ხუსეინ ვარშანიძე – მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და მასწავლებელთა მასწავლებელი
By

ხუსეინ ვარშანიძე – მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და მასწავლებელთა მასწავლებელი

უჩამბის საშუალო სკოლა ახლანდელი შუახევის რაიონის ისტორიაში პირველი საგანმანათლებლო კერაა, რომელიც 1949 წლიდან საშუალოს სტატუსით მოქმედებს. მის კედლებში თაობები აღიზარდა და მომავალშიც ასე იქნება. საშუალო სკოლის გახსნის წინა წლებიდან 1972 წლამდე, ანუ გარდაცვალებამდე აქ მასწავლებლობდა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ხუსეინ ვარშანიძე. იგი სპეციალობით გეოგრაფიის მასწავლებელი იყო. მეოთხედი საუკუნის განმავლობაში სკოლის დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობის დარგში. კოლეგები მას მასწავლებელთა მასწავლებელს უწოდებდნენ. მუდამ თავაზიანი და გაწონასწორებული გახლდათ. ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე რომ მოახლოვდებოდა, მოსწავლეებს, რომელთა შორის მეც გახლდით, გეოგრაფიის გაკვეთილზე უცილობლად ფრონტზე ნანახისა და განცდილის შესახებ გვიყვებოდა. ომში მიღებული ჭრილობები ხშირად, თავს ახსენებდა, მაგრამ არასდროს დაუწუწუნია.

ხუსეინ მასწავლებლის უფროსი ვაჟი, გურამი, უჩამბის სკოლის დამთავრებისთანავე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-კიბერნეტიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ერთი წლის შემდეგ საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩააბარა მისმა მეორე ვაჟმა თეიმურაზმა. ლევანსაც არ გასჭირვებია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხვედრა. იმ დროისთვის ყველა ესალმებოდა და ულოცავდა სულთან ივანაძესა და ხუსეინ ვარშანიძეს შვილების წარმატებას. საუბედუროდ, მამის ხელი და თანადგომა შვილებს მალე დააკლდათ. ყველაზე მეტად ნაბოლარა ელიზბარი დაზარალდა. 1972 წელს მამა მიწას რომ მიაბარეს, იგი უჩამბის სკოლის მე-6 კლასში სწავლობდა.

3 ძმის მსგავსად არც ელიზბარს მოცარვია ხელი. მამის გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგ ისიც საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი გახდა. მეუღლის გარდაცვალებიდან 25 წლის განმავლობაში თბილისში, ბათუმსა და შუახევში მომუშავე და მცხოვრებ შვილებს სულთანი მზრუნველობას არ აკლებდა.

შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები, რძლები, სიძეები ყოველი წლის 9 მაისს ქვაბთაში მშობლების – ხუსეინ ვარშანიძის და სულთან ივანაძის საფლავებთან მიდიან და მათ ხსოვნას პატივს მიაგებენ.

– მამისეულ კერას არ ვივიწყებთ, – გვითხრა ლევანმა, – სამშობლოს დაცვას, ქვეყნისთვის სასარგებლო ენერგიულ შრომას ჩვენმა მშობლებმა წლები შეალიეს. იმხანად 4 შვილის დასახლკარება იოლი არ იყო. ამ მიმართებითაც გამორჩეულები იყვნენ. მათი საქმე და სახელი შთამომავლობას საამაყოდ დაგვრჩება. მამამ და მილიონობით სხვა მებრძოლებმა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გაიარეს და კაცობრიობა ფაშისტური ურჩხულისაგან იხსნეს.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • მაისი 7, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *