წინაპართა მიწაზე დაბრუნება – მოგზაურობა, სადაც კავშირები ხელახლა იბადება
By

წინაპართა მიწაზე დაბრუნება – მოგზაურობა, სადაც კავშირები ხელახლა იბადება

რამდენიმე დღის წინ აჭარას თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების ჯგუფი სტუმრობდა, კერძოდ, ბეიკოზი-ბათუმის კულტურისა და სოლიდარობის ასოციაციისა და მარმარილოს რეგიონის ქართული სოფლების კავშირის პლათფორმის თავმჯდომარე და წევრები. მათი წინაპრები წარმოშობით ხულოს, შუახევის და ქედის რაიონებიდან არიან. როგორც თავად აღნიშნავენ, ამ მოგზაურობის მთავარი მიზანი ისტორიულ სამშობლოსთან დაბრუნება და იმ მიწის შეგრძნება იყო, საიდანაც მათი ფესვები იწყება.

სტუმრების თქმით, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა, ისე მათი წინაპრების ყოველდღიური გარემოს გაცნობა.

„ჩვენი კულტურული ტურის მიზანი ქართული კულტურის მხარდაჭერაა. საქარიადან დავიწყეთ მოგზაურობა, ვესტუმრეთ სამსუნის, ორდუს, ჩარშამბას, ტრაბზონის ქართულ ასოციაციებს, ასევე, ტრაპიზონში საქართველოს გენერალურ საკონსულოს. ბათუმში ჩამოსვლის შემდეგ, ვეწვიეთ თურქეთის გენერალურ საკონსულოს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, აჭარის მწერალთა კავშირს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს, თურმანიძის ეთნოგრაფიულ კერძო მუზეუმსა და აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს. შევხვდით ბიზნესმენთა ასოციაციების წარმომადგენლებს და შემდეგ გეზი ავიღეთ მთიანი აჭარისკენ, იქითკენ, საიდანაც ჩვენი წინაპრები წამოსულან.

მოვიარეთ ქედა, შუახევი და ხულო, როგორც რაიონული ცენტრები, ასევე, სოფლები. დავდგით ფეხი წინაპრების მიწაზე. ეს იყო უსაზღვრო ემოცია. ბედნიერები ვართ.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ბატონებს ოსმან მჟავანაძეს, აიან დიქმეს, სავაშ ატამანს, პროფესორ როინ მალაყმაძეს, რეჟისორ ვახო გოგრაჭაძეს, ქალბატონ მერი დიასამიძეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც გულით დაგვხვდა. საოცრად ემოციური იყო ნათესავებთან შეხვედრა, დავჯექით, ვისაუბრეთ, ვიტირეთ. . . ისინი სტამბოლში მივიწვიე და მჯერა, ეს კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება,“ – გვითხრა ბეიკოზი-ბათუმის ქართული კულტურისა და სოლიდარობის ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, მარმარილოს ზღვის რეგიონის ქართული სოფლების კავშირის პლატფორმის თავმჯდომარე ნიზამეთინ დოგრუმ.

აჭარაში გატარებულ დღეებზე შთაბეჭდილებები გაგვიზიარა ბახტიარ გენჯიმაც. მისი თქმით, ეს მოგზაურობა ემოციებით სავსე და დაუვიწყარი აღმოჩნდა.

„ვიყავით იმ სოფლებში, საიდანაც ჩვენი წინაპრები არიან წასულები. საოცარ ემოციებში ვართ. ბედნიერი ვარ, რომ აჭარაში ვიმყოფები და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გულით დაგვხვდა და გვერდში დაგვიდგა,“ – აღნიშნა სტუმარმა.

მუსტაფა სევიმლი აბულაძის თქმით, მისი წინაპრები ხულოს რაიონის სოფელ ვაშლოვანიდან გადასახლებულან თურქეთში, თავად მესამე თაობის წარმომადგენელია.

„ვესტუმრე ვაშლოვანს, მივაგენი ჩემს ნათესავებს – ბიძაშვილებს, ერთმანეთი გულში ჩავიკარით. ეს არის განცდა, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ. ბედნიერები ვბრუნდებით თურქეთში და თან მიგვაქვს სიყვარული, რომელიც არ ილევა. მინდა, ეს სითბო ჩემს ახლობლებს გავუზიარო, რომ ეს კავშირები გაგრძელდეს,“ – ამბობს მუსტაფა სევიმლი აბულაძე.

გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაიხადა ერტურულ სუთოღლუმაც, რომლის წინაპრები შუახევის რაიონში ცხოვრობდნენ. ისიც შეხვდა ნათესავებს და აღნიშნა, რომ აუცილებლად დაბრუნდება იმ ადამიანებთან, რომელთა მონატრებას მთელი ცხოვრება გულით ატარებდა.

ქართველ მასპინძლებს მადლობა გადაუხადეს ზექერია ილდირიმმა (ქათამაძე) და აბდულქადირ თარჯანმა. მათი თქმით, ასეთი ვიზიტები აუცილებელია, რათა ურთიერთობები უფრო მტკიცე და მრავალფეროვანი გახდეს.

„საქარიაში დაწყებული კულტურული ტური საქართველოში დავასრულეთ. მოგზაურობამ ძალიან კარგად ჩაიარა. მნიშვნელოვანია, დროდადრო ჩამოვიდეთ და ეს კავშირები კიდევ უფრო გავამყაროთ. დიდი მადლობა ასეთი თბილი დახვედრისთვის,“ – აღნიშნა აბდულ ქადირ თარჯამმა.

ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ბეიკოზი-ბათუმის ქართული კულტურის ასოციაციის წარმომადგენელმა ბათუმში მერი დიასამიძემ.

„ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა ამ ადამიანების მასპინძლობა. მადლობელი ვარ, რომ შევძელი და ისინი მივიყვანე იმ სოფლებში, საიდანაც მათი წინაპრები არიან. ეს იყო ძალიან ემოციური და მნიშვნელოვანი ფაქტი. მიხარია, რომ ამ მოკლე დროში მათ შეძლეს, საკუთარი ფესვები შეეგრძნოთ.

ამ ტურის ერთ-ერთი მიზანი იყო 31 მაისის ღონისძიებაზე მოწვევა. ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც უკვე მესამედ ტარდება საქარიაში, ქართული სოფლების პლატფორმის ფარგლებში. ისინი ძალიან გახარებულები დაბრუნდნენ და იმედოვნებენ, რომ ეს ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ახალგაზრდებიც ჩაერთონ, რათა არ დაიკარგოს ქართული ენა და კულტურული კავშირები თურქეთის ჩვენებურებსა და საქართველოს შორის. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბეიკოზი-ბათუმის ქართული კულტურისა და სოლიდარობის ასოციაციის თავმჯდომარე, ბატონ ალი-ქემალ ქილიჩს (ტარიელაძე), რომელიც აღნიშნული კულტურული ტურის მთავარი ორგანიზატორია,“ – აღნიშნა მერი დიასამიძემ.

ამგვარი ვიზიტები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ „ჩვენებურების“ ინტერესი საკუთარი ფესვების მიმართ, წლიდან წლამდე ძლიერდება. ეს არ არის მხოლოდ მოგზაურობა, ეს არის დაბრუნება საკუთარ თავთან, იმ უხილავ ძაფთან, რომელიც თაობებს ერთმანეთთან აკავშირებს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ეს კავშირი არ დაიკარგოს და სახელმწიფომაც, საზოგადოებასთან ერთად, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მის შენარჩუნებასა და გაღრმავებას. სიყვარული ის ძალაა, რომელიც არც საზღვრებს ემორჩილება და არც დროს. ეს არის უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც არ წყდება და რომელშიც ახალი თაობაც უნდა ჩაერთოს.

 

ნანა აბულაძე

  • No Comments
  • აპრილი 20, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *