„დასავლეთმა დაიწყო გამოფხიზლება, განსაკუთრებით – ევროპის კონტინენტმა“
რუსეთ-უკრაინის ომი მეხუთე წელია მიმდინარეობს და ცხადია, შეიძლება დასკვნების გაკეთება. კერძოდ, უკრაინამ შეძლო არა მხოლოდ გამკლავებოდა რუსულ არმიას, არამედ რეალურ დროში დაწერა თანამედროვე ომის წესები, რაც გამოიხატება მტრის წინააღმდეგ დრონების მასობრივი გამოყენებით. შედეგად ნადგურდება რუსეთის მძიმე ტექნიკა, ასევე, ენერგეტიკული და სამხედრო ობიექტები. საპასუხოდ რუსეთის არმია ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას. ამ მხრივ ჩნდება კითხვები: სტრატეგიული ინიციატივა ვის მხარესაა? რატომ ვარაუდობდა მოსკოვი კიევის აღებას სამ დღეში? რამდენად რეალურია ბირთვული იარაღის გამოყენება? ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერების შეხვედრამ რა ცხადყო? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (ჯიპა) პროფესორი გიორგი კობერიძე.
– ვიდრე რუსეთ–უკრაინის არსებული ომის სურათზე ვისაუბრებდეთ, მინდა გკითხოთ: რუსეთის აგრესია უკრაინისადმი დასავლეთის უუნარობამაც ხომ არ განაპირობა?
– ცხადია, განაპირობა! უნდა აღვნიშნო, რომ რუსეთს მხოლოდ და მხოლოდ ძალის ეშინია, თუკი ხედავს სისუსტეს, ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში მისი მოქმედება იქნება წარმატებული და იწყებს აგრესიას. ეს არის არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ყველა აგრესორის (როგორც ისტორიული, ისე თანამედროვე პოლიტიკური) ერთგვარი სტრატეგია. როდესაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, მაშინ ევროპისა და დასავლეთის რეაქცია ზოგადად, იყო სუსტი, ასეთივე სუსტი იყო დასავლეთის პოზიცია ყირიმის ანექსიის და დონბასის ოპერაციის შემდეგ. შესაბამისად, რუსეთს გაუჩნდა რწმენა, რომ დასავლეთი იყო ძალიან სუსტი და მისი მოქმედება დარჩებოდა დაუსჯელი. რა თქმა უნდა, არსებობს ზღვარი, საბედნიეროდ, დასავლეთსაც აღმოაჩნდა ეს ზღვარი! მიხვდა, რომ უკვე სასწორზე იდო არა მხოლოდ სტაბილურობა, არამედ გაჩნდა ეგზისტენციალური საფრთხე. შესაბამისად, დასავლეთმა დაიწო გამოფხიზლება, განსაკუთრებით ევროპის კონტინენტმა. ახლა საკმაოდ დამაიმედებელია სურათი ამ მიმართულებით, თუმცა დასავლეთის ხსენებისას უნდა ვთქვათ, რომ გარკვეული შრეები არსებობს, მაგალითად, პოლონეთს არ ეძინა, არც ბალტიისპირეთს, ისინი ყოველთვის მომზადებული და ფრთხილები იყვნენ. იგივე შეიძლება ითქვას ფინეთზე, მაგრამ ავსტრიის, გერმანიის მიდგომა ამ მხრივ აბსოლუტურად განსხვავებული იყო რუსეთისადმი. მაგალითად, გერმანიის ყოფილი კანცელარიის მერკელის პოლიტიკა საკმაოდ მცდარი გამოდგა და უფრო მეტად გამოიწვია რუსეთის გაძლიერება, ვიდრე მისი შეკავება.
– მეხუთე წელია, უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს, სტრატეგიული ინიციატივა ვის მხარესაა?
– სტრატეგიული ინიციატივა ახლა არავის მხარეს არაა, მაგრამ ოპერაციული ინიციატივა ნამდვილად გახლავთ უკრაინელთა ხელში. უკრაინელები გადასული არიან ძალიან სწორ და დამიზნებით დარტყმებზე, აფეთქებენ როგორც ენერგეტიკულ, ისე სამხედრო ობიექტებს, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თუკი უკრაინელი ან რუსი სამხედრო ომის დასაწყისში იღუპებოდა საარტილერიო დაბომბვის შედეგად (მაშინაც მინიმალური იყო მსხვერპლი), ახლა, პრაქტიკულად, საბრძოლო მოქმედებები მთლიანად გადასულია დრონების ოპერირებაზე. უნდა აღვნიშნოთ, რომ თავდაცვაში მყოფ ძალებს გააჩნია ძალიან დიდი უპირატესობა, რადგანაც დრონებით პოზიციებს ვერ დაიკავებ, მაგრამ დრონებით პოზიციას დაიცავ. ამ შეტევის პერიოდში რუსები კარგავენ ათასობით ადამიანს, რადგან დრონების გამოყენების მხრივ უკრაინელებს გააჩნიათ უპირატესობა. უკრაინული დრონებით მასობრივად იბომბება რუსული პოზიციები, რასაც ემატება ამ უკანასკნელისთვის „სტარლინკის“ შეზღუდვა. უკრაინელებს შექმნილი აქვთ საინფორმაციო ჯგუფი „დელტა“, რომელიც ნებისმიერ ღია თუ დახურულ წყაროზე აკონტროლებს რუსეთის გადაადგილებას სხვადასხვა მიმართულებით. უნდა ვთქვათ, რომ ყველა მონაცემით მსხვერპლის რაოდენობა რუსეთის რიგებში გაიზარდა. დასავლური დაზვერვა ამას ადასტურებს, ამ მხრივ, რუსეთშიც გამძაფრდა სიტუაცია, რიგ ქალაქებში საბრძოლო ასაკის მამაკაცების სერიოზული დეფიციტი შეიქმნა, ისე როგორც სამუშაო ადგილებზე, რის გამოც მიგრანტების ჩამოყვანა გახდა საჭირო. ეს ყველაფერი რუსეთში სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს.
– რუსეთი სამ დღეში ვარაუდობდა კიევის აღებას, მაგრამ ვხედავთ, რომ მეხუთე წელია ომი მიმდინარეობს, ეს რა ფაქტორებმა განაპირობა?
– მოწინააღმდეგის ვერშეფასება რუსეთის ერთ-ერთი დიდი მინუსია და ეს დიდი ხანია ასეა. რუსეთს თავისი პროპაგანდის გადამეტებულად სჯეროდა, ფიქრობდა, რომ დაამარცხებდა მოწინააღმდეგეს. ადრეულმა წარმატებებმა მას, გარკვეულწილად, მისცა იმის თქმის საფუძველი, რომ უკრაინა იქნებოდა სუსტი, მოწყვლადი, ადვილად დანებდებოდა რუსულ ძალას, რაც ასე არ მოხდა. შეიძლება ეს სცენარი რუსეთისთვის ნაკლებად ნათელი იყო და ზოგიერთი დასავლური ქვეყნისთვისაც, მაგრამ თავად აღმოსავლეთ ევროპაში კარგად იაზრებენ იმ ფაქტს, რომ უკრაინას მნიშვნელოვანი მხარდაჭერა სჭირდება, შესაბამისად, დიდი ბრიტანეთი პირველი იყო იარაღის მიწოდების თვალსაზრისით, კარგად გაითავისეს, რომ უკრაინა იბრძოლებდა. უკრაინას გააჩნია ძალიან დიდი ნაციონალიზმის გამოვლინება ანუ ბრძოლის სულისკვეთება რუსეთის წინააღმდეგ. ნიშანდობლივია, რომ უკრაინელებმა არა მხოლოდ იბრძოლეს, არამედ ინოვაციებიც შეიტანეს ამ ომში, რასაც დაემატა დასავლეთის დიდი მხარდაჭერა. ამ მოცემულობიდან ჩანს, რომ რუსეთს დრამატული ღონისძიების რესურსი არ გააჩნია, გარდა ბირთვული იარაღისა, რომლის გამოყენების შანსი მაღალი არ გახლავთ.
– რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
– დავუშვათ, რომ რუსეთი გამოიყენებს ამ იარაღს, გააჩნია ბირთვული იარაღის გამოყენების ადგილს, სამხედრო დანიშნულება ბირთვულ იარაღს არ აქვს დიდი, მას აქვს დიდი ფსიქოლოგიური დანიშნულება, უფრო მოქალაქეების წინააღმდეგ. მარტივად რომ ავხსნათ, თუკი ბირთვულ იარაღს ჩააგდებ ფრონტის ხაზზე, ამ ხაზზე ძალიან დიდი ეფექტის შექმნა მას არ შეუძლია, რადგან მსხვერპლი სამხედროებს შორის ორივე მხრიდან იქნება, ძირითადად ბირთვულ იარაღს ეფექტურობა ექნება, თუ მას ქალაქში ჩააგდებ, მაგრამ ეს იქნება მსოფლიო ომის საფრთხის შემცველი არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ ყველასთვის. იმიტომ, რომ თავდასხმით ომში ბირთვული იარაღი არავის გამოუყენებია, მეორე მსოფლიო ომი იყო თავდაცვითი ომი ამერიკის მხრიდან, შესაბამისად, თავდასხმით ომში ბირთვული იარაღის გამოყენება რთულია, ამიტომ საეჭვოა, რუსეთმა ასეთი დრამატული ნაბიჯი გადადგას, თუმცა საცდელი წვრთნები რომ განახორციელოს სადღაც, თავის კუნძულზე, ეს გამორიცხული არ არის.
– „უკრაინა აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ტერიტორიის დაცვით, მან რეალურ დროში დაწერა თანამედროვე ომის წესები“, – განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა პიტ ჰეგსეტმა კონგრესში გამოსვლისას, რას ფიქრობთ ამაზე?
– ომი ყოველთვის არის ინოვაციების, გამოგონების წყარო.
ამ შემთხვევაში, უკრაინამ ძალიან სწრაფად აუღო ალღო იაფ ტექნოლოგიებს. რამდენიმე ათას დოლარად დამზადებული დრონით შეიძლება რამდენიმემილიონიანი ტექნიკის განადგურება. დიდი ხნის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიები იყო ხელშეუხებელი, ახლა ვხედავთ, რომ მიუწვდომელი აღარ არის, დრონით, პრაქტიკულად, ფარავენ ათასობით კოლომეტრს ასევე, დრონების გამოყენება ხდება რუსეთის ტერიტორიის აზიურ ნაწილში, რაც იმის მანიშნებელია, რომ ომმა შესაძლოა მიიღოს ტოტალური სახე. . .
– ვხედავთ, რომ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე ანადგურებს ნავთობსადენ და ენერგეტიკულ ობიექტებს, ეს რისი მანიშნებელია?
– ცნობილი გამოთქმა არსებობს: ომს იგებენ სამხედროები, მაგრამ ომს იგებს ლოგისტიკა, შესაბამისად, რუსეთმა წარმატებას რომ მიაღწიოს, მას მუდმივად სჭირდება შეიარაღებით მომარაგება, რასაც ანადგურებენ უკრაინელები და ეს ართულებს რუსეთის მდგომარეობას. ამას უნდა დავუმატოთ ისიც, რომ ომში გამოფიტვა არ არის მხოლოდ სამხედროების მსხვერპლი, ეს არის ეკონომიკური და ენერგეტიკული ნგრევა და მოსახლეობაში უკიდურესი ანტისაომარი განწყობილების შექმნა. ვხედავთ, რომ რუსეთში ფასები მაღალია საყოფაცხოვრებო პროდუქციაზე, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს, ეს ცხადია, ანტისაომარი განწყობის შექმნას უწყობს ხელს. ამასთან, რუს სამხედროებში, პოლიტიკურ ელიტაში ჩნდება გარკვეული რწმენა, რომ ომს მოაქვს უფრო მეტი ზარალი, ვიდრე სარგებელი, შესაბამისად, აქ დგას არა მხოლოდ პუტინი, არამედ მას ჰყავს გარემოცვა, ოლიგარქები, გენერალიტეტი, რომელთაც სერიოზული გავლენა გააჩნიათ და უკმაყოფილების მასშტაბური ზრდის შემთხვევაში პუტინს მოუწევს, საბოლოო ჯამში, არჩევანის გაკეთება: მან ან უნდა გამოაცხადოს ტოტალური მობილიზაცია, ან პირიქით, მოუწევს რაღაც კომპრომისი, ამიტომაც უკრაინა ცდილობს, რუსეთი მიიყვანოს უკიდურეს ზღვრამდე, ანუ კედელთან მიაყენოს, იმიტომ, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების დაბომბვა და უკრაინისგან პასუხის არგაცემა რუსეთს მხოლოდ ათამამებს, მას ეშინია ერთადერთის – ძალის! უკრაინის მხრიდან ძალის გამოყენება გახდა ამის მანიშნებელი.
– უკრაინის პრეზიდენტმა არ გამორიცხა ბელარუსის მხრიდან კიევის მიმართულებით შეტევა ან ბალტიის ქვეყნებზე აგრესია, რას იტყვით?
– ბელარუსის მხრიდან შეტევა ნამდვილად შესაძლებელია არა მხოლოდ კიევზე, არამედ დასავლეთ უკრაინის მიმართაც. აქ ვითარებას ართულებს ის, რომ გარემო არის ჭაობიანი და ტყიანი, რაც მოწინააღმდეგეს რთულ პოზიციაში აყენებს, ანუ დამცველებისთვის ჩასაფრება იოლია, რომ შეძლოს მოწინააღმდეგის განადგურება. ამას ემატება ისიც, რომ უკრაინამ 2022 წლის შემდეგ პრაქტიკულად, ბელარუსის საზღვარი ტოტალურად გააკონტროლა და შექმნა რიგი წინააღმდეგობები, რომლის გადალახვა რუსეთს ძალიან გაუჭირდება ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში. რაც შეეხება ბალტიისპირეთს, აქ რუსული აგრესიის შანსი მუდამ არსებობს. . . მნიშვნელოვანია ერთი დეტალის აღნიშვნა: რუსული მოსახლეობა წარმოადგენს ერთგვარ საფუძველს სხვა ტერიტორიაზე შეჭრისთვის, შესაბამისად, რუსეთის მხრიდან გარკვეული აგრესიული ქმედებების განხორციელება გამორიცხული არ არის, მაგრამ ეს იქნება ტესტი ნატოს ერთგულებისა. მაგალითად, ხუთასი კაცი რომ დაკარგოს რუსეთმა თუნდაც ნარვაში (ბალტიისპირეთის ერთ-ერთი ქალაქია), ამით ის გამოაჩენს, რამდენად ერთგულია ნატო თავისი მეხუთე მუხლის. ამ მხრივ აუცილებლია დასავლეთმა თადარიგი დაიჭიროს.
– „პუტინი, ტრამპი და სი ძინპინი ერთდროულად უპირისპირდებიან ევროპას, ამიტომ ჯერ ევროპამ უნდა გამოიღვიძოს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა. თქვენი აზრი ამის შესახებ.
– ევროპაში უკვე რიტორიკაც შეცვლილია, სამხედრო წარმოება დაწყებულია, მიმდინარეობს მსჯელობა ევროპული არმიის შექმნაზე. რაც მთავარია, ევროპის ცალკეულმა სახელმწიფოებმა, პირველ რიგში კი გერმანიამ, დაიწყეს სამხედრო წარმოების გაძლიერება. ერთადერთი პრობლემა, რაც შეიძლება შეიქმნას, არის ახლანდელი ხელისუფლებების შეცვლა ევროპაში. გარდა ამისა, რუსეთი ცდილობს, ევროპაში შეცვალოს ხელისუფლებები, ამიტომაც ეს არ იქნება ადვილი, ეს არის ევროპის ერთ-ერთი გამოწვევა. ის, რომ რუსეთმა ორბანი დაკარგა უნგრეთში, პოზიტიური სიგნალია, მაგრამ იგივე გერმანიაში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საკმაოდ ძლიერდება და ეს შეიძლება საფრთხის შემცველი გახდეს მთლიანად გერმანიის სამხედრო მომავლისთვის იმიტომ, რომ ისინი ყოველმხრივ ცდილობენ, რუსეთის საქმე გააკეთონ, ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ საფრანგეთში გარკვეული გადაადგილებებია, ვხედავთ, რომ მაკრონის რეიტინგი მაღალი არ არის. მოკლედ, ევროპაში ახლა გამოღვიძების და გადამზადების პროცესი დაწყებულია.
– დაბოლოს, პეკინში ჩინეთისა და აშშ–ის პრეზიდენტების შეხვედრისას რა გამოიკვეთა დიდ გეოპოლიტიკურ სურათში?
– ჯერ ნაადრევია ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა შევაფასოთ, მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი კონტექსტი: აშშ-თან ურთიერთობების დარეგულირების კონტექსტში სი ძინპინის მიერ „თუკიდიდეს მახის“ ხსენება შემთხვევითი არ არის და საკმაოდ საინტერესო ქვეტექსტს ატარებს. ძველი წელთაღრიცხვის 431 წელს ათენსა და სპარტას შორის ურთიერთობა ორივესთვის დამანგრეველ ომამდე დეგრადირდა. სი ძინპინის მიერ ამ ისტორიული პრეცედენტის მოხმობა ორ განსხვავებულ ქვეტექსტს შეიცავს. პირველი არის ოფიციალური ნარატივი, რომლის მიხედვითაც, ჩინეთი არ უპირისპირდება აშშ-ს და მხარეებს, მჭიდრო თანამშრომლობით, შეუძლიათ დაპირისპირების თავიდან აცილება. მეორე და რეალური გზავნილი ისაა, რომ ჩინეთი იმდენად ძლიერია, აშშ-ის მხრიდან ნებისმიერი საპასუხო ნაბიჯი დაგვიანებულია. პეკინი მიანიშნებს, რომ აღმოსავლეთ აზიაში ძალთა ბალანსი უკვე მიღწეულია და პირდაპირი სამხედრო კონფლიქტი ვერცერთი მხარის გამარჯვებით ვერ დასრულდება… ბუნებრივია, ეს რიტორიკა პირდაპირ უკავშირდება ტაივანის საკითხს. მოკლედ, ჩინეთი ცდილობს, წარმოაჩინოს საკუთარი თავი შემდგარ, ძლიერ ძალად და ამასთანავე, აშშ-ს მიანიშნოს, რომ აღარ არ არის ექსკლუზიურად ყველაზე ძლიერი. ამის თქმის საფუძველი არის ის, რომ ირანის დამარცხება აშშ-მა ამ ეტაპზე (რასაც პოლიტიკური მარცხი ეწოდება) ვერ განახორციელა, ანუ პოლიტიკური რეჟიმი ვერ შეცვალა, თუმცა ირანს მიაყენა ძალიან დიდი ზიანი. და რადგანაც ირანში სასურველი პოლიტიკური მიზნის მიღწევა აშშ-მა ჯერჯერობით ვერ შეძლო, ახლა ჩინეთი უფრო თამამია, მისი მხრიდან ტაივანისადმი აგრესიული დამოკიდებულების გაზრდაც ამის მაგალითია.
ლაშა ხომერიკი