გია აბაშიძე: ტრამპი კვლავ იმუქრება, აყენებს ულტიმატუმებს, ხოლო გლობალური ეკონომიკა ზარალდება
გთავაზობთ ინტერვიუს პოლიტანალიტიკოს გია აბაშიძესთან, რომელიც საუბრობს მსოფლიოში არსებულ კონფლიქტებზე, პროგნოზირებს მათი განმუხტვის გზებსა თუ შესაძლებლობებს და აანალიზებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
– საუბარი დავიწყოთ ტრამპის ჩინეთში ვიზიტით. როგორ ფიქრობთ, მიიღო სასურველი პასუხი აშშ-ის პრეზიდენტმა?
– ჩინეთში ვიზიტმა ის შედეგი ვერ მოიტანა, რასაც ვაშინგტონი ელოდა, მეტიც, აშშ-ის პრეზიდენტმა ვერაფერი გაარკვია ჰორმუზის სრუტესთან და ირანში საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, სი ძინპინი, როგორც არაერთი დასავლელი პოლიტიკოსი, ღიად აცხადებს, რომ არ მიიღებს კარნახს არც ერთი ქვეყნისგან მსოფლიოს მასშტაბით. ჩინეთში ტრამპის ვიზიტი, ამერიკის მრავალი პოლიტიკური აქტორის, მათ შორის, მისივე გარემოცვისა და მხარდამჭერის, შეფასებით, იყო სიმბოლური, უფრო ჭარბი პომპეზურობით, ვიდრე კონკრეტული შედეგებით. ერთადერთი, რაც ამ ორი სუპერსახელმწიფოს ლიდერების შეხვედრამ მოიტანა, არის ის, რომ ჩინეთთან განახლებული, შედარებით დაბალტარიფიანი ვაჭრობით იხეირებენ ამერიკელი ფერმერები, მაგრამ რეალურად, ვერც ირანზე, ვერც იშვიათ მიწარესურსებზე და ხელოვნურ ინტელექტზე მოლაპარაკებამ ნაყოფი ვერ გამოიღო.
– როგორ გესახებათ ირანის კონფლიქტის განმუხტვა ან ესკალაცია?
– ირანის მხარე კვლავ ცაიტნოტურ სიტუაციაშია. ჯერჯერობით ვერ ხერხდება გარღვევა შედეგიანი, ურთიერთსასარგებლო მოლაპარაკებებისკენ. ვაშინგტონსაც და თეირანსაც მაქსიმალური მოთხოვნები აქვთ, არცერთი თმობს და არც გეგმავს რაიმე სახის დაბალანსებას. ტრამპი კვლავ იმუქრება, აყენებს ულტიმატუმებს, ხოლო გლობალური ეკონომიკა ზარალდება. ენერგომატარებლები გაძვირდა, რამაც დაარტყა ევროპასაც და თავად ამერიკის შეერთებულ შტატებსაც და ეს აისახა იმ კონკრეტულ ციფრებში, რასაც პოლიტიკური რეიტინგები ჰქვია. ბოლო გამოკითხვებით, ტრამპის რეიტინგი უდაბლეს საფეხურზეა და 37%-ს შეადგენს, რაც მისთვის საგანგაშო უნდა იყოს, განსაკუთრებით, ნოემბრის კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, მაგრამ როგორც ყოველთვის ხდება, ყველა ჩიხური სიტუაცია ადრე თუ გვიან გვარდება. როდესაც დაპირისპირებული მხარეები მიხვდებიან, რომ შეჯახება შედეგს არ იძლევა და ორივე მხარე ზარალდება, გარკვეული დათმობები აუცილებელი. როგორც რამდენიმე ამერიკელი ჩინოსანი აცხადებს, ამ კონფლიქტის დასრულებას უკვე ზაფხულამდე ელოდებიან.
– ასეთი დაპირებები უკრაინის ომზეც იყო. . .
– მაგრამ აქ დიდი განსხვავებაა – ჰორმუზის სრუტის ბლოკირებამ დაარტყა მსოფლიო ეკონომიკას, ხოლო უკრაინის ომით ბევრმა მოითბო ხელი.
– ევროპის დანაწევრებაზე საუბრობენ. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ევროპის დანაწილება ურჩევნიათ აშშ-საც, ჩინეთსაც და რუსეთსაც. იმასაც წერენ, რომ ევროპის ქვეყნები ომისთვის ემზადებიან. . .
– ევროპას აქვს რთული სიტუაცია ეკონომიკაში, ტექნოლოგიებში, ენერგოდამოკიდებულია გარე მოთამაშეებზე, მაგრამ მისი ყველაზე მძიმე პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ წლებია, როგორც ევროკავშირს, ასევე ევრობლოკის წევრ ქვეყნებს არ ჰყავთ ძლიერი, პრაგმატული და შორსმჭვრეტელი ლიდერები. შეუძლებელია კოლექტიური კაია კალასების, მარტა კოსების, კირ სტარმერებისა და ფრიდრიხ მერცების შემყურე ევროპამ წინ წაიწიოს. დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც ევროპას მართავდნენ ძლიერი პოლიტიკური ფიგურები, რომლებსაც ანგარიშს უწევდნენ დანარჩენი მსოფლიოს პირველი პირები. რაც შეეხება ევროპის დანაწევრებას, ეს, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში აქვს როგორც რუსეთს და ჩინეთს, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, ოღონდ განსხვავებული მიზნებით და მოტივაციით. ამ სამ ზესახელმწიფოს სურს პლანეტაზე გლობალური ბატონობა და გავლენის სფეროების განაწილება. რაში აწყობთ უკვე დასუსტებული ევროკავშირი (რომელსაც უწოდებენ არა მაგიდასთან მჯდომს, არამედ მაგიდაზე არსებულ მენიუში მყოფს), ურჩევნიათ ის ამ პროცესებისგან საერთოდ გამორიცხონ. ევროპას წინააღმდეგობის გაწევის არც შნო და არც რესურსი გააჩნია. ცხადია, ევროკავშირში აფრქვევენ დაპირებებს, აყენებენ ულტიმატუმებს, ამშვიდებენ თანამოქალაქეებს, რომ ევროპის თავდაცვის შესაძლებლობები გაიზრდება, მაგრამ იმავე ევროპელი ლიდერების განცხადებებით, მათ არ გააჩნიათ საამისო ეკონომიკური პოტენციალი და მით უმეტეს ფინანსური რესურსები – ისევ და ისევ სესხი უნდა აიღონ, ხოლო არსებულ ვალზე ვალის დამატება არცერთ წევრ სახელმწიფოს არ აწყობს, ვინაიდან ეს ყველაფერი მძიმე ტვირთად დააწვება კომფორტულ ცხოვრებას მიჩვეულ მოსახლეობას, რომლის უკმაყოფილება აისახება საარჩევნო შედეგებში. ასე რომ, ევროპა გეოპოლიტიკის დაღმავალ გზაზეა, რაც ნავარაუდები იყო მსოფლიოს ცნობილი გეოსტრატეგების მიერ. ევროპის აღმასვლის პოტენციალი არ ჩანს და არც გამოჩნდება უახლოეს მომავალში, რითაც ისარგებლებენ ის სახელმწიფოები, რომლებსაც გააჩნიათ ამაზე პრეტენზიები.
– უკრაინამ რუსეთს დაარტყა, მოსკოვი დაბომბა დრონების მეშვეობით, სამი ადამიანია დაღუპული. ზელენსკის განცხადებით, კრემლი იმუქრება, რომ კიევს მიწასთან გაასწორებს. . .
– უკრაინამ საგრძნობ წარმატებას მიაღწია სამხედრო დრონების წარმოებასა და რუსეთის ტერიტორიაზე მათ გამოყენებაში. რასაკვირველია, ოფიციალური კიევი ამას დამოუკიდებლად ვერასოდეს შეძლებდა. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ცნობილი ხდება, რომ მას ამაში ეხმარებიან ევროპის წამყვანი ქვეყნების სპეცსამსახურების მაღალი კლასის სპეციალისტები, განსაკუთრებით – დიდი ბრიტანეთიდან.
ეს დაბომბვები, ცეცხლის წაკიდება, ხანძარი არანაირ შედეგს არ იძლევა – უკრაინა ვერ იბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს, რუსეთი კი ჩუმადაა, ფაქტია, რომ წინ ვერ მიიწევს, ერთ ადგილს ტკეპნის, არ ისმის პუტინის ჩვეული ლოზუნგებიც, რომ მოახდინეს უკრაინის დენაციფიკაცია და მიაღწიეს საწადელს. ბუნებრივია, რუსეთის პოლიტიკურ წრეებში უკმაყოფილება იზრდება ამ ჩიხური მდგომარეობით. იმპერიალისტური სახელმწიფოსთვის აუცილებელია, რაღაც კონკრეტულ შედეგს მაინც მიაღწიოს, სხვაგვარად აზრი დაეკარგება ამხელა მსხვერპლს.
– ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ჯერჯერობით არ განიხილება ზელენსკის და პუტინის შეთანხმება?
– იქიდან გამომდინარე, რა განცხადებებიც გაკეთდა ამ ბოლო დროს კიევიდან და მოსკოვიდან, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რომელიმე მესამე ქვეყანაში აუცილებლად შედგება ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა, სადაც რაღაცაზე მაინც მოილაპარაკებენ და შეთახმდებიან, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ უკრაინა ძალიან მწარე რეალობის წინაშე დგას, რასაც ხმამაღლა აცხადებენ უკრაინის დეკლარირებული მოკავშირეები ევროპაში. კერძოდ, ტერიტორიების რაღაც ნაწილის დათმობა მოუწევს ზელენსკის, თუნდაც რეფერენდუმის გზით, რაც თვითმკვლელობაა ნებისმიერი ხელისუფლისთვის. სიტუაცია საკმაოდ რთულია, თუკი უკრაინამ დათმო ტერიტორიები, ვეღარ იქონიებს იმის იმედს, რომ ტერიტორიული მთლიანობა დროის რაღაც მონაკვეთში მაინც აღდგება, ისევე, როგორც უკვე წარმოუდგენელი იქნება ყირიმის გამოგლეჯა რუსეთის კლანჭებიდან.
– დათმობებზე წასვლა მხოლოდ ზელენსკის მოუწევს?
– არა მგონია, აქაც ისევე, როგორც ირან-აშშ-ის შემთხვევაში, ორივე მხარეს მოუწევს დათმობაზე წასვლა. . . რის ხარჯზე – წინასწარ არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ რეალური შეთანხმების ნუსხას არავინ აფიშირებს და რა სახის პიარით მიაწოდებენ ამ შეხვედრის შედეგებს ზელენსკი და პუტინი. თავიანთ მხარეებს და მსოფლიო საზოგადოებას, გვაჩვენებს უახლოესი კვირები.
– საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის ირგვლივ ატეხილ ხმაურსა და არასასიამოვნო აჟიოტაჟზე რას გვეტყვით?
– რადიკალურ ოპოზიციად წოდებული ბნელი ძალები სასოწარკვეთილებაში აღმოჩნდნენ. ერთია, რომ ერთმანეთთან აქვთ მუდმივი დაპირისპირება და მეორე – ეწინააღმდეგებიან არა მხოლოდ მმართველ პარტიას, არამედ საქართველოს საზოგადოებას, მართლმადიდებელ ეკლესიას და რაც უფრო მეტ მწარე განცხადებას გააკეთებენ ახალი პატრიარქის თუ დედაეკლესიის წინააღმდეგ, უფრო დაზარალდებიან. მათ მოიძულებს ქართული საზოგადოების უმეტესი ნაწილი. ამ მარგინალურმა ძალებმა ვერაფრით გააცნობიერეს, რომ არჩევნებში პოლიტიკური დაწინაურება ხდება არა მხოლოდ საკუთარი მხარდამჭერების მეშვეობით, არამედ ახალი, ნეიტრალურად მყოფი, ე.წ. მესამე ძალის მოზიდვით, მაგრამ იმ თავდასხმებით თუ ვიმსჯელებთ, რასაც უსინდისოდ ახორციელებენ ახალ პატრიარქსა და მართლმადიდებლობაზე, ისინი უახლოეს წლებში კი არა, ვერასოდეს მიაღწევენ წარმატებას. ან როგორ უნდა შევაფასოთ მათი ქილიკი და კრიტიკა პატრიარქ შიოს განცხადებებზე, როდესაც ის მოძღვრავს ერს ოჯახური ღირებულებების და სიწმინდეების დაცვაზე და ამბობს, რომ აბორტი მომაკვდინებელი ცოდვაა. ამ კონტექსტში აგდებულად ლაპარაკი კარგად მეტყველებს იმაზე, რომ ე.წ. რადიკალურ ოპოზიციაში არაპრაგმატული კი არა, ავსული ძალები არიან თავმოყრილი, რომლებიც აუცილებლად დამარცხდებიან ქართველ ხალხთან და დედაეკლესიასთან უთანასწორო ბრძოლაში.
– 26 მაისისთვის ხომ ემზადებიან?
– ეს შეკრებაც მორიგი ფარსი იქნება. ტელე-ფოტო მანიპულაციებით დააფიქსირებენ, თითქოს მათ უზარმაზარი მხარდაჭერა აქვთ და ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებით შემკული სახალხო გამოსვლებით, ისევ და ისევ, საკუთარ პოლიტიკურ სამარეს გაითხრიან.
– 17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაზე რას იტყვით?
– ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს, თუ რა არის ჩვენი ერის ღირებულებები და ფასეულობები. სასიხარულოა ისიც, რომ ამ მსვლელობაში, ისევე, როგორც წინა წლებში, მონაწილეობდნენ არა მხოლოდ მართლმადიდებლები, არამედ, საქართველოს სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები. ყველა შეიკრა, რაც კარგად დაინახეს, თუმცა არ იმჩნევენ ევროკრატიაში. ბრიუსელის ჩინოსნებს აუცილებლად მოუწევთ იმის გათვალისწინება, რაც თქვა ქვეყნის ახალმა სულიერმა საჭეთმპყრობელმა. კერძოდ, რომ ოჯახურ სიწმინდეებზე თავდასხმა და რაღაც კანონების გაუქმების მოთხოვნა კატეგორიულად მიუღებელია. პირიქით, ოჯახები უნდა გამყარდნენ უფრო ქმედითი ახალი კანონმდებლობით. ასე რომ, ევროპარლამენტიდან თუ ევროკომისიიდან თავდასხმები „ქართულ ოცნებასა“ და მის ამომრჩეველზე არაფრის მომტანი იქნება. მით უმეტეს, რომ ხედავთ, როგორი გეოპოლიტიკური ორომტრიალია და როგორ ახალ, გამოკვეთილ მნიშვნელობას იძენს საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანში. არ გამიკვირდება, თუკი უახლოეს მომავალში, საქართველოს ხელისუფლებას უტიფრად შეხვდებიან ევროჩინოსნები და ილაპარაკებენ ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე ისე, თითქოს არაფერი უკადრებია ბრიუსელს ჩვენთვის, დამუნათება-შანტაჟის თვალსაზრისით.
– ზელენსკი-კობახიძის შეხვედრაზე რა აზრის ხართ, ვერავინ გაიგო მათი საუბრის ძირითადი მიზანი. . .
-არსებობს სხვადასხვა დაუდასტურებელი ინფორმაცია, თითქოს ეს ნაკარნახევი იყო ევროკრატიისგან. ასევე, ისიც ითქვა, რომ ზელენსკის კობახიძესთან შეხვედრა ურჩიეს მისმა პრაგმატულად მოაზროვნე ჩინოსნებმა, რომ საქართველოსთან ასეთი დაპირისპირება მისთვის არაფრის მომტანია და საჭიროა ურთიერთობის გამოსწორება.
– ქართულ საზოგადოებაში გაჩნდა ლეგიტიმური შეკითხვა: ასე უცებ ურთიერთობის დათბობა თუკი სურს კიევს, რამეს ხომ არ ითხოვს სანაცვლოდ?
– მე თუ მკითხავთ, პირიქით, მან უნდა დათმოს და არაფერი მოითხოვოს თბილისისგან. ზელენსკიმ უნდა გააუქმოს სამარცხვინო სანქციები, საქართველოს ხელისუფალთ რომ დაუწესა, უნდა გამოაგზავნოს ელჩი თბილისში და რაც უმთავრესია, გააძევოს უკრაინის ხელისუფლებიდან ნაცკრიმინალები, რომლებიც დღემდე ბუდობენ იქ და მოქმედებენ საქართველოს წინააღმდეგ… ასევე, ცალკეული საუბრები, რაც ისმის კიევიდან, რომ სააკაშვილის გამოშვებას ელოდებიან, ამას კი უსინდისოდ უბამენ მხარს ცალკეული ევროპელი მაღალჩინოსნები – არაფერს ნიშნავს. სააკაშვილი ბოლომდე მოიხდის თავის სასჯელს, თუ რაიმე ახალი არ დაემატა. უკრაინას უფრო მეტი აქვს დასათმობი, ვიდრე ოფიციალურ თბილისს. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მეგობრობა ცალმხრივ რეჟიმშია, რომ არ მიუჯახუნებს კარებს კიევს და თუ ზელენსკიმ მოგვიჯახუნა ეს კარები, მანვე დაიწყო მისი ფრთხილად შეღება. როგორც ჩანს, სულაც ფართოდ გააღებს, როდესაც დარწმუნდება, რომ საქართველო უკრაინის დიდი ხნის მეგობარია, რომლის დაკარგვა არ აწყობს.
– სპეციალური სამმართველოს შექმნაზე რას იტყვით, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. ხომ არ მოხდება აზრის თავისუფლად გამოხატვის რაიმე ფორმით შეზღუდვა?
– ამგვარი სამმართველოს შექმნა დროული კი არადა, ცოტა დაგვიანებულიც არის, რადგან სიძულვილმა და მტრულმა ორკესტრირებულმა საჯარო გზავნილებმა წალეკა ქართული საზოგადოება, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მსგავსი სამმართველოები, სხვადასხვა ფორმით არსებობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ეს არც ე.წ. რუსულია და არც ე.წ. – დიქტატორული. როდესაც მოწოდებები ისმის შუღლისკენ, დევნისკენ, ექსტრემიზმისკენ და ტერორიზმისკენ, იქ ევროპელი სამართალდამცველები ყოველთვის მოწინავე ხაზზე არიან. აქაც იქნება ეს საჭირო, იმიტომ, რომ თავადაც ვხედავთ, რაც ხდება სოცქსელებში, ნაცტელევიზიებში. ეს არა მხოლოდ გინება, კრიტიკა და წყევლა-კრულვაა, არამედ მოწოდებები ძალადობისკენ, მათი ოპონენტების დამუნათებისკენ. ხომ გვახსოვს, რაც ხდებოდა მისამართების გამოქვეყნებიდან დაწყებული, ტელეფონის ნომრების აფიშირებით და სახლებში მივარდნებით დამთავრებული. მსგავსი რამ დასავლეთის არც ერთ ქვეყანაში არ ხდება, თუ მოხდება, დაუსჯელად არავინ დატოვებს ასეთ ინციდენტებს, სახელმწიფომ უნდა დაიცვას საკუთარი მოქალაქეების პირადი სივრცე და ხელშეუხებლობა. დროა, მიხედონ ამ ტოქსიკურ ელემენტებს, რომლებიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, „ქართულ ოცნებას“ კი არა, ქართულ საზოგადოებას მტრობენ.
ირმა ცეცხლაძე