„წითელქუდა“ – მალე ბათუმის მარიონეტების თეატრში
By

„წითელქუდა“ – მალე ბათუმის მარიონეტების თეატრში

ბათუმის მარიონეტების თეატრი მორიგი პრემიერისთვის ემზადება. 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს 12:00, 16:00 და 18:00 საათზე მაყურებელი საბავშვო, მუსიკალურ სპექტაკლ „წითელქუდას“ იხილავს. მარიონეტული წარმოდგენა პატარებს ჯადოსნურ ტყეში რეალისტურ თოჯინებთან ერთად ამოგზაურებს. თოჯინების მხატვარი და ოსტატი მირანდა გურგენაძეა, სიმღერის ტექსტის ავტორი – მარიკა ბულეიშვილი. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ირინე ღლონტი, მარიკა ბულეიშვილი, ფრიდონ მოდებაძე, მერი დიასამიძე და ანა მალაზონია. სპექტაკლის რეჟისორი, პიესის ავტორი და სცენოგრაფი გიორგი ჩხაიძე ამ ცნობილ ზღაპარს მაყურებელს განსხვავებული სიუჟეტური ინტერპრეტაციით შესთავაზებს, სადაც არავინ არავის „ჭამს“, თოფით არ კლავს და არც მუცელზე ჭრის ბებიას და წითელქუდას ამოსაყვანად. აქ ამბავი სულ სხვაგვარად განვითარდება. მარიონეტები, საოცარი, რეალისტური დეკორაცია და პროფესიონალი შემოქმედებითი ჯგუფი პატარებს დაუვიწყარ, ზღაპრულ წარმოდგენას ჰპირდება. ტრადიციულად, ეს არის ანიმაციური ფილმისა და თეატრის სინთეზი, რომელიც დიდებსაც კი ბავშვობაში დააბრუნებს.
გიორგი, რატომ გადაწყვიტეთ „წითელქუდას“ ამბის სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაციით მოყოლა?
– განსხვავებული ინტერპრეტაციის უკან მეტად სპეციფიკური მხარე იმალება. მარიონეტულ სპექტაკლებს განსხვავებული სპეციფიკის დრამატურგიული ხაზის განვითარება სჭირდება. რა თქმა უნდა, შეგიძლია ნებისმიერი ნაწარმოები დადგა, მაგრამ მისი მორგება თოჯინებზე, რომლებიც ათობით ძაფზეა დაკიდული – გარდაუვალია. ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ სპეციფიკის გათვალისწინებაა, მეორე კი სუფთა რეჟისორული ამბავია. არ მინდა, ბავშვი მოვიდეს იმის სანახავად, რაც უკვე იცის – რომ მგელი წითელქუდას და ბებიას შეჭამს, მერე მონადირე მიეშველება და ასე შემდეგ. ჩვენ შევეცადეთ, რაღაც ჯადოსნური გაგვეკეთებინა ძმები გრიმების ზღაპრის ფაბულის მიხედვით. თანაც, ეს ბათუმის მარიონეტების თეატრის რიგით მეორე სპექტაკლია, მოგეხსენებათ, თეატრი აპრილში გაიხსნა და ახლა ყალიბდება ჩვენი რეპერტუარი. საბავშვო რეპერტუარი ორმაგად საპასუხისმგებლოა და გვინდა, რომ იგი დაუვიწყარი იყოს.

რა არის ამ სპექტაკლის მთავარი გზავნილი, რომლის მიტანაც პატარა მაყურებლამდე გსურთ?
– მთავარი გზავნილი, ალბათ ისაა, რომ ამ სამყაროში არ არის ძალადობის და ბოროტების ადგილი, თუმცა, ყველა ვუშვებთ შეცდომებს, რისი გამოსწორების საშუალებაც ადამიანებმა ერთმანეთს აუცილებლად უნდა მივცეთ. გვინდა, პატარებს ვაჩვენოთ ზღაპარი, სადაც არავინ არავის კლავს თოფით, არც ჭამს და არც მუცელზე ჭრიან ცხოველებს. ვფიქრობთ, რომ ყველაფერი მოგვარებადია, ყველა კარს აქვს გასაღები, ისევე, როგორც ადამიანებს. ბოროტი ადამიანი, ან ცხოველი ჩვენთვის არ არსებობს. მთავარია სიყვარული და მეგობრობა. ვეცდებით, ჩვენეული „წითელქუდა“ პატარებს 35 წუთში დავანახოთ.
როგორ შეიქმნა მარიონეტებისა და რეალისტური დეკორაციების ვიზუალური სამყარო?
– მოგეხსენებათ, მარიონეტები მეტად რთული თოჯინები გახლავთ. ეს ხანგრძლივი პროცესია. სანამ თოჯინები სცენაზე, რეპეტიციაზე „გამოცხადდებიან“, რთულ გზას გადიან. ჯერ ფურცლებზე ესკიზი იქმნება, შემდეგ მასალას ვარჩევთ, მხატვარი და ოსტატი რეჟისორთან ერთად ადგენს, რა უნდა შეეძლოს თოჯინას, ბოლოს მსახიობს ვარგებთ და ნამდვილი მაგია იწყება – თოჯინა უნდა გაცოცხლდეს. ამჯერად, თოჯინები და კოსტიუმები შესანიშნავმა მხატვარმა მირანდა გურგენაძემ შექმნა. დამდგმელი მხატვარი, ტრადიციულად, მერი დარცმელიძეა, რომელიც თითოეულ რეკვიზიტს, კოსტიუმს, დეკორაციას სიცოცხლეს აძლევს და ყველაფერს ისე აკეთებს, რომ ფარდის გახსნის წუთიდან დაუვიწყარი სამყარო იშლება. ერთიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ ეს გუნდური ნამუშევარია. ყველას ძალიან გვინდა განსაკუთრებული „წითელქუდა“ ვაჩვენოთ პატარებს.

რა განასხვავებს ამ წარმოდგენას კლასიკური საბავშვო სპექტაკლებისგან?
– განსხვავება დიდია, ეს არის მარიონეტების მიერ მოყოლილი ამბავი, თოჯინებით გაცოცხლებული ზღაპარი. აქ მსახიობები სცენაზე ძალიან მაღლა არიან, ამიტომ პატარები ჯადოსნურ ტყეში მხოლოდ თოჯინებს დაინახავენ. ეს წარმოდგენა ნახევრად მიუზიკლის სტილშია გადაწყვეტილი. მოგეხსენებათ, მარიონეტებს ბევრი ტექსტის თამაში უჭირთ. ამრიგად, ყველაფერი ამ სპეციფიკაზეა მორგებული და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენეული ესთეტიკის და თეატრალური ფორმების ჩარჩოებში ექცევა.
რამდენად რთულია პატარა მაყურებლის ყურადღების შენარჩუნება და რა გეხმარებათ ამაში ყველაზე მეტად?
– ვერ ვიტყვი, რომ რთულია, მაგრამ საპასუხისმგებლოა. საპასუხისმგებლო, ისევე, როგორც მსახიობისთვის – თოჯინის გაცოცხლება, როცა თითოეულ ძაფს აქვს მნიშვნელობა, ტრაექტორია, სიფაქიზე და რაც მთავარია, სული, რომელიც ამ ძაფების დახმარებით თოჯინას უნდა გადაეცეს მსახიობების ხელით. ჩვენ დიდი სიფაქიზით ვცდილობთ მივაწოდოთ პატარებს ის აზრი, იდეა და სილამაზე, რაც პირველ რიგში, მათთვის გულით იქმნება. ახლა თეატრში ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „სხვანაირი“ გადის, სადაც ასაკობრივი შეზღუდვა გვაქვს, თუმცა ბავშვები მაინც ესწრებიან წარმოდგენას. არ მახსოვს წარმოდგენა, სადაც მათი გაოცებული სახე არ მენახოს, თითქოს არც სხედან, ისე არიან შერწყმულნი სცენასა და პარტერს. ჩვენ პატარებთან შეთანხმება გვაქვს, ისინი დიდებივით იქცევიან, ამრიგად, ყველაფერი მოგვარებულია. აქ მათ ყველა სიყვარულით ელოდება, იმისთვის, რომ განსაკუთრებული, ჯადოსნური აზრებით და ფიქრებით დატოვონ დარბაზი.

როგორ ერთიანდება სპექტაკლში თეატრი და ანიმაციური ფილმის ელემენტები?
– ჩვენი სპექტაკლები თავისი დეკორაციითა და ილუსტრაციით ძალიან ჰგავს რეალურ, მინიატურაში აღებულ გარემოს. სწორედ ისეთს, ანიმაციური ფილმის გადასაღებ პავილიონში რომ იქმნება. თოჯინები უხილავ ძაფებზე გადაადგილდებიან, ამ საოცარ დეკორაციებში ბუნებრივი არქიტექტურული შუქი დეკორაციისა და თოჯინის ყველაზე წვრილ ჭუჭრუტანასაც ეფინება და ჯადოსნური სანახაობა გამოდის. ეს არის ერთდროულად ცოცხალი და შენ წინ გაცოცხლებული ეკრანი – ულამაზესი ანიმაციური ფილმისა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, წარმოდგენების ატმოსფერო და გარემო იყოს რეალისტური, ისეთი, როგორც თოჯინებია მაქსიმალურად მიმსგავსებული ადამიანებს, რათა მაყურებელმა უცებ შეძლოს ამ გარემოში შეღწევა და ბოლომდე განიცადოს სულიერი კათარზისი.
რომელი სცენაა თქვენთვის ყველაზე ემოციური ან განსაკუთრებული?
– პირადად ჩემთვის ფინალია ძალიან სახალისო, თუმცა ვერ გავთქვამ სცენას პრემიერამდე. ძალიან საყვარელი სცენაა, სადაც იჯერებ, რომ ბოროტება არ არსებობს და ყველანაირი სირთულე შეიძლება შემდეგ ძალიან სასაცილო იყოს. მომწონს ის, რასაც ჩემს გუნდთან ერთად ვაკეთებ. თოჯინის პირველი გამოჩენაც კი სცენაზე იმდენად ჯადოსნურია, რომ ყველა სცენა ასეთივეა ჩემთვის. არ მაქვს უფლება, 35 წუთში მაყურებელმა მოიწყინოს. ყველა სცენა ერთმანეთზე უკეთესია. იმედია, ამას პატარა მაყურებელი მოგვიწონებს.
როგორ ფიქრობთ, რატომ რჩება „წითელქუდა“ ყველა თაობისთვის საყვარელ ზღაპრად?
– ეს არის ტრადიცია, ეს არის რაღაც უფრო დიდი, ვიდრე ერთი ლამაზი პიესა, ან ზღაპარი. აქ ყველა ასაკში შეგიძლია იპოვო რაღაც ახალი. ყოველ ჯერზე ახლებურად შეხედო მოყოლილ ამბავს, რომელიც მთელი ცხოვრება თან გდევს – ყმაწვილობიდან ზრდასრულ ასაკამდე. „წითელქუდა“ არის ერთგვარი სავიზიტო ბარათი საბავშვო თოჯინური თეატრებისთვის მთელს მსოფლიოში. ვფიქრობ, არ არსებობს თეატრი, რომლის რეპერტუარშიც იგი არ იყოს. ცხოვრება საოცრად ლამაზია, მაშინაც კი, როცა უღრან ტყეში გვიწევს გზის გაკვლევა და მგლის დიდი კბილების შიში გვიჩნდება, თუმცა მაინც ზღაპარია და ყველაფერი ბოლოს თავის ადგილზე დგება. ამრიგად, უნიკალური ნაწარმოებია, პატარას ცხოვრებას ასწავლის. ჩვენც ვეცდებით, ეს ჩვენეულად მივაწოდოთ მაყურებელს.

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • მაისი 11, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *