ნოროვირუსისა და ჰანტავირუსის ეპიდაფეთქება საკრუიზო გემებზე – რა უნდა ვიცოდეთ ამ ვირუსების შესახებ
მორიგი ვირუსის ეპიდაფეთქების გამო საზოგადოებაში შიში და სხვადასხვა მოსაზრება გაჩნდა. ლეტალური შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვა წარმოშვა საკრუიზო გემზე ჰანტავირუსის ეპიდაფეთქებამ. გემმა „MV Hondius“ მოგზაურობა დაიწყო არგენტინიდან, მასზე მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის მოქალაქე იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ჰანტავირუსით ინფიცირებული მგზავრებიდან 3 გარდაიცვალა (ორი ჰოლანდიელი და ერთი გერმანელი), რამდენიმე პაციენტი კი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამჟამად, ნოროვირუსის ეპიდაფეთქებაა საკრუიზო გემზე „Ambition“, რომელიც გაჩერებულია ბორდოში 1200 მგზავრით და 514 ეკიპაჟის წევრით. ვირუსი უკვე 49 ადამიანში დაფიქსირდა. ერთი ხანდაზმული მგზავრი გარდაიცვალა. დანარჩენი მგზავრები იზოლაციაში იმყოფებოდნენ, თუმცა ახლახან იმათ, ვისაც სიმპტომები არ აღენიშნებოდა, გემის დატოვების უფლება მისცეს.
რა უნდა ვიცოდეთ ამ ვირუსებზე და არის თუ არა საქართველო ვირუსის გავრცელების რისკის ქვეშ, ამ და სხვა საკითხებზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი გვესაუბრება.
– ქალბატონო მაია, რას იწვევს ნოროვირუსი და როგორ ხდება მისი გავრცელება?
– ნოროვირუსი იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის ინფექციას, მისი ძირითადი სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ფაღარათი, კუნთების ტკივილი. გადაცემა ხდება წყლით და საკვებით, ასევე გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს მჭიდრო კონტაქტით. მისი გავრცელება საკმაოდ ხშირია ორგანიზებულ დაწესებულებებში, მაგალითად, სტუდენტურ საცხოვრებლებში, სასტუმროებში, რესტორნებში. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ვირუსის უმცირესი კონცენტრაციაც კი საკმარისია ადამიანის ინფიცირებისათვის. ეს არ არის ახალი ვირუსი. გავრცელებულია ყველგან, მათ შორის შემთხვევები საქართველოშიც ფიქსირდება ხოლმე. დიაგნოსტიკა ხდება განავლის გამოკვლევით ნოროვირუსის ანტიგენზე, რაც ჩვენს ქვეყანაშიც ხელმისაწვდომია კლინიკურ ლაბორატორიებში.
– ბევრი შეკითხვაა ჰანტავირუსთან დაკავშირებითაც, როგორ ვლინდება იგი?
– კრუიზზე მომხდარი ეპიდაფეთქების დროს, ათეულობით მგზავრმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დატოვა გემი და შესაბამისად, მათ ქვეყნებში ამ ადამიანებზე ზედამხედველობა გახდა საჭირო. ჰანტავირუსები მღრღნელების მიერ გავრცელებული ვირუსების ჯგუფია, რომლებსაც ადამიანებში მძიმე დაავადებების გამოწვევა შეუძლიათ. ადამიანები, როგორც წესი, ინფიცირდებიან ინფიცირებულ მღრღნელებთან, ძირითადად მათ ბიოლოგიურ სითხეებთან (შარდი, ფეკალიები, ნერწყვი) კონტაქტით. ინკუბაციური პერიოდი ხანგრძლივია, შეიძლება 8 კვირამდე გაგრძელდეს. ლეტალობის მაჩვენებელი 20-50%-ია. ჰანტავირუსმა შეიძლება გამოიწვიოს კარდიოპულმონური სინდრომი – მძიმე რესპირატორული დაავადება, რომლის დროსაც ლეტალობის მაჩვენებელი 50%-მდე აღწევს. ჰანტავირუსის კიდევ ერთი გართულებაა ჰემორაგიული ცხელება თირკმლის სინდრომით. ჰანტავირუსების ერთ-ერთი ქვეტიპი შეიძლება ადამიანიდან ადამიანზე გადაეცეს. ეს ქვეტიპი არგენტინაში ცირკულირებს და რადგან კრუიზმა სტარტი სწორედ არგენტინაში აიღო, ეს შემთხვევაც ამ ქვეტიპით არის გამოწვეული. ჰანტა არ არის ახალი ვირუსი. შემთხვევები ყოველწლიურად გვხვდება სხვადასხვა კონტინენტზე. ამჟამად განსაკუთრებული ყურადღება ამ ინფექციის მიმართ და საყოველთაო შეშფოთება სწორედ კრუიზის ეპიდაფეთქებამ გამოიწვია.
– სამედიცინო მითები კვლავ აქტუალური თემაა საზოგადოებაში და ხშირად განხილვის საგანია, ამჟამად რაზე გააკეთებდით აქცენტს?
– სამედიცინო მითებზე როცა ვსაუბრობ, აღშფოთებული ადამიანების კომენტარები აჩვენებს, რომ მათ ნაწილს ამ მითების იმდენად სჯერა, რომ გადარწმუნება შეუძლებელია. ამ მითებს აღვივებენ და ხელს უწყობენ ისინი, რომლებიც ამ მითებს ანგარებით იყენებენ და სხვებს ატყუებენ, ის სხვები კი მორჩილად ატყუებინებენ თავს და რჩევის მიღება არ სურთ. საერთოდ, რაზე ვლაპარაკობთ, როცა ხალხი ჯერ კიდევ წურბელებით მკურნალობს სხვადასხვა დაავადებას? ახლა ალბათ წურბელების ბიზნესის წარმომადგენლებიც შემაჩვენებენ. სამედიცინო მითებს შორის ამჟამად ერთ-ერთი საყოველთაოდ გავრცელებულია – „უზმოზე თაფლიანი წყალი აძლიერებს იმუნიტეტს“. ამის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, არც ბიოლოგიური მექანიზმი. საიდან მოვიდა და პირველად ვინ გამოიგონა, კაცმა არ იცის. არც იმუნიტეტს აძლიერებს და არც სხვა რაიმე სარგებელი მოაქვს. ასევე, როგორც აღმოვაჩინე, საბჭოთა მედიცინის ერთ-ერთი მარგალიტი, „ყრუ გამორეცხვა“ ანუ „დიუბაჟი“ ჯერ კიდევ გამოიყენება ზოგიერთების მიერ. შეგახსენებთ, ეს არის ვითომ ნაღვლის ბუშტის მკურნალობის მეთოდი, რომელიც მოიცავს მინერალური წყლის დალევის შემდეგ თბილ „გრელკაზე“ ნახევარი საათით მარჯვენა გვერდზე წოლას. გარდა იმისა, რომ ეს მეთოდი არაფერს კურნავს, ნაღვლის ბუშტის კენჭების შემთხვევაში მან შეიძლება სერიოზული რისკი შეუქმნას ჯანმრთელობას. ასევე, შეიძლება პრობლემური იყოს ქრონიკული ჰეპატიტის მქონე პაციენტისთვის (განსაკუთრებით ციროზის შემთხვევაში). მოკლედ, ასეთ გადმონაშთებს ისევ რატომ ეტანებიან ადამიანები, ძნელი ასახსნელია. ასე თუ ისე, წინ მიდის მედიცინა და არ ჯობია, რამდენადაც შეგვიძლია, ფეხი ავუწყოთ? „დიუბაჟების“ გარეშეც უამრავი პრობლემა გვაქვს.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ადამიანები საკმაოდ ხშირად იყენებენ ანტიბაქტერიულ საპნებს ხელის, ტანის და შორისის დასაბანად. ეს პრაქტიკა არ არის გამართლებული, რადგან ანტიბაქტერიული საპნის გამოყენება იწვევს კანის ნორმალური ფლორის რღვევას, შედეგად კი კანის გაღიზიანებას და ქავილს. ასევე, შეიძლება ხელი შეუწყოს რეზისტენტული ბაქტერიების გავრცელებას. განსაკუთრებით მიზანშეუწონელია ანტიბაქტერიული საპნის გამოყენება შორისის დასაბანად. ამან შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვიოს, კერძოდ, სიმშრალე, ქავილი, სოკოს რეაქტივაცია. ასევე, ხელს უწყობს ბაქტერიული ვაგინოზის განვითარებას. საყოფაცხოვრებო პირობებში წყლით და ჩვეულებრივი საპნით, ან გელით ხელის და ტანის დაბანა სრულიად საკმარისია მექანიკური გასუფთავებისა და პათოლოგიური ბაქტერიების უმრავლესობის მოსაცილებლად. შორისის დასაბანად არსებობს სპეციალური გელები, რომლებიც ინარჩუნებენ ლორწოვანის ნორმალურ ბალანსს. ანტიბაქტერიული საპონი შეიძლება გამოყენებულ იქნას, მაგალითად, სამედიცინო დაწესებულებებში, ისიც კონკრეტულ სიტუაციებში. ასევე, ზოგჯერ შეიძლება ექიმმა პაციენტს ინდივიდუალურად დაუნიშნოს ანტიბაქტერიული საპნით დაბანა. მოკლედ, მიკრობების წინააღმდეგ ბრძოლის ზედმეტი მცდელობა ანტიბაქტერიული საპნების გამოყენებით, ხშირად, არასასურველ შედეგებს იწვევს და უნდა მოვერიდოთ.
მარიამ ხითარიშვილი