„მარეთობა-2026“
მარეთის ხეობის წმინდა ტერიტორია – გამონათლევი, აჭარის მთიანეთში პირველი ადგილია, სადაც 7 წლის მშენებლობის შემდეგ, 2005 წლის 6 მაისს, გიორგობაზე, მართლმადიდებლური ტაძარი საზეიმოდ აკურთხეს და საფუძველი დაედო სახალხო დღესასწაულ „მარეთობას“. ცნობილი ექიმი, პროფესორი სოლომონ ფუტკარაძე გახლდათ ინიციატორი, რომ მის მშობლიურ სოფელ პაპოშვილების სიახლოვეს, მართლმადიდებლური ტაძარი აშენებულიყო. ზეიმის წამოწყებაც ბატონი სოლომონის იდეა გახლდათ, მამა გიორგი (ფუტკარაძე) კი პირველი მარეთელია, რომელიც ღვთისმსახურებას ეწევა გამონათლევის ტაძარში.
წლევანდელი „მარეთობაც“ გამონათლევის ტაძარში, 6 მაისს, წმინდა გიორგის ხსენების დღისადმი მიძღვნილი წირვა-ლოცვით დაიწყო, რომელსაც ადგილობრივ მრევლთან ერთად, ქვეყნის სხვა რეგიონებიდან ჩამოსულებიც ესწრებოდნენ. დღესასწაული, ტრადიციულად, ფრიდონ ქარცივაძის სახელობის სკვერში გაიმართა.
– ფრიდონი ამ ხეობის სოფელ ოლადაურის მკვიდრი იყო. მან წლები შეალია პროკურატურის ორგანოებში საქმიანობას. იგი პანდემიამ შეიწირა. ჩემი იდეა იყო, რომ ფრიდონის უკვდასაყოფად წიგნი გამოგვეცა და ნაჭივრზე, ახლად მოწყობილ კულტურისა და დასვენების სკვერს მისი სახელი მინიჭებოდა. იდეა რეალობად იქცა და ერთ დროს მიგდებული ტერიტორია, რამდენიმე წელია სახალხო დღესასწაულს მასპინძლობს,- გვითხრა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ფრიდონ ფუტკარაძემ.
„მარეთობას“ დაესწრნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე. მათ ქვეყნის, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების, შუახევის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს ფრიდონ ქარცივაძის სახელობის სკვერში არსებული საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნის მემორიალი.
საზეიმოდ მორთულ ტერიტორიაზე მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების, მარეთის ხეობისათვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ნიმუშების, მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი ფოტოების გამოფენა და მარეთის ხეობის ტრადიციული სამზარეულოს სადეგუსტაციო სივრცე. საპატიო სტუმრებმა და ზეიმის მონაწილეებმა გამოფენა დაათვალიერეს და სპორტულ აქტივობებში წარმატებულები დააჯილდოვეს. „მარეთობა-2026“ ფალავანი სოფელ დარჩიძეების მკვიდრი რიჩარდ ფუტკარაძე გახდა. ფინალში მან ლუკა ფუტკარაძე დაამარცხა.
შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი „შუახევი“ თითქმის ყველა „მარეთობის“ მონაწილეა (ხელმძღვანელი – სალომე ხინიკაძე). ანსამბლის მომღერლებს ზეიმის გახსნის პატივი ერგოთ. მათ მიერ შესრულებული სიმღერა „ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო“ ექოდ მოედო მწვანეში ჩაფლულ ხეობას.
ზეიმის წამყვანმა მარიკა დავითაძემ საზოგადოებას ერთხელ კიდევ შეახსენა, რომ: „მარეთობა“ კუთხისა და ხეობისთვის დამახასიათებელი ტრადიციების, ხალხური ხელოვნებისა და იმ სულიერი ფასეულობების ცოცხალი დემონსტრირებაა, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში ქმნიდნენ და ამტკიცებდნენ ჩვენს ეროვნულ იდენტობასა და თვითმყოფადობას“.
შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ მოპატიჟებულ სტუმრებს და ადგილობრივებს ზეიმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა, ისაუბრა ხეობის სოფლებში მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებზე.
„მარეთობა-2026“-ის მონაწილეებს მიესალმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. დამსწრეთ „მარეთობა“ და გიორგობის დღესასწაული მიულოცა, ხაზი გაუსვა სახალხო დღესასწაულების მნიშვნელობას. „ჩემთვის დიდი პატივია დღეს აჭარის მთიანეთში ამოსვლა და ამ ულამაზეს ხეობაში დაწყებულ ზეიმში მონაწილეობა. გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ. ხეობაში ყველაფერს ატყვია მზრუნველი კაცის ხელი. მარეთის ხეობის წარმომადგენლებს ყველგან ვხვდებით. მათ კეთილსინდისიერი, კარგი სახელი აქვთ მოპოვებული. ისინი არიან წარმატებული ექიმები, პედაგოგები, ეროვნული მეურნეობის სხვა დარგების სპეციალისტები. გამორჩეულად ეფერებიან სათაყვანებელ ხეობას, მშობლიურ სოფელს. მათ მადლობას ვუხდი, რომ აძლიერებენ ქვეყანას… როგორც ვხედავთ, არის დიდი ხალხმრავლობა – უხუცესები და ახალგაზრდები ერთად აგრძელებენ იმ დიდ ტრადიციას, რასაც საფუძველი დაახლოებით 20 წლის წინ ჩაეყარა. დღეს ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია სახალხო დღესასწაულების აღნიშვნა, ხალხის ერთობა, წარსულსა და მომავალს შორის უწყვეტი კავშირი და, რა თქმა უნდა, ჩვენი მთის განვითარება. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, ერთად ვიზეიმოთ და მოგილოცოთ ეს დღესასწაული“, – აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.
ტრადიციულად, ზეიმზე „საპატიო მარეთელებს“ ირჩევენ. ვახტანგ მაკარაძიდან მოყოლებული ამ წოდებას უკვე 60-ზე მეტი ადამიანი ატარებს. მათ შორისაა გამონათლევის ტაძრის ამშენებელი თეიმურაზ ყურავა (2008 წელი). ის მომდევნო წლებში ღვთისმსახურებას შეუდგა. სამწუხაროდ, წლევანდელ „მარეთობას“ ვეღარ მოესწრო.
წელს არჩეული „საპატიო მარეთელები“ ის პიროვნებები არიან, რომლებიც ეროვნული მეურნეობის სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ და გამორჩეული წვლილი შეაქვთ ხეობის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში. ეს პატივი 5-ს ერგო: ტომაშეთელ ნაზი ფუტკარაძეს – ღირსეულ მეოჯახეს, მეუღლეს, დედასა და ბებიას, ნახევარი საუკუნის განმავლობაში პედაგოგიურ და პროფესიულ საქმიანობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის; ქიძინიძეებელ ეთერ ფუტკარაძეს – სოფლის მკვიდრთა საიმედო დასაყრდენს, მათ ჯანმრთელობაზე მზრუნველობით გამორჩეულს, ათწლეულების განმავლობაში მედდის საპასუხისმგებლო და ჰუმანური პროფესიის ღირსეულ წარმომადგენელს, ჯუმუშაურელ პროფესორ ოთარ მიქელაძეს – არა მარტო ხეობისა და მუნიციპალიტეტის, არამედ კუთხის ღირსების დამცველს, ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელს, პროფესიონალ მედიკოსს და რადიოლოგს, მრავალი სამეცნიერო სიმპოზიუმის აქტიურ მონაწილეს; ცინარეთელ შალვა ცინარიძეს – საგანმანათლებლო სფეროში მრავალწლიანი მოღვაწეობისა და პროფესიულ საქმიანობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის; ოქროპილაურელ ამირან დავითაძეს – წლების განმავლობაში საჯარო და საგანმანათლებლო სექტორში წარმატებული საქმიანობისთვის. მათ დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.
მოზეიმეებს მიესალმნენ ცოტნე ანანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, საზოგადოება „მარეთის“ თავმჯდომარე მამუკა აბუსელიძე. მათ ჯაბნიძეების, მაწყვალთის, დარჩიძეების, შუბნის საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს: ქეთი მუკუტაძეს, ლიკა ზოიძეს, გიგა ბოლქვაძეს, ლუკა ფუტკარაძეს ჯილდოები გადასცეს. ეს მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადაში და აქტიურად არიან ჩართული სასკოლო კლუბების საქმიანობაში.
მარეთელები არიან და-ძმები ეთერ, ბადრი, ავთანდილ დარჩიძეები. ბადრი შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლის „ფესვების“ მთავარი ქორეოგრაფია, ავთანდილი – ფოლკლორულ ანსამბლ „მარეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ეთერი კი ბავშვთა ანსამბლ „ჰანგებს“უდგას სათავეში. შეკრებილებმა ოვაციით გააცილეს სცენიდან სამივე ანსამბლის წევრები. მოწონება დაიმსახურა მეჭიბონე ბავშვების მიერ შესრულებულმა ნომრებმა. აღსანიშნავია, რომ ანსამბლ „ფესვების“ ხელმძღვანელი და ყველა წევრი, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. ამ აღიარების შემდეგ, საზოგადოების წინაშე „ფესვები“ პირველად გამოვიდა.
მოზეიმეთა წინაშე განახლებული რეპერტუარით წარსდგნენ: გოგონათა ბენდი „117“, შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი „ჭვანა“ (ხელმძღვანელი – ტარიელ ბოლქვაძე), შუახევის სალოტბარო სკოლის ანსამბლი (ხელმძღვანელი – ეთერ დარჩიძე). პაპოშვილების საჯარო სკოლის, ა(ა)იპ „მწიგნობარის“ მოსწავლეებმა მარი, დავით ფუტკარაძეებმა, ილია საფარიძემ, დაჩი პეტრიძემ ლექსები წაიკითხეს.
„მარეთობაზე“ მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ რამდენიმე მონაწილეს კომენტარი ვთხოვეთ:
იაგო დავითაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელი: – ხეობის ისტორიულ სოფელ გოგაძეების მკვიდრს მეამაყება, რომ ყველა მარეთელს პირადი წვლილი შეაქვს ქვეყნის, ხეობის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში. ეს მუხტი დღესასწაულზეც წარმოჩნდა. მჯერა, რომ ასეთი ზეიმები ადამიანების დაახლოებას, მშობლიური კუთხის სიყვარულის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
ანზორ ბოლქვაძე, პარლამენტარი: – „მარეთობა“ ერთი ხეობის ზეიმი აღარაა. იგი თავისი შინაარსითა და მასშტაბურობით გასცდა 20-მდე სოფლის ფარგლებს. დღემდე გამართული 21 ზეიმიდან 14-ის მონაწილე ვარ. ადგილობრივებთან ერთად, დღესასწაულს ესწრებიან ხეობიდან ქვეყნის სხვა რეგიონებში გადასულები, მრევლს ვერ იტევს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. შუახევის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ზეიმს ყოველთვის პასუხისმგებლობით ეკიდება, რაც წელსაც გამოიკვეთა.
ოთარ მიქელაძე, ექიმი: – მამა ვლადიმერ მიქელაძე ხეობასა და ოლადაურზე შეყვარებული იყო. ეს „სენი“ მის შთამომავლებსაც გადმოგვედო. სამსახურებრივი და საზოგადოებრივი დატვირთვის მიუხედავად, დროს ვპოულობ და მშობლიურ ჯუმუშაურში მოვდივარ. აქ გატარებული ყოველი დღე ძვირფასია ჩემთვის. მეზობლებიც გარს მეხვევიან, მეფერებიან. როგორც კვალიფიციური ექიმი, თანადგომასაც არ ვაკლებ. დიდ აღიარებად მიმაჩნია „საპატიო მარეთელის“ წოდების მონიჭება, რაც მავალდებულებს, ოჯახთან ერთად, ხეობისა და ქვეყნის მოსახლეობის სამსახურში მუდმივად ვიყო.
ოთარ ცინარიძე