„რევიზორი“ – ბათუმის დრამატული თეატრის მესამე პრემიერა
By

„რევიზორი“ – ბათუმის დრამატული თეატრის მესამე პრემიერა

ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 147-ე თეატრალური სეზონის მესამე პრემიერა გაიმართა. თეატრის დასმა მაყურებელს სპექტაკლი ,,რევიზორი” წარუდგინა. ნიკოლაი გოგოლის ეს პიესა მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწარმოებად ითვლება. მისი ახალი სასცენო ინტერპრეტაცია რეჟისორ გიორგი კაშიას ეკუთვნის, ტექსტის ადაპტაციის ავტორი ვალერი ოთხოზორიაა, მხატვარი – ანანო დოლიძე, კომპოზიტორი – გიორგი ჯღარკავა, რეჟისორის ასისტენტები – ელენე კომახიძე და ნატო ღლონტი.

სპექტაკლში მონაწილეობენ ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები და მოწვეული ხელოვანები: ანტონ ანტონოვიჩ გოროდნიჩის როლში – ტიტე კომახიძე, ამოს ფედოროვიჩი – ზაალ გოგუაძე, ხლესტაკოვი – დავით ჯაყელი, ალექსეი კუზნეცოვი – კოტე მჟავია, ანა ანდრეევნა – თათული ედიშერაშვილი, მარია ორლოვა – მერი ნაკაშიძე, პოლინა ალექსეევნა – ლია აბულაძე, დობჩინსკი – ზაზა ზოიძე, მიშა ღომიძე, ბობჩინსკი – სესე მიქავა, ზურაბ გორგილაძე, მარია ანტონოვნა – სალომე ბედინეიშვილი, მარიამ გველესიანი, ოსიპი – თორნიკე ბარამიძე, ტამანგო ჯღერია, უხოვერტოვი – ლაშა კონცელიძე, სასწავლებლის ზედამხედველი – ლევან თედორაძე, ვაჭარი აბდულინი – ჯემალ ველიაძე, მაზრის მკურნალი – ნოდარ იაკობაძე, ლულუკოვი – ნოდარ ძიძიგური, რასტაკოვსკი – ავთანდილ ქარჩავა, პოლშეპნიკა – ნატო გოგიტაური, ეპისკოპოსი – გოგიტა მეგრელიძე, ტრაქტირის მსახური – ნანა კიკვაძე, სვისტუნოვი – რამაზ ღორჯომელაძე, მიშკა – ლუკა ჭეიშვილი, დავით მამრიკიშვილი, მაზრის მსახური – ნინა დიასამიძე, მსახურთა ქორო: მარიამ მღებრიშვილი, ანი მელაძე, ქეთა ბარამიძე, მარიამ ენდელაძე; ბავშვები: გიორგი ჯაში და დათუნა საღარაძე.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნიკოლაი გოგოლს ამ უკვდავი პიესის იდეა და ფაბულა პუშკინმა გააცნო. ორი თავისთავადი ტალანტის, ორი გენიალური შემოქმედის ერთი და იმავე ისტორიით შეპყრობამ მოგვცა ისეთი შედევრი, როგორიც „რევიზორია“, – დრამატურგიული პიესა, რომელმაც რუსული საზოგადოების ცხოვრების წესი სააშკარაოზე გამოიტანა და ერთ მარადიულ, ზოგადსაკაცობრიო თემასაც შეეხო. ფინალში ნამდვილი რევიზორი, ბოლოს და ბოლოს აუცილებლად მოვა, როგორც განკითხვა, ჩვენი არსებობის, ჩვენი ყოფის უპირობო მსაჯული…

საპრემიერო ჩვენებას ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე თამარ ნარიმანიძე, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და თეატრის მოყვარულები. სპექტაკლმა მაყურებლის მოწონება და დადებითი შეფასება დაიმსახურა.

– ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სპექტაკლის რეჟისორს -გიორგი კაშიას იმ საოცარი შემოქმედებისთვის და საოცარი დღეებისთვის, ჩვენთან რომ გაატარა. მინდა, ყველა მსახიობს, მთელ შემოქმედებით და ტექნიკურ პერსონალს უღრმესი მადლობა გადავუხადო იმ კოლოსალური შრომისთვის, რაც ამ სპექტაკლისთვის გაწიეს. ემოციებისგან თავიდან ბოლომდე დაცლილი ვარ, მგონი, დარბაზის ოვაციებითაც გასაგები იყო ყველაფერი – სპექტაკლმა წარმატებით ჩაიარა და ვფიქრობ, ერთი ძალიან საინტერესო და ღირსეული სიტყვა ვთქვით დღეს. მადლობა ყველა ადამიანს ამ საოცარი ემოციებისთვის, – გვითხრა ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორმა კოტე მჟავიამ.

– რეპეტიციები 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. საკმაოდ რთული მასალა და მოცემულობა იყო, რადგან არ მინდოდა, კონკრეტული პერსონაჟებისგან შემექმნა ეს სპექტაკლი, უფრო დიდ მასშტაბებზე მინდოდა გასვლა. ბათუმის თეატრიდანაც დადგმის შემოთავაზება რომ მივიღე, ეს პიესა უყოყმანოდ ავირჩიე, რადგან, ვფიქრობ, ამ თეატრს გააჩნია იმის რესურსი, რომ განახორციელოს ტექნიკურად რთული, მაგრამ საინტერესო პროექტები. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამ ქალაქს, ამ თეატრს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა. ჩემთვის ეს იყო ძალიან დიდი ექსპერიმენტი და თან არაექსპერიმენტიც, იმიტომ, რომ ის, რასაც სტუდენტობაში ვსწავლობთ, ვფიქრობ, სადღაც აუცილებლად უნდა დემონსტრირდეს. სწორედ ამის შესაძლებლობა მომეცა ამ პროექტით. ძალიან შემიყვარდა ეს ქალაქი და ყველა ბათუმელს ჩემგან ძალიან დიდი პატივისცემა და მოწიწება, – გვითხრა რეჟისორმა გიორგი კაშიამ.

– ბუნებრივია, ძალიან ვღელავდი ჩამოსვლისას, რადგან ბათუმის დასისთვის უცხო ვიყავი. ვგულისხმობ იმას, რომ სცენაზე ერთად არასოდეს ვმდგარვართ და არ გვიმუშავია. მიუხედავად დიდი პატივისცემისა და სიყვარულისა, მაინც მქონდა სანერვიულო, არ ვიცოდი როგორ შედგებოდა ჩვენი, ასე ვთქვათ, ტანდემი. დასი დამხვდა ისე ღირსეულად, ტკბილად, თბილად, მეტი რომ არ შეიძლება. ძალიან ვღელავდი, თვითონ რომ კარგად დამხვდებოდნენ, მე როგორ ავყვებოდი ამ ფერხულს, მაგრამ ეს ისე უმტკივნეულოდ, დიდი სიყვარულით და თანადგომით მოხდა, ძალიან გახარებული ვარ. ეს ყველაფერი თითოეული მსახიობის დამსახურებაა და პირველ რიგში, რეჟისორის. ზოგადად, აქ ისეთი გარემოა, მგონია, რომ მთელი ცხოვრება ამ ადამიანებთან ერთად ვიმუშავე. პირველივე დღიდან არ მქონია განცდა, რომ სხვა ქალაქიდან, სხვა თეატრიდან მოვედი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, მუდმივად ვგრძნობ მხარდაჭერას და ვცდილობ, ჩემგანაც გავუშვა ის კარგი ენერგია, რაც რეალურად, მუშაობის დროს სჭირდება არტისტს, – გვითრა მსახიობმა თათული ედიშერაშვილმა.

მარიამ ხითარიშვილი.

 

  • No Comments
  • აპრილი 20, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *