„ლიტერატურა სულიერების სამეფოს მსახურებაა“
By

„ლიტერატურა სულიერების სამეფოს მსახურებაა“

თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ჩნდებიან ავტორები, რომლებიც მხოლოდ ამბის თხრობით არ შემოიფარგლებიან და ცდილობენ, მკითხველი ღრმა, სიმბოლურ და ფილოსოფიურ სივრცეში გადაიყვანონ. სწორედ ასეთ ნამუშევრად შეიძლება ჩაითვალოს ირაკლი ჯაფარიძის პროზაული კრებული „მშვიდობით, მისტერ სოულ“, რომელიც 12 ერთმანეთთან დაკავშირებული, თუმცა დამოუკიდებელი მოთხრობისგან შედგება.

– ახლახან პროზაული კრებული „მშვიდობით, მისტერ სოულ“ გამოეცით, როგორ შეიქმნა ეს კრებული, რა იყო შთაგონების წყარო?

– ადამიანის მთავარი დანიშნულებაა, გამოხატოს სამყარო და საკუთარი თავი, ჩასწვდეს საგანთა ნამდვილ ბუნებას და თუნდაც წამით, შეუერთდეს სულიერების სამეფოს, რომელიც მიწიერებისა და პროფანულობის ქროლვაში ჩაიკარგა. ლიტერატურა სულიერების სამეფოს მსახურებაა და ალბათ შემოქმედებითობის ბუნებრივი სურვილიც ამ სამყაროს განცდის იდუმალი წადილიდან ამოიზრდება, წერისას კი წამით დაკარგულ სამოთხეს ვიბრუნებთ. სწორედ, ამიტომ მოთხრობების შექმნა არ ყოფილა წინასწარ განზრახული მოქმედება, არამედ რაღაც თავისთავადი. შთაგონება, როგორც სულიერი სამყაროს ელემენტი, მოულოდნელად დაატყდება თავს ადამიანს. ამიტომ საჭიროა, უეცრად დაბადებული შთაგონების ალი გავაღვივოთ, რათა გაანათოს სულიერების საუფლოსკენ მიმავალი ბილიკები. ჩემი პირველი მოთხრობა „ადამიანი სიკეთის მოსასხამში“ მოულოდნელად შეიქმნა. მოთხრობა პროტაგონისტზეა, რომელსაც თავს დამტყდარი უცნაური ამბავი ღმერთის ძიებას გადააწყვეტინებს. ვფიქრობ, ამ მოთხრობის შთაგონების წყარო, უპირველესად დაკარგული ღმერთის დაბრუნების დაუოკებელი სურვილია და მიუხედავად სევდიანი დასასრულისა, მოთხრობა წამით მაინც შეახსენებს მკითხველს რაღაც დაუსაბამოდ ძვირფასს, რაც დაკარგა და უნდა დაიბრუნოს.

– როგორ გაჩნდა იდეა, რომ კრებული ერთმანეთთან დაკავშირებული, მაგრამ დამოუკიდებელი მოთხრობებისგან შეგექმნათ?

– მოთხრობების კრებული „მშვიდობით, მისტერ სოულ“, 12 მოთხრობისგან შედგება. მოთხრობები დამოუკიდებელი ამბებია, თუმცა ერთმანეთს გამჭოლი პერსონაჟებითა და ფრაგმენტებით უკავშირდება. მთავარი იდეა ამგვარი სტრუქტურისა წარმოადგენს ერთიანობისკენ სწრაფვას, მიუხედავად ცალკეული ამბებისა, საჭიროა მათი შეკავშირება და გამთლიანება, რადგან სამყარო სინამდვილეში ორგანულად მთლიანია, ხოლო მისი დანაწევრებულად აღქმა ჩვენი მანკიერი ხედვის შედეგია და ყველაფერი ერთმანეთს უხილავი ქსელით უკავშირდება. ვინც პირველად მოთხრობების კრებულში მსგავსი ტექნიკა გამოიყენა, შერვუდ ანდერსონი იყო, რომლის მოთხრობების კრებული „უინსბურგი, ოჰაიო“ (1919 წ.) ფრაგმენტული კრებულის ერთ-ერთი პირველი და საუკეთესო ნიმუშია და მან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ამერიკულ მოდერნისტულ პროზაზე, ასევე, მსგავსი ტექნიკით ხასიათდება ჯეიმს ჯოისის მოთხრობების კრებული „დუბლინელები“, სადაც ფრაგმენტებად გაბნეული დამოუკიდებელი მოთხრობები ქმნის ქალაქის მთლიან ხატს და ცხადად წარმოგვიჩენს ქალაქის ერთიან სულსაც. მსგავსი სტრუქტურის მქონე მოთხრობების კრებულს ხშირად უწოდებენ „რომანს მოთხრობებად“.

– რას ნიშნავს თქვენთვის სახელწოდება „მშვიდობით, მისტერ სოულ“ და რა სიმბოლური დატვირთვა აქვს მას?

– კრებულის სახელწოდება „მშვიდობით, მისტერ სოულ“ მეტაფორულია და თითქოს გასდევს კრებულში შემავალ თორმეტივე მოთხრობის პათოსს. სამსიტყვიან წინადადებაში ყოველ სიტყვას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. „სოულ“ – შეგვიძლია დავინახოთ, როგორც სულიერების სიმბოლო ან პერსონაჟი, რომელშიც მომეტებულად ვლინდება სულიერების მდგენელი და ამდენად მისი სამყაროსადმი აღქმაც განსხვავებულია. სიტყვა „მისტერ“ გამოყენებულია მისი პირვანდელი მნიშვნელობით, როდესაც ამგვარად მიმართავდნენ მხოლოდ გამორჩეულ და დიად პიროვნებებს, აღნიშნული კონტექსტი გაიგება, როგორც გერმანულ ენაში სიტყვა Herr, რომელსაც ხშირად ღმერთთან მიმართებითაც იყენებენ. ამ კონსტრუქციაში მისტერი, როგორც წოდება, კიდევ უფრო ამძაფრებს და ხაზს უსვამს სულიერების სიდიადეს, რომელთანაც დამშვიდობება გარკვეულ ნოსტალგიასა და სევდას იწვევს ადამიანში. არსებითია პირველი სიტყვაც – „მშვიდობით“, რომელიც განსაკუთრებულად ტრაგიკულს ხდის სათაურს, რადგან გულისხმობს ვეღარნახვისა და ვერდაბრუნების იდეას. სწორედ ეს განსხვავებაა „ნახვამდისა“ და „მშვიდობას“ შორის. სათაური, როგორც მეტაფორა, ტრაგიკულია, მეტაფორების გარეშე კი ამგვარ აზრს მივიღებთ: უშფოთველად, მშვიდად იყავი სულიერებავ, შენთან დაბრუნება უკვე შეუძლებელია.

– რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, რომ მკითხველმა თქვენი მეტაფორები საკუთარი ინტერპრეტაციით გაიაზროს?

– კრებულში შემავალ მოთხრობებში მრავლადაა მეტაფორები და ალუზიები, ამიტომ მკითხველს აქვს ინტერპრეტაციათა დიდი შესაძლებლობა, რომელიც ლიტერატურულ ნაწარმოებს განსაკუთრებულ ხიბლსა და იდუმალებას სძენს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, მკითხველმა საკუთარი პერსპექტივიდან დაინახოს ყოველი მეტაფორა, გაიაზროს განსახვავებულად, ისე, როგორც მის იმჟამინდელ ყოფას შეესაბამება. არასდროს ვსაუბრობ საკუთარი მოთხრობების ინტერპრეტაციებსა და მეტაფორებზე, მწერალს უნდა ესმოდეს, რომ ნაწარმოების გამოქვეყნების შემდეგ მისი ქმნილება მთელი სამყაროს საკუთრებაა და ნაწარმოები არსებობს იმდენი განსხვავებული სახით, რამდენი განსხვავებული მკითხველიც ეყოლება.

– რატომ გადაწყვიტეთ, კრებული ტრილოგიის სახით წარმოგედგინათ?

– მოთხრობების პირველ კრებულს „მშვიდობით, მისტერ სოულ“ ახასიათებს როგორც შინაგანი მეტაფორულობა, ისე გარეგანიც. კრებულში წარმოდგენილია 12 მოთხრობა, ამგვარი კონცეფცია გვახსენებს ქრისტეს 12 მოციქულსა და მათში განფენილი სულიერების (სულიწმინდის) ამბავს, ამიტომ ტრილოგიის მეორე და მესამე ნაწილებშიც მოთხრობათა რიცხვი 12 იქნება. ტრილოგიის იდეა კი წარმოშვა ადამიანური ზოგადი ისტორიის სამსაფეხუროვანმა გაგებამ, რაც ცალსახად დამკვიდრებულია ქრისტიანულ კულტურაში. კერძოდ, ადამიანის არსებობა სამ ეტაპს მოიცავს: სამოთხეში ყოფნა, ანუ სულიერების სამეფოს კუთვნილება, რომელიც დაიკარგა; არსებობის გაგრძელება ფიზიკურ სამყაროში; დაბრუნება სულიერ სამეფოში ანუ სამოთხეში. აქედან გამომდინარე, ტრილოგიის პირველი კრებული „მშვიდობით, მისტერ სოულ“ მეტაფორულად გამოხატავს ადამიანური არსებობის პირველი ეტაპის სევდიან დასასრულს.

– რამდენად მძაფრად გრძნობთ კავშირს თქვენივე პერსონაჟებთან?

– ისევე, როგორც ღმერთი ქმნის საკუთარ ქმნილებებს მისსავე ხატად და მსგავსად, ადამიანიც, რომელიც ქმნის, გარკვეული აზრით, ღმერთს ემსგავსება, და მისივე ქმნილებები აირეკლავენ მის შინაგან თუ გარე სამყაროებს, ამიტომ მწერალსა და მის პერსონაჟებს შორის ყოველთვის მძაფრი კავშირია. ჩვენი პერსონაჟები ჩვენივე სულის ანარეკლებს წარმოადგენენ, ისინიც ჩვენს ხატებად და მსგავსებად იქმნებიან და როგორც მათ შემოქმედებს, სული სიხარულით გვევსება, როცა პერსონაჟებს უხარიათ, ხოლო გვტკივა, როდესაც მათ სტკივათ. ჩემს შემთხვევაშიც ასეა, კავშირი ჩემსა და პერსონაჟებს შორის არა მხოლოდ მძაფრი, არამედ უწყვეტიცაა.

– ვინ არის თქვენი საყვარელი მწერალი და რომელმა წიგნებმა მოახდინეს თქვენზე გავლენა როგორც პიროვნებასა და ავტორზე?

– ყველა წიგნმა, რომელიც წავიკითხე, ალბათ ჩემზე უხილავი თუ ხილული კვალი დატოვა. დავასახელებ მხოლოდ ორს: მარკუს ავრელიუსის „ფიქრები“, რომელიც ჯერ კიდევ სკოლის ასაკში წავიკითხე და ჩემზე, როგორც პიროვნებაზე უაღრესად ღრმა კვალი დატოვა. ახლაც კი მახსოვს ის დაუსაბამო აღფრთოვანება და განცდა, რაც ავრელიუსის კითხვისას მეუფლებოდა. მეორეა მარსელ პრუსტის „დაკარგული დროის ძიებაში“, პრუსტმა მასწავლა, როგორი უნდა იყოს მწერლის იდეალი და ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ავტორის მასწავლებლად გამოდგება. უპირველესად, მისგან თხრობის პოეტურობასა და დეტალებისადმი ყურადღების გამოჩენას ისწავლი. მარსელ პრუსტის სტილი ერთი უნიკალური უცნაურობით ხასიათდება – თითქოს მცირე დეტალებსა და საგნებში სამყაროსეულ უსასრულობას ეძებს და ამიტომ მცირე დეტალებში მეტაფორების დანახვა, მისი ფაქიზი და ზუსტი აღწერები, რომელთაც ზოგჯერ ათეულობით გვერდი უკავია, ავტორთათვის საუკეთესო სახელმძღვანელოა.

– როგორ ფიქრობთ, რით გამოირჩევა თქვენი კრებული თანამედროვე ქართული პროზისგან?

– თანამედროვე ქართულ პროზას არცთუ ისე კარგად ვიცნობ, ამიტომ

განსხვავებებზე საუბარი გამიჭირდება. ერთ-ერთი, რაც არ მომწონს, თხრობის სიმშრალე და ზედაპირულობაა. მეტაფორულ-სიმბოლისტური თხრობა საკმაოდ იშვიათია, თითქოს მწერალთა დიდი ნაწილი ცდილობს, მასას მოერგოს, დავიდეს საშუალო მკითხველის დონეზე და პოპულარობა მოიპოვოს. მსგავსი მიდგომა და წერის მოტივი ლიტერატურული ქმნილების ღირებულებას მეტად ამცირებს, თუმცა ალბათ ესეც ინდივიდუალურია. ლიტერატურის სამეფოში, ისევე როგორც სულიერების სამეფოში, მრავალნი არიან წვეულნი, მაგრამ მცირედნი – რჩეულნი.

– დაბოლოს, როგორც გავიგე, ახალი რომანი დაწერეთ, გვიამბეთ მის შესახებ…

– რომანი, რომელიც დასაბეჭდად უკვე მზადაა, ფაუსტური ტიპისაა. ფაუსტური ჟანრის ლიტერატურა ყოველთვის იქცევდა ჩემს ყურადღებას, ამიტომ გადავწყვიტე ფაუსტის ქართული პარადიგმა შემექმნა. რომანი სიმბოლისტურ-მეტაფორული ხასიათისაა და განკუთვნილია ინტელექტუალი მკითხველისთვის. იმედი მაქვს, რომანი მალე გამოქვეყნდება და ლიტერატურის მოყვარულთა გულებში სათანადო ადგილს დაიჭერს.

ნინი ჩხარტიშვილი

  • No Comments
  • მაისი 20, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *