„ერითროპოეზია“ – როცა პოეზია, მუსიკა და სიყვარული ერთ ჰარმონიად იქცა
არსებობს საღამოები, რომლებიც დასრულების შემდეგ დიდხანს რჩება ადამიანში როგორც განცდა, რომელსაც სიტყვებით, ხშირად, ბოლომდე ვერ ახსნი. რესტორან „რუსთაველში“ გამართული საღამო „ერითროპოეზია“ პოეტების მაგდა ჩხარტიშვილისა და გაგა გომართელის ერთობლივი საღამო, ჩვეულებრივ ლიტერატურულ შეხვედრას ნამდვილად არ ჰგავდა, ეს იყო სივრცე, სადაც სიტყვა მუსიკად იქცა, მუსიკა – განცდად, ხოლო ადამიანები ერთ დიდ, გულად. რამდენიმე საათით თითქოს დრო გაჩერდა – დარბაზში შეკრებილნი მოსწყდნენ ყოველდღიურობას, ყოფით სევდას, გადაღლილობას და პოეზიის ლაბირინთებში აღმოჩნდნენ, იქ, სადაც სიჩუმესაც კი საკუთარი ხმა აქვს. საღამო სავსე იყო სიყვარულით, სინაზით, მუსიკითა და იმ იშვიათი ჰარმონიით, რომელიც მხოლოდ მაშინ იბადება, როცა სიტყვა გულიდან მოდის და გულამდე აღწევს. განსაკუთრებული იყო თავად „ერითროპოეზიის“ იდეაც. მაგდა ჩხარტიშვილი, რომელიც პროფესიით ექიმია, იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც, როგორც ამბობენ, არა მხოლოდ სხეულს, არამედ სულსაც კურნავს. მისი პოეზია სწორედ ასეთია – თბილი, ნაზი და ადამიანური ტკივილებით სავსე. საღამოს განსაკუთრებულ სიღრმეს სძენდა გაგა გომართელის პოეზია – ემოციური, ძლიერი და საოცრად გულწრფელი. საღამომ თითქოს კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სიტყვასაც შეუძლია მკურნალობა, ლექსს – იმედის დაბრუნება და მუსიკას – დაღლილი სულის გამთლიანება.

განსაკუთრებული ემოციით მოეფერა ბათუმს და ბათუმელებს პოეტი გაგა გომართელი, რომლისთვისაც ბათუმი მხოლოდ ქალაქი არ არის, ის მონატრება, სითბო და სიყვარულია.
– ბედნიერი ვარ თქვენთან ყოფნით. ნოსტალგიურად მიყვარს ბათუმი, შეიძლება ითქვას, ხშირად მესიზმრება კიდეც. განსაკუთრებული ქალაქია ჩემთვის და ყველა ჩემმა მეგობარმა იცის – ჩემი სურვილია, ბათუმში აუცილებლად მქონდეს სახლი. ბათუმს საოცარი პოეტები ჰყავს, ვენაცვალე მათ, ჩემთვის ეს ქალაქი გულის ადგილია. არცერთ ქალაქში არ შემხვედრია ასეთი რაფინირებული პუბლიკა, რომელსაც ასე უყვარს პოეზია. ბედნიერი ვარ დღევანდელი საღამოთი. მადლობა ჩემს ქათქათა ბათუმს, რომელიც დედასავით მიყვარს“, – თქვა პოეტმა და ბათუმისადმი მიძღვნილი ლექსიდან სტროფები წაიკითხა:
„ნოსტალგია დამახრჩობს სიამაყევ ქართულო,
თვალთა ბროლი ცრემლების მეწყერებით დამენგრა,
შენ რომ სითბო მაჩუქე, საყვარელო ბათუმო,
წავიღებ და მთაწმინდის პანთეონში დავნერგავ.
სამების წინ ვილოცებ, მოგიშუშოს უფალმა
გუმბათების ნანგრევი, რწმენა ნაიარევი,
იცი? ყველა თბილისელს დედასავით უყვარხარ,
თბილისური ცრემლით და გულით ბათუმნარევით“.
– პოეტმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა თავის მეგობარ მაგდა ჩხარტიშვილს, საღამოზე დამსწრე თითოეულ ადამიანს და დასძინა, რომ ბათუმი ყოველთვის აძლევს შესაძლებლობას, ახალი ენერგიით დამუხტული დაუბრუნდეს დედაქალაქს.

საღამოს დასრულების შემდეგ თავის ემოციებზე გვესაუბრა მაგდა ჩხარტიშვილიც. მისი თქმით, „ერითროპოეზია“ მხოლოდ პოეზიის საღამო არ ყოფილა, ეს იყო მცდელობა, ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კი ექიმებისთვის, რომლებიც საღამოს მრავალად ესწრებოდნენ, ეჩვენებინათ, რომ ხელოვნება ადამიანის მკურნალობის ალტერნატიული გზაა და ძალიან ეფექტური შედეგი აქვს.
– უპირველესად, ძალიან დიდი მადლობა ყველას. როგორც დავაანონსეთ, ეს იყო „ერითროპოეზია“ – ასე დავარქვით ჩვენს საღამოს. მსმენელთა დიდი ნაწილი ექიმები გახლდნენ და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ის იყო, რომ კოლეგებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც საოცრად გრძნობენ პოეზიას, გვეთქვა – არსებობს მკურნალობის სხვა გზაც. მე და გაგა გომართელი ძალიან დიდი ხნის მეგობრები ვართ და ალბათ ამიტომაც ჩვენს ლექსებს შორის ემოციური მსგავსება იგრძნობა. გაგა უდიდესი პოეტია და ბათუმელ მსმენელს ჰქონდა ფუფუნება, ასეთი დონის ავტორისთვის მოესმინა, ჩემთვის კი უდიდესი პასუხისმგებლობა იყო თქვენ წინაშე დგომა.
უკუკავშირის საოცარი განცდა მქონდა. დარბაზი ციმციმებდა ემოციებით. თითქოს მართლა შევძელით და გაზაფხული მოვიყვანეთ… მგონია, რომ სულ ცოტა ხნით მაინც გავიპარეთ ყოველდღიური რუტინისგან. დღევანდელი საღამო იყო ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი – საოცარი აუდიტორიით, დიდი მუხტით, თბილი თვალებით. მგონია, რომ დღეს ჩვენ შეგრძნებებით სულს ვუმკურნალეთ, – გვითხრა მაგდა ჩხარტიშვილმა.
საღამოსგან მიღებულ ემოციებზე განსაკუთრებული სითბოთი საუბრობს ლია ქამადაძეც, რომლისთვისაც „ერითროპოეზია“ ერთგვარ სულიერ მოგზაურობად იქცა:
– „ერითროპოეზია“ იყო სასწაული საღამო, რომელმაც არა მხოლოდ სული და გული მოიცვა, არამედ თითქოს სამყაროს საზღვრებიც გაარღვია და პოეზიის გალაქტიკაში გადაგვიყვანა – იქ, სადაც ყოფითი ცხოვრება გვავიწყდება და უწონობის განცდა გვეუფლება, აღარ ვართ დედამიწელები და ვართ ახალი განცდებით – ზღაპრულ სამყაროში.
ეს იყო საღამო, სადაც მხოლოდ მსმენელები კი არა, მონაწილეებიც ვიყავით. ჰარმონიული ჰანგებით ვეზიარებოდით რაღაც ზებუნებრივს და ვგრძნობდით, რომ ყველანი ერთნი გავხდით – საერთო სულის სიმაღლით სავსენი. გვინდოდა, ეს წუთები არასოდეს დასრულებულიყო და სამუდამოდ დავრჩენილიყავით პოეზიის გალაქტიკაში.
გაგა გომართელის სიტყვები – „პოეტსა და მსმენელს შორის სულიწმინდის ერთობაა“ – ჩემთვის საღამოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენად დარჩა. მართლაც, იმ საღამოს თითქოს სულში სულს ვუცვლიდით ერთმანეთს – პოეტებიც და მსმენელებიც.

განსაკუთრებული პატივი იყო ჩემთვის, რომ მაგდა ჩხარტიშვილისგან საჩუქრად მივიღე მისი პოეზიის კრებული „თბილისის დროით“, წიგნი, რომელიც დროს აჩერებს და მომავალ თაობებსაც იმავე ემოციებს გადასცემს, როგორსაც მის თანამედროვეებს. შეუძლებელია, არ აღვნიშნო მაია სალუქვაძის უნაკლო შესრულება – კლავიშისა და ქალაქური სიმღერების საოცარი ჰარმონია იდეალურად ერწყმოდა პოეტების ლექსებს. მთელი საღამო „დეჟავიუს“ განცდა მქონდა, თითქოს აქამდეც ვიყავი ამ საღამოზე და მთელი ცხოვრება ვეძებდი მას რეალობაში. ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება ამიხდა, – გვითხრა ლია ქამადაძემ.
ალბათ, სწორედ იმიტომ რჩება ასეთი საღამოები დაუვიწყარი, რომ ისინი არა მხოლოდ კულტურული ღონისძიებები, არამედ ისეთი სივრცეა, სადაც ადამიანები ერთმანეთს გულებით უსმენენ, სადაც სიტყვა კურნავს, მუსიკა აერთიანებს და პოეზია გვახსენებს – რომ სილამაზე ისევ არსებობს.
ნანა აბულაძე
