აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა ცნობილია
By

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა ცნობილია

– ზურაბ პატარაძე იქნება ძალიან გამორჩეული, ღირსეული მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყნის ეს ულამაზესი მხარე ახალ, ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწევს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენისას.  მთავრობის მეთაურმა გაწეული საქმიანობისთვის სულხან თამაზაშვილს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობისას ძალიან ბევრი რამ მოწესრიგდა მართვის კუთხით, ასევე, საფუძველი ჩაეყარა ბევრ მნიშვნელოვან პროექტს.  პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ზურაბ პატარაძის გამოცდილებას და წარმატებები უსურვა მას.  „ზურაბ პატარაძის საქმიანობის წლები იყო გამორჩეულად წარმატებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის. ის, ასევე,  არის გამორჩეული დიპლომატი, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში. მინდა, გამოვარჩიო მისი საქმიანობა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ელჩის თანამდებობაზე. სწორედ მისი ელჩობის პირობებში, ახალ ეტაპზე გადავიდა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები და ამაში ბატონ ზურაბს განსაკუთრებული პირადი წვლილი მიუძღვის. მადლობა მას წარსულში გაწეული საქმიანობისთვის და მინდა, წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, აჭარის უმაღლეს საბჭოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად, საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის საფუძველზე, ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარუდგინა.
,,ზურაბ პატარაძეს აქვს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის წლების განმავლობაში ნაყოფიერად და წარმატებით მოღვაწეობდა დიპლომატიურ სამსახურში, სადაც ღირსეულად იცავდა საქართველოს ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.  აღსანიშნავია, რომ 2016-2018 წლებში ბატონი ზურაბი იკავებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციას. სწორედ მის სახელს უკავშირდება რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტის განხორციელება. ბატონი ზურაბი გახლავთ აჭარელი, ის ზედმიწევნით კარგად იცნობს ამ მხარის საჭიროებებსა და მის პოტენციალს. დარწმუნებული ვარ, საკუთარ ცოდნასა და მდიდარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, იგი კვლავაც ეფექტიანად გააგრძელებს საქმიანობას რეგიონის საკეთილდღეოდ. მინდა წარმატებები ვუსურვო ბატონ ზურაბს.  ასევე, მსურს მადლობა გადავუხადო ბატონ სულხან თამაზაშვილს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ნაყოფიერი საქმიანობისთვის და წარმატებები ვუსურვო მას ახალ, საპასუხისმგებლო და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პოზიციაზე” – წერს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.
წარდგენას ასევე  დაესწრნენ შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები.

  • No Comments
  • აპრილი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *