას უსვამენ ხაზს. როგორ არ უნდა იცნობდე ქართულ ხასიათს, მენტალობას, ბუნებას, რომ ვიღაცას, ვინც, შენი აზრით, რუსების საქმეს აკეთებს, რუსი ეძახო და ძალიან გინდოდეს, რომ შენ ფრანგი ან გერმანელი დაგიძახონ, ან თურქი, ანაც სპარსი და ეს იყოს ურთიერთობების განმსაზღვრელი და ხალხის მხარდაჭერის მოპოვების მთავარი საშუალება.
– საქართველოში მმართველი პარტია და ოპოზიცია თუ გამოიტანენ რაიმე სწორ დასკვნას უნგრეთის არჩევნებიდან? ამ მხრივ, თქვენ ისიც თქვით, რომ შეუძლებელია უნგრული მაგალითის საქართველოში განმეორება. . .
– არ მგონია, პოზიცია-ოპოზიციამ არათუ სწორი, არამედ რაიმე საყურადღებო დასკვნა გააკეთოს. რაც შეეხება უნგრული მაგალითის განმეორების შეუძლებლობას ჩვენს ქვეყანაში, უამრავი ფაქტორი განაპირობებს ამას, რომლებზე საუბარიც შორს წაგვიყვანს. აქ მთავარი ის არ გახლავთ, რატომ არ შეიძლება იგივე განმეორდეს საქართველოში, რაც უნგრეთში მოხდა. საამისოდ ერთი ხელშესახები და დამაიდებელი ფაქტორიც კი არ არსებობს ბუნებაში. ხალხის განწყობა არ არის საიმედო უნგრული სცენარისთვის. ამაზე ისეთი, ერთი შეხედვით საარსებო ხასიათის, პრობლემაც ვერ მოახდენს ზეგავლენას, როგორიცაა უვიზო რეჟიმის გაუქმება. ქვეყანაში განწყობა არც პროსახელისუფლოა და არც პროოპოზიციური. „ოცნებას“ დღესაც და ჯერ კიდევ დიდ ხანს გამოკვებავს საზოგადოების უმრავლესობის განწყობა მთავარი ოპოზიციური ძალებისა და მათი ლიდერებისადმი. ეს განწყობა იმდენად მოცულობითია, რომ მოსახლეობის 50-60% ყველა შემთხვევაში ხელისუფლებას დაუჭერს მხარს ამ ოპოზიციური სპექტრის ალტერნატივად დაფიქსირების შემთხვევაში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქვეყნიდან წასულია პოლიტიკური თვალსაზრისით შედარებით მეტად წიგნიერი ხალხი. შრომითი აქტივობის ასაკისაა ბევრი მიგრანტი, ორიენტირებული წარმატებულ საქმიანობასა და უფრო მეტ შემოსავალზე. ამომრჩევლის განწყობას, ძირითადად, ქმნის შუა ხანს გადაცილებული ადამიანების ერთობლიობა, რომელსაც პენსია არ ჰყოფნის, მაგრამ ყველა ლოცვას იწყებს სიტყვებით, ღმერთო უარესისგან დაგვიფარეო. ახალგაზრდობის მიმხრობაც კი ვერ შეძლო ჩვენმა ოპოზიციამ, განსხვავებით უნგრეთისგან. ვიდრე კანონდამრღვევებს სინდისის პატიმრებად წარმოუდგენენ საზოგადოებას, ამ ოპოზიციას ამ კონფიგურაციით არც უნგრული ვარიანტის განმეორების შანსი აქვს და არც არანაირი არჩევნების მოგების. . . ფაქტორი, ერთი მეორეზე მნიშვნელოვანი, უამრავია, მაგრამ დავამთავრებ ყველაზე არსებითით და წონადით – „ქართული დიფ სთეითი“, რომელიც, 80-იანებიდან მოყოლებული, განსაზღვრავს პოლიტიკური ვექტორის მიმართულებას, ხელისუფლების ვინაობას და რაობას, არ მიიჩნევს ამ ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლისთვის მზად მყოფად და არც ამ, ჩვენი „დიფ სთეითისთვის“ არც თუ მისაღები ხელისუფლების ალტერნატივად. საერთოდ, გვიჯობს ამერიკულ „დიფ სთეითზე“ აპელირებას, რომელიც არსებობდა, არსებობს და იარსებებს, ჩვენს ხელისუფლებათა ცვალებადობის მექანიზმს მივხედოთ, განსაკუთრებით პოსტსაბჭოურ პერიოდში, თორემ ამერიკული „დიფ სთეითის“ ბოლოდროინდელი ტრანსფორმაცია, ცხადია, გასაგებია და საინტერესოც. ტრამპმა შური იძია „დიფ სთეითის“ იმ ნაწილზე, რომელმაც მას შეთქმულება მოუწყო და მეორე ვადით ხელისუფლებაში დარჩენის საშუალება არ მისცა. ტრამპი თავად იყო „დიფ სთეითის“ ნაწილი და როცა მას განუდგა, გადაიბირა მძიმეწონიანი ბეზოსი, მასკი, ცუკერბერგი და ა.შ. ამით შური იძია „დიფ სთეითზე“, თუმცა ის დღესაც „დიფ სთეითის“ ნაწილია. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ, ფიზიკურად ვერ შეძლებდა მეორე ვადის ბოლომდე მიყვანას. ასე რომ, ჩვენ ჩვენს „დიფ სთეითს“ მივხედოთ და მასში გავერკვეთ.
– ჩვენი ოპოზიცია რატომ ვერ ახერხებს გაერთიანებას, თუნდაც საარჩევნოდ?
– ჩვენი ოპოზიციის გაერთიანება შეუძლებელია. ცალკეული პოლიტიკური სუბიექტები არსებითად გამორიცხავენ სხვების არსებობას იდეოლოგიურადაც, მენტალურადაც და ორგანიზაციულადაც. როგორ შეიძლება, გაერთიანდეს გახარია და მელია, ნიკა გვარამია და ზურა მახარაძე, გიგა ბოკერია და მამუკა ხაზარაძე, იაგო ხვიჩია და, ვთქვათ, ლევან ლორთქიფანიძე და ა.შ. და ა.შ. იდეოლოგიურადაც შეუძლებელია ასეთი გაერთიანება და პერსონალიების დონეზეც. ეს ამბიციური და პოლიტიკის მიმართ არაადეკვატური სუბიექტები შეუძლებელია ბიძინა ივანიშვილის სიძულვილმაც კი გააერთიანოს. იმაზე უკვე აღარაფერს ვიტყვი, რომ სამწუხაროდ, პოლიტიკის კეთებას, ინტელექტუალურთან ერთად, იმავე დოზით და უფრო მეტადაც ფინანსური რესურსი სჭირდება. საქართველოში ამ მხრივ არის „ერთი ფული“, ბიძინა ივანიშვილის რესურსი, რომელიც სხვებთან მიმართებით აშკარად აღმატებული და დომინანტურია. გამოჩნდა მეორე ფული, რომელსაც ლეგალურად შეეძლო დაეფინანსებინა ორგანიზაციული და პოლიტიკური ინსტრუმენტები, ესაა ხაზარაძე-ჯაფარიძის ფული, მაგრამ იმან რაც დაიხარჯა, ამ პარტიას და მის ლიდერებს სასურველი შედეგი ვერ მოუტანა. მისი ლიდერი 6-7 თვის წინ საერთოდ დაუმშვიდობებლად გავიდა პოლიტიკიდან და დღემდე მრავალმნიშვნელოვან დუმილს აგრძელებს. არადა, პოლიტიკაში ასე არ შემოდიან და ასე არ გადიან, ამას თავისი ლოგიკა აქვს. . .
– განიცდის თუ არა ოპოზიცია ქარიზმატული ლიდერის ნაკლებობას?
– ოპოზიციაში ყველა სახის ლიდერის ნაკლებობაა. გამოცდილები დაიღალნენ, გამოუცდელები რეალობისგან ზედმეტად შორს არიან, პოპულიზმს ქართულ პოლიტიკაში უკვე ყავლი გაუვიდა, შესაბამისად, ვითარება მძიმეა. „შინაური ფული“ არ არის ამ სფეროში ახალი ლიდერების მხარდასაჭერად, დასავლეთს ლამის უამრავი მილიონი წყალში ჩაეყაროს, რითაც ის ეგრეთ წოდებულ „არასამთავრობო ორგანიზაციებს“ და ირიბად სატელიტურ პარტიებს აფინანსებდა. შესაბამისად, ლიდერების მხრივ რთული ვითარებაა, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკას და ევროკავშირს ქართულ პოლიტიკაში ფულის ჩადების სურვილი, ამ ეტაპზე, არ ეტყობათ, რუსები ტრადიციულად ქართულ ოპოზიციას, მათთვის მისაღებსაც კი, არ აფინანსებს, რადგან მიაჩნია, რომ ისედაც ბევრი დახარჯა ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკებისთვის და იქ ისედაც ჰყავს დასაყრდენი, რომელსაც საჭიეროების შემთხვევაში გამოიყენებს. მოკლედ, ოპოზიციაში გვაქვს ქარიზმატული ლიდერების დეფიციტი, ხელისუფლებაში გვაქვს პოლიტიკოსების დეფიციტი, ანუ დეფიციტში გარღვევაა, რამეთუ რაგინდარა განათლებული ადამიანის მინისტრად ან პარლამენტარად დანიშვნა მის გაპოლიტიკოსებას არ ნიშნავს, მინიმუმ, სამი-ხუთი წელი არის საჭირო სათანადო ბაზისის მქონე პიროვნების პოლიტიკოსად ტრანსფორმირებისთვის.
– ბევრი თვლის, რომ ვიდრე არ განახლდება ოპოზიცია ანუ არ მოიძებნებიან ოპოზიციაში ახალი ლიდერები, მანამდე მმართველ პარტიას არ გაუჭირდება არჩევნების მოგება. . .
– ასეა, ცხადია. მაგრამ ოპოზიციის განახლებას წინ უნდა უძღოდეს საზოგადოებრივი ცნობიერების ტრანსფორმაცია, რასაც ვერ ვხედავ. ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, განსაკუთრებით, ხალხის მიერ მხარდაჭერილი კონსერვატორები, ძირითადად, გამოქვაბულისკენ იყურებიან. მმართველ პარტიას, რა თქმა უნდა, არ გაუჭირდება არცერთი არჩევნების მოგება 2030 წლამდე, როგორც ეს ქვეყნის არაფორმალურ მმართველს ბიძინა ივანიშვილს აქვს ჩაფიქრებული.
– დროდადრო საუბრობენ, რომ შესაძლოა მთავრობა შეიცვალოს და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს, რას ფიქრობთ?
– რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა ყოველთვის გონივრულია და შეიძლება აღმოჩნდეს პოლიტიკური კრიზისის დაძლევის საშუალებაც (რაც არ უნდა უარყოს მმართველმა ძალამ პოლიტიკური კრიზისის არსებობა, ის სახეზეა და მისი ყველა ნიშანი არსებობს, თუმცა ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ). მთავარი ის კი არ არის, რომელი არჩევნები იქნება ამიერიდან მომდევნო – კონსტიტუციურად განსაზღვრული თუ ვადამდელი, მთავარია რას მისცემს ეს ქვეყანას. იმ პირობებში, როდესაც მოქმედი საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ოპოზიციის ნაწილის ნდობა არ არსებობს, ხელისუფლების პოლიტიკურ სივრცეში დომინირების გათვალისწინებით, საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირება შეუძლებელია. რა აზრი ექნება, ვთქვათ, ვადამდელ არჩევნებს? და აქვე, გავიხსენოთ იოსებ ჯუღაშვილი – სტალინი: მთავარია არა ის, თუ ვინ ატარებს არჩევნებს, მთავარია, ვინ ითვლის ხმებს.
– ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით ირანს, რა იკვეთება დიდ გეოპოლიტიკურ სურათში?
– პოლიტიკის მეცნიერებაში ახლა რომ ვაპირებდე სადოქტორო ნაშრომის თემის შერჩევას, თქვენ მიერ შემოთავაზებულს ავირჩევდი: ირანი და ახალი დიდი გეოპოლიტიკა. მართლაც, საინტერესო თემაა, უახლოეს 3-6 თვეში გამოიკვეთება სამომავლო სურათი. დღეს არც ანალიზის გაკეთება იქნება უპრიანი და არც მჩხიბავობა. გააჩნია, როგორ დამთავრდება ტრამპის ავანტიურა ირანში. ტრამპი გლობალიზმის ახალ ხედვას გვთავაზობს იმათთან ერთად, ვისაც წინამძღვრობს „დიფ სთეითში“. ის რევოლუციონერია. მან ფარისევლებს ნიღაბი ჩამოხსნა და ძალის კულტის დამკვიდრებას ცდილობს მსოფლიო პოლიტიკაში. დილას ნათქვამს რომ საღამოს გადათქვამს ურთიერთგამომრიცხავი შინაარსის ფრაზებით, ეს არაფერს ნიშნავს. ის შეიძლება ურთიერთგამომრიცხავი იყოს სიტყვათა წყობით, მაგრამ არსებითად მყარად, ცალსახად და დაბეჯითებით მიდის მიზნისკენ – იხსნას დასავლური ცივილიზაცია, იხსნას ამერიკის ლიდერობა, ჰეგემონობა და შესატყვისი, ძალაზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი ჩამოაყალიბოს. ამ ეტაპზე და ამ შემთხვევაში, ძალის გარდა, საამისოდ დასავლეთს და შეერთებულ შტატებს არგუმენტი არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური რევოლუციის მიმართულებით ის კვლავ მეწინავეობს, მისი მომავალი ეჭვს იწვევს. ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ მიგრანტების ცივილიზაცია – აშშ მიგრანტების პრობლემის მოგვარებას ცდილობს და ამ პროცესის აღკვეთაზე თუ არა, მინიმიზებაზე ფიქრობს. ასეთი პარადოქსებისგან შედგება ახალი ამერიკული სტრატეგიის არსი. დავიწყეთ ირანიდან და ისევ მივედით შეერთებულ შტატებთან. სიმპტომატურია ესეც, რადგან ამ მოვლენების გარეშე ირანის მომავალი ბუნდოვანია. ერთი რამ ცხადია – არცთუ ძლიერი და ჩამორჩენილი ეკონომიკის მქონე, ნავთობის გაყიდვაზე დამოკიდებული ქვეყნის დამარცხებას თითქოს ბევრი არაფერი სჭირდება, მაგრამ ჩემთვის პირადად და ბევრისთვის, ვფიქრობ, უდავო გახდა ის, რაც აქამდე სადავო იყო: ზოგჯერ რაკეტების და თუნდაც ატომური იარაღის ფლობა ომის რეზულტატს არ განსაზღვრავს. 90-მილიონიანი მოსახლეობის ქვეყანა, მტკიცე და მათთვის უდავო რელიგიურ-პოლიტიკური საყრდენით, რომლის მოსახლეობის მინიმუმ ნახევარზე მეტი, მათ შორის ისინიც, ვისაც ირანის დღევანდელი პოლიტიკური სისტემა და ხელისუფლება არ მოსწონს, მზად არის აშშ-ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში თავი დადოს. აქ ეს ფაქტორი შეიძლება არსებითი აღმოჩნდეს. ირანი ჯერჯერობით უადგილოდაა მომავლის დიდ გეოპოლიტიკურ სურათში. მისი გავლენები რეგიონში, შიიზმის ძალმოსილება და ნავთობზე დამოკიდებული ეკონომიკა, ქვეყანას სასურველ ადგილს გავლენების მსოფლიო სისტემაში ვერ მოუპოვებს, ანუ ყველა შემთხვევაში ამ ომის ფინალს უნდა დაველოდოთ, მერე კი ყველაფერს დიდი მოთამაშეების გარიგებები განსაზღვრავს: აშშ, ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი, თურქეთი, ისრაელი, ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი. . . ვინც მეტ სარგებელს მიიღებს ტრამპის მიერ შექმნილი აურზაურიდან, ის იქნება შედარებით უკეთ.
– დაბოლოს, რამდენად სერიოზულია საქართველოს საგარეო საფრთხეები და რამ შეიძლება გამოიწვიოს ესკალაცია?
– საქართველოს საგარეო საფრთხეები დღევანდელი მსოფლიოს არამდგრადობიდან და არაპროგნოზირებადობიდან მომდინარეობს. ცუდი იქნება, თუ ირანის კამპანია მალე არ დამთავრდება, თუ თურქეთი აქტიურად ჩაებმება ისრაელთან დაპირისპირებაში და ეს შეერთებული შტატებისგან დისტანცირებას გამოიწვევს, თუ ეს დაპირისპირება სამხედრო კონფრონტაციის სახეს მიიღებს, თუ რუსეთ-უკრაინის ომი სამართლიანი ზავით და შედეგით არ დასრულდება და კიდევ უამრავ მომენტზე იქნება ჩვენი საგარეო გამოწვევები დამოკიდებული. იმის თქმა, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ ნეიტრალურები, არ შევიდეთ დაპირისპირებაში, მით უმეტეს სამხედრო თვალსაზრისით, ანუ არ ჩავებათ ომებში, კარგია და სწორი, მაგრამ გამოსავალი არ არის, თუმცა არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება და ყველაფრისთვის ქვეყანა მზად უნდა იყოს. ანკი როგორ გინდა, თუ მოგიხდა და ჩაები ომში, საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყო, თავდაცვის ძვირად ღირებული სისტემები შეიძინო, დრონების წარმოება ააწყო და მათი ეფექტურად გამოყენება შეძლო. . . და ერთიც, მილიონნახევრიან ქალაქში, მეტროსადგურების გარდა თავშესაფრები არ არსებობს, რომელსაც მოსახლეობა, როგორც თელავივში ან კიევში, ან სხვაგან თავს შეაფარებდა. მხოლოდ ნეიტრალიტეტის ძახილი არაფერს მოიტანს. მოქნილი საგარეო პოლიტიკა და თანმიმდევრულობაა საჭირო, სამწუხაროდ, ყველა მხრიდან, თეორიულად და არამარტო, საფრთხეები იზრდება.
ლაშა ხომერიკი